გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.01.2018
საქმის ნომერი
080210016001336526
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210016001336526

№2/733-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 იანვარი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი: სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - შპს „ჯ--------–ი“

წარმომადგენელი - ა---- ს----------ე, ვ------- რ-------ე;

მოპასუხე - ზ------ გ--–-----ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ზ------ გ--–-----ეს შპს „ჯ--------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 500 ლარის, პროცენტის 150 ლარის, პირგასამტეხლოს 30 ლარის, ასევე ჯარიმის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის 1%-ის გადახდა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2015 წლის 30 დეკემბერს მოპასუხე ზ------ გ--–-----ეს და შპს „ჯ--------–ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სესხის თანხა შეადგენდა 500 ლარს, პროცენტი 150 ლარს, გადახდის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 30 იანვარი. მოპასუხე გაფრთხილდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, ასევე ეცნობა პირგასამტეხლოს ოდენობისა და ჯარიმების შესახებ. საქართველოს ბანკის ამონაწერების მიხედვით დასტურდება, რომ მოპასუხემ მხოლოდ ერთხელ განახორციელა „ჯ--------–ის“ ანგარიშზე თანხის 100 ლარის გადახდა. მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინებები დავალიანების დაფარვის მოთხოვნით თუმცა იგი უარს აცხადებს შეასრულოს ვალდებულება.

 

1.2. შემდგომში, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 550 ლარის გადახდის დაკისრება;

2. მოპასუხის პოზიცია.

2.1. მოპასუხე ზ------ გ--–-----ემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო - ხოლო სასამართლო სხდომაზე შემცირებული მოთხოვნა სრულად ცნო.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 30 დეკემბერს ზ------ გ--–-----ემ სასესხო განაცხადით მიმართა შპს ,ჯ--------–ს” სესხის აღების თაობაზე. იმავე დღით მას დაუმტკიცდა სესხი 500 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასესხო განაცხადი (ონლაინ აპლიკაცია) (ს.ფ 49).

3.1.2. სესხის დაფარვის ვადად განისაზღვრა 29.01.2016 წელი. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება (ს.ფ 19-31);

- სესხის ხელშეკრულების პირობები N556 (32-)

3.1.3. მსესხებელმა მოახდინა იდენტიფიკაცია, კერძოდ, მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხა სიმბოლური თანხა 0.10 თეთრის ოდენობით. აღნიშნულ ანგარიშზე მოსარჩელემ მოპასუხე ზ------ გ--–-----ეს გადაურიცხა სესხის თანხა 500,10 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ბანკის ქვითარი (ს.ფ 33);

- მოპასუხისათვის 500,10 ლარის გადარიცხვის ქვითარი (ს.ფ.36);

3.1.4. მსესხებელმა ონლაინ რეჟიმში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი სესხის პირობები: ხელშეკრულების საგანი, მხარეები, ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ასევე ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება (ს.ფ 19-31);

- სესხის ხელშეკრულების პირობები N556 (32);

3.1.5. სესხი ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 29 იანვრიდან და მსესხებლის დავალიანება შეადგენს: ძირს-500 ლარს, საკომისიოს-150 ლარს, პირგასამტეხლოს 30 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (იხ. ს.ფ 54-55)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მოპასუხემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს;

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 403-ე, 623-625-ე, მუხლები;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2015 წლის 30 დეკემბერს შპს „ჯ--------–სა“ და მოპასუხე ზ------ გ--–-----ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტის თანხა 500 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 29 იანვრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისად. ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული თანხის 1%.

6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. სესხი ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 29 იანვრიდან, ამ პერიოდში მოპასუხეს გადახდილი აქვს მხოლოდ 100 ლარი.

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი. სარჩელის ცნობა სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებულ დისპოზიციურობის პრინციპს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთ გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო. შესაბამისად, მოპასუხე ზ------ გ--–-----ეს შპს „ჯ--------–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 550 ლარის გადახდა;

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოსარჩელე შპს ,„ჯ--------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,ჯ--------–ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე ზ------ გ--–-----ეს (პ/ნ 6----------) მოსარჩელე შპს „ჯ--------–ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 550 ლარის გადახდა;

3. მოსარჩელე შპს „ჯ--------–ის“ (ს/კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ ანგარიშზე: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში BAGAGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე