გადაწყვეტილება № 27357/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.07.2026
№ დოკუმენტი 27357/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27357/2/2026

29 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს„------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 19.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27357/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2026 წლის №006-67 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9284 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 14 279,35 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 7 819,90

ჯარიმა - 3 734,10

საურავი - 2 725,35

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის თებერვლის, მარტის, სექტემბრის, ოქტომბრის ნოემბრის 2024 წლის იანვრის, ივნისი, ოქტომბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.

შემოწმების შედეგები აისახა 26.02.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2026 წლის №5479 ბრძანება და №------- საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.04.2026 წლის №9284 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წლის თებერვლის, მარტის, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, ასევე, 2024 წლის იანვრის, ივნისისა და ოქტომბრის თვეებში საწარმოს მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატებოდა დეკლარირებულ ბრუნვას, კერძოდ, გადამხდელს დეკლარირებული და დაბეგრილი ჰქონდა 140 211 ლარი, ხოლო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა იყო 140 817 ლარი. გადამხდელის მიერ 2023 წლის მარტის თვეში დეკლარირებული იყო 724 ლარით ნაკლები, ხოლო 2023 წლის დეკემბრის თვეში დეკლარირებული იყო 119 ლარით მეტი. დღგ-ის ბრუნვის კორექტირების (შემცირება) ნაწილში გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები 8 425 ლარის ოდენობით (დღგ), თუმცა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით კორექტირებული იყო მხოლოდ 719 ლარი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადამხდელს 2023 წლის მარტის თვეში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (-----) არ ჰქონდა ასახული წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციის დანართში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 179-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, აღნიშნულ არგუმენტებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს მხოლოდ სამ სასაქონლო ზედნადებზე არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (№-----, №-----, №-----) ჯამში 1 040 ლარის ოდენობით (დღგ), ხოლო, დანარჩენ სასაქონლო ზედნადებებზე არსებობს საგადასახადო ანგარიშფაქტურა. ამასთან, ვინაიდან, სასაქონლო ზედნადებზე არსებობს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასევე, განხორციელდა საწყის სასაქონლო ზედნადებზე უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადების გამოწერა, შესაბამისად, უნდა მოხდეს ამავე სასაქონლო ზედნადებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის კორექტირება. ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირებების რეპორტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის 719 ლარის ოდენობით, რაც შემოწმების მიერ გათვალისწინებულია შემოწმების აქტით დადგენილ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში დაკორექტირდა ------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (თანხით 2 878 ლარი). აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურის კორექტირებული თანხა (ანუ სხვაობა საწყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასა და კორექტირებულს შორის) არის 657 ლარი (------). ასევე, შესამოწმებელ პერიოდში დაკორექტირდა -------- ანგარიშ-ფაქტურა ძირითადი თანხით 74 ლარი, საიდანაც, კორექტირებული თანხა (ანუ სხვაობა საწყისს და კორექტირებულს შორის) არის 62 ლარი (------). შესაბამისად, კორექტირებული თანხა შეადგენს 719 ლარს. გარდა აღნიშნულისა, გამოწერილი უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადების საფუძველზე მეორე მხარეს, რომელმაც მიიღო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, არ შეუძლია დღგ-ის ჩათვლის კორექტირება სასაქონლო ზედნადებით, რადგან დღგ-ის ჩათვლა და ჩათვლის კორექტირება ხორციელდება ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. შესაბამისად, გადამხდელისთვის გადასახადის შემცირება სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, არ იწვევს მეორე მხარის მიერ დღგ-ის ჩათვლის შემცირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მეორე მხარეს ზედმეტად გამოდის დღგის თანხა ჩათვლილი. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით აუცილებელია კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები გამოწერილი აქვს, თუმცა, არ არის გამოწერილი შესაბამისი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ დღგ-ის თანხის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებელმა ნახა რომ ელ. ბაზაში არის გაწერილი უკან დაბრუნებული სასაქონლო ზედნადებები. ნაწილ ზედნადებებზე არ იყო გამოწერილი უკან დაბრუნების ან/ფაქტურა, მაგრამ დეკლარაციაში ბუღალტერს ასახული ქონდა, როგორც შესამცირებელი დღგ-ს თანხა მე-15 გვედის მე-7 ნაწილში, დღგ-ს ბრუნვა კორექტირებაზე, რომელიც არ გაითვალისწინა შემოწმებელმა და რაზედაც არ მოუთხოვია არანაირი განმარტება.

საქონლის დაბრუნება რეალურად განხორციელებულია ოპერაციები სრულად ასახულია ბუღალტრულ და საგადასახადო აღრიცხვაში, დღგ-ის კორექტირება განხორციელებულია დეკლარაციაში, სახელმწიფოსთვის ზიანი არ დამდგარა, გამოყენებული სანქცია არ შეესაბამება დარღვევის შინაარსსა და პროპორციულობის პრინციპს.

მომჩივანი ითხოვს უკან დაბრუნებულ ზედნადებებზე ანგარიშ-ფაქტურების მიბმის და დეკლარაციების დაზუსტების შესაძლებლობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება და არ კორექტირდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის ან საქონლის დანაკარგის არსებობის შემთხვევაში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირებისას საფ-ი გამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ ამ ოპერაციაზე (მიწოდებისას) გამოწერილი იყო საფ-ი. ამავე ინსტრუქციის 733 ნაწილის თანახმად:

1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ:

ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;

ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის მითითებული დღგ-ის თანხა;

გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;

დ) უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამ მუხლის მე-10- მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით.

5. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება.

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

მომჩივანი განმარტავს, რომ საქონლის დაბრუნება რეალურად განხორციელებულია ოპერაციები სრულად ასახულია ბუღალტრულ და საგადასახადო აღრიცხვაში, დღგ-ის კორექტირება განხორციელებულია დეკლარაციაში, სახელმწიფოსთვის ზიანი არ დამდგარა, გამოყენებული სანქცია არ შეესაბამება დარღვევის შინაარსსა და პროპორციულობის პრინციპს. ითხოვს უკან დაბრუნებულ ზედნადებებზე ანგარიშ-ფაქტურების მიბმის და დეკლარაციების დაზუსტების შესაძლებლობას.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2026 წლის №----- წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის დღგ-ის ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში იყო 140 817 ლარი (დღგ-ის გარეშე). გადამხდელის მიერ უკან დაბრუნების ზედნადებების საფუძველზე დეკლარაციით შემცირებული იყო გადასახადი 8 425 ლარის ოდენობით. გარდა სამი შემთხვევისა იმ ოპერაციებზე, რომლებზეც გადამხდელს გამოწერილი ჰქონდა ზედნადებები აგრეთვე გამოწერილი იყო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებიც, სულ 1 040 ლარი (დღგ).

შესამოწმებელ პერიოდში კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურა იყო ჯამში მხოლოდ 719 ლარის საქონელზე გამოწერილი, რისი გათვალისწინებაც მოხდა შემოწმების პროცესში.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად ისეთ შემთხვევაში, როცა ზედნადებზე არსებობს ანგარიშ-ფაქტურა და მოხდა უკან დაბრუნების ზედნადების გამოწერა, შესაბამისად უნდა მოხდეს ამავე ზედნადებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის კორექტირება. ანგარიშ ფაქტურების კორექტირებების რეპორტის მიხედვით. აგრეთვე, გამოწერილი უკან დაბრუნების ზედნადების საფუძველზე მეორე მხარეს, რომელმაც მიიღო ანგარიშ-ფაქტურა, არ შეუძლია ჩათვლის კორექტირება ზედნადებით. ჩათვლა და ჩათვლის კორექტირება ხდება ელექტრონული ანგარიშ ფაქტურის საფუძველზე. შესაბამისად, „შპს ეიფორიასთვის გადასახადის შემცირება ზედნადების საფუძველზე, არ იწვევს მეორე მხარის მიერ ჩათვლის შემცირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მეორე მხარეს ზედმეტად გამოსდის ჩათვლილი.

განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭო იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 14 279,35 ლარი. მათ შორის, ჯარიმა - 3 734,10 ლარი და საურავი - 2 725,35 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ის კორექტირება განხორციელებულია დეკლარაციაში, სახელმწიფოსთვის ზიანი არ დამდგარა, გამოყენებული სანქცია არ შეესაბამება დარღვევის შინაარსსა და პროპორციულობის პრინციპს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი განმარტავს რომ საქონლის დაბრუნება რეალურად განხორციელებულია ოპერაციები სრულად ასახულია ბუღალტრულ და საგადასახადო აღრიცხვაში, დღგ-ის კორექტირება განხორციელებულია დეკლარაციაში, სახელმწიფოსთვის ზიანი არ დამდგარა, გამოყენებული სანქცია არ შეესაბამება დარღვევის შინაარსსა და პროპორციულობის პრინციპს. ითხოვს უკან დაბრუნებულ ზედნადებებზე ანგარიშ-ფაქტურების მიბმის და დეკლარაციების დაზუსტების შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატებოდა დეკლარირებულ ბრუნვას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა გათვალისწინებული ჯარიმები.

 

გადაწყვეტილება

საბჭო იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;158;159;179;275