გადაწყვეტილება №20240/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.09.2023
№ დოკუმენტი 20240/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20240/2/2023

27 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ------- 11.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20240/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო შემოწმების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-313 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14602 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ სს ------- დაარსდა 11.04.2016 წელს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იყო სს ------- (ს/ნ -------). 15.10.2021 წელს 100%-იანი წილის მფლობელი გახდა სს ------- (ს/ნ -------).

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთარი და იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება-მართვა და სხვა საქმიანობები. კომპანია ფლობს 59 548 კვ.მ მიწის ნაკვეთს -------, ------- (ს/კ -------). მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მოიჯარეების მიერ მოწყობილი ავტოსამრეცხაო და სწრაფი კვების ობიექტები.

2021 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში კომპანიამ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დაიწყო საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომლის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს სს ------- (ს/ნ -------) მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ეტაპზე საცხოვრებელი ბინების მშენებლობის პროცესი და მასთან დაკავშირებული მისაღები მომსახურების გაწევა შეჩერებულია. 6.05.2022 წელს შედგენილი იქნა სს ------- კამერალური საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. შემოწმებით სხვა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები არ გამოვლენილა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32930 ბრძანება, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად თანხა არ დაერიცხა. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-313 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14602 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ სს ------- კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა მიმდინარეობს ნებართვის გარეშე და კომპანია არაერთხელ არის დაჯარიმებული უნებართვო მშენებლობის განხორციელებისათვის. ------- მიერ, წერილის საფუძველზე წარმოდგენილ იქნა უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების მასალები. ასევე, ------- მიერ წარმოდგენილი წერილის საფუძველზე ირკვევა, რომ არქიტექტურული პროექტი და მშენებლობის ნებართვა ------- არ შეთანხმებულა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება ასევე, რომ მიწის ნაკვეთზე (ს/კ -------) კომპანიამ მშენებლობა დაიწყო 2021 წლის მაისში, ხოლო მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან 1.06.2021 წელს პირველად განხორციელდა აღნიშნულ მშენებლობაზე გაფრთხილების მიცემა. ამის შემდგომ, აღნიშნულ საკადასტრო კოდზე უნებართვო მშენებლობისთვის დაახლოებით 10-მდე ჯარიმაა გამოწერილი. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული მშენებლობა ------- არ შეთანხმებულა, შემოწმების მიერ მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და განისაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ უკანონო მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და აღნიშნული მშენებლობის დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად განხილვა მართლზომიერია.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა 6.05.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის შედეგების დადასტურება, მიმდინარე საბოლოო საგადასახადო შემოწმების აქტი ასევე არის უსაფუძვლო, ვინაიდან კვლავ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე განხორციელდა შუალედური აქტის შედეგების კანონიერ ძალაში დატოვება მიმდინარე შემოწმების აქტით და საგადასახადო შემოწმების შედეგები უნდა გაუქმდეს სრულად.

უპირველესად საყურადღებოა 23.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული გარემოებები. აქტში მითითებულია შემდეგი: კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთარი და იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება-მართვა და სხვა საქმიანობები. ამდენად, შემმოწმებელმა მიმდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დაადასტურა, რომ კომპანია ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის საკუთარი უძრავი ქონების გაქირავება-მართვა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს შუალედური აქტის შედეგების უსაფუძვლობაზე. ამასთან, ამავე, 23.12.2022 წლის შემოწმების აქტში შემმოწმებელი უთითებს, რომ 2021 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში კომპანიამ აღნიშნულ მიწაზე დაიწყო საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომლის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს სს ------- (ს/ნ -------) მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, შემმოწმებელმა აღნიშნული აქტით დაადასტურა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობა, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობის თაობაზე. შესაბამისად, თუ აღნიშნული 23.12.2022 წლის საბოლოო აქტით შემმოწმებელი ადასტურებს კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობას, სრულიად ლოგიკას მოკლებულია 6.05.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგების კანონიერ ძალაში დატოვება.

მითითებულ გარემოებებზე უთითებს ასევე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რამდენადაც არსებული კანონმდებლობითა და დადგენილი პრაქტიკით ცალსახად განიმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას წარმოადგენს მხოლოდ ფაქტების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.01.2017 წლის №------- გადაწყვეტილებით სასამართლო იზიარებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ.

ზემოთ მითითებული კანონმდებლობისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მაშინ როდესაც 23.12.2022 წლის შემოწმების აქტით ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს კომპანიის მიერ გაწეულ საქმიანობას (კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთარი და იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება-მართვა) და ასევე შენობა-ნაგებობის მიზანს (2021 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში კომპანიამ აღნიშნულ მიწაზე დაიწყო საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა) სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია 23.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით 6.05.2022 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის შედეგების დადასტურება/კანონიერ ძალაში დატოვება.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14602 ბრძანებით კი უგულვებელყოფილი იქნა საჩივარში მითითებული გარემოებები, შემოსავლების სამსახურმა არ იმსჯელა საჩივარში მითითებულ არც ერთ არგუმენტზე და გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებებს, რაც სწორედაც რომ სადავო გარემოებას წარმოადგენს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და ექვემდებარება გაუქმებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 23.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების შედეგებით დადასტურდა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობა და არამართებულია საბოლოო შემოწმების შედეგებით შუალედური აქტის შედეგების კანონიერ ძალაში დატოვება. უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14602 ბრძანება და საგადასახადო შემოწმების შედეგები და ასევე, საჩივარი განხილული უნდა იქნას კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას;

გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ მათი დადგენა შესაძლებელია), გადასახადისა და ჯარიმის გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა, ასევე საგადასახადო შემოწმების აქტის დანართების შინაარსი.

საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ 6.05.2022 წელს შედგენილია მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი და მიმდინარე საგადასახადო შემოწმებით სხვა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები არ გამოვლენილა.

საქმის გარემოებებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე წარდგენილი ამავე დეპარტამენტის 10.05.2022 წლის №081-81 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე მიღებული შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27939 ბრძანება გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რაზეც მიღებულია საბჭოს 24.03.2023 წლის №18262/2/2022 გადაწყვეტილება.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ წარმოდგენილი საჩივრით სადავო საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32930 ბრძანება, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად თანხა არ დაერიცხა, ხოლო მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-313 საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები უსაფუძვლოა, საგადასახადო შემოწმება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი.

საქმის გარემოებებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე წარდგენილი ამავე დეპარტამენტის 10.05.2022 წლის №081-81 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე მიღებული შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27939 ბრძანება გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რაზეც მიღებულია საბჭოს 24.03.2023 წლის №18262/2/2022 გადაწყვეტილება.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14602 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები უსაფუძვლოა, საგადასახადო შემოწმება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(1-ბ); 1601(2); 304(1-გ)