გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება
17.01.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი ნათია ლუტიძე
მოსარჩელეები: თ----- მ-------ე,ი--- კ------ე,წარმომადგენელი: ე----- ტ--–----ე,მოპასუხეები: ლ-----ა ს---–--ე,რ---- კ------ე,დავის საგანი: ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა
ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს შედგენილი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით ქ.ზესტაფონში, კვანტრიშვილის ქ. №24-ში აღწერილი და ყადაღა დადებული მოძრავი ნივთები.
1.1. მოსარჩელე თ----- მ-------ის პოზიცია
იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ კახაბერ კოღუაშვილის წარმოებაშია სააღსრულებო საქმე. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული N 110210013315346(2/241-13) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2017 წლის 26 სექტემბერს ქ.ზესტაფონში კვანტრიშვილის ქ. №24-ში აღმასრულებელ კახაბერ კოღუაშვილის მიერ აღწერილ იქნა და ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ ნივთებს. ყადაღის დადება მოხდა კრედიტორ ლ-----ა ს---–--ის სასარგებლოდ მოვალის რ---- კ------ის მიერ ვალდებულების მიზნით. აღწერილი და ყადაღადადებული ნივთები მან შეიძინა ნასყიდობის და სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე ი--- კ------ისაგან. 2017 წლის 18 იანვრიდან მის საკუთრებას წარმოადგენს გაზქურა ,,atigas"-ის ფირმის, ყავისფერი შავი მინის კარით; მაცივარი ,,VESTEL"-ის ფირმის; სარეცხი მანქანა ,,SAMSUNG"-ის ფირმის; პერსონალური კომპიუტერი; კომპიტერის მაგიდა.
1.2. მოსარჩელე ი--- კ------ის პოზიცია
2017 წლის 26 სექტემბერს ქ.ზესტაფონში კვანტრიშვილის ქ. №24-ში აღმასრულებელ კახაბერ კოღუაშვილის მიერ აღწერილ იქნა და ყადაღა დაედო თ----- მ-------ის და მის საკუთრებაში არსებულ ნივთებს. ყადაღის დადება მოხდა კრედიტორ ლ-----ა ს---–--ის სასარგებლოდ მოვალის რ---- კ------ის მიერ ვალდებულების მიზნით. აღწერილი და ყადაღადადებული ნივთებიდან მან გაასხვისა თ----- მ-------ეზე სესხის საფუძველზე გაზქურა, მაცივარი, სარეცხი მანქანა, პერსონალური კომპიუტერი და კომპიუტერის მაგიდა, რომლებიც 2017 წლის 18 იანვრიდან წარმოადგენს თ----- მ-------ის საკუთრებას. ხოლო ნაჭრის სამეული - ორი სავარძელი, ერთი დივანი კი წარმოადგენს მის საკუთრებას და არა რ---- კ------ის საკუთრებას. სასამართლო აღმასრულებელმა კი ამ ნივთების უკანონოდ დაყადაღება მოახდინა, რის გამოც, აღნიშნული ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე რ---- კ------ის პოზიცია:
მოპასუხე რ---- კ------ემ სარჩელი ცნო სრულად და განაცხადა, რომ როგორც მისთვის ცნობილი გახდა ქ.ზესტაფონში, კვანტრიშვილის ქ. №24-ში აღმასრულებელ კახაბერ კოღუაშვილის მიერ აღწერილ იქნა და ყადაღა დაედო მოპასუხე მისი დედის ი--- კ------ის ნივთების ნაწილს, კერძოდ ნაჭრის სამეულს - ორი სავარძელს, ერთი დივანს რომელიც მის მიერ იქნა შეძენილი. ასევე ყადაღა დაედო თ----- მ-------ის საკუთრებაში არსებულ ნივთებს, კერძოდ გაზქურას, მაცივარს, სარეცხ მანქანას, პერსონალურ კომპიუტერს და კომპიუტერის მაგიდას, რომლებიც თ----- მ-------ემ შეიძინა დედამისისგან ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. ნივთები, რომლებიც აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა შეძენილია დედამისის ი--- კ------ის მიერ და ისინი არც დამოუკიდებლად შეუძენია და არც მათ შეძენაში მიუღია მონაწილეობა.
2.2. მოპასუხე ლ-----ა ს---–--ის პოზიცია
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ლ-----ა ს---–--ე არ გამოცხადდა, სხდომის დრო და ადგილი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ N 110210013315346(2/241-13) საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად რ---- კ------ეს დაეკისრა თანხის გადახდა ლ-----ა ს---–--ის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2017 წლის 26 სექტემბრის აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;
- მხარეთა განმარტებები
3.1.2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს N 110210013315346(2/241-13) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ კახაბერ კოღუაშვილის მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს აღწერილ იქნა და ყადაღა დაედო ქ.ზესტაფონში კვანტრიშვილის ქ. №24-ში არსებულ მოძრავ ნივთებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2017 წლის 26 სექტემბრის აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;
- მხარეთა განმარტებები
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ კახაბერ კოღუაშვილის მიერ ქ.ზესტაფონში კვანტრიშვილის ქ. №24-ში 2017 წლის 26 სექტემბერს აღწერილი და ყადაღა დადებული მოძრავი ნივთებიდან გაზქურა ერთი ცალი შეფასებული 100 ლარად; მაცივარი ერთი ცალი შეფასებული 150 ლარად; სარეცხი მანქანა ერთი ცალი შეფასებული 250 ლარად; პერსონალური კომპიუტერი კომპლექტი შეფასებული 120 ლარად და კომპიუტერის მაგიდა ერთი ცალი შეფასებული 50 ლარად წარმოადგენს თ----- მ-------ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2017 წლის 26 სექტემბრის აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;
- მხარეთა განმარტებები
3.2.2. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ კახაბერ კოღუაშვილის მიერ ქ.ზესტაფონში კვანტრიშვილის ქ. №24-ში 2017 წლის 26 სექტემბერს შედგენილ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი ნაჭრის სამეულის კომპლექტი - ორი სავარძელი, ერთი დივანი, - შეფასებული 50 ლარად არის ი--- კ------ის საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2017 წლის 26 სექტემბრის აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;
- მხარეთა განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 53-ე, 131-ე, 205-ე, 208-ე, 230-ე, 233-234-ე, 237-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე რ---- კ------ემ, როგორც შესაგებლით ასევე სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა, აღნიშნული გარემოება კი მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ლ-----ა ს---–--ის გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი ადგენს მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობას. კერძოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ლ-----ა ს---–--ეს სხდომის დრო და ადგილი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. 2018 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომაზე ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გამოცხადების შესახებ სასამართლო უწყება მას ჩაბარდა პი---დად 2018 წლის 09 იანვარს. მაგრამ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ლ-----ა ს---–--ე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება. აღნიშნულის გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი ლ-----ა ს---–--ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
6.3 ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, აუცილებელია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად დამტკიცებულად ითვლება, იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნას. მატერიალური კანონი კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას უნდა უკავშირებდეს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მიზნად აქვს დასახული მოსარჩელეს.
კანონმდებლობით გათვალისწინებულია მესამე პირთა მიერ თავისი უფლებების დაცვის საშუალებაც, კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დადგენილია იმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმი, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად და ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად გამართლებულია და მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხე ლ-----ა ს---–--ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე რ---- კ------ის მიერ სარჩელის ცნობისა და მოპასუხე ლ-----ა ს---–--ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების გამო მოსარჩელეების თ----- მ-------ის და ი--- კ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს მთლიანად თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი მოპასუხე რ---- კ------ემ სრულად ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე ლ-----ა ს---–--ეს მოსარჩელე თ----- მ-------ისა და ი--- კ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მათ მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელეების მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯებს, რომლის ანაზღაურებასაც მოითხოვს მოსარჩელე მხარე და მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეებს რ---- კ------ეს და ლ-----ა ს---–--ეს თანაბარ წილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
გადაწყვიტა:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-38-ე, 49-ე, 53-ე, 205-ე, 208-ე, 230-ე, 233-237-ე 243- 244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. თ----- მ-------ის და ი--- კ------ის სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდეს: გათავისუფლდეს ყადაღისაგან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 26 სექტემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: გაზქურა ,,ATIGAS" ფირმის ერთი ცალი შეფასებული 100 ლარად, მაცივარი ,,VESTEL"-ის ფირმის ერთი ცალი შეფასებული 150 ლარად, სარეცხი მანქანა ,,SAMSUNG"-ის ფირმის ერთი ცალი შეფასებული 250 ლარად, პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი - მონიტორი ,,PHILIPS"-ის ფირმის, სისტემური ბლოკი, კლავიატურა, მაუსი - შეფასებული 120 ლარად, ნაჭრის სამეულის კომპლექტი - ორი სავარძელი, ერთი დივანი შეფასებული 50 ლარად, კომპიუტერის მაგიდა ერთი ცალი შეფასებული 50 ლარად.
2. მოპასუხე რ---- კ------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
2.1. მოპასუხე ლ-----ა ს---–--ეს (პ/ნ 1----------) დაეკისროს მოსარჩელე თ----- მ-------ისა და ი--- კ------ის სასარგებლოდ მათ მიერ სარჩელის უზრუნველყოფისა და სარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
2.2. მოპასუხეებს ლ-----ა ს---–--ეს (პ/ნ 1----------) და რ---- კ------ეს (პ/ნ 1----------) დაეკისროთ თანაბარ წილად მოსარჩელეების თ----- მ-------ის და ი--- კ------ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 300 (სამასი)ლარის ანაზღაურება.
3. ძალაში დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. მოპასუხე ლ-----ა ს---–--ეს გაეგზავნოს გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
მოსამართლე: ელენე ოსაძე