გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21215-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი 2017 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ქეთევან კუჭავა
სხდომის მდივანი: თამარ გეგიძე
მოსარჩელე: მუ------------------ე
მოპასუხე: სა---------–-----------–-----------–---------------------ო
წარმომადგენელი: ქე--------------–---–ი
დავის საგანი: სახელფასო დავალიანებისა და საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სა---------–-----------–-----------–---------------------ოს, მუ------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1660 ლარის ოდენობითა და საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება 2 თვის თანამდებობრივი სარგოს 400 ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები
1.1. მოსარჩელე, 1974 წლიდან მუშაობდა ამ------–-----ის რაიონის სოფელ ზნ----ს სკოლაში პედაგოგად, 2005 წლიდან კი იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 135 ლარს.
1.2. მოსარჩელის მითითებით, მას არ მიუღია კუთვნილი ხელფასი სრულად. რის შედეგადაც, 2011 წლის 31 იანვარს დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა სა---------–-----------–-----------–---------------------ოს.
სა---------–-----------–-----------–---------------------ოს 2011 წლის 4 აპრილის N------------- წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ კანონიერი ინტერესების დასაცავად მიემართა სასამართლოსათვის.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიუღებელი თანხის პერიოდი მოიცავს 2008 წლის ნოემბრის და დეკემბერის თვეებს და 2009 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეებს, ხოლო მიუღებელი თანხის ჯამმა შეადგინა 685 ლარი. ამასთან, 2008 წლის 1 იანვრიდან, მინისტრის ბრძანების საფუძველზე სკოლის დირექტორის მინიმალური ხელფასი უნდა ყოფილიყო 200 ლარი, მოსარჩელე კი 2008 წლიდან გათავისუფლებამდე იღებდა 135 ლარს, 65 ლარით ნაკლებს, გათავისუფლებამდე არსებული პერიოდის 15 თვის გათვალისწინებით კი 975 ლარით ნაკლებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის მიუღებელმა თანხამ შეადგინა (685+975) 1660 ლარი.
1.3. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ამ------–-----ის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა 2015 წლის 22 სექტემბრის N------ წერილით სახელფასო დავალიანება ნაწილობრივ, 685 ლარის ოდენობით აღიარა.
1.4. მოსარჩელე ასევე მოითხოვს საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებას 2 თვის თანამდებობრივი სარგოს, 400 ლარის, ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
შესაგებლის საფუძვლები:
2.1. მოპასუხის მითითებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ამ------–-----ის საგანმანათლებლო რესურსცენტრს 2015 წლის 22 სექტემბრის N------ წერილით სახელფასო დავალიანება ნაწილობრივ არ უღიარებია. აღნიშნულით მოსარჩელეს ეცნობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 20 ნოემბრის N--- ბრძანებით შექმნილი სსიპ ამ------–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ზნ----ს საჯარო სკოლის სალიკვიდაციო კომისიის N- ოქმის შინაარსის თაობაზე.
2.2. ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 2008 წლიდან საჯარო სკოლის დირექტორთა შრომის ანაზღაურების ზრდის ფაქტი, არ წარმოადგინა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის კონკრეტული ბრძანება. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხემ მიუთითა ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 2008 წელს და ამჟამად მოქმედ რედაქციაზე, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის N-82 დადგენილებაზე და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N--- ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სკოლების წესდებაზე“, რომლის შესაბამისად, დირექტორი თავად განსაზღვრავს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს, ხოლო სა---------–-----------–-----------–---------------------ო ითანხმებს აღნიშნულს. სა---------–-----------–-----------–---------------------ო ახორციელებს მხოლოდ სკოლის ვაუჩერულ დაფინანსებას.
ამასთან, სა---------–-----------–-----------–---------------------ოში 2008 წლის იანვრის თვიდან მუ-----------------ეს შესათანხმებლად არ წარუდგენია ახალი საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დადგენილი განაკვეთის, ხელფასის სხვაობის სახით 975 ლარის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოა.
2.3. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა საკომპენსაციო თანხის 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ანაზღაურების ნაწილში, ვინაიდან, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების, 2009 წლის 3 აპრილის მდგომარეობით მოქმედი შრომის კოდექსი დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყების გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას რაიმე სახის კომპენსაციის გაცემას არ ითვალისწინებდა.
2.4. მოპასუხის მითითებით, გარდა უსაფუძვლობისა, მუ-----------------ის სარჩელი ასევე ხანდაზმულია, კერძოდ, 2008 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვის შრომის ანაზღაურების მოთხოვნისათვის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა გავიდა 2011 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეში, ხოლო 2009 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვისა, 2012 წლის იანვარში, დეკემბერსა და მარტში. წინამდებარე სარჩელი კი სასამართლოში წარმოდგენილია 2015 წლის 15 ოქტომბერს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მუ-----------------ე, 1974 წლიდან მუშაობდა ამ------–-----ის რაიონის სოფელ ზნ----ს სკოლაში პედაგოგად, ხოლო 2005 წლიდან იყო ამავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში 135 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი და შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სა---------–-----------–------------–---------------------------------–-----ის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წერილები (ს.ფ. 14, 16).
3.1.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2009 წლის 3 აპრილის N-4--- ბრძანებით, სსიპ ამ------–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ზნ----ს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მუ-----------------ე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის (2009 წლის 3 აპრილის რედაქციით) 37.1 მუხლის “ი“ ქვეპუნქტის, დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი და შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 03.04.2009წ. ბრძანება (ს.ფ. 11).
3.1.3. მუ-----------------ეს, კუთვნილი ხელფასი 685 ლარი არ ანაზღაურებია.
სა---------–-----------–------------–---------------------------------–-----ის საგანმანათლებლო რესურსეცნტრის 22.09.2015წ. წერილით, მუ-----------------ეს მის 2015 წლის 8 სექტემბრის წერილის პასუხად ეცნობა შემდეგი:
სოფელ ზნ----ს საშუალო სკოლამ ფუნქციონირება შეწყვიტა 2007-2008 სასწავლო წელს მოსწავლეთა კონტიგენტის არარსებობის გამო, რაც დასტურდება 2009 წლის 19 თებერვლის ამ------–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ზნ----ს საშუალო სკოლის სალიკვიდაციო კომისიის #- ოქმით. მ. ქო------ის მიერვე წარმოდგენილი სახელფასე უწყისებიდან ჩანს, რომ 2007 წლის დეკემბერში გაცემულია ხელფასი 11 თანამშრომელზე კომპენსაციის სახით. 2008 წლის იანვრიდან ზნ----ს სკოლაში პედაგოგები აღარ მუშაობდნენ, უწყისი გამოწერილია და ხელფასი გაცემულია მხოლოდ სკოლის დირექტორზე, ბუღალტერსა და დარაჯზე.
ამავე წერილში ნათქვამია, რომ 2008 წლის #--- ბრძანების თანახმად, შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ სკოლის ყველა თანამშრომელს 2008 წლის ოქტომბრის ჩათვლით აღებული აქვს ხელფასიც და კომპენსაციაც. გათავისუფლდა 2009 წლის 3 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ. აქედან გამომდინარე, სალიკვიდაციო კომისიამ შეადგინა სახელფასო უწყისი, რომლის მიხედვითაც დირექტორს ეკუთვნის ხელფასი 685 ლარის ოდენობით, ბუღალტერს 265,5 ლარი, ხოლო დარაჯს 177 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი და შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სა---------–-----------–------------–---------------------------------–-----ის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წერილი (ს.ფ. 14-15).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მითითებას, მუ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე.
სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს 2008 წლის ნოემბრის, დეკემბერის და 2009 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეების, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას 685 ლარის და ამავე პერიოდისათვის დადგენილი სახელფასო განაკვეთიდან, მიუღებელი ხელფასის სხვაობას 975 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს გათავისუფლების შედეგად საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებას.
წინამდებარე სარჩელი აღძრულია 2015 წლის15 ოქტომბერს.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რომელიც ყოველთვიურად ერიცხებოდა მოსარჩელეს, წარმოადგენს პერიოდულად (ყოველთვიურად) შესასრულებელ ვალდებულებას, აღნიშნულ მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო, ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტს უკავშირებს მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად ათვლისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2008 წლის ნოემბრის, დეკემბერის და 2009 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეების ხელფასი არ აქვს მიღებული. შესაბამისად, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ წარმოეშვა და სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო აღნიშნული პერიოდებიდან. თავის მხრივ, 2008 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვის შრომის ანაზღაურების მოთხოვნისათვის ხანდამზულობის 3 წლიანი ვადა გავიდა 2011 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეში, ხოლო 2009 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის, 2012 წლის იანვარში, დეკემბერში და მარტში.
მოცემულ შემთხვევაში, სახელფასო დავალიანებისა და მიუღებელი სხვაობის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი მოსარჩელეს აღძრული აქვს 2015 წლის 15 ოქტომბერს.
წარმოდგენილი საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ სასამართლოს 2011 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე მუ-----------------ეს მის მიერ სა---------–-----------–-----------–---------------------ოს წინააღმდეგ სახელფასო დავალიანების და საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე დაუდგინდა ხარვეზი. მართალია, აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო საპროცესო აქტი საქმეში წარმოდგენილი არ არის, თუმცა ის ფაქტი, რომ 2012 წლის 28 ივნისის N2-6002-12 საოქმო განჩინებით მუ-----------------ის სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად, მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო (იხ.ს.ფ. 129-130), ადასტურებს პირველად წარდგენილი სარჩელის, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სასამართლოს წარმოებაში მიუღებლობას და იმავე მოთხოვნით სასამართლოსადმი მეორედ მიმართვას.
ამდენად, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 2012 წლის 28 ივნისის N2-6002-12 განჩინებით მუ-----------------ის სარჩელი სა---------–-----------–-----------–---------------------ოს წინააღმდეგ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად. რაც ასევე მიუთითეს 2011 წლის 8 ნოემბერს სარჩელზე დადგენილი ხარვეზის სამართლებრივ შედეგზე, სარჩელის მიღებაზე უარზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს სარჩელის შეტანა სასამართლოში ან მოთხოვნის არსებობის შესახებ სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, რა დროსაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გრძელდება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (სამოქალაქო კოდექსის 139-ე მუხლი). თუმცა, სარჩელის შეტანა ან მოთხოვნის არსებობის შესახებ სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა ყოველთვის არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. ზემოაღნიშნული წესიდან გამონაკლის შემთხვევას ადგენს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნული ნორმა სარჩელის განუხილველად დატოვებისას ან საქმის წარმოების შეწყვეტისას იგივე სარჩელის ექვსი თვის ვადაში წარდგენის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადას პირველი სარჩელის წარდგენიდან ადგენს შეწყვეტილად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2012 წლის 28 ივნისიდან, სარჩელის განუხილველად დატოვებიდან, ექვსი თვის ვადაში წარადგინა სარჩელი სასამართლოში. მუ-----------------ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრული იქნა მხოლოდ 2015 წლის 15 ოქტომბერს. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად არ ითვლება, ვინაიდან მუ-----------------ის სარჩელი დავალიანების ანაზღაურების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად.
ამდენად, მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სსკ-ის 138-140-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მუ-----------------ის მოთხოვნა ხანდაზმულია სრულად.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ამ------–-----ის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ 2015 წლის 22 სექტემბრის N------ წერილით, სახელფასო დავალიანების ნაწილობრივ აღიარებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღიშნული წერილი შეიცავს სალიკვიდაციო კომისიის მასალებზე დაყრდნობით ინფორმაციას მუ-----------------ის კუთვნილი ხელფასის გაუცემლობასთან დაკავშირებით და არ იკვეთება მოვალის ნება დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. ვალის არსებობის აღიარება კი არის ცალმხრივი, აბსოლუტური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ერთი მხარე დამოუკიდებლად კისრულობს მეორე მხარის სასარგებლოდ გარკვეულ შესრულებას. შესაბამისად, ამ------–-----ის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის 22 სექტემბრის N------ წერილი თავისი შინაარსით არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამოქალქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის აღიარების ხელწერილად, რომელიც მოსარჩელეს დამოუკიდებლად წარმოუშობდა მოთხოვნის უფლებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს 2008 წლის ნოემბრის, დეკემბერის და 2009 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეების, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას 685 ლარის და ამავე პერიოდისათვის დადგენილი სახელფასო განაკვეთიდან, მიუღებელი ხელფასის სხვაობას 975 ლარის ოდენობით.
ამასთან, დადგენილია, რომ მუ-----------------ეს, 2008 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2009 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის კუთვნილი ხელფასი 685 ლარი არ ანაზღაურებია. მოპასუხე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. თუმცა, მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".
ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად.
სასამართლოს მიერ დადგენილი 3.2.1. ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ მუ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა, სასამართლოში წარდგენილია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129.2-ე, 130-ე, მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლი უფლებას აძლევს მოპასუხეს, უარი თქვას მოთხოვნილი დავალიანების გადახდაზე.
6.2. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნას მიუღებელი ხელფასის სხვაობის 975 ლარის ანაზღაურების ნაწილში, გარდა ხანდაზმულობისა არც ვარგისი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მასზედ, რომ 2008 წლის 1 იანვრიდან, მინისტრის ბრძანების საფუძველზე სკოლის დირექტორის მინიმალური ხელფასი უნდა ყოფილიყო 200 ლარი, მოსარჩელე კი 2008 წლიდან გათავისუფლებამდე იღებდა 135 ლარს, 65 ლარით ნაკლებს, გათავისუფლებამდე არსებული პერიოდის 15 თვის გათვალისწინებით კი მას მიღებული აქვს 975 ლარით ნაკლები.
მხარეები არ დაობენ, რომ მურ----------------ე 2005 წლიდან 2009 წლის 3 აპრილამდე კი იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ყოველთვიურად ხელფასის სახით იღებდა 135 ლარს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის მიხედვითაც შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამასთან, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით. შრომის კოდექსის მოხმობილი დებულებები განსაზღვრავენ ამ ურთიერთობისათვის მახასიათებელ გენერალურ დათქმებს, როგორიცაა: ხელშეკრულების ორმხრივი, სასყიდლიანი ბუნება, რომლის ფარგლებშიც თანასწორობის პრინციპი, განსხვავებით ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან, სრულყოფილად ვრცელდება წინასახელშეკრულებო პერიოდზე _ მხარეებს უფლება აქვთ, თავისუფლად გადაწყვეტიონ შრომითი ხელშეკრულების დადების საკითხი. მართალია, შრომითი ურთიერთობისათვის კანონი ადგენს თანასწორობის პრინციპს და იმპერატიულად მოითხოვს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თუმცა, თავად შრომითი ურთიერთობის არსი ხდის ამ ურთიერთობას დაქვემდებარების პრინციპზე დამყარებულს, რამეთუ სამუშაო სრულდება დამსაქმებლის მითითებების შესაბამისად და მის სასარგებლოდ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. სწორედ ამგვარი თავისებურების, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცული სიკეთეების რეალიზაციის მიზნით (შრომის თავისუფლება, თავისუფალი მეწარმეობა, დასაქმებულთა უფლებების დაცვა), ორგანული კანონი _ შრომის კოდექსი ადგენს დასაქმებულის დაცვის მინიმალურ სტანდარტებს და კოდექსის ნორმებიც სწორედ ამ სტანდარტის ფარგლებში უნდა იქნას განმარტებული.
მოცემულ შემთხვევაში, მუ-----------------ე შრომითი ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. მხარეები არ დაობენ, რომ მუ-----------------ე ყოველთვიურად ხელფასის სახით იღებდა 135 ლარს. რაც მიუთითებს მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების არსებით (თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიურად 135 ლარის ოდენობით ანაზღაურების) პირობაზე შეთანხმების ფაქტზე. შრომის კოდექსის მიდგომა ხელფასის ანაზღაურების წესის მიმართ დისპოზიციურია, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, ხელფასის ოდენობისა და მისი მიუღებელი ნაწილის თაობაზე მოსარჩელის პრეტენზიათა საფუძვლიანობა კი უპირატესად შრომითი ხელშეკრულების დებულებების ანალიზის შედეგად უნდა შემოწმდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მუ-----------------ის, როგორც სკოლის დირექტორის ხელფასი იყო 200 ლარი მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. უფრო მეტიც, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 2008 წელს და ამჟამად მოქმედი რედაქციის (43-ე მუხლი), საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის N-82 დედგენილების და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N--- ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სკოლების წესდების“ მე-17.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დირექტორი თავად განსაზღვრავდა საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს, სა---------–-----------–-----------–---------------------ოს თანხმობით. სა---------–-----------–-----------–---------------------ო ახორციელებდა მხოლოდ სკოლის ვაუჩერულ დაფინანსებას. საქმეში წარმოდგენილი სა---------–-----------–-----------–---------------------ოს 2015 წლის 5 ოქტომბრის N------------------ წერილით ირკვევა, რომ 2007 -2008 სასწავლო წლიდან ამ------–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ზნ----ს საშუალო სკოლამ ფუნქციონირება შეწყვიტა მოსწავლეთა კონტიგენტის არარსებობის გამო და მიმდინარეობდა სკოლის ლიკვიდაციის პროცესი. ამ დროისათვის სკოლაში მუშაობდა მხოლოდ დირექტორი, ბუღალტერი და დარაჯი. შესაბამისად, ვერ მოხდებოდა საშტატოს წარდგენა და ხელფასებიც მატებაც ვერ განხორციელდებოდა. ამავდროულად, საქმის მასალებით არ დასტურდება სა---------–-----------–-----------–---------------------ოში, 2008 წლის იანვრის თვიდან მუ-----------------ის მიერ ახალი საშტატო განრიგის და ხელფასის ფონდის შესათანხმებლად წარდგენის ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხელფასის სხვაობის სახით 975 ლარის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოა.
6.3. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის თანახმად ''1. შრომა თავისუფალია... 3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ. 4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.''
ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად ''დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებებას იღებენ აღიარონ: ბ) მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლება საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2009 წლის 3 აპრილის N-4--- ბრძანებით სსიპ ამ------–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ზნ----ს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მუ-----------------ე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის (2009 წლის 3 აპრილის რედაქციით) 37.1 მუხლის “ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე. რის შედეგადაც მოსარჩელე ასევე მოითხოვა საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება 2 თვის თანამდებობრივი სარგოს 400 ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
საქართველოს შრომის კოდექსის 37.1 მუხლის “ი“ ქვეპუნქტის თანახმად (2009 წლის 3 აპრილის რედაქციით), შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება. ამასთან, მითითებული შრომის კოდექსით დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყების საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას რაიმე სახის კომპენსაციის გაცემას არ ითვალისწინებდა. ასევე, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა (ყოველთვიურად 200 ლარი). რაც თავის მხრივ, გარდა ხანდაზმულბისა (3.2.1. ფატქობრივი გარემოება) დაუსაბუთებელს ხდის აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა მხარეებს არ ეკისრება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მუ------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან კუჭავა