გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210016001515144
2-3028/16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17/01/2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - ს---–------ ა----–--ე, თ----- ა----–--ე, რ---- ა----–--ე, ი--- ა----–--ე, მ--–---- ა----–--ე და მ------- ა----–--ე
წარმომადგენელი - ქ------------------------------ე
მოპასუხე - ბ------ ა----–--ე
წარმომადგენელი - ვ---------–---------------------–--–--ე
დავის საგანი: ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1.სასარჩელო მოთხოვნა:
ს---–------ ა----–--ე, თ----- ა----–--ე, რ---- ა----–--ე, ი--- ა----–--ე, მ--–---- ა----–--ე და მ------- ა----–--ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვენ აღკვეთილი იქნას ბ------ ა----–--ის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კ--------ში მდებარე, №20.33.02.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უკანონო ხელყოფა. ამ მიზნით დემონტაჟი გაუკეთდეს ბ------ ა----–--ის მიერ აგებულ ღობეს და მიწის ნაკვეთი გათავისუფლდეს მისი მფლობელობისაგან.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კ--------ში მდებარე, №20.33.02.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3504 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოსარჩელეების საკუთრებადაა რეგისტრირებული. მიწის ნაკვეთიდან 800 კვ.მ. ფართობი დაკავებული აქვს ბ------ ა----–--ეს. მას სასაზღვრო მიჯნა აღმართული აქვს ისე, რომ მათი კუთვნილი 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოქცეულია მის მფლობელობაში. ბ------ ა----–--ე მიწის ნაკვეთს ნაბაყოფილებით არ ათავისუფლებს და ამ გზით არღვევს მის საკუთრების უფლებას. მოსარჩელეები მოითხოვნ ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთი გათავისუფლდეს სასაზღვრო მიჯნისაგან და მიწის ნაკვეთი ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.
2.მოპასუხის პოზიცია:
ბ------ ა----–--ე სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ სასაზღვრო მიჯნა სწორადაა მოწყობილი. სადაო 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მისი საკუთრებაა, შესაბამისად ის არაა მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთს დაუფლებული და მათ ხელს არ უშლის საკუთრების გამოყენებაში. მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კ--------ში მდებარე, №20.33.02.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3504 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მოსარჩელეების საკუთრებადაა რეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 1. ს.ფ. 17-18.
3.1.2. მოსარჩელეთა მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი ბ------ ა----–--ის საკუთრებადაა ეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 1. ს.ფ. 25-26.
3.1.3. მოსარჩელეებისა და მოპასუხის მიწის ნაკეთი ერთმანეთს ესაზღვრება. მათი ნაკვეთების გასამიჯნად ბ------ ა----–--ეს მოწყობილი აქვს ღობე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფაქტების კონსტანტაციის მასალა.ტ.1. ს.ფ. 254-260.
- ექსპერტიზის დასკვნა. ტ.2. ს.ფ. 8-25
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებებაა:
- სასაზღვრო მიჯნის მოწყობა საზღვარზე;
- მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მფლობელობის საკითხი.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ ორი გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სადაო 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით, მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ სადაო ნაკვეთი თითეული მათგანის საკუთრებაა. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში დასახელებული ფაქტების არსებობას.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს უნდა დაეკისროთ დაამტკიცონ, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის ხელშეშლის აღკვეთასაც მოითხოვენ მათი საკუთრებაა. აღნიშნული გარემოების დადგენა გადაწყვეტს სასაზღვრო მიჯნის საზღვარზე განლაგების საკითხსაც. დასახელებული გარემოების დადგენა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ამონაწერით, აზომვითი ნახაზით და ექსპერტიზის დასკვნით. მისი დადგენისათვის სამივე მტკიცებულების ერთობლიობაა საჭირო. თუ მიწის ნ
3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.6. მოსარჩელეებმა სადაო 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე მათი საკუთრების უფლების გავრცელების დასამტკიცებლებად წარმოადგინეს ზეპირი განმარტება. მოპასუხის წარმომადგენლებმა მოსარჩელის ზეპირი განმარტება, ზეპირი განმარტებითვე უარყვეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოსარჩელეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.
3.2.7. მოსარჩელეებმა მტკიცების ტვირთის დაძლევისა და ზეპირი განმარტების გამყარების მიზნით, წარმოადგინეს საჯარო რეესტრის ამონაწერი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება, ბ------ ა----–--ის საკუთრების უფლების ამსახველი საჯარო რეესტრის ამონაწერი, ნასყიდობის ხელშეკრულება და აზომვითი ნახაზი. აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელეების საკუთრებად რეგისტრირებულია 3504 კვ.მ მიწის ნაკვეთი (რეგისტრაცია განხორციელდა 2009 წელში), ხოლო მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულია 2100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წელში). დასახელებული ნაკვეთები მდებარეობს ერთმანეთის მეზობლად. 2010 წლის მდგომარეობით მხარეებს შორის სადაო გახდა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. უფრო კონკრეტულად, სადაო იყო აზმოვითი ნახაზის მეშვეობით 813 კვ.მ. ნაკვეთის რეგისტრაციის ფაქტი. ორივე მხარე ამტკიცებდა რომ 813 კვ.მ. ფართი მათი საკუთრება იყო. საბოლოო ჯამში მხარეები მორიგდნენ. ბ------ ა----–--ე დაეთანხმა სადაო 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 137 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მიიღოს საკუთრებაში და ამით დავა დასრულდეს. თავის მხრივ ს---–------ ა----–--ეს საკუთრებაში დარჩება სადაო 663 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები უნდა დარეგისტრირებულიყო მორიგების აქტზე თანდართული ნახაზის მიხედვით. მხარეთა მორიგების საფუძველზე 2010 წლის 24 თებერვალს საქმის წარმოება შეწყდა.
იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერები. ტ.1. ს.ფ. 17, 25.
იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება.ს.ფ. 19-24
იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 27-29
იხ. აზომვითი ნახაზი. ტ.1. ს.ფ. 31-32.
იხ. მორიგების აქტი. ტ.1. ს.ფ. 117-118
3.2.8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება არ აღსრულებულა. მხარეები იმ მოცემულობის მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებად არიან რეგისტრირებულები, როგრც ეს იყო 2010 წლის მდგომარეობით.
იხ. მხარეთა განმარტებები და საჯარო რეესტრის ამონაწერები.
3.2.9. დავის გადაწყვეტისათვის მიშვნელოვანი საკითხია ვის ეკუთვნის ის 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც მოქცეულია ბ------ ა----–--ის მიერ აღმართული ღობის შიგნით ბ------ ა----–--ის მხარეს და რომლის გამოთხოვებასაც ითხოვენ მოსარჩელეები. ამ მიზნით საქმეზე ჩატარებული იქნა საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი კითხვები:
ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--------ში, მოსარჩელეები ფლობენ თუ არა №20.33.02.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს სრულად. დადებით შემთხვევაში რა ფართს ფლობენ და რა ფართს ვერ ფლობენ?
ბ) №20.33.02.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილს ფლობს თუ არა მოპასუხე?
გ) მოსარჩელეებისა და მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამყოფი ღობე, ვის კუთვნილ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და ღობიდან მოპასუხის მხარეს არის თუ არა მოსარჩელის მიწის ნაკვეთი?
საკითხის გადასაწყვეტად ექსპერტმა ადგილზე შეისწავლა მიწის ნაკვეთების განლაგება და შეადარა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. საექსპერტო კვლევით დაადგინა, რომ №20.33.02.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილს - 773. 34 კვ.მ. ფართობს ფლობს ბ------ ა----–--ე. ის ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არაა. თავის მხრივ ბ------ ა----–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 12.88 კვ.მ. ფართობს ფლობს ს---–------ ა----–--ე. მოსარჩელეებსა და მოპასუხის მიწის ნაკვეთების გამყოფი ღობე განთავსებულია მოსარჩელეების კუთვნილ მიწის ნაკვეთში და ამ გზით მოპასუხეს თავის ნაკვეთთან გაერთიანებული აქვს მოსარჩელეთა კუთვნილი 773.34 კვ.მ ფართობი. მიწის ნაკვეთის სხვა უბანში კი მოპასუხის კუთვნილი 12.88 კვ.მ. ფართობი გაერთიანებულია მოსარჩელეთა საკუთრებასთან.
იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტ.1. ს.ფ. 210-216
3.2.10. სასამართლო განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის კუთვნილება და მფლობელობა ფაქტობრივი გარემოებებაა. მის დამტკიცებაში, მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სავსებით შესაძლებელია მოპასუხე ფლობდეს იმ ფართს, რაც არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ან კიდე ღობის სახით აღმართული სასაზღვრო მიჯნა განლაგებული იყო იმ ადგილას, სადაც მთავრდება მოსარჩელეების საკუთრება და იწყება მოპასუხის ან სხვა პირთა საკუთრება, მაგრამ ასეთი ფაქტის არსებობას სჭირდება დამტკიცება. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით და აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ მოსარჩელეების საკუთრებადაა რეგისტრირებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კ--------ში მდებარე, №20.33.02.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3504 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საქმეზე ჩატარებული საექსპერტო კვლევებით დგინდება, რომ დასახელებული ნაკვეთიდან 773. 34 კვ.მ. დაკავებული აქვს ბ------ ა----–--ეს. მას მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაკავებული აქვს ღობის სახით მოწყობილი მიჯნით. სასამართლო მიიჩნევს, რომ აზომვითი ნახაზი, საჯარო რეესტრის ამონაწერი და ექსპერტიზის დასკვნა საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნიოს ის გარემოება, რომ ღობის მეშვეობით მოპასუხეს შემოკავებული აქვს მოსარჩელის კუთვნილი 773.34 კვ.მ. ფართობი.
იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტ. 2 ს.ფ. 26-33
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. აღკვეთილი მუნდა იქნას მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ქონება მოსარჩელეს უნდა გადაეცეს თავისუფალ მდგომარეობაში.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.
2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.
6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).
6.3. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში იმპერატიულად აღნიშნულია: - „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კ--------ში მდებარე, №20.33.02.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3504 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მათ საკუთრებადაა რეგისტრირებული. მიწის ნაკვეთის ნაწილს მათი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე. მას აღმართული აქვს ღობე, დასაკუთრებული აქვს 800 კვ.მ. ფართობი და არ აძლევს მისი სარგებლობის საშუალებას, ანუ ხელყოფს მისი საკუთრების უფლებას. მოითხოვენ აღიკვეთოს მათი ქონების უკანონო ხელყოფა, დემონტაჟი გაუკეთდეს ღობეს და მიწის ნაკვეთი ჩაბარდეთ თავისუფალ მდგომარეობაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს უფლება აქვთ მოითხოვონ მართლმსაჯულების განხორციელება, საკუთრების უფლების დაცვა და საკუთრების ხელყოფის გზით დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართონ სასამართლოს და მოითხოვონ საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა.
6.4. მხარეთა ყურადღებას სასამართლო მიაქცევს შემდეგ ნორმებზე:
სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”.
საქართველოს სამოქალაქო კოდესის 312-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა”.
ასევე საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მეორე და მესამე მუხლების შინაარსზე, რომლის მიხედვიტაც ,,საკადასტრო გეგმა და საკადასტრო რუკა გაიცემა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მიწის ნაკვეთის და ნაგებობების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.
საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა–ნაგებობებისა (მათ შორის, მშენებარე) და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა)”.
დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერით. ითვლება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ასეთადაა რეესტრში რეგიტრირებული. ის მესაკუთრედ ითვლება მანამ, სანამ არ დადგინდება, რომ ჩანაწერი მისი საკუთრების შესახებ უზუსტოა. საჯარო რეესტრის მონაცემთა ბანკი შეიცავს მონაცემებს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების შესახებ. მათ შორის მონაცემებს თუ რა საზღვრებში მოქცეული ქონება წარმოადგენს მოსარჩელეების ან მოპასუხის საკუთრებას. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის, აზომვითი ნახაზისა და საკადასტრო გეგმის მიხედვით, მხარეთა საკუთრების უფლება არაა იმ საზღვრებში, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. დღეისათვის მხარეებს განსხვავებულ საზღვრებაში აქვთ მიწის ნაკვეთები დაკავებული. როგორც წესი მხარეთა მიწის ნაკვეთებს შორის სასაზღვრო მიჯნა უნდა არსებობდეს იმ ადგილას, სადაც მთავრდება მოსარჩელის საკუთრება და იწყება მოპასუხეთა საკუთრება. მიჯნის ადგილის განსაზღვრა მხარეთა ნებაზე არაა დამოკიდებული. იგი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისი უნდა იყოს. არაა აუცილებელი მიჯნა გამოკვეთილი იყოს. იგი შეიძლება პირობითიც იყოს და მხოლოდ ერთი ნაკვეთის დასრულებისა და მეორე ნაკვეთის დასაწყისის ადგილას პირობითად იყოს განსაზღვრული. წინამდებარე შემთხვევაშიც მხარეთა შორის მიჯნის ადგილია ის ადგილი, სადაც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მთავრდება მოსარჩელეების მიწის ნაკვეთი და იწყება მოპასუხის მიწის ნაკვეთი. მიჯნას, ამჟამად ასეთი მდგომარეობა არ აქვს. ხელოვნური საზღვარი - მოპასუხის მიერ (შეიძლება სხვა პირის მიერ აგებული) გავლებული ღობე გადის მოსარჩელის მიწის ნაკვეთში და ღობის მეშვეობით თავის მიწის ნაკვეთთან გაერთიანებული აქვს მოსარჩელის კუთვნილი 773.34 კვ.მ ფართობი. მოპასუხე ამტკიცებს, რომ ღობე სწორედ იმ ადგილასაა გავლებული, სადაც მხარეთა საზღვარი უნდა იყოს. სასამართლო მოპასუხის ამ არგუმენტებს არ იზიარებს საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრინციპიდან გამომდინარე. საჯარო რეესტრის ჩანაწერს ახაიათებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია, რაც ნიშნავს მას, რომ მოსარჩელისა და მოპასუხეების მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და საზღვრები სწორადაა რეგისტრირებული მანამ, სანამ არ დადგინდება საწინააღმდეგო. მოპასუხე რეგისტრირებული მონაცემების წინააღმდეგ წინამდებარე საქმეში არ დაობს. შესაბამისად სწორ მონაცემებად მიჩნეული უნდა იქნას ის მონაცემები, რაც რეესტრშია რეგისტრირებული. ნაკვეთების ფაქტობრივი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები ერთმანეთს არ შეესაბამება. აღნიშნულის გამო არსებობს სასაზღვრო მიჯნის სხვა ადგილას განსაზღვრის საფუძველი. მიჯნა იმ ადგილას არაა, სადაც მხარეთა მიწის ნაკვეთები ესაზღვრება ერთმანეთს. აღნიშნულის გამო სარჩელი ღობის დემონტაჟის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ღობის დემონტაჟითაა შესაძლებელი მიჯნის სათანადო ადგილას აღმართვა. მისი დემონტაჟის გარეშე მოსარჩელეთა საკუთრების უფლება ვერ აღსდგება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოში ისე სხვა ევროპულ ქვეყნებში საკუთრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს - მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას.
მფლობელობა ეს არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არ თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც.
6.6. მოსარჩელეების მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო, არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება საქართვეოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. დადგენილია, რომ მოპასუხე არ არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კ--------ში მდებარე, №20.33.02.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3504 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. მიუხედავად ამისა ის ფლობს მოსარჩელეთა კუთვნილ 773.34 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. მისი მფლობელობის წინააღმდეგი არიან მოსარჩელეები, რომელთაც მოპასუხის გამო ხელი ეშლებათ ქონებით სარგებლობაში. თავის მხრივ მოპასუხეს არ აქვს ამ ქონების ფლობის უფლება. ის არ არის ქონების მართლზომიერი მფლობელი, ამიტომაც მისი ზემოქმედებისაგან უნდა გათავისუფლდეს მოსარჩელეების კუთვნილი 773.34 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. დასახელებული ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრეებისათვის გადაცემით აღსდგება მოსარჩელეების საკუთრების უფლება. სასამართლო პატივს სცემს მოპასუხის ინტერესსაც, მაგრამ კანონი უპირატესობას ანიჭებს მესაკუთრეს. არამესაკუთრესთან შედარებით, მესაკუთრეს უძრავი ქონების მართვის უპირატესი უფლება აქვს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს მესაკუთრეს და მისი საკუთრების უფლება უნდა იქნას დაცული. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის უკანონო ხელშეშლის აღკვეთას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟი შეადგენს 120 ლარს. მოსარჩელეს ბაჟის თანხა წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის თანხის ანაზღაურება.
7.2. მოსარჩელე მოითხოვს აუნაზღაურდეს მინდობილობის მიღებისათვის გადახდილი 61 ლარი, მტკიცებულების მოპოვებისათვის გადახდილი 15.50 ლარი, გზავნილის ჩბარებისათვის გადახდილი 3 ლარი, ფაქტების კონსტანტაციისათვის გადახდილი 100 ლარი, აზომვითი ნახაზის შედგენისათვის გადახდილი 80 ლარი, ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გადახდილი 620 ლარი და საადვოკატო ხარჯები 500 ლარის ოდენობით, სულ ჯამში 1499.5 ლარი. მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელემ წარმოადგინა საადვაკატო მომსახურებისათვის და მტკიცებულებების შეგროვებისათვის გადახდილი 1499.5 ლარის მტკიცებულებები, რაც ადასტურებს მის მიერ საპროცესო ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქმის სირთულის მიხედვით სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯები, ასევე სხვა საპროცესო ხარჯები უნდა ანაზღაურდეს სრულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. აღკვეთილი იქნას ბ------ ა----–--ის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კ--------ში, №20.33.02.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3504 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ხელყოფა და ამ მიზნით დემონტაჟი გაუკეთდეს 2017 წლის 3 ოქტომბრის №5005557317 ექსპერტიზის დასკვნის №3 და №4 დანართში მითითებულ და სასაზღვრო მიჯნად გამოყენებულ იმ ღობეს, რომლითაც მოსარჩელეთა კუთვნილი 773.34 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაერთიანებულია მოპასუხის ნაკვეთთან. ღობის დემონტაჟის შემდეგ დასახელებული 773.34 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოსარჩელეებს ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.
3. ბ------ ა----–--ეს დაეკსროს მოსარჩელეებს ანაზრაუროს მათ მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 120 ლარი, ასევე სხვა საპროცესო ხარჯი ჯამში 1499.5 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე