გადაწყვეტილება №26358/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26358/2/2025
26 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ედოს 23.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26358/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.11.2025 წლის №005-205 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.12.2025 წლის №26695 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 159 412,3 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 94 872,78
დღგ - 73 110,38
საშემოსავლო გადასახადი - 21 762,4
ჯარიმა - 44 349
საურავი - 20 190,52
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ჩინეთიდან და ირანიდან ოთახის ჩუსტების, ფეხსაცმელის და სპორტული ფეხსაცმელის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 1.05.2019 წელს. აუდიტის დეპარტამენტის 5.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.10.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ხდება დამფუძნებლისაგან ---გან (პ/ნ ---) იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ აშენებულ სასაწყობე ფართში. მომჩივანს ასევე უფიქსირდება საიჯარო შემოსავალი აღნიშნული საწყობის ნაწილის გაქირავებიდან. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ბუღალტრული პროგრამა, მისი მხრიდან წარმოდგენილია ხელშეკრულებები, ბანკის ცნობა და ამონაწერები, ასევე, სხვა მოთხოვნილი პირველადი დოკუმენტაცია.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.10.2025 წლის №21603 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის მასალები გაიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში. მომჩივნის მიერ წარდგენილი პირველადი დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და ინვენტარიზაციის მასალების ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 26%-ს, ხოლო შემოწმების შედეგად დოკუმენტური რეალიზაციისა და იმპორტირებული საქონლის ანალიზით გაანგარიშებული ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 36%-ს (შემოწმების შედეგად განხორციელდა საქონლის კატეგორიებად დაყოფა და ფასნამატის ცალკე კატეგორიაზე გაანგარიშება). კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ინვენტარიზაციის მასალებზე დაყრდნობით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რამაც შეადგინა 2 826 687 ლარი, რაზეც საქონლის კატეგორიების მიხედვით გავრცელდა შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. შედეგად, სრულ შესამოწმებელ პერიოდზე, 406 152 ლარით გაიზარდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული შემოსავლის, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და შემოწმების ხელთ არსებული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოყენებით მოხდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშება, რომლის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 87 049 ლარი, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდის ბოლოს დირექტორ ---ზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.11.2025 წლის №005-205 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში. შემოსავლების სამსახურის 4.12.2025 წლის №26695 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
ამასთან, შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის. აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია არ მიუწოდებიათ მომჩივნისთვის, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. გაუგებარია, თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე დოკუმენტალური ფასნამატი. არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს ,,---”-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასნამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს. არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთი დადგენა. ასევე, არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა" და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით განმარტა, რომ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრულ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, კატეგორიების მიხედვით, გავრცელდა შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული შემოსავლის, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და სხვა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის გამოყენებით განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშება, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. რაც შეეხება საქონლის თვითღირებულებას, განსაზღვრული იქნა საინვოისო ღირებულებაზე დაყრდნობით და მასზე გავრცელებულ იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით.
საბჭო აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში ჩანიშნული იყო 13.02.2026 წლის 12:30 საათზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა, მომჩივანი არ ჩაერთო საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები:
კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრულ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, კატეგორიების მიხედვით, გავრცელდა შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული შემოსავლის, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და სხვა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის გამოყენებით განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშება, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. რაც შეეხება საქონლის თვითღირებულებას, განსაზღვრული იქნა საინვოისო ღირებულებაზე დაყრდნობით და მასზე გავრცელებულ იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით.
გადაწყვეტილება:
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 101 (1); 154 (1).