გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.01.2018
საქმის ნომერი
080210016001603832
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210016001603832

N2/2770-2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 იანვარი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე;

მოსარჩელე: შპს “ელ---------ი“;

წარმომადგენელი: ვალერი იობიძე;

მოპასუხე: იუ--- წი-–----ე;

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე იუ--- წი-–----ეს მოსარჩელე შპს „ელ---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1331,6 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 250 ლარი, სარგებელი - 45 ლარი, ჯარიმა - 1036,6 ლარი.

2015 წლის 28 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე იუ--- წი-–----ეს შორის გაფორმდა N120140468 ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 250 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, სესხის საკომისიო შეადგენდა 45 ლარს. სესხის ძირისა და საკომისიოს გადახდა უნდა მომხდარიყო 2015 წლის 27 ნოემბერს, 295 ლარის ოდენობით. მოპასუხეს არ გადაუხდია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რის გამოც მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1331,6 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 250 ლარი, სარგებელი - 45 ლარი, ჯარიმა - 1036,6 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 28 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე იუ--- წი-–----ეს შორის გაფორმდა N120140468 ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 250 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, სესხის საკომისიო შეადგენდა 45 ლარს. სესხის ძირისა და საკომისიოს გადახდა უნდა მომხდარიყო 2015 წლის 27 ნოემბერს, 295 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ 16-25).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი)

3.1.2. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადა სესხის თანხა, რის გამოც, მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1331,6 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 250 ლარი, სარგებელი - 45 ლარი, ჯარიმა - 1036,6 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (იხ. ს.ფ 2-15);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი)

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხემ სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც სამართლებრივად შესაფასებელი საკითხია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და იუ--- წი-–----ეს მოსარჩელე შპს „ელ---------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 395 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 250 ლარი, სარგებელი - 45 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, 623-ე, 625-ე, 417-ე, 420-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნება. დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხემ სარჩელი ცნო, კერძოდ: ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვით მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო - 1036,6 ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 100 ლარამდე.

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ

 

ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე შპს „ელ---------ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარი, ხოლო 25 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს “ელ---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე იუ--- წი-–----ეს მოსარჩელე შპს „ელ---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 395 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 250 ლარი, სარგებელი 45 ლარი, პირგასამტეხლო 100 ლარი.

3. მოპასუხე იუ--- წი-–----ეს მოსარჩელე შპს „ელ---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 25 ლარის გადახდა.

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს “ელ---------ს“ 2016 წლის 11 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან 25 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში BAGAGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე