ბრძანება N 12942

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.06.2023
№ დოკუმენტი 12942
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12942

09.06.2023

-------------ის (პ/ნ -------------)

(მის:---------------------)

2023 წლის 22 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ------------- (პ/ნ -------------) №81166/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 21 მაისის №EL210279 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ არ იყო ინფორმირებული, რომ არ შეიძლებოდა სიგარეტის გადმოტანა.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 21 მაისს (16:01 სთ) საბაჟო გამშვები პუნქტი „------------“ კონტროლის ზონაში --------- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ფიზიკური პირი -----------.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა მისი შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა. დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მოქალაქემ უარი განაცხადა. ეჭვის საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის ბარგის/ხელბარგის და მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების თაობაზე.

დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „----------“ – 380 ღერი (19 კოლოფი), რომელიც დამალული ჰქონდა სხეულზე (წელისა და ფეხების არეში). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“.

ვინაიდან, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ------------ ის მიერ საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის რაოდენობა აღემატებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობას და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის დეკლარირების ვალდებულებაც ასევე იყო დარღვეული, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 21 მაისს შედგენილ იქნა №EL210279 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----------ეს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე, სიგარეტი „----------“ – 380 ღერი (19 კოლოფი), შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის 69601086694 ოქმი, საქონელი (დალუქული ------- საბაჟო ლუქით), კი განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის“ ადმინისტრაციულ შენობაში.

ამასთანავე, რადგან მოცემულ შემთხვევაში არ იყო შესრულებული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკით ნიშანდების ვალდებულება და ჩადენილი იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა), საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 21 მაისს შედგენილ იქნა №AL044237 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმის მასალებღან ერთად შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (წ.ნ №21-10-11/42162 23/05/2023).

-------------ეს 2023 წლის 21 თებერვლიდან დღეის მდგომარეობით უფიქსირდება საზღვრის კვეთის 6 (გასვლა/შემოსვლა) ფაქტი. 2022 – 2023 წლებში აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის – სხვადასხვა დასახელების სიგარეტის შემოტანის 3 (სამი) ფაქტი, რა დროსაც მასზე გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი (18/09/2022; 21/02/2023; 01/05/2023).

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ)შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია, მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:

ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;

ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილიია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ოქმით დაკისრებული სანქცია (ჯარიმა და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) მართლზომიერია.

საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის ფაქტები თამბაქოს ნაწარმზე. შესაბამისად, მისთვის სრულყოფილად იყო ცნობილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. ---------- ის (პ/ნ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 21 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა ფიზიკური პირი.დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი (19 კოლოფი),.რომელიც დამალული ჰქონდა სხეულზე.მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელი განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტის შენობაში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

საბაჟ.კოდ.6;13;27;70;73;163(1);168(3);

საგ.კოდ 199;

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი