გადაწყვეტილება №23616/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23616/2/2024
23 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 2.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23616/2/2024).
დავის საგანი:
ძვლის ხარჯის საქონლის რეალიზაციად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2024 წლის №001-140 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17333 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 18 287 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 11 511
ჯარიმა - 5 756
საურავი - 1 020
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე საქონლისა და ღორის ხორცის ნაჭრებად შეძენა და რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 7.02.2023 წლიდან 1.03.2024 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 17 აპრილის ჩათვლით, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი, საქონლისა და ღორის ხორცის რეალიზაციას ახორციელებს, როგორც საკონტროლო-სალარო აპარატით, ასევე, ტერმინალის საშუალებით. ამასთან, ახორციელებს დოკუმენტურ რეალიზაციას სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით. კომპანიას თბილისში, იჯარით აღებული ფართში, უფიქსირდება ხორცის მაღაზია, დამატებით გააჩნია საკუთარი წარმოების კუპატი და ფარში (ფარშს მზა სახითაც ყიდულობს). შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღრიცხვა, დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი და სარეალიზაციო ღირებულებები. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განისაზღვრა აღნიშნული პროდუქციის თვითღირებულება და ფასნამატი 30%-ით. შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტება და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა (ორისი), საიდანაც დადგინდა შეძენილი საქონელი სრულყოფილად (სახეობები და რაოდენობები), ხოლო ჩამოწერა ხორციელდებოდა თვის ჭრილში ჯამურად. შემოწმებამ შეისწავლა დოკუმენტური შეძენა/რეალიზაცია, ასევე, განხორციელებული ჩამოწერები, რომლის შედეგად დადგინდა დეკლარირებული ფასნამატი 15%-ის ოდენობით. კომპანიის მიერ წარდგენილი ბუღალტერიისა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების დამუშავებით გაანგარიშდა რეალიზებული ღორისა და საქონლის ხორცის რაოდენობები, რაც განსხვავდებოდა ბუღალტრული/დეკლარირებული მონაცემებისაგან.
დათვლილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი ჩაითვალა ბუღალტრულ ნაშთად და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შემოწმების ხელთარსებული ინფორმაციით გაანგარიშდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში საქონლის ხორცი 105 კგ, ხოლო ღორის ხორცი 85 კგ რეალიზებულ იქნა დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასით (საქონელი 23 ლარი, ღორი 15ლარი). შედეგად, გაიზარდა შემოსავალი ჯამურად 4 110 ლარით.
ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულად ჩამოწერილი იყო ძვლის ხარჯად: 2023 წელს - ჯამურად შეძენილი საქონლის ხორცის 4%, 2024 წელს - თვეების მიხედვით 9%, ხოლო ღორის ხორციდან 2023 წელს 11% და 2024 წელს 10%. აღნიშნული ძვლის ხარჯის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისას არ გამოვლენილა ცალკე ძვლის არსებობა, რეალიზაციაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა აღიარებული ძვლის რეალიზაცია.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, კომპანია ძვლის რეალიზაციას არ ახორციელებდა. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტურ რეალიზაციაში უფიქსირდებოდა ძვლიანი ხორცის გაყიდვა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით ზემოხსენებული ძვლის ხარჯად აღიარებული კილოგრამები ჩაითვალა საქონლის (ღორის და საქონლის ხორცის) რეალიზაციად, 2023 წელზე გავრცელდა ღორის მინიმალური დოკუმენტური ფასი 10 ლარი, 2024 წელზე 13 ლარი, ხოლო საქონლის ხორცზე 2023 წელს 20 ლარი და 2024 წელს 23 ლარი. შედეგად, გაიზარდა მიღებული შემოსავალი ჯამურად 42 000 ლარის ოდენობით.
შემოწმებით გაანგარიშებული თანხები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2024 წლის №15925 ბრძანება და №001-140 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17333 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ ძვლის ხარჯად აღიარებული კილოგრამების ღორის და საქონლის ხორცის რეალიზაციად მიჩნევა და 2023-2024 წლებზე ღორისა და საქონლის მინიმალური დოკუმენტური ფასის გავრცელება, რამაც გამოიწვია მიღებული შემოსავლის გაზრდა მართლზომიერია. ასევე, შემოწმებით გაანგარიშებული თანხები, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა კანონმდებლობის შესაბამისია, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ხორცპროდუქტებით და სხვა შერეული სახის საქონლით ვაჭრობა. კომპანია ვაჭრობს მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით და ახორციელებს მიღებული ხორცის ნაწილის გადამუშავებას (ძვლის და ხორცის განცალკევებას) კერძოდ: ხორცის დარბილებას, ფარშის და კუპატის დამზადებას. ხორცის დარბილების და ფარშირების პროცესში ღორის ხორცის ძვლის ხარჯი არის 20-25%, ხოლო ძროხის ხორცის დამუშავებისას 25-30%, რაც განაპირობებს ძვლის ნაშთის არსებობას. აღნიშნული პროცედურების შედეგად დაგროვებულმა ძვლის ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეადგინა 2 828.87 კილოგრამი, სულ ჯამური თვითღირებულებით 41 136.57 ლარი.
აღნიშნული თანხა (41 136.57) წარმოადგენს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებული ხორცის ხარჯს (და არა მიღებულ ან/და თეორიულად მისაღებ შემოსავალს), რომელიც რეალიზაციის პროცესში გათვალისწინებული იყო გადამუშავებული ხორცის სარეალიზაციო ფასნამატში, ამიტომ დასაბეგრი თანხა, რომელიც დაერიცხა კომპანიას დამატებით მიღებული შემოსავლის სახით 41 136.57 ლარის ნაცვლად დაანგარიშებული უნდა ყოფილიყო, როგორც ძვლის რეალიზაცია, საბაზრო ღირებულებით (1კგ.-2 ლარი).
არსებული ინფორმაციით, საბაზრო ღირებულებით, 1 კილოგრამი ძვლის სარეალიზაციო ფასი დაახლოებით 2.00 ლარია. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ძვლის ნაშთის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი იქნებოდა არა 41 136.57 ლარი, არამედ 5 657.74 ლარი. აღნიშნულზე უარის თქმა ნიშნავს, რომ წარმოების პროცესში, კერძოდ, შეძენილი ძვლიანი ხორცის დარბილებისა და ფარშირების დროს ხორცისაგან გამოცალკავებული ძვლის მასა (რომელიც საშუალოდ დასამუშავებელი ხორცის 20-30% შეადგენს და მისი ხორცის ფასად რეალიზაცია შეუძლებელია) არ იქნა მიკუთვნებული ხარჯებს, არამედ იქნა აღიარებული რეალიზებულად, როგორც ძვლიანი ხორცი - არა როგორც 1კგ - 2.00 ლარად როგორც ძვალი, არამედ 2023 წელს გავრცელდა ღორის მინიმალური დოკუმენტური ფასი 10 ლარი, 2024 წელს -13 ლარი, ხოლო საქონლის ხორცზე 2023 წელს - 20 ლარი და 2024 წელს - 23 ლარი, რაც არამართლზომიერია.
ასევე, კომპანიის მიერ წარმოებული და გადამუშავებული ფარში, რომელიც, მიიღებოდა ზემოთ ხსენებული ძვლოვანი ხორცის დარბილებისა და ფარშირების შედეგად, აუდიტის დასკვნის მიხედვით ჩათვლილი იქნა, როგორც შესყიდული მზა ფარშის სახით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და არ დასტურდება არცერთი სასაქონლო ზედნადებით და/ან მიღება-ჩაბარების აქტით.
ითხოვს, გათვალისწინებულ იქნეს წარმოების პროცესში არსებული ძვლის ხარჯების არსებობა და ზემოთ აღნიშნული თანხა 41 136.57 ლარი, რომელიც მთლიანად წარმოადგენს 2 828.87კგ ძვლის ნაშთის თვითღირებულებას, დაიბეგროს სარეალიზაციო საბაზრო ღირებულების ( 1კგ-2.00 ლარი) შესაბამისად. ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებას, რომ კომპანიას არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფოს მიმართ და ყოველთვის პატიოსნად იხდის გადასახადებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ძვლის ხარჯად ბუღალტრულად ჩამოწერილია: 2023 წელს, ჯამურად შეძენილი საქონლის ხორცის 4%, 2024 წელს თვეების მიხედვით 9%, ხოლო ღორის ხორციდან 2023 წელს 11% და 2024 წელს 10%. აღნიშნული ძვლის ხარჯის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისას არ გამოვლენილა ცალკე ძვლის არსებობა, რეალიზაციაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო აღიარებული ძვლის რეალიზაცია და მის მიერ წარდგენილი ახსნა-განმატებით, ძვლის რეალიზაციას არ ახორციელებდა. თუმცა, შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტურ რეალიზაციაში უფიქსირდებოდა ძვლიანი ხორცის გაყიდვა. შემოწმებით, ზემოხსენებული ძვლის ხარჯად აღიარებული კილოგრამები ჩაითვალა საქონლის (ღორის და საქონლის ხორცის) რეალიზაციად, შედეგად, გაიზარდა მიღებული შემოსავალი, ხოლო გაანგარიშებული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივანს არამართლზომიერად მიაჩნია ძვლის ხარჯზე ღორის და საქონლის ხორცის მინიმალური დოკუმენტური ფასის გავრცელება, აღნიშნავს, რომ ხორცის დარბილების და ფარშირების პროცესში ღორის ხორცის ძვლის ხარჯი არის 20-25%, ხოლო ძროხის ხორცის დამუშავებისას 25-30%, რაც განაპირობებს ძვლის ნაშთის არსებობას, დაგროვილმა ძვლის ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეადგინა 2 828.87 კილოგრამი, სულ ჯამური თვითღირებულებით 41 136.57 ლარი. აღნიშნული თანხა (41 136.57) წარმოადგენს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებული ხორცის ხარჯს (და არა მიღებულ ან/და თეორიულად მისაღებ შემოსავალს), რომელიც რეალიზაციის პროცესში გათვალისწინებული იყო გადამუშავებული ხორცის სარეალიზაციო ფასნამატში, 1 კილოგრამი ძვლის სარეალიზაციო ფასი დაახლოებით 2.00 ლარია და ამ ფაქტის გათვალისწინებით, ძვლის ნაშთის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი იქნებოდა არა 41 136.57 ლარი, არამედ 5 657.74 ლარი. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების ანალოგიური გარემოებები, ამასთან დამატებით განმარტა, რომ ხორცის დარბილების და ფარშირების პროცესი იწვევს ძვლის დაგროვებას და აქვთ ძვლის ხარჯი, რომელმაც შემოწმების პროცესში შეადგინა 2 828.87 კილოგრამი, რაც იმ ფასად, რაც შემოწმებით გაანგარიშდა, არ იყიდება, მათი ინფორმაციით ძვლის სარეალიზაციო ფასი 2 ლარია და ითხოვს აღნიშნულიდან მიღებული შემოსავლები გაანგარიშდეს ხსენებულ ფასად, ანუ ძვლის ფასად და არა ხორცის ფასად, რადგან რეალურად თუ აქვთ ძვლის ხარჯი აგროვებდნენ ურნაში და ძაღლისთვის მიაქვთ. მათთვის პირველი შემოწმებაა და შემმოწმებლის განმარტების გათვალისწინება ეხლა დაიწყეს, რადგან მანამდე არ იცოდნენ. ამდენად, ითხოვს გაანგარიშებისას ძვლის ხარჯზე 2 ლარის გათვალისწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკისრებული სანქციის მოხსნას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბჭოს სხდომაზე, ფაქტობრივ გარემოებებზე დამატებით აღნიშნა, რომ შემოწმების პერიოდში მონაწილეობას იღებდა გადასახადის გადამხდელის ამჟამინდელი წარმომადგენელი, გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულად ჩამოწერილია საქონლის და ღორის ხორცის ძვლის ხარჯი, მაგრამ ინვენტარიზაციის დროს არ ფიქსირდებოდა ძვალი, რომ ძვალი ხარჯად ჩათვლილიყო. ამასთან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტებით ძვალს არ ყიდიან (და როგორც ეხლა აცხადებს ყრიან) ხოლო, დოკუმენტურ რეალიზაციაში ფიქსირდებოდა ძვლიანი ხორცის გაყიდვა, დაეყრდნო ფაქტობრივ გარემოებებს, ძვლის ხარჯად აღიარებული კილოგრამები ჩაითვალა საქონლის (ღორის და საქონლის ხორცის) რეალიზაციად და მათზე გავრცელდა ძვლიანი ხორცის მინიმალური ფასები.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, რომ მომჩივანს არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს იმდაგვარ არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ძვლის ხარჯად აღიარებული კილოგრამების რეალიზაციად ჩათვლა და ძვლიანი ღორისა და საქონლის ხორცის მინიმალური დოკუმენტური ფასის გავრცელება, ხოლო გაანგარიშებული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართებულია, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ძვლის ხარჯის საქონლის რეალიზაციად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე საქონლისა და ღორის ხორცის ნაჭრებად შეძენა და რეალიზაცია. შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღრიცხვა, დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი და სარეალიზაციო ღირებულებები. კომპანიის მიერ წარდგენილი ბუღალტერიისა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების დამუშავებით გაანგარიშდა რეალიზებული ღორისა და საქონლის ხორცის რაოდენობები, რაც განსხვავდებოდა ბუღალტრული/დეკლარირებული მონაცემებისაგან. დათვლილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი ჩაითვალა ბუღალტრულ ნაშთად და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შემოწმების ხელთარსებული ინფორმაციით გაანგარიშდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, კომპანია ძვლის რეალიზაციას არ ახორციელებდა. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტურ რეალიზაციაში უფიქსირდებოდა ძვლიანი ხორცის გაყიდვა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით ზემოხსენებული ძვლის ხარჯად აღიარებული კილოგრამები ჩაითვალა საქონლის (ღორის და საქონლის ხორცის) რეალიზაციად.
შემოწმებით გაანგარიშებული თანხები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154;