გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2018
საქმის ნომერი
190210017002185456
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2653-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.01.2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ე---–-- ა--------ა

წარმომადგენელი ხატია კვასტიანი

მოპასუხე ნ------ ა--------ი

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნ------ ა--------ისათვის არასრულწლოვანი შვილების 2003 წლის 27 ა--------ს დაბადებული აინური ა--------ას და 2006 წლის 8------ს დაბადებული ალვინა ა--------ას სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის თითოეულისათვის 200 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი 2003 წლის 27 ა--------ს დაბადებული აინური ა--------ას და 2006 წლის 8------ს დაბადებული ალვინა ა--------ა. 2016 წელს მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა, რის შემდეგ ცხოვრობს მშობლების სახლში ბავშვებთან ერთად. მოპასუხე არ ეხმარება შვილების რჩენაში. მას კასპის რაიონში გააჩნია საკუთარი სახლი, დაკავებულია სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სახის პროდუქციის რეალიზაციით და აქვს სტაბილური შემოსავალი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა და თანხმობა განაცხადა შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ყოველთვიურად 50-50 ლარი. მოპასუხის განმარტებით, მას საკუთრებაში რაიმე ქონება არ გააჩნია, სტაბილური სამსახური არა აქვს. მუშაობდა პოლიციაში, ამჟამად კი არსად მუშაობს. ქორწინების პერიოდში გარდაბანში შეიძინას ბინა, რაზეც პრეტენზია არ განუცხადებია მისი შვილებისთვის სარგებლობის მიზნით. მას პირადად არა აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან სახლი საკუთრებაში. ოჯახის დანგრევის შემდეგ ცხოვრობს კასპში მშობლებთან, იხდის ქორწინების პერიოდში აღებულ ვალებს, რის გამოც ამ ეტაპზე შვილების რჩენისათვის 400 ლარის ალიმენტის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა არა აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდაო გარემოებები

 

3.1.1. ე---–-- ა--------ასა და ნ------ ა--------ს ჰყავთ ორი არასრულწოვანი შვილი 2003 წლის 27 ა--------ს დაბადებული აინური ა--------ა და 2006 წლის 8------ს დაბადებული ალვინა ა--------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- დაბადაბის მოწმობების ასლები (ს.ფ. 15-16)

- სარჩელი (ს.ფ. 2-8. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 25-29. ტომი 1)

 

3.1.2. 2016 წლიდან ე---–-- ა--------ა და ნ------ ა--------ი ცხოვრობენ ცალცალკე. მათი არასრულწლოვანი შვილები აინური ა--------ა და ალვინა ა--------ა ცხოვრობენ დედასთან მოსარჩელე ე---–-- ა--------ასთან მის საცხოვრებელ ადგილზე ქალაქ გარდაბანში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 2-8. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 25-29. ტომი 1)

 

3.1.2. ე---–-- ა--------ა ამჟამად დასაქმებული არ არის. მას ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 2-8. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 25-29. ტომი 1)

 

3.1.3. ნ------ ა--------ი ამჟამად დასაქმებული არ არის. მას ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მხარეთა განმარტებები (18.01.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

- სარჩელი (ს.ფ. 2-8. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 25-29. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.2. ნ------ ა--------ი არ განიცდის ფინანსურ გაჭირვებას. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლია დასაქმდეს და მიიღოს საკუთარი თავის და შვილის რჩენისათვის აუცილებელი სახსრები.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ------ ა--------იას მძიმე ფინანსური მდგომარეობა, მისი მატერიალური სიდუხჭირე. მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ მოპასუხე არ მუშაობს, სტაბილური სამსახური და ყოველთვიური ხელფასი არა აქვს. მას საკუთრებაში არა აქვს მიწის ნაკვეთი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული გარემოებები არ არის საკმარისი საფუძველი იმის მტკიცებისათვის, რომ იგი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია და არ შეუძლია შვილის სათანადოდ რჩენა.

 

მართალია მოპასუხე არსად მუშაობს, მაგრამ არის ჯანმრთელი. შესაბამისად, არის შრომისუნარიანი და აქვს უნარი და შესაძლებლობა გამოიმუშავოს როგორ საკუთარი თავის ისე, მცირეწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრები.

 

მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის შეფასების დროს გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მისი ოჯახი არ იღებს საარსებო შემწეობას. მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს, რომ არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ იღებს საარსებო შემწეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტებები (18.01.2018წ სხდომის ოქმი ჩD დისკი)

- შესაგებელი (ს.ფ. 27-29. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 120 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა დამატებითი ხარჯების დაკისრების შესახებ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.

· გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“

· ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპიტარესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავინთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.

 

მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.

 

მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 50 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა მისი მატერიალური და ოჯახური პირობების გათვალისწინებით არაგონივრულად მცირე ალიმენტის თანხაა.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ალვინა ახმდეობა არის 11 წლის ასაკის, ხოლო აინური ახმეოდვა 13 წლის ასაკის. მათ სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროებათ მატერიალური უზრუნველყოფა, ბავშვებდ მოზარდი ასაკის გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და სასწავლო ნივთები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა კი მხოლოდ დედის მიერ ვერ მოხდება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა, მისი მატერიალური მდგომარეობა, რაც მის სიდუხჭირეზე მიუთითებს და ასაბუთებს, რომ მოპასუხეს 50 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილის რჩენისათვის არ შეუძლია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის დასადგენად გასათვალისწინებელია მშობლების უნარები და ქონებრივი მდგომარეობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი ოჯახური და ფინანსური მდგომარეობა არის ამ საკითხის გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი გარემოება და მხოლოდ ამის გამო შეიძლება შემცირდეს ალიმენტის ოდენობა.

 

ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.

 

1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (Nო.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, Nო. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.

 

ამდენად, შვილების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა არის მშობლის ძირითადი ვალდებულება, რასაც არ ამცირებს მშობლების სხვა ფინანსური ვალდებულებების არსებობა და დროებით უმუშევრობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

 

მოსარჩელე დასაქმებული არ არის, ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს, იგი ზრუნავს ორ არასრულწლოვან შვილზე დამოუკიდებლად, მეუღლის დაუხმარებლად, მას უწევს ბავშვების სარჩენად ყოველდღიურად ხარჯების გაღება და მათზე ზრუნვა.

 

განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. შვილების აღზრდა არის მშობლის მთავარი ვალდებულება. დაუშვებელია მშობლების დაშორება გახდეს ბავშვების მატერიალური უზრუნველყოფის შემცირების მიზეზი. დაშორების შემთხვევაშიც მშობლებმა უნდა უზრუნველყონ შვილების რჩენა მათი შესაძლებლობის ფარგლებში.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, ალიმენტის მომთხოვნ მშობელს შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად შვილის რჩენა ან რა ფარგლებში შეუძლია მას მეორე მშობელთან ერთად მატერიალური სახსრების გაღება შვილის სარჩენად. ზემოთმითითებული გარემოებების გამო მოსარჩელეს დამოუკიდებლად ან მინიმალური დახმარებით (თვეში 50 ლარის ალიმენტის გადახდით) არ შეუძლია შვილების სათანადოდ მატერიალური უზრუნველყოფა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის მოთხოვნილი ალიმენტის თვეში საერთო ჯამში 400 ლარის დაკისრების საფუძველი არ არსებობს. ალიმენტის გადახდა ემსახურება პირის რჩენის უზრუნველყოფას. დადგენილი ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, რადგან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია მისი შეცვლა მხარეთა მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში (სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლი). კანონის თანახმად, ალიმენტის ოდენობა უნდა იყო გონივრული და სამართლიანი, შესაბამისად საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, რეალურად რა ოდენობის თანხის გადახდა შეუძლია მოპასუხეს. ალიმენტის მიმღების ინტერესია რეალურად მიიღოს თანხა და იგი რეალურად მოხმარდეს შვილის აღზრდას. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს სტაბილური შემოსავალი, ყოველთვიური ხელფასი არა აქვს, მისთვის ყოველთვიურად 400 ლარის დაკისრება მოპასუხის რეალურ მატერიალურ მდგომარეობასთან აშკარად შეუსაბამო ვალდებულების დაკისრება იქნება.

 

ამავდროულად სასამართლო არაგონივრულად მცირე თანხად მიიჩნევს საალიმენტო ვალდებულების 50 ლარით განსაზღვრას. ის ფაქტი, რომ მოპასუხე სტაბილურად დასაქმებული არ არის ალიმენტის ოდენობით მნიშვნელოვნად შემცირების საფუძველი არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი შემცირება შესაძლებელია ალიმენტის გადამხდელის ავადმყოფობის ან სხვა საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც პირს არ შეუძლია შვილის რჩენისათვის სახსრების გაღება, რადგან თავად საჭიროებს მატერიალურ ან ფიზიკურ დახმარებას. ასეთი გარემოებებია მძიმე ავადმყოფობა, უკიდურესი სოციალური გაჭირვება. მოპასუხეს ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს, იგი შრომისუნარიანია და აქვს შესაძლებლობა დასაქმდეს, არჩინოს როგორც საკუთარი თავი და ოჯახის წევრები, ისე მისგან განცალკევებით მცხოვრები არასრულწლოვანი შვილები. იგი ყოველდღიურად მისი აღზრდის პროცესში არ მონაწილეობს, ყოველდღიურად ხარჯების გაწევა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა არ უწევს, ეს საკითხები მთლიანად მოსარჩელის გადასაწყვეტია. მოპასუხის ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მას ამჟამად სტაბილური შემოსავალი არა აქვს, ყოველთვიურად ორივე შვილისათვის ალიმენტის 200 ლარის გადახდა გონივრულია, რადგან მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა გამოიმუშავოს ყოველთვიურად ეს თანხა და დაეხმაროს მეორე მშობელს ბავშვის აღზრდაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 24 ნოემბრიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 2400 ლარს, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 100 ლარს.

 

მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თანხმობა განაცხადა ალიმენტის საერთო ჯამში 100 ლარის გადახდაზე, რაც არის დაკისრებული თანხის ნახევარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. ამ ნორმების საფუძველხე მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 50 ლარი. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ე---–-- ა--------ას სარჩელი;

 

1.1. ნ------ ა--------ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების 2003 წლის 27 ა--------ს დაბადებული აინური ა--------ას და 2006 წლის 8------ს დაბადებული ალვინა ა--------ას სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის თითოეულისათვის 100 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2017 წლის 24 ნოემბრიდან;

 

2. ნ------ ა--------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი