გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210017002027225
საქმე #2/550-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.01.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო მოსამართლე რომან კუპატაძე სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელეები - ეთ--------–---–---–ი, მა----–--------ე
მოპასუხე - მი----–-------ე
მოპასუხე - სსიპ ,,აღ------–---------------–--------ო“
წარმომადგენელი - თი-------------–---–ი
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ყადაღადადებული ქონების სიიდან ამოირიცხოს მოსარჩელეების კუთვნილი ტელევიზორები და სარეცხი მანქანა. მოსარჩელეებმა სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს. მოპასუხე მი----–-------ე არის მოსარჩელე მა----–--------ის შვილი, რომელიც მართალია რეგისტრირებულია მის საცხოვრებელ სახლში, მაგრამ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ოჯახში ფაქტიურად არ უცხოვრია, რადგან ექვსჯერ არის ნასამართლევი და ამჟამადაც სასჯელს გეგუთის კოლონიაში იხდის. მოსარჩელე მა----–--------ის სახლში ასევე ცხოვრობს მისი მეორე შვილი მა------------ე მეუღლესთან ეთ--------–---–---–თან და სამ შვილებთან ერთად. როგორც მოსარჩელეებისთვის გახდა ცნობილი 2008 წელს მი----–-------ე გაასამართლეს და სასჯელად თავისუფლების აღკვეთასთან ერთად ჯარიმის 4000 ლარის გადახდაც დაეკისრა. 2017 წლის 11 ივლისს მოსარჩელეებთან სახლში კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი მივიდა, რომელმაც ოჯახში არსებული ნივთები აღწერა და ყადაღა დაადო. აღმასრულებლის აქტით ყადაღა დაედო ,,ჰაისენსის“ და სამსუნგის“ ფირმის ორი ტელევიზორს და ,,სამსუნგი“ ფირმის სარეცხი მანქანას. მითითებული ნივთებიდან ტელევიზორები შეძენილია მა----–--------ის მიერ საკუთარი პენსიით, ხოლო სარეცხი მანქანა შეიძინა მოსარჩელე ეთ--------–---–---–მა. ეს ნივთები მოსარჩელეებს ეკუთვნის და არ წარმოადგენს მი----–-------ის საკუთრებას, რომელსაც მთელი ცხოვრება ფაქტიურად ციხეში აქვს გატარებული. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მი----–-------ის ვალდებულების გამო არ უნდა მოხდეს მათი კუთვნილი ნივთების რეალიზაცია. გამომდინარე აქედან მოსარჩელეებმა ყადაღის აქტში მითითებული ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვეს.
2. მოპასუხეების პოზიცია: 2.1. მოპასუხე მი----–-------ემ წარმოდგენილი შესაგებელით სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ექვსჯერ არის ნასამართლევი და ამჟამადაც პატიმარია. მართალია დედის სახლშია რეგისტრირებული მაგრამ მას ამ სახლში არ უცხოვრია და ყადაღის აქტში მითითებული ნივთები არის მოსარჩელეების საკუთრება. მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილება და დაყადაღებული ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვა. 2.2. მოპასუხე სსიპ აღ------–---------------–-----------მ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მი----–-------ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ბიუჯეტის სასარგებლოდ 4000 ლარის გადახდა დაეკისრა. განაჩენით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით კი სააღსრულებო ფურცელი გაიცა. მი----–-------ეს დამატებით აღსრულების საფასური დაეკისრა და მთლიანობაში გადასახდელმა თანხამ 4280 ლარი შეადგინა. მოვალეს გაეგზავნა წინადადება თანხის ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე და ვინაიდან თანხა არ გადაიხადა, აღმასრულებელმა მოვალის იურიდიულ მისამართზე ნივთების აღწერა-დაყადაღება განახორციელა. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 44-ე მუხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი გარდა ამავე კოდექსის 45-ე მუხლში ჩამოთვლილისა. ამასთან იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან მას ეკუთვნის. შესაბამისად, აღმასრულებელმა სააღსრულებო მოქმედება კანონის სრული დაცვით განახორციელა და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. 3. ფაქტობრივი გარემოებები: 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 08 თებერვლის განაჩენით მი----–-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 9 თვის ვადით. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლომ 2008 წლის 03 დეკემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი განაჩენით დაკისრებული ჯარიმის იძულების წესით გადახდევინების მიზნით. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს - - განაჩენი (ს.ფ. 150-153); - სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 149). 3.1.2. მოპასუხე მი----–-------ე ამჟამად სხვა დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირია. მას სასამართლოს განაჩენით სასჯელის სახედ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 6 იანვრიდან და განთავსებულია გეგუთის №14 პენიტენციურ დაწესებულებაში. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს - - ცნობა (ს.ფ. 38). 