გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310017002190077
საქმე № 3/84-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25.01.2018წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - და---- ღვ----–---–ი
მოპასუხე - გი------ ენ-----ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - გი------ ენ-----ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება;
მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინიტროსა და მოპასუხეს შორის 19.09.2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. 19.09.2016 წლის ხელშეკრულების (კონტრაქტის) თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად კეთილსინდისიერად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამავე კონტრაქტის მე-3 მუხლით (4 წლით) განსაზღვრული ვადით (19.09.2020 წლამდე), თუმცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 29.09.2017 წლის N6--- ბრძანებით 2017 წლის 15 სექტემბრიდან იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახავი საქციელის გამო კონტრაქტის პირობების დარღვევით.
გი------ ენ-----ემ 19.09.2016 წელს გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახურა 11 თვე და 26 დღე. შესაბმისად, მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ წარმოეშვა კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის -3000 ლარის გადახდის ვალდებულება ამავე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, რაც დღემდე არ შეუსრულებია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხეს წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხე - გი------ ენ-----ემ ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურე - გი------ ენ-----ეს შორის 2016 წლის 19 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-3 პუნქტით კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 04 წლით, რომელიც სრულდებოდა 2020 წლის 19 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულება (კონტრაქტი) (ს.ფ. 11-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. მოპასუხე - გი------ ენ-----ე, საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 29.09.2017 წლის N6--- ბრძანებით, 2017 წლის 15 სექტემბრიდან დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახავი საქციელის გამო, კონტრაქტის პირობების დარღვევით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მ/შ 2017 წლის 11 სექტემბრის დასკვნით დადგენილია, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობიდან გენერალურ ინსპექციაში შესულ იქნა წერილი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მომსახურის რიგითი გი------ ენ-----ის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე. რის საფუძველზეც ინსპექტირების სამმართველოში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის შედეგად გაირკვა, რომ სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობიდან წარდგენილი მასალების მიხედვით სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს N824-17 დადგენილების თანახმად - გი------ ენ-----ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ასკ-ის 45-ე მუხლით და სახდელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევით რიგითი გი------ ენ-----ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 25 ივლისის N54 ბრძანების 22-ე მუხლის „ბ“ ქ/პ-ის თანახმად ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნას, რის საფუძველზეც მიზანშეწონილად მიიჩნია „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21 -ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „თ“ ქ/პ-ის თანახმად გი------ ენ-----ის დათხოვნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა გენერალურ შტაბს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 29.09.2017 წლის N 6--- ბრძანება (ს.ფ. 26)
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 11.09.2017 წლის დასკვნა (ს.ფ.19-20 );
- დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (ს.ფ.21-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.3. 19.09.2016 წლის კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურის ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინასურ პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ვალდებულია კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსთვის 3 000 ლარი.
ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობით დადგენილია, რომ სამხედრო მოსამსახურეს - გი------ ენ-----ის მიერ ვადამდე შეწყვეტილი და კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდია 11 თვე და 26 დღე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულება (კონტრაქტი) (ს.ფ. 11-18);
-ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ (ს.ფ.27-28
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.4. დადგენილია, რომ გი------ ენ-----ემ 2017 წლის 08 ოქტომბერს ჩაიბარა 29.09.2017 წლის N 6--- ბრძანება მისი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელწერილი (ს.ფ.29)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.
ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.
ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
19.09.2016 წლის კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, "სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული "სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს.
კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, "სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი.
დადგენილი,რომ მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფროსის 29.09.2017 წლის N6--- ბრძანებით, 2017 წლის 15 სექტემბრიდან დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახავი საქციელის გამო, კონტრაქტის პირობების დარღვევით.
’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე- 21 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.
სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 25 ივლისის N54 ბრძანების 22-ე მუხლის „ბ“ ქ/პ-ის თანახმად მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ/გაანთავისუფლონ სამსახურიდან მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეიცავს მოსამსახურის მიერ ჩადენილ უღირსი საქციელის ნიშნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე - გი------ ენ-----ეს (პ/ნ 3----------) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის თანხის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხე - გი------ ენ-----ეს (პ/ნ 3----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 45 (ორმოცდახუთი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
მოსამართლე: ივანე ყიფიანი