გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210017002185964
N 2/860-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.01.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი ფატმან ჭანტურიძე, ნათია ლუტიძე,მოსარჩელე: ლ--–- ბ-------ე,წარმომადგენელი: ნ---- თ--------,მოპასუხე: სს ,,გ----",წარმომადგენელი: შ----- ი-----,დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება,აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,გ----ს'' საკადრო რესურსების და კორპორატიული მართვის მენეჯერის N4----- ბრძანება.
1.2. მოპასუხე სს ,,გ----ს'' ლ--–- ბ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდურის 2500 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელე მუშაობდა სს ,,გ----ს'' ფ---------ოს აფთიაქში მენეჯერად. 2017 წლის 1 ივნისს უსაფუძვლოდ მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აუხსნა, რომ დაიწყო გამოძიება შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო ჯგუფში და გამოძების დამთვრების შემდეგ გაირკვეოდა მისი სამსახურში დაბრუნების საკითხი. 2017 წლის ოქტომბრის თვეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად გათავისუფლებული ფარმაცევტი აღადგინეს სამსახურში. მოსარჩელემ მიმართა სს ,,გ----ს'' დირექტორს, გადაეცა მისთვის გათავისუფლების შესახებ ბრძანება ან დაებრუნებინა სამსახურში. მიიღო პასუხი, რომ ხანდაზმული იყო მისი მოთხოვნა და გადაეცა გათავისუფლების შესახებ ბრძანება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა სს ,,გ----ს“ საკადრო რესურსების და კორპორატიული მართვის მენეჯერის N 4----- ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით და განაცდურის ფაქტობრივად მიღებამდე თვეში 900 ლარი.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ აღარ ითხოვს სამუშაოზე აღდგენას, მაგრამ მოითხოვს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და იძულებით განაცდურს 2500 ლარის ოდენობით კომპენსაციის სახით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სს ,,გ----მ'' წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, რის გამოც უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე სს ,,გ----ს'' წარმომადგენელმა შ----- ი-----მ მხარი დაუჭირა შესაგებელს და ხანდაზმულობის გამო ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. განმარტა, რომ 2016 წლის დეკემბრიდან მოსარჩელე ლ--–- ბ-------ე მუშაობდა სს ,,გ----ში '' (ყოფილი შპს ,,ეი ბი სი'' ფარმაცია) ფარმაცევტის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღურება მერყეობდა 300-400 ლარის ფარგლებში. ლ--–- ბ-------ისათვის სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის 01 ივნისს, რის შემდეგაც მას არ გამოუთქვამს პრეტენზია სამსახურიდან გათავისუფლების არაკანონიერებასთან დაკავშირებით. როგორც ლ--–- ბ-------ის, ასევე სხვა ფარმაცევტების თხოვნა კომპანიის მიმართ იყო ის, რომ ისინი თავად დაწერდნენ განცხადებას და წავიდოდნენ სამსახურიდან, ოღონდ კომპანიის მხრიდან 2017 წლის მაისის ბოლოს აფთიაქში მომხდარი ფაქტის შესახებ არ ეცნობებინათ პოლიციისათვის. მოსარჩელის მიერ გაშვებული იქნა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების 30 დღიანი ვადა.
მოსარჩელე უფლებამოსილი იყო გათავისუფლების შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მოეთხოვა წერილობითი დასაბუთება გათავისუფლების საფუძვლის შესახებ, რაც მან არ განახორციელა და წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას ხანდაზმულს ხდის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლ--–- ბ-------ე მუშაობდა სს ,,გ----ს'' აფთიაქში ,,ფ---------ო-22''-ში მენეჯერად. მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა ხუთას ლარს, პერიოდულად ცვლადი ხელფასი შეადგენდა 300-400 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო ამონაწერი;
- მხარეთა განმარტება.
3.1.2 მოსარჩელე ლ--–- ბ-------ესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა სს ,,გ----ს“ საკადრო რესურსების და კორპორატიული მართვის მენეჯერის N4----- ბრძანებით საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ა/წ 1ივნისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სს ,,გ----ს'' ბრძანება N4-----
- მხარეთა განმარტება;
3.1.3. აფთიაქ ,,ფ---------ო-22“-ის მენეჯერი ლ--–- ბ-------ე სხვა თანამშრომლებთან ერთად სამსახურიდან გათავისუფლდა ამავე თანამშრომლების, ფარმაცევტების მიერ ჩადენილი ფინანსური დარღვევების გამო. ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ეცნობა 2017 წლის 01 ივნისს და მეორე დღიდან სამსახურში აღარ დაუშვეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სს ,,გ----ს'' ბრძანება N4-----
- მხარეთა განმარტება;
- მოწმე ა-–---------ე ჩ-------ის ჩვენება.
3.1.4. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად შეწყდა 2017 წლის 01 ივნისიდან, რაც მხარეთა შორის სადავო არ არის და ადასტურებს, რომ ამ პერიოდიდან ის აღარ დადიოდა სამსახურში აღარ იღებდა შრომის ანაზღაურებას და აღარ ასრულებდა აფთიაქ ,,ფ---------ო-22“-ში მენეჯერის უფლებამოსილებებს, შესაბამისად მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა აღარ არსებობდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სს ,,გ----ს'' ბრძანება N4-----
- მხარეთა განმარტება;
- მოწმე ა-–---------ე ჩ-------ის ჩვენება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს ,,გ----ს“ იმერეთის რეგიონის მენეჯერის ა-–---------ე ჩ-------ის მიერ ლ--–- ბ-------ეს 2017 წლის 01 ივნისს ეცნობა, რომ იგი როგორც აფთიაქის მენეჯერი სამსახურიდან გაათავისუფლეს თანამშრომლების მიერ ჩადენილი ფინანსური დარღვევების გამო და შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო ჯგუფში დაწყებული გამოძიების დამთავრების შემდეგ გაირკვეოდა მისი სამსახურში დაბრუნების საკითხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განმარტება
3.2.2. მოსარჩელეს პირადად ფინანსურ დარღვევებში მონაწილეობა არ მიუღია და ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ როგორც მენეჯერს ევალებოდა კონტროლი თანამშრომლების საქმიანობაზე და ვალდებული იყო დროულად გამოევლინა და არ დაეშვა თანამშრომელთა მხრიდან დარღვევები, რამაც აფთიაქს ზიანი მიაყენა. მოსარჩელე თვლის, რომ იგი ვერ შეძლებდა ამ ფინანსური დარღვევების გამაშკარავებას და დამრღვევთა გამოვლენას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
3.2.3. 2017 წლის ოქტომბერში სამუშაოზე აღადგინეს მოსარჩელესთან ერთად გათავისუფლებული ,,ფ---------ო - 22“-ის ერთ-ერთი ფარმაცევტი. ვინაიდან პირადად მოსარჩელის მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობდა, 2017 წლის 23 ოქტომბერს მიმართა დამსაქმებელს უშუალოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანების დასაბუთების და გათავისუფლების შესახებ ბრძანების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განმარტება
- მოსარჩელის 2017 წლის 3 ოქტომბრის და 23 ოქტომბრის განცხადებები;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს გამომძიებლის 2017 წლის 10 ნოემბრის N1-------------- პასუხი.
3.1.3 მოსარჩელე ლ--–- ბ-------ემ სს ,,გ----ს'' მიმართ ბრძანების ბათილად ცნობისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოში სარჩელი აღძრა 2017 წლის 24 ნოემბერს, მხარეებს შორის რაიმე კონკრეტული ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე სხვადასხვა შეხედულებები არ გამოთქმულა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე გვაქვს სასარჩელო ხანდაზმულობა, სასამართლომ აღარ უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა თუ არა ვალდებულების უხეშ დარღვევას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ--–- ბ-------ის მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, 38-ე მუხლი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე, 144-ე, 145-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102- 103-ე მუხლები;
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
ევროპის სოციალურ ქარტი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით რეგულირებული და დაცულია შრომის უფლება. დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება
ევროპის სოციალურ ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან;
დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, რაც უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული.
6.2. საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაცული შრომის უფლება გარანტირებულია საქართველოს შიდა კანონმდებლობით. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში. შრომის უფლების კონსტიტუციით აღიარებით სახელმწიფოს მიზანია იზრუნოს სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე, თავისი მოქალაქეების დასაქმების უზრუნველყოფის ხელშეწყობაზე და ამ უფლების სამართლებრივ რეგულირებაზე. ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო.
შრომითი უფლებების დაცვა კი განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით, შრომის ურთიერთობის მომწესრიგებელი აქტებით, რომლებშიც ასახულია დასაქმებულთა უფლების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმები რომლებიც აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი);
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ და შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ შრომის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა 2013 წლიდან. მოსარჩელე მუშაობდა სს ,,გ----ს“ აფთიაქში ,,ფ---------ო-22“ ქალაქ ზ----------–- მენეჯერის პოზიციაზე და მისი შრომითი ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენდა 500 ლარს, პერიოდულად ცვლადი ხელფასი შეადგენდა 300-400 ლარს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით და მტკიცებულებებით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
6.4. შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით. მოსარჩელე ლ--–- ბ-------ესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა სს ,,გ----ს“ საკადრო რესურსების და კორპორატიული მართვის მენეჯერის N4----- ბრძანებით საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ა/წ 1ივნისიდან.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არა მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა უბრალოდ დარღვევა, არამედ, ამ ვალდებულებათა „უხეში დარღვევა“. დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის ადეკვატური. არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მოქმედებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ ყოველ მხარეს ეკისრება იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომლისთვისაც ეს ხელმისაწვდომი და ობიექტურად შესაძლებელია. როდესაც მხარეთა შორის სადავოა საკითხი გამოცემული ბრძანების მართლზომიერების შესახებ, აღნიშნული მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების (ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერი საფუძვლის) არსებობის დადასტურება, კერძოდ, დადგინდა მხარეთა განმარტებით, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. აღნიშნული კი გამოიხატა მასში, რომ არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, არ გაუწია სათანადო კონტროლი და მინიტორინგი აფთიაქის თანამშრომლებს, რაც მას სამსახურებრივად ევალებოდა. სს ,,გ----ს“ იმერეთის რეგიონის მენეჯერის მიერ გამოვლენილ იქნა ,,ფ---------ო 22“-ის ფარმაცევტების მიერ ჩადენილი ფინანსური დარღვევები, რამაც ზიანი მიაყენა აფთიაქს და რისი აღკვეთაც და გამოვლენაც მოსარჩელეს ევალებოდა მენეჯერის ფუნქციების ჯეროვნად განხორციელების შემთხვევაში.
თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე გვაქვს სასარჩელო ხანდაზმულობა, სასამართლო მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს დასაბუთებასა და მსჯელობას მოსარჩელის მიმართ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა იყო თუ არა ადეკვატური მის მიერ ჩადენილი დარღვევის მიმართ.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილია ხანდაზმულობა, რომლის თანახმადაც სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს საკუთარი დარღვეული უფლებების სამართლებრივი გზით განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმე №3/1/531 ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ).
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გავლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის, ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ამ ვადის გასვლა კი არ აქარწყლებს მოთხოვნას, არამედ მას განუხორციელებლად აქცევს. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხის გამოკვლევა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სადავოდ ხდის მხარე. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს უკავშირებს სწორედ მოთხოვნის ხანდაზმულობას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე, როგორც შესაგებელით ასევე სასამართლო სხდომაზე უთითებს, რომ სარჩელი საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ნაწილების თანახმად ხანდაზმულია.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გაუგზავნოს დამსაქმებელს წერილობითი მოთხოვნა შეწყვეტის დასაბუთების შესახებ; ამ მოთხოვნის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, დამსაქმებელი ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამის შემდგომ დასაქმებულს უფლება აქვს აღძრას სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში 30 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არ დაასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ 7 დღის ვადაში, დასაქმებულს უფლება აქვს 30 დღის ვადაში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში და დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად შეწყდა 2017 წლის 01 ინისიდან. შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივი შეწყვეტის გარემოებას სადავოდ არ ხდის მოსარჩელე, რომელიც ადასტურებს, რომ ამ პერიოდიდან ის აღარ დადიოდა სამსახურში, სადაც მანამდე ცხადდებოდა ყოველ სამუშაო დღეს, აღარ იღებდა შრომის ანაზღაურებას, აღარ ასრულებდა აფთიაქ ,,ფ---------ო-22“-ში მენეჯერის უფლებამოსილებებს, შესაბამისად მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა აღარ არსებობდა; საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების შესაბამისად მოსარჩელეს 2017 წლის 01 ივნისიდან წარმოეშვა უფლება დაეწყო გასაჩივრების პროცედურები კანონით დადგენილი წესით, აღნიშნული კი მის მიერ არ განხორციელებულა.
6.6 სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ სს ,,გ----ს“ იმერეთის რეგიონის მენეჯერის ა-–---------ე ჩ-------ის მიერ ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო ჯგუფში დაწყებული გამოძიების დამთავრების შემდეგ გაირკვეოდა მისი სამსახურში დაბრუნების საკითხი. ელოდებოდა გამოძიების დასრულებას, ფიქრობდა გამოძიებით დადგინდებოდა მისი უდანაშაულობა და აღადგენდნენ სამსახურში. 2017 წლის ოქტომბერში გახდა მისთვის ცნობილი, რომ მის მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობდა, 23 ოქტომბერს მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება და ბრძანება, 2017 წლის ნოემბერში კი მიმართა სასამართლოს დარღვეული უფლების აღსადგენად და მისი სარჩელი ხანდაზმული არ არის, რომ მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
აღნიშნული გარემოებები გავლენას ვერ მოახდენენ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლაზე. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები გამოიყენება იმ შეთხვევაში, თუ ეს კანონი არ აწესრიგებს შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს შეტანილი ცვლილებებით დადგინდა და განისაზღვრა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ კანონს. ამდენად შრომით დავაზე გამოიყენება არა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, არამედ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით დადგენილი ვადები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. თუკი პირმა თავისი დაუდევრობის, გულგრილობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მოსარჩელეს და ამ ბრძანებით გათავისუფლებულ სხვა თანამშრომლებს ეცნობა 2017 წლის 01 ივნისს სს ,,გ----ს“ იმერეთის რეგიონის მენეჯერის ა-–---------ე ჩ-------ისაგან. საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. ასევე არავის გაუხდია სადავოდ შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივი შეწყვეტის გარემოება სწორედ ამ პერიოდიდან.
სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 მუხლების მიხედვით მოსარჩელეს არ მიუმართავს სასამართლოსათვის დარღვეული უფლების დაცვის მიზნით და არ განუხორციელებია შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. შრომითი ხელშეკრულების ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ თარიღიდან, როდესაც მოსარჩელემ ფაქტობრივად შეიტყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება. მოსარჩელეს წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით დამსაქმებლისათვის არ მიუმართავს 30 დღის ვადაში, მხოლოდ 2017 წლის 23 ოქტომბერს მიმართა. სარჩელი კი აღძრა სასამართლოში 2017 წლის 24 ნოემბერს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს 2017 წლის 01 ივნისიდან და სარჩელი ხანდაზმულია. (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: ას-905-871-2016, 02 ნოემბერი, 2016 წელი; ას-747-715-2016,20 იანვარი, 2017 წელი)
სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია მოპასუხის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. მოსარჩელეს, მისი სადავოდ ქცეული უფლების დაცვა დროულად რომ განეხორციელებინა, შესაძლებელია ქონოდა გარკვეული სამართლებრივი პერსპექტივა. შესაბამისად, მოთხოვნა არის ხანდაზმული, რაც სარჩელის უარყოფის დამოუკიდებელი და საკმარისი საფუძველია.
6.7. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე უარი თქვა აღდგენაზე და მოითხოვა გათავისუფლების ბრძანების ბათილობასთან ერთად მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის 2500 ლარის ანაზღაურების დაკისრება, რაც წარმოადგენს კომპენსაციას სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
ამდენად, მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისთვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
როგორც იძულებითი განაცდური ასევე კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. სასამართლოს მიაჩნია რომ როგორც იძულებითი განაცდურის, ასევე კომპენსაციის მიკუთვნება წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგს, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა ხანდაზმულია, არ არსებობს არც იძულებითი განაცდურის, კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები და სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება. (იხ.უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმე №ას-727-680-2017).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები მოიცავს სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილ თანხებს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს მოსარჩელეს, როგორც წაგებულ მხარეს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით.
ამდენად, მოსარჩელის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39, 53-ე, 243-244, 248-249, 257, 369 მუხლებით, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით და
გადაწყვიტა
1. ლ--–- ბ-------ის სარჩელი მოპასუხე სს ,,გ----ს" მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ელენე ოსაძე