გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2018
საქმის ნომერი
060210117002084293
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/671-2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

17 იანვარი 2018წ ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი - ნათია ძაძამია

 

მოსარჩელე - ა---–- ძ------

წარმომადგენელი - ა---------– ბ-----------;

 

მოპასუხე - ბ------ უ----–---;

წარმომადგენელი - მ-----–- ბ--------;

 

მესამე პირი - ა-------- უ----–---

ადვოკატი - მ-----–- ბ--------;

 

დავის საგანი: თანამესაკუთრედ ცნობა; ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ბ------ უ----–---ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული საწიწილეს შენობა ფართი N3 260 კვ.მ -ის 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში ა---–--------- სახელზე აღრიცხვა.

 

1.2. 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის აპრილამდე გადაუხდელი 3000 ლარის მოპასუხე ბ------ უ----–---სთვის დაკისრება.

 

1.3 მოსარჩელის მიერ სესხად აღებულ თანხაზე გადასახდელი პროცენტის თანხის 657.54 ლარის მოპასუხე ბ------ უ----–---სთვის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბ------ უ----–---მ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მესამე პირმა ა-------- უ----–---მ სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა---–--------- სარჩელი მოპასუხე ბ------ კ-------- მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბ------ კ-------- დაეკისრა 3100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა, ასევე პროცენტის სახით სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების გამო 2008 წლის მარტამდე 2328 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ხოლო ვალის საბოლოო გადახდამდე ბ------ კ-------- დაეკისრა ყოველთვიურად 93 აშშ დოლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ 16);

 

3.1.2 2009 წლის 30 დეკემბერს სანოტარო წესით იქნა დადასტურებული მხარეთა ხელმოწერები შეთანხმებაზე, მხარეთა შორის ვალის გადახდის ფორმაზე, რომლის თანახმად მხარეები თანხმდებიან შემდეგზე: „მე - ბ------ კ-------- ვერ გადავუხადე ვალი ორი ათასი დოლარი (თავისი პროცენტებით) ა---– ძ------ს. ვალის გადახდა დამეკისრა სასამართლოს მიერ, თანახმა ვარ ვალის სანაცვლოდ გაიფორმოს ჩემი კუთვნილი წილი საწიწილეს ნახევარი, რომელიც განთავსებულია ბ------ უ----–---ს მიწის ნაკვეთზე ხონში სოფ. დ---------–-, მე - ა---– ძ------ თანახმა ვარ აღნიშნულ პირობებზე - ვალის სანაცვლოდ მივიღო ბ------ კ-------- კუთვნილი ნახევარი აღნიშნული „საწიწილედან“, ამის შემდგომ არ მექნება მასთან არავითარი პრეტენზია (2008 წლის 26 დეკემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ------ კ--------ათვის დაკისრებული პირობების სანაცვლოდ თანახმა ვარ მივიღო აღნიშნული ქონება). მე- ბ------ უ----–--- თანახმა ვარ ბ------ კ-------- საწიწილის ნახევარი (თავისი წილი), რომელიც განთავსებულია ჩემს საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მისცეს თავის მოვალეს ა---– ძ------ს, ამასთან დაკავშირებით არ მექნება პრეტენზია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შეთანხმება მხარეთა შორის ვალის გადახდის ფორმაზე (ს.ფ. 18)

 

3.13. შეთანხმების მონაწილე პირი ბ------ კაკაბაძე გარდაიცვალა 2015 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2017 წლის 28 დეკემბრის სხდომის ოქმი)

 

3.1.4 დადგენილია, რომ ბ------ და ა-------- უ----–---ს თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე ხონის რ-ნი სოფ კ---- განხორციელდა 2017 წლის 14 თებერვალს.

 

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 13-14)

 

3.1.5 2017 წლის 07 აპრილს ხონის რაიონი სოფ კ---–- მდებარე სადავო საწიწილეში დაფიქსირდა წიწილების არსებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ (ს.ფ.21-26 ) 1ც კომპაქტ-დისკი

 

3.1.6. ა---– ძ------სა და ბ------ უ----–---ს შორის არსებობდა შეთანხმება ბ------ უ----–---ს მიწის ნაკვეთზე განთავსებული საწიწილეს დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში მოსარგებლე მეორე მხარეს გადაუხდიდა 500 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2017 წლის 28 დეკემბრის სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2009 წლის 30 დეკემბერს შედგენილი შეთანხმება მხარეთა შორის ვალის გადახდის ფორმაზე, არ წარმოადგენს მოპასუხე ბ------ უ----–---სთვის ა---–--------- მიმართ ვალდებულების წარმომშობ დოკუმენტს გადაუფორმოს ა-------- ძ------სთან თანასაკუთრების უფლებით არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე 260 კვ.მ ფართის საწიწილეს ნახევარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის ვალდებულებას გადასცეს საკუთრებაში სადავო ქონება. აღნიშნულის დასადასტურებლად შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა განმარტებით და 2009 წლის 30 დეკემბერს შედგენილი შეთანხების წარმოდგენით მხარეთა შორის ვალის გადახდის ფორმაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის ახსნა განმარტებას, რომ 2009 წლის 30 დეკემბერს შედგენილი შეთანხმება წარმოადგენს დოკუმენტს რომლის საფუძველზეც მას საკუთრებაში უნდა გადაეცეს სადავო ქონება, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს, რომ შეთანხმება ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ მიღწეულია იმ პირთან (ბ------ კ--------თან), რომელიც არ წარმოადგენს შეთანხმებით გადასაცემი ქონების მესაკუთრეს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

3.2.2. დადგენილია, რომ 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით ბ------ უ----–---მ ექვს ეტაპად განახორციელა სადავო საწიწილეს დანიშნულებისამებრ სარგებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა განმარტება (2017 წლის 28 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)

-აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ) 1ც კომპაქტ-დისკი (ს.ფ.21-26

-მოწმე ა---------– ლიპარტელიანის ჩვენება (2017 წლის 28 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ა---–--------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალებულების საფუძველზე 3000 ლარის დაკისრების თაობაზე, ხოლო უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა ეთქვას უარი მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

მითითებულ ნორმათა დეფინიციიდან გამომდინარე მხარეთა შორის შესაძლებელია დაიდოს ხელშეკრულება როგორც წერილობითი ასევე ზეპირი ფორმით.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა იმის თაობაზე, რომ საწიწილეს დანიშნულებისამებრ მოსარგებლე პირი მეორე მხარეს გადაუხდიდა 500 ლარს. დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით საწიწილეს დანიშნულებისამებრ სარგებლობდა ბ------ უ----–---ს ოჯახი. აღნიშნული დაადასტურა სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობით მოწვეულმა ა---------– ლ---------–----- თავის ჩვენებაში. მან ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ წიწილების ბოლო პარტიის ჩასმა სარეალიზაციოდ მოხდა გაზაფხულზე, რაც დასტურდება ასევე საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ფაქტის კონსტანტაციის ოქმით, დათარიღებული 2017 წლის 07 აპრილით. უდავოა ის გარემოებაც, რომ წელიწადში 6 ეტაპად იყო შესაძლებელი ფრინველის მოთავსება და გაზრდა. შესაბამისად, მოპასუხე ბ------ უ----–---ს მიერ მოსარჩელისთვის გადასახდელი აქვს 500 ლარი X 6 = 3000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება),რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ

ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროს და ადგილას.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვალდებულებები ბ------ უგულავს არ შეუსრულებია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

მოცემულ შემთხვევაში ა---– ძ------ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს ბ------ უ----–---ს 3000 ლარის გადახდა .

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდესის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობა დამოკიდებულია უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან, ვინაიდან პირი მესაკუთრედ მიიჩნევა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

6.4 საქართველოს სამოქაალქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შეთანხმება ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ მიღწეულია იმ პირთან (ბ------ კ--------თან), რომელიც არ წარმოადგენს შეთანხმებით გადასაცემი ქონების მესაკუთრეს. ამასთან, მოსარჩელე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მან არ გამოიჩინა წინდახედულება, არ გადაამოწმა არსებობდა თუ არა ჩანაწერი საჯარო რეესტრში ქონების გადაცემაზე ნების გამომხატველი პირის თაობაზე და შეთანხმება მიღწეული იქნა მხარეთა ზეპირი განმარტების საფუძველზე, რადგან საწიწილეს ფლობდნენ ბ------ უ----–--- და ბ------ კაკაბაძე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლო 158-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მიუთითებს, რომ მართალია დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ნივთის შესაძენად გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ნების გამოვლენა არ არის საკმარისი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის, არსებითია რომ ნება იყოს გამოხატული უძრავი ქონების გასხვისებაზე უფლებამოსილი პირის (მესაკუთრის) მიერ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილია მხარეთა შორის 2009 წლის 30 დეკემბერს შედგენილი შეთანხმება უძრავი ნივთის საკუთრებასი გადაცემის თაობაზე, შესაბამისად იგი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულების წარმომშობ მტკიცებულებად არ გამოდგება, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მის მიერ სს „თ------------------“ აღებულ სესხზე გადასახდელი პროცენტის 657.94 ლარის, როგორც ხელშეკრულების შეუსრულებლობით მისთვის მიყენებული ზიანის, მოპასუხე ბ------ უ----–---ზე დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აღნიშნული ნორმა მოვალეს ათავისუფლებს იმ რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეული პრინციპებისათვის. ნორმის თანახმად, მოვალისათვის ზიანი სავარაუდო უნდა იყოს ხელშეკრულების დადების მომენტში და ზიანის სავარაუდობა ფასდება ობიექტური და არა კონკრეტული მოვალის სუბიექტური შესაძლებლობით, ამასთან უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის ანუ ანაზღაურდება ის ზიანი რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ე.ი. დამდგარი ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია ორივე პირობის არსებობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. ვინაიდან მხოლოდ ის გარემოება, რომ ა---– ძ------ სასესხო ურთიერთობაში იმყოფება სს „თი ბი სი ბანკთან“ და გადასხდელი აქვს სესხის პროცენტი 657.94 ლარის ოდენობით, ვერ გახდება მოპასუხე ბ------ უ----–---ს სამოქალაქო პასუხისმგებლობის საფუძველი, რადგან არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

წინამდებარე საქმეზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად გადახდილია სახელმწიფო ბაჟი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 3000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად მოპასუხე ბ------ უ----–---ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 90 ლარის გადახდა ა---–--------- სასარგებლოდ, მასვე უნდა გადახდეს ფაქტის კონსტატაციისთვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი 100 ლარის ოდენობით უარი ეთქვას მოსარჩელე ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 300 ლარის ანაზღაურებაზე, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავის გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ-უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უარუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 47-ე, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა---–- ძ------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხე ბ------ უ----–---ს მოსარჩელე ა---–- ძ------- სასარგებლოდ დაეკისროს 3000 ლარის გადახდა.

1.2. უარი ეთქვას ა---–- ძ------ს უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობაზე.

1.3. უარი ეთქვას ა---–- ძ------ს ზიანის 657.54 ლარის ანაზღაურებაზე.

 

2. მოპასუხე ბ------ უ----–---ს აბელი ძ------- სასარგებლოდ დაეკისროს 90 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3. მოპასუხე ბ------ უ----–---ს ა---–- ძ------- სასარგებლოდ დაეკისროს ფაქტის კონსტატაციისთვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის 100 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნონა ზარქუა