განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117002227784
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/820-17 16 იანვარი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი მ-----------
2. დაცვის მხარე:
2.1.1. ბრალდებული ბ---------------------------------------–-------–-–-----------------------------–----------–------------------------------------------–-----–----–----------–------------------–-----------------------------------–-----------------------------------------------–-------------–---------------------------------------------------------------.
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
201--–-–--------------ის თვეში ზ----------------------------–---------ში ც----ს უბანში ბ------------მ უკანონოდ მოჭრა მურყანის (თხმელა) ჯიშის 94,22 მ3, 793 ძირი მურყანის ჯიშის ხე, რითაც გარემოს მიადგა 2355,5 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა გულისხმობს ხის უკანონო ჭრას. საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის „ნ“ პუნქტის თანახმად, ხის უკანონო ჭრა არის ხეების ნებართვის გარეშე მოჭრა, ე.ი. ხის ტანის გამოცალკევება ფესვებისაგან. აღნიშნული მიუთითებს ხის მოჭრისათვის სპეციალური ნებართვის აღების აუცილებლობაზე, რის გარეშეც ხის მოჭრა ითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევად, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს უკანონო ქმედებას.
ბრალდებულის მიერ 793 ძირი ხის სპეციალური ნებართვის გარეშე მოჭრის ფაქტი მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ დაზარალებულის, ბრალდებულის, მოწმეების: ა------–-----–--ას, ი-----–-----------ას, თ-------------–----ს, ჯ---------–--ს გამოკითხვის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღებული ნივთით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გაჩეხა ხე-ბუჩქნარი.
2.2. რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდაოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისი არ არის ხე-ბუჩქნარის მხოლოდ უკანონო გაჩეხვა. აუცილებელია ასევე, ამ ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ განმარტება არ არის მოცემული სისხლის სამართლის კოდექსში, თუმცა ის რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის მიხედვითაც გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ათასი (1000) ლარით და ზევით.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
ბრალდებულის მიერ ხე-ტყის გაჩეხვით მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევის ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ დაზარალებულის, ბრალდებულის, მოწმეების: ა------–-----–--ას, ი-----–-----------ას, თ-------------–----ს, ჯ---------–--ს გამოკითხვის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღებული ნივთით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულის მიერ ხე-ტყის გაჩეხვა წარმოადგენს 2355,5 ლარის ოდენობით ზიანის გამოწვევის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა, რაც, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის დაცვასთან. დანაშაულის საგანია ხე-ბუჩქნარი, რომელზე ზემოქმედებითაც ხდება დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ ბ------------მ ჩაიდინა სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ბ------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ბ------------ ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ხანდაზმული ასაკი, მძიმე ოჯახური პირობები, სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.
ბ------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულებისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (მძიმე მატერიალური მდგომარეობა) და მიზანს (შემოსავლის მიღება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ბრალდებული მოქმედებდა განზრახ) ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (793 ძირი მურყანის ხის მოჭრა ბენზოხერხის გამოყენებით), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (2355,5 ლარის ოდენობის ზიანის მიყენება გარემოსთვის), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო გამოძიებას და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. მოცემულ შეთხვევაში ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებული არის სოციალურად დაუცველი, რის გამოც ჯარიმის დაკისრება მიზანშეუწონელია. ამასთან, ბრალდებული არის უმუშევარი, რის გამოც შეუძლებელია გამასწორებელი სამუშაოს განსაზღვრა. ამდენად, ერთადერთი შესაძლებელი სასჯელი არის თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით განსაზღვრული მინიმალური ზომის სასჯელი.
ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც, აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების, მათ შორის ბრალდებულის ასაკის გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.
რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს მინიმალური გამოსაცდელი ვადა და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამასთან, ვინაიდან საქმეს ერთვის დანაშაულის იარაღი - ბენზოხერხი, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე და ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად ბ------------ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას აღნიშნული საგანი.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქმეზე დართულია ნივთმტკიცება: კომპაქტ დისკი, რაც უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ------------ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 1 წლის გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დაეკისროს ქონების - დანაშაულის იარაღის - ბენზოხერხის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ბ------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე თვალყურის დევნა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული ნივთმტკიცება: კომპაქტ დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით
მოსამართლე შოთა ბიჭია