გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.01.2018
საქმის ნომერი
050310117002027213
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №050310117002027213

N3/143-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 დეკემბერი 2017წ ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე

სხდომის მდივანი თეიმურაზ ლომთაძე

მოსარჩელე ი/მეწარმე ,,გ----------------'',მოსარჩელის წარმომადგენელი ი-----–----------აძე,მოპასუხე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოპასუხის წარმომადგენელი - მ-----–-–--–--აძე

დავის საგანი: გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 26 ივნისის N1747 ბრძანება.

 

1.2. დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ქმედების განხორციელება, კერძოდ 2017 წლის 25 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N70 ხელშეკრულების შესაბამისად მიიღოს შესყიდვის ობიექტი და გააფრომოს მიღება-ჩაბარების აქტი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი

3. დადგენილი უდაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა ინდ.მეწარმე ,,გ----------------''.

 

3.2. 2017 წლის 25 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ინდ.მეწარმე ,,გ----------------ს'' შორის გაფორმდა ხელშეკრულება N70 ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ''.

 

3.3. შემსყიდველმა ორგანიზაციამ უარი განაცხადა შესყიდვის ობიექტის ჩაბარებაზე იმ მოტივით, რომ იგი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

 

4. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით მოპასუხე მხარემ გაურკვეველი მოტივით უარი განაცხადა ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელის უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N9 ბრძანების მე-8 მუხლი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N9 ბრძანების მე-12 მუხლი, ,,შავი სიის წამოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ'' 2015 წლის 29 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების სააგეგნტოს თავმჯდომარის N19 ბრძანების მე-2 მუხლი, ,,შავი სიის წამოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ'' 2015 წლის 29 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების სააგეგნტოს თავმჯდომარის N19 ბრძანების მე-3 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N9 ბრძანების მე-8 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად ,,სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ტენდერის ტიპი; ბ) სატენდერო განცხადების ნომერი; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება; დ) ტენდერის გამოცხადების თარიღი ზუსტი დროის მითითებით; ე) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი ზუსტი დროის მითითებით; ვ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ზ) მითითება წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით თუ მის გარეშე; თ) კლასიფიკატორის დანაყოფი და მისი შესაბამისი CPV კოდი; ი) შესყიდვის კონკრეტული შესაძლო ყველაზე დეტალური ობიექტი და მისი შესაბამისი CPV კოდი; კ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა; ლ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა; მ) წინადადებით წარმოდგენილი ფასის კლების ბიჯის ოდენობა; ნ) ელექტრონული გარანტიის ოდენობა; ო) შემსყიდველი ორგანიზაციის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი და გვარი, რომელმაც განათავსა სატენდერო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღი და ზუსტი დრო; პ) ელექტრონული გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა;

 

6.2. გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N9 ბრძანების მე-12 მუხლის მეათე პუნქტის თანახმად ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაზუსტება დასაშვებია: ა) ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნასთან ერთად – თუ დაზუსტებას აგრეთვე საჭიროებს ტექნიკური დოკუმენტაცია. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ბ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნასთან ერთად, იმავე ვადაში – თუ ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების შედეგად დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა და სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე; გ) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის წარმოდგენის მოთხოვნასთან (ასეთი მოთხოვნების არსებობისას) ან/და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად – თუ ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების შედეგად დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა და სატენდერო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებისათვის დგინდება არაუმეტეს 3 სამუშაო დღე, რომელიც ითვლება ხელშეკრულების დადებისათვის განსაზღვრულ ვადაში.

 

6.3. ,,შავი სიის წამოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ'' 2015 წლის 29 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების სააგეგნტოს თავმჯდომარის N19 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება.''

 

არსებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ შეფასება უნდა მიეცეს შემდეგ გარემოებებს: რამდენად სრულად არის ასახული კონტროლის აქტში მანქანის რეალური მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამუშაო ჯგუფი შედგება ხუთი ადამიანისაგან. შედეგი რომელიც მათ მიერ იქნა დადებული საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. კერძოდ მითითებულია, რომ ძრავის საყრდენი ბალიშები არის ამორტიზირებული, კაბინის სახურავი არის მექანიკურად დაზიანებული, კაბინის წინა მხარე საქარე მინასთან და რადიატორთან არის დამტვრეული და დაზიანებული, საქარე მინა შეცვლილია და დამჭერი რეზინი არასწორადაა დამაგრებული და ა.შ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მსგავსი შეფასება საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და უნდა არსებობდეს ამ ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი კერძო პირის ან ორგანიზაციის. ამდენად აღნიშნული კონტროლის აქტი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს რაიმე სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად გამგებლის ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ამასთანავე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მანქანის შემოწმების პერიოდში არც მოსარჩელის მიერ მოხდა მანქანის ტექნიკური შემოწმება შესაბამისად ლიცენზირებულ დაწესებულებაში ამდენად მოთხოვნა ხელშეკრულების შესრულების დავალდებულების თაობაზე დღეის მდგომარეობით არის ხანდაზმული, ვინაიდან მანქანის რეალური მდგომარეობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არც მოსარჩელის გ---------------ის მიერ არ იქნა შეფასებული. შესაბამისად მხარის მოთხოვნა ხელშეკრულების შესრულების და ობიექტის შესყიდვის დავალდებულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლო განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით გასული არის ხელშეკრულების შესრულების ვადა და ხელშკერულება შეწყვეტილად ითვლება ვადის გასვლის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.''

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. გ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება N1747.

მოთხოვნა ქმედების დავალდებულების, კერძოდ 2017 წლის 25 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N70 ხელშეკრულების შესაბამისად შესყიდვის ობიექტის მიღების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს N70 ხელშეკრულების შესრულების ვადის გასვლის გამო.

 

3. მოსარჩელეს დაუბრუნდეს ბაჟის ნაწილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. (საგადასახადო დავალება N54, გადახდის თარიღი 13.07.2017.)

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე