გადაწყვეტილება №19760/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19760/2/2023
12.07.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------- (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 23.05.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19760/2/2023).
დავის საგანი:
1. ავტომობილების და მეორადი ავტონაწილების რეალიზაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
2. 2021 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთების კორექტირება;
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №006-512 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9888 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 209 503,52 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 125 090,25
დღგ - 75 351
საშემოსავლო გადასახადი - 49 499,25
ქონების გადასახადი - 240
ჯარიმა - 55 930
საურავი - 28 483,27
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა --------დან მსუბუქი ავტომობილის იმპორტი/რეექსპორტი (99%) და მსუბუქი ავტომობილის ნაწილების იმპორტი/ადგილობრივი რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №006-512 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9888 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ავტომობილების და მეორადი ავტონაწილების რეალიზაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. წარმოდგენილი აქვს იმპორტირებული საქონლის შეძენა/ტრანსპორტირების ინვოისები, იჯარის ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.03.2021 წლის №8678 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სმფ-ების ფაქტობრივი აღწერა და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადამხდელის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე დაკორექტირდა წლიური საშემოსავლო გადასახადის მონაცემები, კერძოდ: ერთობლივი შემოსავლების გაანგარიშებისას, იმის გათვალისწინებით, რომ მსუბუქი ავტომობილების 99% რეალიზებულია პირველადი დოკუმენტის გამოყენებით, შემოწმება დაეყრდნო აღნიშნულ მონაცემებს, ხოლო ნაწილების შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და ვერ ხდება საქონლის მოძრაობის ანალიზი, ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციისა და პირველადი შესყიდვის დოკუმენტაციის მონაცემებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (რპთ), რაზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი 46%. ამასთან, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რეექსპორტის რეჟიმში მოქცეული და შემდგომში დაშლილი მანქანებიც (რომლებზეც რეალურად არ განხორციელებულა რეექსპორტი) შემოწმებით მიჩნეულ იქნა ნაწილების რეალიზაციად.
შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში ერთობლივი შემოსავალი სალდირებულად გაიზარდა 390 465 ლარით. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით დაკორექტირდა სმფ-ების შესყიდვის ღირებულება და სხვა ხარჯები, შედეგად ჯამში ხარჯები სალდირებულად გაიზარდა 3 032 ლარით.
მსუბუქი ავტომობილის ნაწილების შემთხვევაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებიდან და შეფასებიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები საანგარიშო პერიოდების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 145-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5%- იანი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი განსახილველ სადავო საკითხებთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის კვალიფიკაციას, რადგან როგორც გადამხდელმა აღიარა საგამოძიებო სამსახურში დაკითხვისას, ავტომობილის ნაწილები გამოყენებული იყო სხვა ჩამოყვანილი დაზიანებული ავტომობილების გასამართად, რომლებიც გადამხდელს უკვე რეალიზებული აქვს, აქედან გამომდინარე, არ მომხდარა ავტონაწილების ხელმეორედ რეალიზაცია, როგორც განხილული აქვს აუდიტის დეპარტამენტს.
ამასთანავე გაურკვეველია, ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის შემდგომ, (იგულისხმება, რომ გადამხდელს ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული ბრუნვა დეკლარირებული ჰქონდა ერთობლივ შემოსავალში, როგორც დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა) განხორციელებული ანგარიშგების სისწორე, რადგან სრულად არ არის შემცირებული გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა, მაგრამ გაზრდილია გაურკვეველი თანხით დღგ-ის 18%-იანი ბრუნვა. მომჩივანი ითხოვს მისი მონაწილეობით მოხდეს საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც არ ეთანხმება მდგომარეობს არაპირდაპირი მეთოდით „დადგენილი“ ფასნამატით მეორადი ავტონაწილების რეალიზაცია და რეალიზაციის შედეგად დადგენილი ბრუნვაა, კერძოდ:
გაუგებარია „რპთ“-ს გაანგარიშების მეთოდი. ამასთანავე, გაუგებარია ვინ ან რომელი ობიექტის აუდირებული ფასნამატის ან ფასნამატების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა 46%-იანი მარჟა, რადგან არსებული ინფორმაციით, არსებობს არაერთი მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები, კერძოდ: დადგენილია, რომ ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებული მეწარმეებს - ი.მ ------- (პ/ნ -------), ი.მ --------- (პ/ნ -------), ი.მ ------- (პ/ნ ------), ი.მ ------- (პ/ნ ------), ი.მ ------- (პ/ნ ------) და სხვებს აუდირებული ფასნამატი განესაზღვრათ 32%-ის ოდენობით, ი.მ -------- (პ/ნ -------) ასევე ი.მ. ------- (პ/ნ ------) ჩატარებული საგადასახადო შემოწმებისას დადგენილი ფასნამატი შეადგენს 23%-25%-ის ოდენობით წლების მიხედვით. მომჩივანი ითხოვს მისი მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა და წარმოდგენილი აუდირებული მეწარმეების ფასნამატის გათვალისწინებით განხორციელდეს როგორც ერთობლივი შემოსავლის, ასევე დამატებული ღირებულების ნაწილში დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება შემცირების გზით.
2. 2021 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთების კორექტირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების მიერ გამოყენებული აუდირებული ფასნამატის, სმფ-ების შესყიდვის, გადამხდელის მიერ აღიარებული შემოსავლების (დეკლარირებული) და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 25 მარტის №8678 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ების ფაქტობრივი აღწერის მონაცემების საფუძველზე დაკორექტირდა 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციაში დაფიქსირებული სმფ-ების საბოლოო ნაშთი, კერძოდ შემოწმებით ნაცვლად 215 362 ლარისა, სმფ-ების საბოლოო ნაშთი განისაზღვრა 131 787 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გარკვეული სხვაობა დადგინდა 2021 წლის საბოლოო ნაშთის დადგენისას. აღნიშნული საკითხი საჭიროებს ხელახალ შესწავლას, ვინაიდან არასრულად არის გამოქვითული სხვა ხარჯები. აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ იქნება დოკუმენტურად დადასტურებული სხვა ხარჯები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას.
დაუსაბუთებლად მოხდა 2021 წლის თვეში საბოლოო ნაშთის „დაზუსტება“, რაც სრულიად არაკანონიერი და არასამართლიანია და რომლის საბოლოო შედეგიცაა დამატებული ღირებულების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა.
მომჩივანი ასევე ითხოვს იმპორტის გადასახდელების გათვალისწინებას ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საბჭო მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 20.05.2022 წლის №8050/15-04-02 წერილის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტს გაეგზავნა 20.05.2022 წლის დადგენილება სისხლის სამართლის №092250321003 საქმეზე. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა ჩათვალა ავტომობილები, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაშლილად და ნაწილებად რეალიზებულად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში შესასწავლია მეორადი ავტონაწილების მიწოდებისას განსაზღვრული ფასნამატი, ვინაიდან მომჩივნის მიერ საჩივარში მითითებულია შემოწმებული პირების აუდირებული ფასნამატები, რომლებიც განსხვავდება შემოწმებით დადგენილი ფასნამატისგან.
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების შემდგომ აუდიტორთან გავლილი აქვს 2021 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთების კორექტირების საკითხი, სადაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს იმპორტის გადასახდელების ხარჯში გათვალისწინების თაობაზე, საკითხი ასევე საჭიროებს შესწავლას და თუ მომჩივნის მიერ აღნიშნული გადახდილია, უნდა მოხდეს მათი გათვალისწინება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ პირველი და მე-2 სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხების ხელახლა შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №006-512 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა - 55 930 ლარი და საურავი - 28 483,27 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
მითითებულის გათვალისწინებით, ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გადამხდელის მიმართ გამოვლენილი დარღვევა თითქმის სრულად გამომდინარეობს არასწორად გაანგარიშებული ფასნამატიდან, რომლის სისწორის დადგენის შემდგომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადი უმნიშვნელო იქნება.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9888 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს პირველი და მე-2 სადავო საკითხები;
4. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ავტომობილების და მეორადი ავტონაწილების რეალიზაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
2. 2021 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთების კორექტირება;
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.03.2021 წლის №8678 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სმფ-ების ფაქტობრივი აღწერა და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში ერთობლივი შემოსავალი სალდირებულად გაიზარდა 390 465 ლარით. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით დაკორექტირდა სმფ-ების შესყიდვის ღირებულება და სხვა ხარჯები, შედეგად ჯამში ხარჯები სალდირებულად გაიზარდა 3 032 ლარით. მსუბუქი ავტომობილის ნაწილების შემთხვევაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებიდან და შეფასებიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები საანგარიშო პერიოდების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. სმფ-ების ფაქტობრივი აღწერის მონაცემების საფუძველზე დაკორექტირდა 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციაში დაფიქსირებული სმფ-ების საბოლოო ნაშთი, კერძოდ შემოწმებით ნაცვლად 215 362 ლარისა, სმფ-ების საბოლოო ნაშთი განისაზღვრა 131 787 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
3. აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №006-512 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა - 55 930 ლარი და საურავი - 28 483,27 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ პირველი და მე-2 სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხების ხელახლა შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა"), 105(1)(2), 158(1), 159(1), 163(1)(2), 164(1), 270(1), 272(1), 275(1)(2), 269(1)(7).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1''ა').