გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310017002116580
№3/157-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი - ლედი ყულიაშვილი
მოსარჩელე - ნი----------–---–ი;
მოპასუხე: სსიპ თამ------ს N1 საჯარო სკოლა;
წარმომადგენელი - მა----–--------–---–ი;
მესამე პირი: სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სასამართლო გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის აღიარება, კერძოდ აღიარებული იქნეს მოსარჩელე ნი----------–---–ის მიერ 1997 წელს, სსიპ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ თამ------ს N1 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებისა და ამავე სკოლაში 2006 წლის ივნისს საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ თამ------ს N1 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ ნი----------–---–ის მიერ სსიპ თამ------ს N1 საჯარო სკოლის) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც ეროვნული არქივისათვის გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ თამრისის N1 საჯარო სკოლის დირექტორის, მა----–--------–---–ის 2017 წლის 8 სექტემბრის ცნობით დასტურდება, რომ ნი----------–---–ი 1997 წლის 10 ოქტომბრის N349 ბრძანების საფუძველზე, ჩაირიცხა თამ------ს საშუალო სკოლის პირველ კლასში. 2008 წლის 8 დეკემბერს ამოირიცხა თამ------ს N1 საჯარო სკოლის XII კლასიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ თამრისის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მა----–--------–---–ის 2017 წლის 8 სექტემბრის ცნობა.
- მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ თამრისის N1 საჯარო სკოლის 1997 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №349.
- მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ თამრისის N1 საჯარო სკოლის 2008 წლის 8 დეკემბრის ბრძანება N65ბ.
4.1.2. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ლიანა გოგინავამ და ლომშე დვალმა დაადასტურეს, რომ ნი----------–---–ი ნამდვილად სწავლობდა მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ თამ------ს N1 საჯარო სკოლაში, 2006 წელს დაამთავრა საბაზო ზოგადი განათლება და მიიღო არასრული საშუალო სკოლის ატესტატი. 2006-2007 წწ განაგრძო სწავლა მე-10 კლასში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმეთა ჩვენება;
4.1.3. დადგენილია ასევე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 18 ივნისის N52/1005/გ გადაწყვეტილებით ნი----------–---–ს უარი ეთქვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც ეროვნული არქივისათვის გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 18 ივნისის N52/1005/გ გადაწყვეტილება;
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნი----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის აღიარება, კერძოდ დადგენილ იქნეს მოსარჩელის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლის ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნი----------–---–ი 1997 წლის 10 ოქტომბრის N349 ბრძანების საფუძველზე, ჩაირიცხა თამ------ს საშუალო სკოლის პირველ კლასში. იგი ნამდვილად სწავლობდა მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ თამ------ს N1 საჯარო სკოლაში. 2006 წელს დაამთავრა საბაზო ზოგადი განათლება.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ნი----------–---–ის შესახებ დოკუმენტები არ ყოფილა გადაზავნილი ცენტრალურ არქივში.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 18 ივნისის N52/1005/გ გადაწყვეტილებით ნი----------–---–ს უარი ეთქვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ნი----------–---–ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არ მოიძებნა და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისთვისაც არ იყო გადაცემული ცენტრალიზებულ დაცვაზე.
7.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მუხლი მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი’’. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საბაზო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განთლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელე ჩაირიცხა თამ------ს საშუალო სკოლის პირველ კლასში. 2006 წელს დაასრულა მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ თამ------ს N1 საჯარო სკოლის საბაზო ზოგადი განათლება.
7.3. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ნი----------–---–ის მიერ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ თამ------ №1 საშუალო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ,,თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან”.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნი----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებულ იქნეს ნი----------–---–ის მიერ 2006 წელს, მა-------–-ს რაიონის სოფელ თამ------ს N1 საჯარო სკოლის დასრულებისა და საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N113) მეშვეობით.
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე