გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2018
საქმის ნომერი
060210017002105053
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/698-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 იანვარი, 2018 წელი ქ. სამტრედია

შესავალი ნაწილი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი ნათია ძაძამია

მოსარჩელე - ააიპ ხ-----------–-------------------------------

წარმომადგენელი - ხ------- ბ-------, რ--------- ხ----–--–---

მოპასუხე - ხ----- მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხ----- მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები - კ----------–----, გ---------–---

დავის საგანი - ხ----- მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებისა და ხ----- მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.არასამეწარმეო იურიდიული პირის ხ----- ს----–-------------------------------ს რეორგანიზაციის განხორციელებაზე ხ----- მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ, ხ----- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 04 მაისის N4040 განკარგულების ბათილად ცნობა.

 

1.2.არასამეწარმეო იურიდიული პირის ხ----- ს----–-------------------------------ს რეორგანიზაციის (გაყოფის) პროცესის დაწყების შესახებ ხ----- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 05 მაისის N39 340 ბრძანების ბათილად ცნობა.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეთა მიერ მიღებული გასაჩივრებული აქტებით უქმდება ერთი აიპი და და მის ნაცვლად იქმნება 20 აიპი, საყურადღებოა ის გარემოება, რომ 20 აიპის ასე დაჩქარებულად შექმნა დააზიანებს მთლიანად რაიონში ბაღების მუშაობას, ვერ მოხდება ბაგა-ბაღების მომარაგება საკვებით, საკრებულოს მიერ მიღებული ოცივე ბაგა- ბაღის წესდებები არ არის მიღებული, ასევე არ არის დამტკიცებული 20 ახალი აიპის საშტატო განრიგი. გამგებლის მიერ საკრებულოში წერილის გაგზავნისას და ბრძანების გამოცემისას არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება, არ შესწავლილა თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს აღნიშნული ბრძანების დარეგისტრირირებას საჯარო რეესტრში, მიაჩნია, რომ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხეების მხრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დარღვევას - უფლების არამართლზომიერად და ბოროტად გამოყენებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ხ----- მუნიციპალიტეტის გამგეობამ როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხეებმა მართლზომიერად გამოიყენეს თავისი უფლებამოსილება. ა(ა)იპ-ის რეორგანიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არ აქვს დარღვევას, რადგან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ხ----- მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის კომპეტენციას განეკუთვნება.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 04 მაისს ხ----- მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული იქნა N4040 განკარგულება იურიდიული პირის ხ----- ს----–-------------------------------ს რეორგანიზაციის განხორციელებაზე ხ----- მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა - განმარტება (2017 წლის 21 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი );

-N4040 განკარგულება (ს.ფ. 25 )

 

3.1.2. 2017 წლის 05 მაისს ხ----- მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული იქნა N39 340 ბრძანება არასამეწარმეო იურიდიული პირის ხ----- ს----–-------------------------------ს რეორგანიზაციის (გაყოფის) პროცესის დაწყების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N39 340 ბრძანება (ს.ფ. 26 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ხ----- მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ა(ა)იპ ხ----- ს----–-------------------------------ს რეორგანიზაციის თაობაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის დროს და ხ----- მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ა(ა)იპ ხ----- ს----–-------------------------------ს რეორგანიზაციის (გაყოფის) პროცესის დაწყების შესახებ ბრძანების მიღების დროს, ადგილი არ ჰქონია უფლების არამართლზომიერ და ბოროტად გამოყენებას, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებას, მისი შრომითი უფლების შეზღუდვას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებაზე აპელირებს, ხოლო მოპასუხე უარყოფს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლო შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი, მოიცავს როგორც დამოუკიდებლად თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ მიუთითა გარემოებებზე და შესაბამისად მტკიცებულებებზე, რომელიც მოპასუხის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების, მესამე პირისათვის ზიანის მიყენების, შრომითი უფლების შეზღუდვის ფაქტს დაადასტურებდა და რომელიც შეიძლება გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებული მუხლი კერძო - სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული - ,,კეთილსინდისიერების პრინციპის“ დაკონკრეტებაა, რომელიც კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი ვლინდება ურთიერთობის მონაწილე სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაში იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით კანონმდებელი განსაზღვრავს ზოგად აკრძალვას იმ შემთხვევისათვის, როდესაც უფლების ბოროტად გამოყენების კონკრეტული შემთხვევა კანონის სპეციალური იმპერატიული ნორმებით არ არის გათვალისწინებული. ის ვრცელდება თანაბრად ნებისმიერ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ უნდა ჩაითვალოს უფლების მხოლოდ იმგვარად განხორციელება, რომელიც აყენებს სხვა პირს ზიანს და არ ისახავს უფლების განხორციელების აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესების დაცვას. უფლების გამოყენების მართლზომიერების ფარგლები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეული უფლებისა და გარემოებების შეფასების საფუძველზე დგინდება. მოწესრიგების თავისებურების გათვალისწინებით ამ ფარგლების წინასწარ განსაზღვრა და იმპერატიული ნორმებით შეზღუდვა შეუძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, უფლების გაუმართლებელ განხორციელებად ჩაითვლება ცალკეული შემთხვევა, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან არ დგინდება პირის მიერ უფლების განხორციელების არანაირი მიზანი, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა. უფლების განხორციელებისას პირს უნდა სურდეს მარტოოდენ სხვისთვის ზიანის მიყენება. ყოველი შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ ძირითადი მამოძრავებელი ინტერესი პირის მიერ უფლების გამოყენებისა მესამე პირებისათვის ზიანის მიყენება, ან ზიანის დაშვებაა. სხვა დამატებითი მოტივაცია იმდენად უმნიშვნელო უნდა იყოს მესამე პირის ინტერესებთან მიმართებით, რომ მისი ფორმალურად დასახელება არ უნდა ამართლებდეს უფლების განხორციელებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების განხორციელება გამართლებულია, თუ არსებობს ობიექტურად შეცნობადი დასაბუთებული ინტერესი, რომელიც მის განხორციელებას გაამართლებს.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხ----- მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ა(ა)იპ ხ----- ს----–-------------------------------ს რეორგანიზაციის თაობაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემა და ხ----- მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ა(ა)იპ ხ----- ს----–-------------------------------ს რეორგანიზაციის (გაყოფის) პროცესის დაწყების შესახებ ბრძანების მიღება განხორციელებული იქნა მათ უფლებამოსილებას განკუთვნილი საკითხის შეფასებით, რა დროსაც მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია უფლების არამართლზომიერ და ბოროტად გამოყენებას სხვა პირისათვის ზიანის მიყენებას.

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ----- მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ სადავოდ გამხდარი უფლების განხორციელება გამართლებულია, რადგან არსებობს ობიექტურად შეცნობადი დასაბუთებული ინტერესი, რომელიც ამართლებს მათი მხრიდან შესაბამისი აქტების მიღებას. გამგებლის მოქმედება გამომდინარეობს და ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით მასზე, როგორც თვითმმართველ თემში მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირზე, დაკისრებულ მოვალეობას.

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ, ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის თანახმად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

 

6.3 საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ 1061 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად,მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის/აქციების შეძენის შესახებ ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად გახდომის შესახებ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. მუნიციპალიტეტის საკრებულო თანხმობას გასცემს ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობაზე, რაც არ გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარეგისტრაციო განაცხადის და მასზე თანდართული დოკუმენტების მოწონებას.

 

6.4 „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-14 მუხლები, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“-„ე“ პუნქტები და მე-2 პუნქტი, მე-16,მე-19, 21-ე, 23-ე და 27-ე მუხლები უნდა ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან. რაც ნიშნავს მუნიციპალიტეტებების ვალდებულებას 2017 წლის 01 ოქტომბრამდე დააფუძნონ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები(საბავშვო ბაგა-ბაღები) ან რეორგანიზაციის შედეგად გარდაქმნან დამოუკიდებელ იურიდიულ პირებად

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეთა მხრიდან გასაჩივრებული აქტების მიღებით, ბოროტად იქნა გამოყენებული კანონით მათთვის მინიჭებული უფლებები, საფუძველს მოკლებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა მოსარჩელე ააიპ ხ----- ს----–-------------------------------- დირექტორის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ააიპ ხონის ს----–-------------------------------- დირექტორის ხ------- ბახტაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

3.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა