გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/2057-2016 12 იანვარი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე – შპს ,,ბ---------------------------–ი’’
წარმომადგენლები - ი-----–- გ---–---ე.
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური.
წარმომადგენელი – მ------- გ-–---.
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
წარმომადგენელი - ბ-------------–---ი.
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული იხ. სხდომის ოქმი 14.12.17).
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დეკემბრის №094-572 საგადასახადო მოთხოვნა 2010-2011 წლების მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მარტის №6177 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,ბ---------------------------–ი’’-ს ადმინისტრაციული საჩივარი.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,ბ---------------------------–ი’’-ს ადმინისტრაციული საჩივარი.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული იქნა შპს ,,ბ---------------------------–ი’’-ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება და 2015 წლის 11 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნულის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები კომპანიის მიერ გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში, თუმცა ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სსიპ შემოსავლების სამსახურმა, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გაცემული სესხის პროცენტზე საბაზრო ფასის გავრცელების ნაწილში. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ფაქტობრივი საფუძველი, რამაც აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა განაპირობა, არის ის გარემოება, რომ საზოგადოებას 2008-2011 წლებში ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაცემული აქვს სესხი საბაზრო განაკვეთზე დაბალი პროცენტით, შესაბამისად შემოწმების შედეგად მოხდა სარგებლის პროცენტის კორექტირება და დაბეგვრა საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით. ,,ტერმინალმა’’ 2007 წლის 1 ივლისს გასცა სესხი არარეზიდენტ იურიდიულ პირზე ,,ბათუმი ტერმინალზე’’. 2010-2011 წლებში აღნიშნულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 12,5%-ის ოდენობით. ამავე პერიოდში შპს ,,ბ---------------------------–ის’’ გაფორმებული ჰქონდა სასესხო ხელშეკრულებები: სს ,,თ----------ის’’ ბათუმის ფილიალთან წლიურ 12%-ში და სს ,,ბ-------------ს’’ ბათუმის ფილიალთან 12%-ში. ამავე პერიოდში კომპანია B---------- holding Limited-ს გაფორმებული ჰქონდა სესხის ხელშეკრულება სს ,,თ----------თან’’ წლიურ 13%-ში. შემმოწმებლის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების მიხედვით, აღებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთი არ წარმოადგენს სასესხო ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მომენტში არსებულ საპროცენტო განაკვეთს (2007 წლის ივლისი - 15,4%, 2008 წელს - 17,5%, 2009 წელს - 18,5%). ამასთან შემმოწმებელმა 2010-2011 წლის ყოველ თვეზე კომპანიებს საპროცენტო განაკვეთად დაუდგინა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი თვის საბაზრო საპროცენტო განაკვეთი.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს საკანონმდებლო ნორმას, რომელიც დაავალდებულებდა გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენეოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი. შემმოწმებელი ვალდებული იყო ეხელმძღვანელა საქართველოს სკ-ის 22-ე და 23-ე მუხლებით და აღნიშნულის გათვალისწინებით მოეხდინა საბაზრო ფასის დადგენა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვერ გამოიყენებდა ზემოაღნიშნულ პრინციპებს, ფასის დათვლა უნდა მომხდარიყო ამავე მუხლის მე-6 ნაწილით. შემმოწმებლებს შეეძლოთ გამოეყენებინათ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებში გამოყენებული შეფასების მეთოდები, რომელთა გამოყენება ფართოდ არის გავრცელებული საქართველოს საგადასახადო სისტემაში. იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოყენებული უნდა იქნას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, აღმოჩნდება, რომ კომპანიის მიერ ლარსა და აშშ დოლარში გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთები სრულად შეესაბამება ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დადგენილ პირობებს, რაც თავის მხრივ ადასტურებს, რომ კომპანიათა შორის არსებულ ურთიერთობას გავლენა არ მოუხდენია სესხის ხელშეკრულების პირობებზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და განმარტეს, რომ შემოწმების აქტის თანახმად, საზოგადოებას 2010 წელს სასესხო ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს ,,ბ-------------------–თან’’ წლიური საპროცენტო განაკვეთით 12,5%. ვინაიდან იკვეთება ურთიერთდამოკიდებულება, საზოგადოება ვალდებული იყო სესხის პროცენტის განაკვეთი განესაზღვრა იმ დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ იურიდიული პირებისათვის უცხოურ ვალუტაზე დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გამოვლინდა სხვაობები და შესაბამისი წლის ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა გამოვლენილი სხვაობის თანხით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 11 დეკემბერს შპს ,,ბ---------------------------–ის’’ მიმართ შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 15 დეკემბერს გამოიცა №48123 ბრძანება და კომპანიას ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 11062994 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 7173552 ლარი, ჯარიმა 3889442 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დეკემბრის №48123 ბრძანება (ს.ფ. 197-199);
- საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ. 200-247);
3.1.2. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დეკემბრის №48123 ბრძანების საფუძველზე შპს ,,ბ---------------------------–ის’’ მიმართ გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა №094-572, რომლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა სულ 15433750,08 ლარი, მათ შორის მოგების ძირითადი გადასახადი 7091320 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო მოთხოვნა №094-572 (ს.ფ. 44);
3.1.3. დადგენილია, რომ შპს ,,ბ---------------------------–მა’’ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა №094-572 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა შემოწმების აქტით დარიცხულ გადასახადებს, კერძოდ: 1) 59 327,365 ლარის ოდენობით მიღებული დივიდენდების ერთობლივ შემოსავალში ჩართვას და აღნიშნული თანხით ერთობლივი შემოსავლის გაზრდას; 2) ურთიერთდამოკიდებულ იურიდიულ პირზე გაცემულ სესხის პროცენტზე საბაზრო ფასის გავრცელებას; 3) არ დაეთანხმა შემმოწმებლის პოზიციას, რომ საწარმოს 2013 წლის მოგების დეკლარაციაში ბუნებრივი აირის ერთი და იგივე ხარჯი ორჯერ ჰქონდა გამოქვითული და მოითხოვა დარიცხული თანხების გაუქმება; 4) არ დაეთანხმა შემმოწმებლის პოზიციას, რომ საწარმოს 2011 წლის დასაბეგრი ბრუნვა ორჯერ ჰქონდა შემცირებული დღგ-ის თანხით და მოითხოვა დარიცხული თანხების გაუქმება; 5) არ დაეთანხმა გათავისუფლებული ბრუნვების პროპორციულად დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მარტის №6177 ბრძანებით შპს ,,ბ---------------------------–ის’’ ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს 3-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მარტის №6177 ბრძანება (ს.ფ. 20-26);
- შპს ,,ბ---------------------------–ის’’ ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 181-195)
3.1.4. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მარტის №6177 ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის შესაბამისად შპს ,,ბ---------------------------–ზე’’ დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აპრილს გამოსცა №10808 ბრძანება, რომლის თანახმად შპს ,,ბ---------------------------–ს’’ შეუმცირდა გადასახადი სულ 1288991 ლარით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 20 აპრილის №10808 ბრძანების საფუძველზე გამოიცა №094-103 საგადასახადო მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დასკვნა (ს.ფ. 177-180);
- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 20 აპრილის №10808 ბრძანება (ს.ფ. 175-176);
- №094-103 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 42-43);
3.1.5. დადგენილია, რომ შპს ,,ბ---------------------------–მა’’ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მარტის №6177 ბრძანების და 2015 წლის 15 დეკემბრის №094-572 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა. დავის საგანს წარმოადგენდა ორი საკითხი: 1. ერთობლივი შემოსავლისა და გამოსაქვითი ხარჯების გაზრდა შპს ,,ბ--------------------------------ში’’ არსებული 100% წილის ექსკლუზიური მართვის უფლებასთან მიმართებაში; 2. ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გაცემულ სესხის პროცენტზე საბაზრო ფასის გავრცელება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ---------------------------–ი’’-ს ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა კომპანიისათვის პირველ სადაო საკითხთან (ერთობლივი შემოსავლისა და გამოსაქვითი ხარჯების გაზრდა შპს ,,ბ--------------------------------ში’’ არსებული 100% წილის ექსკლუზიური მართვის უფლებასთან მიმართებაში) დაკავშირებით დარიცხული გადასახადი, ხოლო მეორე სადაო საკითხთან (ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გაცემულ სესხის პროცენტზე საბაზრო ფასის გავრცელება) დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 27-41);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს საგადასახდო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ- სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
მითითებულ ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დეკემბრის №094-572 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მარტის №6177 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. 2010 წელს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმის მიხედვით ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგებით განხორციელებული მიწოდება განხილულ უნდა იქნეს, როგორც წესი, საბაზრო ფასით მიწოდებად, და ამასთან ეს მიწოდება მიმწოდებელი მხარისათვის წარმოქმნის საბაზრო ფასით გამოანგარიშებულ შემოსავალს, ხოლო მიმღები მხარისათვის კი – იმავე საბაზრო ფასით გამოანგარიშებულ ხარჯს.
შემოწმების აქტით დადგენილია, რომ შპს ,,ბ---------------------------–ს’’ 2010 წელს სასესხო ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს ,,ბ-------------------–თან’’ წლიური საპროცენტო განაკვეთით 12,5%. შემოწმებით საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ეროვნული ბანკის მიერ იურიდიული პირებისათვის უცხოურ ვალუტაზე დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით გაზრდილი იქნა საწარმოს 2010 და 2011 წლის ერთობლივი შემოსავალი.
სადაო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფროსს/მის მოადგილეს უფლება აქვს გამოიტანოს მოტივირებული წერილობითი გადაწყვეტილება გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების შესახებ, თუ: ა) გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე; ბ) საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ეხება საბაზრო ფასის გამოყენებასთან დაკავშირებულ საგადასახადო ორგანოს უფლებებს. გარიგების მონაწილე პირებს შორის კანონით დადგენილი ურთიერთდამოკიდებულების არსებობის გარდა, შესაძლებელია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც არსებობს ისეთი ფარული ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც გავლენას ახდენს განცხადებულ, ანუ გარიგებაში დაფიქსირებულ ფასზე. ამგვარი რამ, როგორც წესი, გამოწვეულია მხარეთა არაკეთილსინდისიერებით. საგამოძიებო ორგანოების მიერ მოჩვენებითი, მათ შორის, თვალთმაქცური გარიგებების შესწავლამდე, საგადასახადო ორგანოს მიეცა უფლება ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დაასაბუთოს განცხადებულსა და ფაქტობრივ ფასებს შორის განსხვავება. დაბეგვრისათვის ასეთ დროს გამოიყენება არც განცხადებული და არც ფაქტიური ფასები: გამოიყენება მხოლოდ საბაზრო ფასები.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
მე-7 ნაწილი იძლევა იმ წყაროთა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბაზრო ფასის დასადგენად. პირველ რიგში, ეს არის უკვე დადგენილი საბაზრო ფასის ოფიციალური წყაროები.
2010 წელს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში, ერთობლივ შემოსავლებში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის შესაბამისად ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება თანხა, დაქირავებულის მიერ ამ ნაწილით განსაზღვრული ოდენობით მიღებული სარგებლისათვის, გადახდილი თანხის გამოკლებით, მათ შორის დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ საშუალო საბაზრო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საბაზრო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
გათვალისწინებით იმისა, რომ შპს ,,ბ---------------------------–ს’’ ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გაცემული აქვს სესხი საბაზრო განაკვეთზე დაბალი პროცენტით, შემმოწმებლის მიერ სარგებლის პროცენტის კორექტირება და დაბეგვრა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით, შესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.
გათვალისწინებით იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დეკემბრის №094-572 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მარტის №6177 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საკანონმდებლო მოთხოვნებთან არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2577 ლარის ოდენობით, ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება არ დაეკისრებათ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,ბ---------------------------–ის’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე