გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2018
საქმის ნომერი
010210016001568022
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010210016001568022

#2/3364-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.01.2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი თამარ ევგენიძე

მოსარჩელე - სს ”ლ-------ი ბ----”

წარმომადგენელი - ხ------ა დ------ე

მოპასუხე - თ-------ე თ---------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1. მოპასუხე თ-------ე თ---------ისათვის მოსარჩელე სს „ლ-------ი ბ----ს” სასარგებლოდ, 3838.50 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2915 ლარი, სარგებელი - 194.50 ლარი, ჯარიმა - 729 ლარი.

 

მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით:

 

2015 წლის 13 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელ თ-------ე თ---------ეზე გაიცა კრედიტი. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება კრედიტის დაფარვა უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხე თ-------ე თ---------ეს ერიცხება დავალიანება 3838.50 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2915 ლარი, სარგებელი - 194.50 ლარი, ჯარიმა - 729 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე თ-------ე თ---------ემ სარჩელის მოთხოვნა არ სცნო და განმარტა, რომ რაიმე დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ ერიცხება, ვინაიდან მოსარჩელესთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო გირავნობით. დავალიანების წარმოშობის გამო მოსარჩელემ გაყიდა გირავნობის საგანი 4640 ლარად, რაც სრულად უზრუნველყოფდა არსებული დავალიანების დაფარვას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 13 თებერვალს სს „ლ-------ი ბანკს“ და თ-------ე თ---------ეს შორის გაფორმდა #894152 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 5000 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა - 13.08.2015 წლამდე, სარგებელი - 48 %, პირგასამტეხლო - 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გასცა კრედიტი 5000 ლარის ოდენობით. მოპასუხე თ-------ე თ---------ემ კი, იკისრა ვალდებულება კრედიტის დაფარვა უზრუნველეყო ხელშეკრულების დანართი სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით.

 

3.2.2. საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 13 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა გირავნობის #894152 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გირავნობის უფლებით დაიტვირთა ავტომობილი - „მიცუბიში აუტლენდერი 2.4“, გამოშვების თარიღი - 2002წელი, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი - BG913GB, საიდენტიფიკაციო ნომერი 0JA4LZ41G23U020215.

 

3.2.3. 2015 წლის 13 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება გარიგებაში ცვლილებების შეტანის შესახებ #894152-0, რომლის მიხედვით ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 14 სექტემბრიდან 2016 წლის 15 თებერვლამდე. სარგებელი განისაზღვრა 48 %-ით, პირგასამტეხლო 0.5%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელი.

 

3.2.4. მოპასუხემ, 2016 წლის 4 თებერვლიდან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის დაფარვის ვალდებულების შეუსრულებლობაში. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს დაერიცხა დავალიანება 14 430.00 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა შეადგენდა - 5000 ლარს, სარგებელი - 2025 ლარს, ჯარიმა - 6875 ლარს.

 

3.2.5. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით, ბ----ს მიერ 4640 ლარად რეალიზებული იქნა უზრუნველყოფის საგანი -ავტომობილი - „მიცუბიში აუტლენდერი 2.4“. უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით დაიფარა სარგებელი (%) -2025 ლარი, ძირითადი თანხის ნაწილი - 2084 ლარი, აღსრულების ხარჯი - 530 ლარი, (მათ შორის გირავნობის მოწმობის საფასური, აღსრულების ხარჯი და ევაკუატორით მომსახურების საფასური). რაც შეეხება ჯარიმის თანხას ის მოპასუხე თ-------ე თ---------ეს ეპატია სრულად.

 

3.2.6. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგებმა თანხამ სრულად ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. დარჩენილი დავალინების ძირ თანხაზე გაგრძელდა სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა, საკრედიტო ხელშეკრულების 9.3.1. პუნქტის საფუძველზე.

 

3.2.7. მოპასუხე პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა კრედიტის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 13.02.2015 წლის #894152 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- #894152 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მნიშნველოვანი პირობები;

- #894152 გირავნობის ხელშეკრულება;

- გირავნობის საგნის აღწერა - დანართი #1;

- ავტოსესხის დაფარვის გრაფიკი;

- 13.08.2015 წლის შეთანხმება გარიგებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

- 13.08.2015 წლის სესხის დაფარვის გრაფიკი;

- გირავნობის მოწმობა;

- 06.09.2016 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;

- მიმართვის წერილები დავალიანების დაფარვის შესახებ;

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან;

- ინფორმაცია ავტოლომბარდის მიხედვით გაწეული ხარჯის შესახებ;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

 

3.2.8. მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაერთჯერადი დარღვევის გამო, მოსარჩელემ 2016 წლის 6 სექტემბერს შეწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 3838.50 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2915 ლარი, სარგებელი - 194.50 ლარი, ჯარიმა - 729 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საქმის განხილვის მდგომარეობით შეადგენს 3838.50 ლარს. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. მართალია, მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას არ ცნობს და მიიჩნევს, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად უზრუნველყოფდა იმ დროისათვის არსებული დავალიანების დაფარვას, მაგრამ ეს გარემოება არ დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლ-------ი ბ----ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-624-ე, 417-420; 867-868-ე, 873-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს დაყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით, არ უზრუნველყო კრედიტისა და დარიცხული სარგებლის შეთანხმებულ ვადაში დაბრუნება, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხისა და საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვს სასარჩელო წარმოების წესით.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ-------ე თ---------ემ მოსარჩელე კომპანიისაგან აიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, ბანკში თანხა შეეტანა იმ პირობების დაცვით, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თუმცა მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. დადგენილია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და მოსარჩელის მხრიდან, თანხის დროული დაფარვის შესახებ მოწოდების მიუხედავად, ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი, მოსარჩელეს ანიჭებს თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. იმავე კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, დაარღვია კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის პირობები. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს კრედიტის სახით მიღებული თანხა 2915 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი - 194.50 ლარი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული. მხარეები შეთანხმების მიხედვით კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვრა გადასახდელი თანხის 0.5 %-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 729 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, მოპასუხის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ კეთილსინდისიერად შეასრულა გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 7.29 ლარის ანაზღაურება,7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია, 115.16 ლარი. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 3116.79 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 93.50 ლარის ანაზღაურება, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს „ლ-------ი ბ----ს” მოთხოვნა, მოპასუხე თ-------ე თ---------ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.1. მოპასუხე თ-------ე თ---------ეს მოსარჩელე სს ”ლ-------ი ბ----ს” სასარგებლოდ, დაეკისროს 3116.79 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2915 ლარი, სარგებელი - 194.50 ლარი, პირგასამტეხლო - 7.29 ლარი.

 

2. მოპასუხე თ-------ე თ---------ეს მოსარჩელე სს ”ლ-------ი ბ----ს” სასარგებლოდ, დაეკისროს 93.50 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი