გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210017001996533
საქმე #2/478-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.01.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - ქე-------------–---–ი
მოპასუხე - შპს „გა-------ი“
წარმომადგენელი - მე------------ე (დირექტორი)
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხე შპს „გა-------ს“დაეკისროს 2375 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე შპს „გა-------ში“ ექიმი ოფთალმოლოგის თანამდებობაზე მუშაობდა. მოპასუხე ორგანიზაციას გარკვეული პრობლემები შეექმნა, რის გამოც 2017 წლის 31 იანვარს შრომითი ურთიერთობა შეწყდა, რადგან. მოსარჩელეს 2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების, აგრეთვე 2017 წლის იანვრის თვის ხელფასი არ მიუღია და მთლიანი დავალიანება 2375 ლარს შეადგენს. მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელი ხელფასის გადახდევინების დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არ მუშაობდა შპს „გა-------ში“, მასთან შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა და არც ხელფასი აქვთ გაცემული;
2.2. მოპასუხე მხარის დირექტორმა, სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე მიცემული განმარტებით დაადასტურა, რომ მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იყო შპს ,,გა-------თან“ და ექიმი ოფთალმოლოგის თანამდებობაზე მუშაობდა. მოსარჩელის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასი 750 ლარს შეადგენდა. მოპასუხემ უარყო მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობა და განმარტა, რომ კუთვნილი ხელფასი სრულად აქვს გაცემული.
(იხ. სასამართლოს 24.11.2017 წლის სხდომის ოქმი. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება. დრო 15:57:00 - 15:58:00 სთ.; 16:00:05-16:00:24 სთ; 16:01:45-16:02:04 სთ.)
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე ქე-------------–---–ი ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შრომით ურთიერთობაში მოპასუხე შპს ,,გა-------თან“ იმყოფებოდა. მოსარჩელე ექიმი ოფთალმოლოგის თანამდებობაზე მუშაობდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-12);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 24.11.17 წლის სხდომის ოქმის ჩანაწერი).
3.1.2. მოსარჩელემ 2017 წლის 31 იანვარს მოპასუხე შპს ,,გა-------თან“ შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-12);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 24.11.17 წლის სხდომის ოქმის ჩანაწერი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.3. მოპასუხე შპს ,,გა-------ს“ მოსარჩელის მიმართ გააჩნია 2016 წლის ოქტომბრის ნოემბრის და დეკემბრის თვეების, აგრეთვე 2017 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანება.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი. გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება საკმარისი არ არის და იგი გამყარებული უნდა იყოს სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სარწმუნოდ დაადასტურებს მხარის მიერ მითითებული ფაქტის არსებობას. როდესაც მხარეები დავობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მხარის ვალდებულებაა წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
სასამართლო მიუთითებს, რომ გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტისა, არსებობს მატერიალური სამართლის ნორმებით და სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი მტკიცების განაწილების საფუძვლები. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ფულადი ვალდებულების შესრულებისას დადგენილი მტკიცების სტანდარტიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს ეკისრება მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების ტვირთი. ანუ მოპასუხე მხარე, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დასაქმებულის მიმართ სახელფასო ვალდებულების შესრულების დადასტურების ტვირთი ეკისრება. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს, რომ მოსარჩელეს აუნაზღაურა ხელფასი სრულად და მის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელი (დირექტორი) მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. მან განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია. თუმცა არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელეზე 2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების, აგრეთვე 2017 წლის იანვრის თვის ხელფასის გაცემის ფაქტი დადასტურდებოდა. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით, ხელფასის ჩარიცხვა ბოლოს 2017 წლის 10 იანვარს განხორციელდა და როგორც ჩარიცხვის დანიშნულებაშია მითითებული, აღნიშნული სექტემბრის თვის ხელფასს წარმოადგენდა.
შესაბამისად, მოპასუხე მხარემ, 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით მოსარჩელისათვის კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების ფაქტის დადასტურება ვერ შეძლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 95-101);
- შესაგებელი (ს.ფ 58-66);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 24.11.17 წლის სხდომის ოქმის ჩანაწერი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს შრომის კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით განმტკიცებულია სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც ადამიანთა თანასწორუფლებიანობისა და ღირსეული ცხოვრების უფლების უზრუნველყოფას გულისხმობს. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი სოციალური სამართლიანობის იდეის მატარებელია და მისი მიზანია დაამკვიდროს სამართლიანი სოციალური წესრიგი, შეინარჩუნოს საერთო ეკონომიკური წონასწორობა და გამორიცხოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს გაუმართლებელი სოციალური განსხვავებები.
კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, საქართველოს შრომის კოდექსმა ორგანული კანონის სტატუსი შეიძინა, რითაც სახელმწიფომ შრომის უფლების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქართველოს შრომის კოდექსი განსაზღვრავს შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, არეგულირებს შრომითი ურთიერთობის წარმოშობის, სამუშაოს შესრულების, შრომის პირობების დაცვის, შრომითი ურთიერთობების დროს წარმოშობილი უთანხმოების და დავის განხილვა-გადაწყვეტის წესს, შრომითი ურთიერთობის შეჩერების, შეწყვეტის, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ ანაზღაურების მიცემის საკითხს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლით - 1) ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 2) შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. 3) შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების დადებისას, მოქმედებს ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპი, რაც მხარეთა დამოუკიდებელი და თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, სამართალურთიერთობის წარმოშობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას გულისხმობს. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა მხარეებს შორის წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების დაწყების მომენტიდან, თუ მხარეებმა თავად ხელშეკრულებით სხვა პირობა არ განსაზღვრეს. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა უკავშირდება მხარეთა კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების წარმოშობის მომენტს, მათ შორის დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას განუსაზღვროს კონკრეტული სამუშაო დასაქმებულს და ამ სამუშაოების შესრულების სანაცვლო ანაზღაურება, ხოლო მეორე მხრივ, დასაქმებული ვალდებულია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, პირადად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კანონმდებლობის მიზანია, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობა მოაქციოს ზუსტად განსაზღვრულ სამართლებრივ რეგულირებაში, რაც გამორიცხავს დასაქმებულის ექსპლუატაციას და შექმნის ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებასა და თვითგანვითარებაზე დაფუძნებული შრომის შესაძლებლობას. შესაბამისად, შრომითი კანონმდებლობით ნორმატიულ დონეზეა მოწესრიგებული კერძო სამართლებრივი ურთიერთობები იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია დასაქმებულთა სათანადო სოციალური დაცვისათვის.
როგორც აღინიშნა, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო შეთანხმებული პირობების შესაბამისად. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების და შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე. მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა, აგრეთვე შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ გადასახდელი თანხის ოდენობის შესახებ მონაცემების წარმოება დამსაქმებლის ვალდებულებაა. ამდენად, დამსაქმებელი უნდა ფლობდეს შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაციას, რომელიც დასაქმებულის მიმართ სახელფასო ანაზღაურებას, მის ოდენობას, გადახდის წესსა და პირობებს შეეხება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება მთლიანობაში 2375 ლარის ოდენობით. მანვე მიუთითა, რომ მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა 750 ლარს შეადგენდა, საიდანაც ხელზე ასაღები თანხა 600 ლარი იყო. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მე------------ემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ მითითებული ყოველთვიური ხელფასის ოდენობა (იხ. 24.11.17 წლის სხდომის ოქმი დრო 16:01:45-16:02:04 სთ). ამასთან, მოპასუხემ მხარემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არარსებობის ფაქტის დადასტურება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიმართ სახელფასო დავალიანება 2375 ლარს შეადგენს. მანვე სარჩელში მიუთითა, რომ ეს ოდენობა წარმოადგენს დარიცხულ თანხას და არა ხელზე ასაღებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო სარჩელის საფუძვლიანობის დადასტურება და შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, აგრეთვე სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტით, ფულადი გადახდევინების შესახებ სარჩელებზე დავის საგნის ფასი გადასახდელი თანხის ოდენობით განისაზღვრება.
სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონით ,, სახელმწიფო ბაჟის შესახებ” მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტით თანახმად, მოსარჩელეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, ,,სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია’’.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს 2375 ლარის გადახდევინების დაკისრება წარმოადგენდა. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობამ შეადგინა 100 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამიტომ მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1 სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ქე-------------–---–ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,გა-------ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს ,,გა-------ს“ მოსარჩელე ქე-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების (დარიცხული) 2375 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე შპს ,,გა-------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე