გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #170210017002069359
საქმე #2/132-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2018 წელი ქ.თეთრიწყარო
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მოსამართლე - სოფიო გაგნიძე
სხდომის მდივანი - ინგა გონჯილაშვილი
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) - რ-----------ე
წარმომადგენელი - ე-----------ე
მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) - ნ--------------ე
მოპასუხეები - მ----------ე, ხ--------------ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უძრავი ქონება, მდებარე: წ--–--- რაიონი, სოფელი ჩ------–-------- (სოფლის ძველი სახელწოდება შ------) (საკადასტრო კოდი #8-----------) გამოთხოვილი იქნეს ნ--------------ის, მ----------ის და ხ--------------ის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მის კანონიერ მესაკუთრეს რ-----------ეს;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის განმარტებით 2011 წლის მაისის თვის დასაწყისში იმყოფებოდა წ--–--- რაიონის სოფელ ჩ------–--------ში (ყოფილი შ------). იქ ასევე იმყოფებოდა ა-------- რაიონის სოფელ დ---–--–-- მცხოვრები მოპასუხე ნ--------------ე, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას წ--–--- რაიონის სოფელ ჩ------–--------ში და უნდოდა საცხოვრებელი სახლის შეძენა. მან გაიგო, რომ მოსარჩელე აპირებდა ოჯახით გადასვლას ა------ რეგიონში საცხოვრებლად და ვინაიდან მას თან არ გააჩნდა საცხოვრებელი სახლის შესასყიდი თანხა, ამის გამო თხოვა მოპასუხემ მოსარჩელეს მისთვის განვადებით, ესე იგი თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდით მიეყიდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, მდებარე წ--–--- რაიონი სოფელი ჩ------–--------. უძრავი ქონება შეფასებული იქნა 12 000 აშშ დოლარად. ნ--------------ეს აღნიშნული თანხა 12 000 აშშ დოლარი ზეპირსიტყვიერი შეთანხმების თანახმად უნდა გადაეხადა სამი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მოხდებოდა უძრავი ქონების მის სახელზე დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მათ უნდა დაეცალათ საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად და თავისუფალ მდგომარეობაში უნდა დაბრუნებოდა მოსარჩელეს. მოპასუხე ნ--------------ე მის ოჯახთან ერთად მართლაც გადავიდა საცხოვრებლად რ-----------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დღემდე ცხოვრობს. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა არ გადაიხადა საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ღირებულება 12000 აშშ დოლარი და არ გაანთავისუფლა უძრავი ქონება. ბოლოს საერთოდ უარი განაცხადა უძრავი ქონების დაბრუნებაზე. აღნიშნული გარემოებით ილახება მოსარჩელის როგორც მესაკუთრის საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დაცული მესაკუთრის უფლება.
მოპასუხეების შესაგებელი სარჩელზე:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 2011 წლის მაისის თვეში წ--–--- რაიონის სოფელ ჩ------–-------ში რ-----------ისაგან ზეპირი გარიგების შეიძინეს მის საკუთრებაში არსებული სახლი 142,30 კვ.მ. და 1248 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია #8----------- და მისთვის მართლაც სამი წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა, რომლის შემდეგაც რ-----------ეს უნდა გადაეფორმებინა მისთვის აღნიშნული უძრავი ქონება. სამი წლის განმავლობაში მან და მისმა ოჯახმა მართლაც გადაუხადეს რ-----------ეს არა 12000 აშშ დოლარი, არამედ 14000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება ნაწილი თანხის გადახდა საბანკო გადარიცხვებით, კერძოდ გადარიცხულია 3000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა გადასცეს ნდობით აღმჭურვილმა პირებმა თ----------------–--ემ 5000 აშშ დოლარი, რ--------------ემ 3000 აშშ დოლარი და თ------------–--ემ 3000 აშშ დოლარი, რომელთაც ნ--------------ე თანხას ატანდა რ-----------ისათის გადასაცემად. ასევე თანხის გადაცემას ესწრებოდნენ სხვა პირებიც. 2014 წლისათის რ-----------ის მიმართ ყველა ვალდებულება შესრულებული ჰქონდა და დღეის მდგომარეობით მესაკუთრის უფლებები ილახება არა რ-----------ის არამედ ნ--------------ის, ვინაიდან მისთვის გადახდილი აქვს უძრავი ქონების საფასური და თან აღნიშნული უძრავი ქონება ჯერჯერობით რჩება მის საკუთრებად.
2. შეგებებული სარჩელი მოთხოვნა
2.1. ნ--------------ე ცნობილი იქნეს მესაკუთრედ უძრავ ქონებაზე მდებარე წ--–--- რაიონი, სოფელი ჩ------–-------- (ყოფილი შ------) რომლის საკადასტრო კოდია #8-----------.
2.2. რ-----------ეს ნ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მისთვის ზედმეტად გადახდილი თანხა 2000 აშშ დოლარის ოდენობით.
შეგებებული სარჩელი
ნ--------------ის განმარტებით 2011 წლის მაისის თვეში წ--–--- რაიონის სოფელ ჩ------–-------ში რ-----------ისაგან ზეპირი გარიგების საფუძველზე შეიძინა მის საკუთრებაში არსებული სახლი 142,30 კვ.მ. და 1248 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია#8-----------. მისთვის სამი წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა, რომლის შემდეგაც რ-----------ეს უნდა გადაეფორმებინა მისთვის აღნიშნული უძრავი ქონება. სამი წლის განმავლობაში მან და მისმა ჩემმა ოჯახმა მართლაც გადაუხადეს რ-----------ეს არა 12000 აშშ დოლარი, არამედ 14000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება ნაწილი თანხის გადახდა საბანკო გადარიცხვებით, კერძოდ გადარიცხულია 3000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა გადასცეს ნდობით აღმჭურვილმა პირებმა თ----------------–--ემ 5000 აშშ დოლარი, რ--------------ემ 3000 აშშ დოლარი და თ------------–--ემ 3000 აშშ დოლარი, რომელთაც თანხას ატანდა რ-----------ისათვის გადასაცემად. ასევე თანხის გადაცემას ესწრებოდნენ სხვა პირებიც. 2014 წლისათვის რ-----------ის მიმართ ყველა ვალდებულება შესრულებული ქონდა და დღეის მდგომარეობით ილახება არა რ-----------ის არამედ ნ--------------ის, ვინაიდან მისთვის გადახდილი აქვს უძრავი ქონების საფასური და თან აღნიშნული უძრავი ქონება ჯერჯერობით რჩება მის საკუთრებად. რაც შეეხება ზედმეტად გადახდილ თანხას 2000 აშშ დოლარს რ-----------ე და ნ--------------ე თავიდან შეთანხმებულები იყვნენ, რომ გარდა მის საკუთრებაში დარეგისტრირებული უძრავი ქონებისა მას კიდევ საკუთრებაში გააჩნდა სხვა უძრავი ქონებებიც, რომელიც მართალია ირიცხებოდა სხვის სახელზე, მაგრამ როგორც თვითონ ამბობდა იყო უბრალო ფორმალურად გაფორმებული სხვა პირებზე, ხოლო სინამდვილეში იყო მისი. აქედან გამომდინარე მხარეებმა თავიდან მოილაპარაკეს, რომ მის სახელზე რეგისტრირებულ სახლსა და ასევე სხვა უძრავ ქონებებში მთლიანობაში უნდა გადაეხადა 22 000 აშშ დოლარი, აქედან მის სახელზე რიცხულ სახლში და მიწის ნაკვეთში უნდა გადაეხადა 12000 აშშ დოლარი, ხოლო სხვა დანარჩენში 10 000 აშშ დოლარი. როდესაც ნ--------------ემ მთლიანად რ-----------ეს გადაუხადა 12 000 აშშ დოლარი საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ღირებულება და ასევე სხვა დანარჩენი მიწის ღირებულების ნაწილი 2000 აშშ დოლარი. ნ--------------ემ სთხოვა რ-----------ეს უძრავი ქონების გადაფორმება მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა და არ აპირებს პირობის შესრულებას.
შეგებებული სარჩელის შესაგებელი
მოპასუხე რ-----------ემ შეგებებულ სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ ნ--------------ეს არ გადაუხდია არც 12000 აშშ დოლარი და არც 2000 აშშ დოლარი. მას არ გადაუხდია არანაირი თანხა უძრავი ქონების შესაძენად და მოპასუხეს ნამდვილად არ გაუსხვისებია სხვის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, რაც ფაქტობრივად შეუძლებალია. რ-----------ის განმარტებით მას მართლად ჩაერიცხა ნ------- და ნ-------- ბ------ებისაგან 3000 აშშ დოლარი, მაგრამ ეს არ იყო საცხოვრებელი სახლის ღირებულება, ეს თანხა იყო სხვა მოძრავი ნივთების, ტექნიკის რომელიც დაუტოვა ნ--------------ეს. ესენი იყო საპრესი, გუთანი, ხელნაკეთი პრიცეპი. ნ--------------ეს 12000 აშშ დოლარი სახლის ღირებულება უნდა მიეცა 3 წლის განმავლობაში, ხოლო 3000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა უფრო ადრე სასწრაფოდ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 11 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, წ--–--- რაიონი, სოფელი შ------, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 1248 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა #1 განაშენიანების ფართი 128 კვ.მ. შენობა ნაგებობების საერთო ფართი 142, 30. საცხოვრებელი ფართი 78.60, დამხმარე ფართი 63,70 საკუთრების უფლებით ირიცხება რ-----------ის სახელზე (საკადასტრო კოდი #8-----------)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ 14-15.
3.1.2. 2014 წლის 5 ნოემბრის ლიბერთი ბანკის გზავნილის თანახმად, რ-----------ის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა ნ-------- ბ-----ის მიერ 2000 აშშ დოლარი, გზავნილის ნომერი L---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გზავნილის ქვითარი, ს.ფ. 39.
3.1.3. 2012 წლის 18 ივნისის ლიბერთი ბანკის გზავნილის თანახმად, რ-----------ის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა ნ--------------ის მიერ 1000 აშშ დოლარი, გზავნილის ნომერი L----------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გზავნილის ქვითარი, ს.ფ. 40.
4.1.4. ნ--------------ეს ჰყავს მეუღლე მ----------ე და 2011 წლის 24 ივნისს დაბადებული შვილი ხ--------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა - ს.ფ. 43.
- პირადობის მოწმობები - ს.ფ. 41-42.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2011 წლის მაისის თვეში დადებული იქნა ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.2.2. მხარეთა შორის შეთანხმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ--------------ემ რ-----------ეს გადასცა ნასყიდობის საფასურის ნაწილი -3000 აშშ დოლარი და არა 14000 აშშ დოლარი.
რ-----------ისათვის 3000 აშშ დოლარის გადახდის გარემოება დაადასტურა თავად რ-----------ემ სასამართლო სხდომაზე. ამასთან, მან განმარტა, რომ ნ--------------ის მიერ გადარიხცული 3000 აშშ დოლარი წარმოდგენდა, მოძრავი ნივთების საპრესი, გუთანი, ხელნაკეთი პრიცეპის ღირებულებას. სასამართლო ვერ გაიზიარებს რ-----------ის აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან მას, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ნ--------------ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მან რ-----------ეს გადაუხადა ასევე 11000 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოვალე უფლებამოსილია მოსთხოვოს კრედიტორს მის მიერ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი. გამომდინარე აქედან, ამ შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების - თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების უფლება კანონით მინიჭებული აქვს მოსარჩელეს და, შესაბამისად, მან უნდა წარმოადგინოს სასამართლოში ვალდებულების შესრულების შესახებ მტკიცებულება - დოკუმენტი.
მოვალის მიერ კრედიტორისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებად კანონის შესაბამისად მიჩნეულია წერილობითი დოკუმენტი, რომელსაც ვერ შეცვლის მოწმეთა ჩვენებები და მხარის განმარტება, იმ პირობებში, როცა მოწინააღმდეგე მხარე არ აღიარებს თანხის მიღების შესახებ გარემოებას.
ნ--------------ის მიერ რ-----------ისათვის 11000 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, რაც ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ფაქტის დასადასტურებლად საკმარისი არ არის.
გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული მტკიცებულებაა სამოქალაქო პროცესში. მოწმის მეშვეობით დასტურდება მრავალი ფაქტი, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმის არსებითად სწორად გადაწყვეტა. მოწმეს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები: მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ“. მოწმედ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც შესწევს უნარი, სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება და მოწმედ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის იურიდიულად დაინტერესებული საქმის შედეგით. აქ მხედველობაშია ისეთი ინტერესი, რომელიც გააჩნია მოსარჩელეს და მოპასუხეს, რომლებისთვისაც საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეუძლია გარკვეული სარგებლობის მოტანა. ამრიგად, მოწმე სამოქალაქო პროცესში სასამართლოს მიერ საქმის გარემოების შესახებ ჩვენების მისაღებად გამოძახებული პირია, რომელსაც შესწევს უნარი, სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება, რამდენადაც მოწმე თვითონ უშუალოდ აღიქვამს ფაქტებს, იგი არ შეიძლება შეიცვალოს სხვა პირით. ამრიგად, მოწმის ჩვენება, ესაა სასამართლოში მოწმედ გამოძახებული და კანონით განსაზღვრული წესით დაკითხულ იურიდიულად დაუინტერესებელი პირის ცნობები საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოწმე თ----------------–--ის განმარტებით მან ნ--------------ისაგან 13 000 აშშ დოლარად შეიძინა საცხოვრებელი სახლი. ამ სახლის ღირებულების ნაწილი 5000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გადაეხადა ნ--------------ისათვის, მასთან შეთანხმებით, პირადად გადასცა რ-----------ეს 2012 წლის დეკემბრის თვეში. ასევე მისი კუთვნილი ხის საცხოვრებელი სახლი 3000 აშშ დოლარად მიყიდა რ--------------ეს და ეს თანხაც რ--------------ემ პირდაპირ გადასცა რ-----------ეს, როგორც მის მიერ ნ--------------ისათვის გადასახდელი თანხა.
მოწმე თ------------–--ის განმარტებით კი 2013 წლის მაისის თვეში თ------------–--ემ და თ-----------–--ემ ა-----------დან ბ------ში, რ-----------ისათვის გადასაცემად გაატანეს 3000 აშშ დოლარი. რ-----------ეს მან გადასცა ქაღალდში გახვეული თანხა, სადაც 2400 ან 2500 იყო დოლარის კუპიურები, ხოლო 400 ან 500 დოლარის ექვივალენტი ლარი.
ხოლო მოწმე რ--------------ის განმარტებით მან 2013 წელს თ------------–--ისაგან 3000 აშშ დოლარად შეიძინა ხის შენობა ნაგებობა. იანვრის თვეში მას ტელეფონით შეეხმიანა თ------------–--ე, რომელმაც უთხრა, რომ ეს თანხა გადაეცა ვ------ათვის. თ------------–--ემ მას უთხრა, რომ მან რ-----------ისაგან შეიძინა სახლი და სახლის თანხა ჰქონდა გადასახდელი, რის გამოც უთხრა, რომ თანხა გადეცა რ-----------ისათვის. რ--------------ემ 2013 წლის იანვრის თვეში რ-----------ეს გადასცა 1500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე 1500 აშშ დოლარი თებერვლის შუა რიცხვებში რ-----------ეს ჩაუტანა წ-------–-- ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიაში და იქ გადასცა.
მოცემულ შემთხვევაში, ნ--------------ის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, იმ ობიექტური გარემოების დადასტურება, რომ მან 11 000 აშშ დოლარი გადასცა რ-----------ეს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმეების ჩვენებებს, რადგან ისინი წარმოადგენენ თანხის გადაცემის დადასტურების იურიდიულად დაინტერესებულ პირებს, ვინაიდან ისინი თავად წარმოადგენენ ერთმანეთის მოვალეებს და კრედიტორებს, ხოლო სხვა რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რ-----------ისათვის 11 000 აშშ დოლარის გადაეცემის ფაქტს, ნ--------------ის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ-----------ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. ნ--------------ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ზედმეტად გადახდილი 2000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 59-ე, 61-ე, 160-162-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 312-ე, 328-ე, 429-ე, 976-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.
საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.
იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემობათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
რ-----------ის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები.
სასამართლო ვერ იზიარებს მათ პოზიციას იმის შესახებ, რომ მათ მიერ გადახდილი იქნა უძრავი ქონების ნასყიდობის თანხა, ნ--------------ის ოჯახი წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს და არ არსებობს რ-----------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში, რ-----------ე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ისინი ფლობენ კანონიერად. სადავო ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათუ უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვს მოპასუხის და მისი ოჯახის წევრების გამოსახლებას და ნივთის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოსარჩელეს აქვთ სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხის ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. შესაბამისად, რ-----------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენდა, რომ ნ--------------ე ცნობილი იქნეს მესაკუთრედ უძრავ ქონებაზე მდებარე წ--–--- რაიონი, სოფელი ჩ------–-------- (ყოფილი შ------) რომლის საკადასტრო კოდია #8-----------, რ-----------ეს ნ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მისთვის ზედმეტად გადახდილი თანხა 2000 აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოსს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ნების გამოვლენა გარიგების განმარტების აუცილებელი ელემენტია. ამ გაგებით ნების გამოვლენა არის სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოხატვა კანონით დადგენილი ფორმით. ამით სამოქალაქო კოდექსი გარიგების რეგულირებისას ნების თეორიას ეყრდნობა. შინაგანი ნების გამოხატულებით გარიგების მონაწილენი აფიქსირებენ იმ მიზანს, რომლის მიღწევაც სურთ და ამისათვის კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ საშუალებებს იყენებენ. სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები - მატერიალური თუ ფორმალური. მატერიალურ წინაპირობებს განეკუთვნება ნების გამომვლენი პირის გონებრივი შესაძლებლობები (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო ფორმალურს - ნების გამოვლენის კანონით დადგენილი ფორმის დაცვა (ნების გამოვლენა წერილობით, ზეპირად, ნოტარიუსის მონაწილეობით, კანონის შესაბამისად და ა.შ.). სამართლებრივი შედეგის მისაღწევად ყოველთვის არ არის საკმარისი მხოლოდ გარიგების მონაწილეთა ნების გამოვლენა და აუცილებელი ხდება მესამე პირების ნების გამოვლენაც, მაგალითად, უძრავი ნივთის შეძენა მხოლოდ მაშინაა ნამდვილი, თუკი შემძენი დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ წარმოადგენს გარიგების ფორმის შემადგენელ ელემენტს, რასაც სასამართლო პრაქტიკაც აღიარებს, რეესტრის გარეშე საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე არ წარმოიშობა. ამ თვალსაზრისით რეესტრში რეგისტრაცია არის რეალაქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ბათილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183–ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
მხარეთა შორის გარიგება დაიდო კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ფორმის დაცვის გარეშე და, ამის შესაბამისად, ეს გარიგება უცილოდ ბათილია, რადგან მხარეების მიერ არ შესრულებულა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნები და არ მომხდარა ნ--------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში კანონის მოთხოვნების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლის 1–ლი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
დადგენილია, რომ ნ--------------ემ, რ-----------ის წინაშე შეასრულა არარსებული ვალდებულება - სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა მას 3000 აშშ დოლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულაციური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ, მას შემდეგ რაც მივიჩნევთ, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს კონდიქციური ვალდებულება - სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე , არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტიურად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე.
მოცემულ შემთხვევაში ნ--------------ემ, რ-----------ის წინაშე შეასრულა არარსებული ვალდებულება და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა მას 3000 აშშ დოლარი, ხოლო რ-----------ე გამდიდრდა მიღებული თანხებით. რ-----------ის გამდიდრება უკანონოა, ვინაიდან მხარეთა შორის რაიმე კანონისმიერი ვალდებულება თანხის გადარიცხვის შესახებ არ არსებობდა და შესაბამისად რ-----------ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება თანხის მიღების მართლზომიერების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის გადარიცხვის ფაქტი, ვალდებულებითსამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა.
მართალია სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ნ--------------ემ რ-----------ეს გადაუხადა 3000 აშშ დოლარი, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
მოცემულ შემთხვევაში ნ--------------ის შეგებებული სარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ მის მიერ რ-----------ისათვის ზედმეტად გადახდილი 2000 აშშ დოლარის დაბრუნება. აღნიშნულ მოთხოვნაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმი და მისი მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. რ-----------ეს უნდა დაეკისროს ნ--------------ისათვის ზედმეტად გადახდილი 2000 აშშ დოლარის დაბრუნება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
განსახილველ შემთხვევაში რ-----------ეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 120 ლარი, შესაბამისად, მოპასუხეებს ნ--------------ეს და მ----------ეს და ხ--------------ეს რ-----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 120 ლარის ოდენობით და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები 180 ლარის ოდენობით.
7.2. საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ნ--------------ე განთავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და ვინაიდან მისი შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად შეგებებულ სარჩელში მოპასუხე რ-----------ეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 149,00 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. რ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ნ--------------ის, მ----------ის და ხ--------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს რ-----------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე წ--–--- რაიონი, სოფელი ჩ------–-------- (ყოფილი შ------)(ს.კ 8-----------) და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მის კანონიერ მესაკუთრეს რ-----------ეს;
3. მოპასუხეებს ნ--------------ეს, მ----------ეს და ხ--------------ეს რ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროთ რ-----------ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 120 ლარის ოდენობით და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები 180 ლარის ოდენობით.
4. ნ--------------ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
5. რ-----------ეს ნ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2000 აშშ დოლარის გადახდა.
6. რ-----------ეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად 149,00 ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (თეთრიწყარო, კოსტავას ქ. 11) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: სოფიო გაგნიძე