გადაწყვეტილება №20126/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.09.2023
№ დოკუმენტი 20126/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20126/2/2023

05 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“-ის 1.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20126/2/2023).

 

დავის საგანი:

1. შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა;

2. 2022 წლის აპრილის თვეში არასწორად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №074-34 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13354 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 165 943 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 91 684

დღგ - 30 897

საშემოსავლო გადასახადი - 60 787

ჯარიმა - 43 324

საურავი - 30 935

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს --------------- შერეული საქონლით (კვების პროდუქტები, სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო, სამეურნეო საქონელი და სხვა) ვაჭრობა. სარეალიზაციო საქონლის შეძენა ხდება ადგილობრივ ბაზარზე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №32919 ბრძანება და №074-34 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13354 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველი დავის საგნის ნაწილში -------- ფასნამატის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13354 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს გააჩნია, როგორც დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი, ასევე გათავისუფლებული ბრუნვები, როგორც ჩათვლის უფლებით, ასევე ჩათვლის უფლების გარეშე. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილი იქნა ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამა „---------“ ასლი, საბანკო ამონაწერები, ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ახსნა-განმარტება და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. გადამხდელის მიერ წარდგენილი, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციის (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საგადასახადო დეკლარაციები და სხვა.) შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელი ბუღალტრულ პროგრამაში საქონლის რაოდენობრივ და სახეობრივ აღრიცხვას არ ახორციელებს. საცალო (არადოკუმენტური) რეალიზაციის შემთხვევაში, რომელიც დეკლარირებული რეალიზაციის 95%-ზე მეტს შეადგენს, ბუღალტრულ აღრიცხვაში საქონლის რეალიზაციის და ჩამოწერის აღრიცხვა ხორციელდება ყოველი თვის ბოლოს ერთიანად. შესაბამისად, სააღრიცხვო მონაცემებით არ იშიფრება თითოეული რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ, რა გაიყიდა და რა ფასად. საწარმოს მიერ დეკლარირებული ფასნამატია 2019 წელს - 12%, 2020 წელს - 11%, 2021 წელს - 11%, ხოლო 2022 წელს - 12%. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით ვერ მოხერხდა რეალიზებული საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა და შესაბამისად, ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის რეალიზაციის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის თითოეული წლისათვის ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებული საწყისი და საბოლოო სმფ-ის ნაშთების, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების ღირებულების მიხედვით (რომელიც დაედარა ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებულ მონაცემებს) განისაზღვრა თითოეული წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. შემოწმების მიერ შეძენილი საქონელი დაჯგუფებული იქნა სახეობებისა და დაბეგვრის ტიპის (დღგ-ით დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონელი) მიხედვით, რის შედეგადაც განისაზღვრა თითოეული ჯგუფის წილი მთლიან შეძენაში. აღნიშნული წილის მიხედვით განისაზღვრა სარეალიზაციო საქონლის თითოეული ჯგუფის თვითღირებულება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ სხვადასხვა სახის საქონელზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 28 ოქტომბრის N27288 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის სავაჭრო ობიექტებში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება, რის მიხედვითაც დადგინდა მოთხოვნილი 78 დასახელების საქონლის სარეალიზაციო ფასი. აღნიშნული სმფ-ების უახლოესი შეძენის ღირებულებების დაკავშირება მოხდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზებით დადგენილი სმფ-ების სარეალიზაციო ფასებთან, რის შედეგადაც სმფ-ის თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრა ფასნამატი, ხოლო საშუალო ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2019 წელს - 20.2%, 2020 წელს - 19.9%, 2021 წელს - 19.5%, 2022 წელს - 18.8%. შემოწმების მიერ სმფ-ების თითოეული ჯგუფისთვის განსაზღვრული ფასნამატის მიხედვით დათვლილი იქნა საწარმოს როგორც დღგ-ის 18%-იანი დასაბეგრი, ასევე დაუბეგრავი ბრუნვა, რომელიც შეუდარდა საწარმოს მიერ დღგ-ის დეკლარირებულ მონაცემებს. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში გამოვლენილი სხვაობა გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდების თითოეული თვის დეკლარირებული ბრუნვის შესაბამისი წლის მთლიანი ბრუნვის წილის პროპორციულად დაემატა თითოეული თვის ბრუნვას და დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შესამოწმებელი პერიოდის თითოეული საანგარიშო წლის მიხედვით დათვლილი იქნა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი (დღგ-ის ჩათვლით), როგორც დღგ-ის 18%-იანი დასაბეგრი ოპერაციიდან, ისე გათავისუფლებული (ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე) ოპერაციიდან. აღნიშნული მონაცემები შეუდარდა საწარმოს მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, გამოვლენილი სხვაობები შესაბამისი პერიოდების მიხედვით საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველი დავის საგნის ნაწილში -------- ფასნამატის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში შემოსავლები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. საჩივარში მიუთითა ფასნამატის გაანგარიშებისას დაშვებული ხარვეზები, მაგალითად მოიყვანა თუ როგორი შეცდომით მოხდა -------- ფასნამატის გაანგარიშება და მოითხოვა გადამხდელის ჩართულობით ხელახლა ყოფილიყო ფასნამატი გადაანგარიშებული, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ფასნამატის გადაანგარიშება უნდა მოხდეს მხოლოდ -------- ფასნამატის დაზუსტების მიზნით. მიაჩნია, რომ როგორც --------მაგალითშია მოყვანილი, ასევე არის შეცდომები დაშვებული ------- და სხვა არაერთი საქონლის მიმართ.

ითხოვს გადაწყვეტილებაში მითითებული იყოს, რომ აუდიტორებმა გადამხდელის ჩართულობით მოახდინონ ყველა საქონლის ფასნამატის გადაანგარიშება, საკონტროლო შესყიდვის და დოკუმენტური რეალიზაციის დროს დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასების შესყიდვის ფასებთან შეპირისპირება და ამ გზით მოხდეს ობიექტური საშუალო ფასნამატის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დასაბეგრი შემოსავლების დადგენის მიზნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის რეალიზაციის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის თითოეული წლისათვის ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებული საწყისი და საბოლოო სმფ-ების ნაშთების, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების ღირებულების მიხედვით (რომელიც დაედარა ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებულ მონაცემებს) განისაზღვრა თითოეული წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. შემოწმების მიერ შეძენილი საქონელი დაჯგუფებული იქნა სახეობებისა და დაბეგვრის ტიპის (დღგ-ით დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონელი) მიხედვით, რის შედეგადაც განისაზღვრა თითოეული ჯგუფის წილი მთლიან შეძენაში. აღნიშნული წილის მიხედვით განისაზღვრა სარეალიზაციო საქონლის თითოეული ჯგუფის თვითღირებულება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ სხვადასხვა სახის საქონელზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 28 ოქტომბრის N27288 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის სავაჭრო ობიექტებში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება, რის მიხედვითაც დადგინდა მოთხოვნილი 78 დასახელების საქონლის სარეალიზაციო ფასი. აღნიშნული სმფ-ების უახლოესი შეძენის ღირებულებების დაკავშირება მოხდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზებით დადგენილი სმფ-ების სარეალიზაციო ფასებთან, რის შედეგადაც სმფ-ის თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრა ფასნამატი, ხოლო საშუალო ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2019 წელს - 20.2%, 2020 წელს - 19.9%, 2021 წელს - 19.5%, 2022 წელს - 18.8%. შემოწმების მიერ სმფ-ების თითოეული ჯგუფისთვის განსაზღვრული ფასნამატის მიხედვით დათვლილი იქნა საწარმოს, როგორც დღგ-ის 18 %-იანი დასაბეგრი, ასევე დაუბეგრავი ბრუნვა, რომელიც შეუდარდა საწარმოს მიერ დღგ-ის დეკლარირებულ მონაცემებს. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში გამოვლენილი სხვაობა გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდების თითოეული თვის დეკლარირებული ბრუნვის შესაბამისი წლის მთლიანი ბრუნვის წილის პროპორციულად დაემატა თითოეული თვის ბრუნვას და დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13354 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველი დავის საგნის ნაწილში -------- ფასნამატის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მიუთითა ფასნამატის გაანგარიშებისას დაშვებული ხარვეზები, მაგალითად მოიყვანა თუ როგორი შეცდომით მოხდა -------- ფასნამატის გაანგარიშება და მოითხოვა გადამხდელის ჩართულობით ხელახლა ყოფილიყო ფასნამატი გადაანგარიშებული, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ფასნამატის გადაანგარიშება უნდა მოხდეს მხოლოდ -------- ფასნამატის დაზუსტების მიზნით. მიაჩნია, რომ როგორც --------- მაგალითშია მოყვანილი, ასევე არის შეცდომები დაშვებული -------- და სხვა არაერთი საქონლის მიმართ. გამომდინარე აქედან, ითხოვს --------- გარდა სხვა დანარჩენ საქონელზეც მოხდეს ფასნამატის გაანგარიშება.

შემოსავლების სამსახურში 22.01.2023 წელს წარდგენილ №78311/1/2023 საჩივარში მომჩივანი ასახელებს, როგორც ---------- ასევე, ყველს და განმარტავს, რომ ამ საქონელზე ფასნამატი არასწორად არის დადგენილი. არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატებს და განმარტავს, რომ ასეთივე შეცდომებია დაშვებული სხვა დანარჩენ საქონელზეც, რამაც გამოიწვია უსამართლო დარიცხვა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ---------- მსგავსად სხვა დანარჩენ რეალიზებულ საქონელზე ფასნამატის განსაზღვრის მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. 2022 წლის აპრილის თვეში არასწორად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის შემცირება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ამ ნაწილში დამატებითი თანხების დარიცხვა არ მომხდარა, მომჩივანი ითხოვს 2022 წლის აპრილის თვეში არასწორად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილით

გადამხდელის პოზიციასთან, 2022 წლის აპრილის თვეში არასწორად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის შემცირებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურმა ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, კერძოდ, შემოწმების პერიოდში აღნიშნულ თემაზე (ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთის დანაკლისის საწარმოს დირექტორზე ხელფასად კვალიფიკაცია) გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დაზუსტებული დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც გადამხდელი ითხოვდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას, აღნიშნული საკითხი ცნობილი იყო შემოწმებისთვის, მოხდა მისი შესწავლაც, მაგრამ შემოწმების პროცესში აღნიშნული ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ 2022 წლის 16 აპრილს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგად დაადეკლარირა ფულის ნაშთის დანაკლისი 152 648 ლარი, როგორც საწარმოს დირექტორის მიერ გატანილი ხელფასი. აღნიშნული ინვენტარიზაციის დროს კომპანიის დირექტორი დაკავებული იყო და სრულყოფილად არ ფლობდა ინფორმაციას კომპანიის ფინანსების შესახებ, არ ჰქონდა წვდომა საბანკო ანგარიშებთან. როცა შეძლო პროგრამის მონაცემების დაზუსტება გაარკვია, რომ აღნიშნული დანაკლისის თანხა ჩადებული იყო ისევ კომპანიის სახსრებში, დააზუსტა აპრილის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია. შემოსავლების სამსახურს სთხოვა დაზუსტებული დეკლარაციის ასახვა, მაგრამ ვინაიდან კომპანიის შემოწმება იყო დაწყებული დაზუსტებული დეკლარაცია არ აისახა ბარათზე. შემოწმების აქტიდან კი ირკვევა, რომ აღნიშნული საკითხი არც კი განუხილავთ შემმოწმებელ აუდიტორებს. საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში საერთოდ არაფერია ნათქვამი.

შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილ დაზუსტებულ დეკლარაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს აუდიტორმა, უნდა განიხილოს მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია (საბუღალტრო პროგრამა, ბრუნვითი უწყისი, ნაღდი ფულის მოძრაობა) და დააკმაყოფილოს ან დაასაბუთოს დეკლარაციის არდაკმაყოფილების/არასახვის მიზეზი. წარმოდგენილი აქვს, ასევე დირექტორის პატიმრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოთხოვნილი მინდობილობის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებული უარი, რამაც გამოიწვია ბუღალტერიაში ფინანსური ინფორმაციის სრულად ვერ მოპოვება და სალაროდან თანხის გაცემის (ხელფასის) შესახებ დეკლარაციის არასწორად დეკლარირება.

ითხოვს შემცირდეს 2022 წლის აპრილით თვეში არასწორად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის თანხა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს/საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების/შეტყობინების ჩაბარებიდან ან ამ გადაწყვეტილების/შეტყობინების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად განთავსებიდან ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში.

მომჩივანი განმარტავს, რომ 2022 წლის 16 აპრილს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგად დაადეკლარირა ფულის ნაშთის დანაკლისი 152 648 ლარი, როგორც საწარმოს დირექტორის მიერ გატანილი ხელფასი. აღნიშნული ინვენტარიზაციის დროს კომპანიის დირექტორი დაკავებული იყო და სრულყოფილად არ ფლობდა ინფორმაციას კომპანიის ფინანსების შესახებ, არ ჰქონდა წვდომა საბანკო ანგარიშებთან. როცა შეძლო პროგრამის მონაცემების დაზუსტება გაარკვია, რომ აღნიშნული დანაკლისის თანხა ჩადებული იყო ისევ კომპანიის სახსრებში, დააზუსტა აპრილის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია. შემოსავლების სამსახურს სთხოვა დაზუსტებული დეკლარაციის ასახვა, მაგრამ ვინაიდან კომპანიის შემოწმება იყო დაწყებული დაზუსტებული დეკლარაცია არ აისახა ბარათზე. შემოწმების აქტიდან კი ირკვევა, რომ აღნიშნული საკითხი არც კი განუხილავთ შემმოწმებელ აუდიტორებს. საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში საერთოდ არაფერია ნათქვამი.

მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული საკითხი ცნობილი იყო შემოწმებისთვის, მოხდა მისი შესწავლაც, მაგრამ შემოწმების პროცესში აღნიშნული ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის ნაწილში გასაზიარებელია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13354 ბრძანება;

3. პირველი დავის საგნის ნაწილში:

4. ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; 5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა;

2. 2022 წლის აპრილის თვეში არასწორად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებისას დადგინდა, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის რეალიზაციის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის თითოეული წლისათვის ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებული საწყისი და საბოლოო სმფ-ების ნაშთების, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების ღირებულების მიხედვით (რომელიც დაედარა ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებულ მონაცემებს) განისაზღვრა თითოეული წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. შემოწმების მიერ შეძენილი საქონელი დაჯგუფებული იქნა სახეობებისა და დაბეგვრის ტიპის (დღგ-ით დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონელი) მიხედვით, რის შედეგადაც განისაზღვრა თითოეული ჯგუფის წილი მთლიან შეძენაში. აღნიშნული წილის მიხედვით განისაზღვრა სარეალიზაციო საქონლის თითოეული ჯგუფის თვითღირებულება.შემოწმების მიერ სმფ-ების თითოეული ჯგუფისთვის განსაზღვრული ფასნამატის მიხედვით დათვლილი იქნა საწარმოს, როგორც დღგ-ის 18 %-იანი დასაბეგრი, ასევე დაუბეგრავი ბრუნვა, რომელიც შეუდარდა საწარმოს მიერ დღგ-ის დეკლარირებულ მონაცემებს. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში გამოვლენილი სხვაობა გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდების თითოეული თვის დეკლარირებული ბრუნვის შესაბამისი წლის მთლიანი ბრუნვის წილის პროპორციულად დაემატა თითოეული თვის ბრუნვას და დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);61(3);160;161(1);164(1);101(1);154(1);69(4);