ბრძანება N 24009
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24009
12 ნოემბერი 2024
ბრძანება
შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)
(ფაქტ. მის.: ------)
2024 წლის 29 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ „--------“) №92587/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ოქტომბრის №081-202 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარირებული დანაკლისის მზა სასაქონლო ბეტონის წარმოებად განხილვას და მისი რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ საწარმომ იანვრის თვის დეკლარაციაში ასახა 2 175 ტონა ცემენტის დანაკლისი, რომელიც წარმოადგენს კომპანიის სრული მუშა პროცესის დროს არსებულ საწარმოო დანაკლისს. მომჩივანის განმარტებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება შემოწმების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული და საწარმოს მიერ დანაკლისად დეკლარირებული ცემენტით შემოწმებამ აწარმოა ბეტონი და ჩათვალა რეალიზებულად, რაც არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, იმ ფიზიკური პირების მიერ, რომლებმაც არ დაადასტურეს სასაქონლო ზედნადებებით ცემენტის შეძენის ფაქტი, ცემენტის მზა სასაქონლო ბეტონის წარმოებაში გამოყენებას და წარმოებული ბეტონის რეალიზებულად განხილვას. მომჩივანმა წარმოადგინა არამეწარმე ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები, სადაც ფიზიკური პირები ადასტურებენ საწარმოსგან ცემენტის შესყიდვის ფაქტს. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №2617 და 21 აგვისტოს №19108 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 8 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2024 წლის 22 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის პირველი ოქტომბრის №21470 ბრძანება და ამავე თარიღის №081-202 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 439 368 ლარი, მათ შორის გადასახადი 178 703 ლარი, ჯარიმა 181 869 ლარი და საურავი 78 796 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სასაქონლო ბეტონის წარმოება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, შემოწმების ბრძანების გამოცემის (2024 წლის 9 თებერვალი) შემდგომ, 2024 წლის 13 თებერვალს საწარმომ წარმოადგინა 2024 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაცია (შემოწმების ბრძანების გამოცემის დროს საწარმოს არ ჰქონდა წარმოდგენილი იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაცია) და 2 175 ტონა საქონლის (ცემენტი) დანაკლისი 543 750 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულებით დაბეგრა დღგით. აღნიშნული დანაკლისი პირის მიერ ასევე დაბეგრილ იქნა მოგების გადასახადით
შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით, დადგინდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ცემენტის შემძენებმა არ დაადასტურეს საქონლის შეძენის ფაქტი (შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება ცემენტის რეალიზაცია).
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოში სამჯერ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები. ორ შემთხვევაში საწარმოს შეეფარდა გაფრთხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის), ხოლო ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების გათვალისწინებით, შემოწმებით, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საწარმოს მიერ დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი დაექვემდებარა კორექტირებას, კერძოდ, გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული 2 175 ტონა ცემენტის ღირებულება, 543 750 ლარი, დაექვემდებარა სრულად შემცირებას. აღნიშნული საქონლიდან განხორციელდა მზა სასაქონლო ბეტონის წარმოება და შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაცია, კერძოდ: შემოწმებით საქონლის წარმოება განხორციელდა საწარმოს მიერ წარმოდგენილი კალკულაციების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა პროდუქციის (სასაქონლო ბეტონი) რაოდენობების პროპორციულად, ხოლო სარეალიზაციო ფასი გაანგარიშებული იქნა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული კონკრეტული მზა პროდუქციის (სასაქონლო ბეტონი) შესაბამისი თვის საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში, შემოწმებით დამატებით დადგენილი საქონლის (სასაქონლო ბეტონი) რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 831 141 ლარით (დღგ-ის გარეშე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, დადგენილი სხვაობა, 287 391 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა დღგ-ით, შესაბამის პერიოდებში. ასევე, საწარმო დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების მიმდინარეობისას, საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში არამეწარმე ფიზიკურ პირებზე დაფიქსირებული ოპერაციების ნაწილი, კერძოდ, გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის (ცემენტი) შესყიდვა არ შეესაბამება სინამდვილეს და არამეწარმე ფიზიკურ პირებს არ შეუძენიათ აღნიშნული საქონელი. შესაბამისად, შემოწმებით, ცემენტის ის რაოდენობა (64 804 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულების ჯამურად 279.6 ტონა), რომლის შესყიდვის ფაქტიც არ დადასტურდა არამეწარმე ფიზიკური პირების მიერ, გამოყენებულ იქნა სასაქონლო ბეტონის წარმოებაში და ჩაითვალა გამოანგარიშებული წარმოებული სასაქონლო ბეტონის რეალიზაციად. წარმოების შედეგად მიღებულ სასაქონლო ბეტონის რაოდენობაზე გავრცელდა შესაბამის პერიოდში დოკუმენტებით რეალიზებული სასაქონლო ბეტონის საშუალო შეწონილი ფასი. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 109 399 ლარი (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად დამატებით მიღებული შემოსავალი 44 595 ლარი (დღგ-ის გარეშე), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. პირს დაერიცხა გადასახადი და ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილ შემოსავალს (შემოწმებით წარმოებული საქონლის დოკუმენტების გარეშე რეალიზაციიდან მიღებული ფულადი შემოსავალი) გამოაკლდა დამატებით წარმოებული პროდუქციის (სასაქონლო ბეტონი) შესაბამისი პროპორციული წილის მიხედვით გამოყენებული სხვა ნედლეულის რაოდენობის შესაბამისი ღირებულება (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტის და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, შედეგად, შემოწმებით წარმოებაში საჭირო სხვა ნედლეულების ნაწილზე, რომელზეც არ ფიქსირდება შეძენის დოკუმენტები, ხარჯები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით (სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ გადასახადის გადამხდელებთან ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგებზე შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების პრაქტიკის მიხედვით)), კერძოდ: გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში ხარჯად აღიარებული იქნა 195 803 ლარი (გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად დადასტურებული იგივე საქონლის წლის მინიმალური შეძენის ფასის მიხედვით). დამატებით მიღებულმა შემოსავალმა ხარჯების გათვალისწინებით, რომელიც საწარმოს არ ჰქონდა აღრიცხული ბუღალტრულად, შეადგინა 837 565 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების შესაბამისად დამატებით დადგენილი თანხა განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა ამავე კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და აგრეთვე დაჯარიმდა 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მეორე სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, შემოწმების პროცესში საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგინდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ცემენტის შემძენებმა არ დაადასტურეს საქონლის (ცემენტის) შეძენის ფაქტი (შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება ცემენტის რეალიზაცია). ამასთან, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შპს „--------- “-ის (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2024 წლის 9 თებერვლის ბრძანების გამოცემის შემდეგ გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დეკლარაცია, სადაც 2 175 ტონა საქონლის (ცემენტი) დანაკლისი დაბეგრა დღგ-ით 543 750 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულებით. ასევე, საგულისხმოა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საწარმო სამჯერ დაჯარიმდა საგადასახადო სამართალდარღვევისთვის. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, ზემოაღნიშნული საქონლიდან (ცემენტი) განხორციელდა მზა სასაქონლო ბეტონის წარმოება და შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაცია საწარმოს მიერ წარმოდგენილი კალკულაციების მიხედვით, წარმოებული მზა პროდუქციის რაოდენობების პროპორციულად, დოკუმენტურად დადასტურებული კონკრეტული მზა პროდუქციის (სასაქონლო ბეტონი) შესაბამისი თვის საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით.
ასევე, სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში არამეწარმე ფიზიკურ პირებზე დაფიქსირებული ოპერაციების ნაწილი, კერძოდ, გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის (ცემენტი) შესყიდვა არ შეესაბამება სინამდვილეს და არამეწარმე ფიზიკურ პირებს არ შეუძენიათ აღნიშნული საქონელი. შესაბამისად, შემოწმებით, ცემენტის ის რაოდენობა, რომლის შესყიდვის ფაქტიც არ დადასტურდა არამეწარმე ფიზიკური პირების მიერ, გამოყენებულ იქნა სასაქონლო ბეტონის წარმოებაში, ხოლო წარმოებული ბეტონი ჩაითვალა რეალიზაციად დოკუმენტებით რეალიზებული სასაქონლო ბეტონის საშუალო შეწონილი ფასით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.
აგრეთვე, შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილ შემოსავალსა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ ხარჯებს შორის სხვაობა, რომელიც საწარმოს არ ჰქონდა აღრიცხული ბუღალტრულად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, ცემენტისგან სასაქონლო ბეტონის წარმოება და მისი რეალიზაცია, რამაც გამოწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, საჩივრის დანართად წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია იდენტურია საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების, რომელიც გათვალისწინებულია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას (არ არის აღნიშნულ პირებზე რეალიზებული ცემენტისგან ბეტონი ნაწარმოები, შესაბამისად, არ აქვს მონაწილეობა მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრაში). ამდენად, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარირებული დანაკლისის მზა სასაქონლო ბეტონის წარმოებად განხილვას და მისი რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება, იმ ფიზიკური პირების მიერ, რომლებმაც არ დაადასტურეს სასაქონლო ზედნადებებით ცემენტის შეძენის ფაქტი, ცემენტის მზა სასაქონლო ბეტონის წარმოებაში გამოყენებას და წარმოებული ბეტონის რეალიზებულად განხილვას. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოში სამჯერ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები. ორ შემთხვევაში საწარმოს შეეფარდა გაფრთხილება სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით,ხოლო ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა სსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად.
საწარმოს მიერ დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი დაექვემდებარა კორექტირებას.შემოწმებით, დადგენილი სხვაობა,დაიბეგრა დღგ-ით, შესაბამის პერიოდებში. ასევე, საწარმო დაჯარიმდასსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში არამეწარმე ფიზიკურ პირებზე დაფიქსირებული ოპერაციების ნაწილი, კერძოდ, გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის შესყიდვა არ შეესაბამება სინამდვილეს და არამეწარმე ფიზიკურ პირებს არ შეუძენიათ აღნიშნული საქონელი.შემოწმების შედეგად დამატებით მიღებული შემოსავალი სსკ-ის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. პირს დაერიცხა გადასახადი და ასევე ჯარიმა.
შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დამატებით წარმოებული პროდუქციის შესაბამისი პროპორციული წილის მიხედვით გამოყენებული სხვა ნედლეულის რაოდენობის შესაბამისი ღირებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტის და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, შედეგად, შემოწმებით წარმოებაში საჭირო სხვა ნედლეულების ნაწილზე, რომელზეც არ ფიქსირდება შეძენის დოკუმენტები, ხარჯები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით.
სსკ-ის 73-ე და 101-ე მუხლების შესაბამისად დამატებით დადგენილი თანხა განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა ამავე კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და აგრეთვე დაჯარიმდა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73,101,154.