3.1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 03.12.2008 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, 2017 წლის 11 ივლისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გამოცხადდა, სადაც აღწერა და დააყადაღა ,,ჰაისენსის“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, ,,სამსუნგის“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, ,,სამსუნგის“ ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა და ჟურნალების პატარა ხის მაგიდა. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს - - ყადაღის აქტი (ს.ფ. 26-27). 3.1.4. დადგენილია, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა მოძრავი ნივთები, ცხოვრობენ მოსარჩელეები მა----–--------ე და ეთ--------–---–---–ი, აგრეთვე ამ უკანასკნელის სამი შვილი და მეუღლე მა------------ე. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს - - სარჩელი (ს.ფ. 1-13); - - მოსარჩელეების ახსნა-განმარტება (სასამართლოს 25.01.2018 წლის სხდომის ოქმი). 3.2. დადგენილი სადავო გარემოებები: 3.2.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები - ,,ჰაისენსის“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, ,,სამსუნგის“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი და ,,სამსუნგის“ ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა წარმოადგენს მოსარჩელეების მა----–--------ის და ეთ--------–---–---–ის საკუთრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 22 ოქტომბერს სს ,,თიბისი ბანკსა“ და მა----–--------ეს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელეზე გაიცა სარგებლიანი სესხი 596 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.20 მუხლის თანახმად სესხი გაიცა ტელევიზორი ,,სამსუნგ 43“-ის განვადებით შეძენის მიზნით. აგრეთვე, წარმოდგენილია იმავე მხარეებს შორის 2013 წლის 09 აგვისტოს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელე მა----–--------ემ სესხად 794 ლარი მიიღო. აღნიშნული სესხის დაფინანსდა განვადება, რომლის მიხედვით მოსარჩელემ შეიძინა ტელევიზორი ,,ჰაისენსი“. შესაბამისად, წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთებიდან ,,სამსუნგის“ და ჰაისენსის“ ფირმის ტელევიზორები შეძენილია მა----–--------ის მიერ სს ,,თიბისი ბანკთან“ დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხებით. რაც შეეხება ყადაღის აქტში მითითებულ ,,სამსუნგის“ ფირმის სარეცხი მანქანას, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ. საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ საცხოვრებელ სახლში, სადაც ნივთების აღწერა და დაყადაღება მოხდა, ცხოვრობენ მოსარჩელეები მა----–--------ე და ეთ--------–---–---–ი. აგრეთვე, ამ უკანასკნელის მეუღლე და სამი შვილი. თავად მოპასუხე მი----–-------ე 2017 წლის 06 იანვრიდან პატიმრობაშია და შესაბამისად, სააღსრულებო მოქმედების განხორციელების დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამდენად, მოსარჩელეები ყადაღის აქტში მითითებული ნივთების მფლობელ პირებს წარმოადგენენ. მოსარჩელეების, როგორც სადავო მოძრავი ნივთების მფლობელებიდან გამომდინარე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მოვალე მი----–-------ის რეგისტრაცია კი არ ადასტურებს ყადაღადადებულ ქონებაზე მის საკუთრებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული და სადავო მოძრავი ნივთები არის მოსარჩელეების საკუთრება. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს. - - სასარჩელო განცხადება (1-13); - - ყადაღის აქტი (ს.ფ. 26-27); - - საკრედიტო ხელშეკრულებები (ს.ფ. 17-23). 3.2.2. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოება მხარეების მიერ სადავო არ ყოფილა. სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა მოსარჩელეები არიან სადავო ნივთების მესაკუთრეები, რაც გამორიცხავს ამ ნივთებით სხვისი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეების მა----–--------ის და ეთ--------–---–---–ის საკუთრებას. ისინი არ არიან მოვალეები, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას და ამდენად, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ მოსარჩელეთა კუთვნილ ნივთებს მოეხსნას ყადაღა. 7. სასამართლო ხარჯები: 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შედგება სასამართლო ხარჯების და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოსარჩელეების მიერ წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები 8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. მოსარჩელეების ეთ--------–---–---–ის და მა----–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 11 ივლისის აქტით დაყადაღებული ქონება - ,,ჰაისენსის“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, ,,სამსუნგის“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი და ,,სამსუნგის“ ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა; 3.მოპასუხე სსიპ ,,აღ------–---------------–-------ოს“ მოსარჩელეების ეთ--------–---–---–ის და მა----–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება; 4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. 5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე რომან კუპატაძე