გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/4962-17
20 დეკემბერი, 2017 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი თამუნა დემურაშვილი
მოსარჩელე - ედ-------------ე
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - მა------------–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №ME--------------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ედ-------------ის მიერ 2004-2008 წლებში ბათ------------------რ ინსტიტუტში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ფორმალური და მატერიალური კანონიერება, იგი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1995 წლის 13 ივლისის უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზიით ნება დართო პე---------------–------–----------–---------------------------------ის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას რეგისტრაციაში გაეტარებინა ბათ------------------რი ინსტიტუტი, როგორც არასახელმწიფო საერო უმაღლესი სასწავლებელი.
ქ. ბათუმის სასამართლოს 1996 წლის 10 დეკემბრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს „ბა------------------------–------------------------------ი“, რომელიც ფუნქციონირებდა საქართველოს განათლების სამინისტროს 1995 წლის 13 ივლისის უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზიის საფუძველზე.
საქართველოს განათლების სამინისტროს 1999 წლის 22 დეკემბრის №------------- ლიცენზიით ბათ----------------------–-------------რ ინსტიტუტს - არასახელმწიფო საერო უმაღლეს სასწავლებელს, ამავე სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 1999 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით (ოქმი №26) უფლება მიეცა 1999-2000 სასაწავლო წლიდან კადრები დამატებით მოამზადოს ორ სპეციალობაში: 1. უცხო ენა და ინფორმატიკა; 2. დაწყებითი განათლების პედაგოგიკა , მეთოდიკა და ინფორმატიკა.
საქართველოს განათლების სამინისტროს 2003 წლის 20 მაისის უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამის №------------- ლიცენზიით შპს „ბა------------------------–--------------რ ინსტიტუტს“ უფლება მიეცა განახორციელოს უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამა შემდეგი სპეციალობებით: 1. განათლების ეკონომიკა და მენეჯმენტი, 2. რელიგიათმცოდნეობა და მითოლოგია; 3. ჟურნალისტიკა.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №1-19/40 გადაწყვეტილებით, შპს ბათ------------------რ ინსტიტუტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული დაწესებულების მიერ 2007-2008 სასწავლის წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, შპს ბათ----------------------–-----------------მა ინსტიტუტმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიმში, ხოლო 2015 წლის 23 იანვრის №40928 წერილით აცნობა, რომ მან ლიცენზირებულ რეჟიმში საქმიანობა დაასრულა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს განათლების სამინისტროს 1995 წლის 13 ივლისის უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზია (ს.ფ. 130);
- ქ. ბათუმის სასამართლოს 1996 წლის 10 დეკემბრის დადგენილება (ს.ფ. 136-137);
- საქართველოს განათლების სამინისტროს 1999 წლის 22 დეკემბრის №------------- ლიცენზია (ს.ფ. 141);
- შპს ბათ------------------რ ინსტიტუტის რექტორის 2003 წლის 10 აპრილის №17 წერილი (ს.ფ. 134);
- საქართველოს განათლების სამინისტროს 2003 წლის 20 მაისის უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამის №------------- ლიცენზია (ს.ფ. 133);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 02 მარტის №MES 6 17 00206461 სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 96-98).
3.2. ბათ------------------რი ინსტიტუტის რექტორის 2004 წლის 30 აგვისტოს №1 ბრძანებით, მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ედ-------------ე ჩაირიცხა რელიგიათმცოდნეობისა და მითოლოგიის ფაკულტეტის პირველ კურსზე.
ედ-------------ე ბათ------------------რი ინსტიტუტის რექტორის 2005 წლის 01 აგვისტოს №2 ბრძანებით გადავიდა სწავლების მე-2 კურსზე, ბათ------------------რი ინსტიტუტის რექტორის 2007 წლის 01 ივლისის №3 ბრძანებით - სწავლების მე-3 კურსზე. ამავე დროს, ბათ------------------რი ინსტიტუტის რექტორის 2007 წლის 16 აგვისტოს №37 ცნობით დადასტურდა, რომ ედ-------------ე სწავლობს ბათ------------------რ ინსტიტუტში დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის მე-4 კურსზე.
კერძო სამართლის იურიდიული პირის - ბათ------------------რი ინსტიტუტის დაწყებითი განათლების ფაკულტეტის 2008 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ედ-------------ეს მიენიჭა დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ბათ------------------რი ინსტიტუტის ჩათვლის წიგნაკი (ს.ფ. 15);
- ბათ------------------რი ინსტიტუტის რექტორის 2004 წლის 30 აგვისტოს №1 ბრძანება (ს.ფ. 18);
- ბათ------------------რი ინსტიტუტის რექტორის 2005 წლის 01 აგვისტოს №2 ბრძანება (ს.ფ. 17);
- ბათ------------------რი ინსტიტუტის რექტორის 2007 წლის 16 აგვისტოს №37 ცნობა (ს.ფ. 20);
- ედ-------------ის სახელზე გაცემული დიპლომი A--------- (თარიღი: 20.06.2008წ.) (ს.ფ. 26).
3.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 21 მაისის №MES7 1---------- გადაწყვეტილებით ედ-------------ეს უარი ეთქვა ბათ------------------რ ინსტიტუტში მიღებული განათლებისა და შესაბამისად, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ ბათ------------------რი ინსტიტუტის მიერ 2008 წლის 20 ივნისს მინიჭებული კვალიფიკაცია და ამის საფუძველზე გაცემული დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მხრიდან.
მტიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ედ-------------ის 2015 წლის 13 მაისის განცხადება (ს.ფ. 70-71);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 21 მაისის №MES7 1---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 34-35).
3.4. დადგენილია, რომ ედ-------------ემ 2017 წლის 16 მაისს განმეორებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოწმეების მ--–------------ს, რ-------------ა და უშ--------------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების (რეგ. №107516939, თარიღი: 15.05.2017წ.) საფუძველზე მოითხოვა მის მიერ 2004-2008 წლებში ბათ------------------რ ინსტიტუტში მიღებული განათლების აღიარება.
მ--–------------მ, რ------------მ და უშ--------------ემ სანოტარო წესით დამოწმებული (რეგ. №107516939, თარიღი: 15.05.2017წ.) განცხადებით დაადასტურეს, რომ ედ-------------ე 2004 წლიდან ნამდვილად სწავლობდა ბათ------------------რ ინსტიტუტში, დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2008 წელს და მიენიჭა დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია. აღნიშნულის შესაბამისად, 2008 წლის 20 ივნისს გაიცა დიპლომი A---------.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 16 ივნისის №ME--------------- გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ედ-------------ეს კვლავ უარი ეთქვა ბათ------------------რ ინსტიტუტში მიღებული განათლების აღიარებაზე, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი არ ცვლიდა ფაქტობრივ მდგომარეობას.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ედ-------------ის 2017 წლის 16 მაისის განცხადება (ს.ფ. 91);
- მ--–------------ს, რ-------------ა და უშ--------------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (რეგ. №107516939, თარიღი: 15.05.2017წ.) (ს.ფ. 93-95);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 16 ივნისის №ME--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 38-39).
3.5. ედ-------------ე 2008-2013 წლებში მუშაობდა სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლაში, მასწავლებლად, ხოლო 2013 წლიდან დღემდე (12.07.2017წ.) - სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის №1 საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების პედაგოგად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის 2017 წლის 05 ივლისის №MES 2 17 00785771 ცნობა (ს.ფ. 32);
- სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის №1 საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 12 ივლისის №11 ცნობა (ს.ფ. 33).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ედ-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი’’. საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი” (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1 საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - ედ-------------ის უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
ვინაიდან, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №ME--------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეამოწმოს მისი კანონშესაბამისობა ფორმალური და მატერიალური კანონიერების გათვალისწინებით.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება და სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულია განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს, ყოველი პირისათვის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
6.3. სასამართლო მიუთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომში - ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის - განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 251-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ასევე ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ედ-------------ის 2015 წლის 13 მაისის განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის მიერ 2004-2008 წლებში ბათ------------------რ ინსტიტუტში მიღებული განათლების აღიარება. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 21 მაისის №MES7 1---------- გადაწყვეტილებით ედ-------------ეს უარი ეთქვა ბათ------------------რ ინსტიტუტში მიღებული განათლებისა და შესაბამისად, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების აღიარებაზე.
ასევე, დადგენილია, რომ ედ-------------ემ 2017 წლის 16 მაისს განმეორებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოწმეების: მ--–------------ს, რ-------------ა და უშ--------------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების (რეგ. №107516939, თარიღი: 15.05.2017წ.) საფუძველზე მოითხოვა მის მიერ 2004-2008 წლებში ბათ------------------რ ინსტიტუტში მიღებული განათლების აღიარება. მ--–------------მ, რ------------მ და უშ--------------ემ სანოტარო წესით დამოწმებული (რეგ. №107516939, თარიღი: 15.05.2017წ.) განცხადებით დაადასტურეს, რომ ედ-------------ე 2004 წლიდან ნამდვილად სწავლობდა ბათ------------------რ ინსტიტუტში, დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2008 წელს და მიენიჭა დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია. აღნიშნულის შესაბამისად, 2008 წლის 20 ივნისს გაიცა დიპლომი A---------. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა 2017 წლის 16 ივნისის №ME--------------- გადაწყვეტილებით ედ-------------ეს კვლავ უარი უთხრა ბათ------------------რ ინსტიტუტში მიღებული განათლების აღიარებაზე.
6.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი’’, რომელიც არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება (შემდგომში – უმაღლესი განათლების აღიარება) გულისხმობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ, რომლის სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ სრულად/ნაწილობრივ, მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენას სახელმწიფოს მიერ აღიარებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.
ამავე წესის ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს თან უნდა ახლდეს ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტი/ცნობა ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლი ამ დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის, ასევე ამორიცხვის ან სწავლის დასრულების თაობაზე და სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების ან/და შეფასებების მითითებით. ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით კი პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. აღნიშნულ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი, ამ პირის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას. განცხადება ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თანდართული დოკუმენტები ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის მეშვეობით, ქართულ ენაზე (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე).
სასამართლო მიუთითებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-5 მუხლზე, რომლის პირველ პუნქტი ადგენს საქართველოში მიღებული განათლების აღიარების სხვა შემთხვევებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანთლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ, ცენტრს ჰქონდა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის როგორც საგნობრივი, ასევე ტერიტორიული უფლებამოსილება. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტები, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. აღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” რეგულირებული საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების მიერ მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობა იმთავითვე გულისხმობს მათ მიერ მიღებული განათლების შესახებ სრულყოფილი დოკუმენტაციის არარსებობის შესაძლებლობას, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ბრძანებით რეგლამენტირებული განათლების აღიარების მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნული პირების მიერ მიღებული განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა სწორედ ამ პირობებში.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავოდ ქცეული აქტისა და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, მოსარჩელის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ შპს ბა------------------------–------------------------------ის მიერ 2004-2008 წლებში განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა არ არის აღიარებული სახელმწიფოს მხრიდან.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, დადგენილია, რომ
უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1995 წლის 13 ივლისის უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზიით ნება დართო პე---------------–------–----------–---------------------------------ის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას რეგისტრაციაში გაეტარებინა ბათ------------------რი ინსტიტუტი, როგორც არასახელმწიფო საერო უმაღლესი სასწავლებელი. ასევე, დადგენილია, რომ ქ. ბათუმის სასამართლოს 1996 წლის 10 დეკემბრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს „ბა------------------------–------------------------------ი“, რომელიც ფუნქციონირებდა საქართველოს განათლების სამინისტროს 1995 წლის 13 ივლისის უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზიის საფუძველზე.
საქართველოს განათლების სამინისტროს 1999 წლის 22 დეკემბრის №------------- ლიცენზიით ბათ----------------------–-------------რ ინსტიტუტს - არასახელმწიფო საერო უმაღლეს სასწავლებელს, ამავე სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 1999 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით (ოქმი №26) უფლება მიეცა 1999-2000 სასაწავლო წლიდან კადრები დამატებით მოემზადებინა ორ სპეციალობაში: 1. უცხო ენა და ინფორმატიკა; 2. დაწყებითი განათლების პედაგოგიკა, მეთოდიკა და ინფორმატიკა.
საქართველოს განათლების სამინისტროს 2003 წლის 20 მაისის უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამის №------------- ლიცენზიით შპს „ბა------------------------–--------------რ ინსტიტუტს“ უფლება მიეცა განახორციელოს უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამა შემდეგი სპეციალობებით: 1. განათლების ეკონომიკა და მენეჯმენტი, 2. რელიგიათმცოდნეობა და მითოლოგია; 3. ჟურნალისტიკა.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №1-19/40 გადაწყვეტილებით, შპს ბათ------------------რ ინსტიტუტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. ასევე, დადგენილია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, შპს ბათ----------------------–-----------------მა ინსტიტუტმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და იგი საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიმში, ხოლო 2015 წლის 23 იანვრის №40928 წერილით ცენტრს აცნობა, რომ მან ლიცენზირებულ რეჟიმში საქმიანობა დაასრულა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის თანახმად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
ამავე კანონის 89-ე მუხლის 22-ე პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის სამართლებრივი შედეგები არ ვრცელდება ამ დაწესებულებაში ავტორიზაციის გავლამდე ჩარიცხულ პირებზე. მათზე ვრცელდება ავტორიზაციის გავლამდე მოქმედი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების პირობები და საფასური დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ედ-------------ე 2004 წელს ჩაირიცხა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში - ბათ------------------რ ინსტიტუტში, გაიარა ოთხწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, 2008 წელს დაამთავრა მითითებული ინსტიტუტის დაწყებითი განათლების ფაკულტეტი, ხოლო 2008 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ედ-------------ის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის საკანონმდებლო წინაპირობები არ არსებობს, რამდენადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მიხედვით, განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს. უფრო მეტიც, მითითებული წესი პირდაპირ ადგენს, რომ უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ უმაღლესი განათლების მიღების ფაქტი და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო აპელირებს მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ მითითებული უნივერსიტეტის მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა სახელმწიფოს მხრიდან არ არის აღიარებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, სასამართლო თვლის, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით; სასამართლო მიიჩნევს, რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი კვალიფიკაციის აღიარებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს გააჩნდა თუ არა ედ-------------ეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლოს თვლის, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნია ამგვარი ნდობა შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული იურიდიული საქმიანობის უფლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განმტკიცებული კანონიერი ნდობის ინსტიტუტის მოცემულ შემთხვევაში გამოყენების წინაპირობა არის ის გარემოება, რომ დიპლომი, რომლის ნამდვილობის აღიარებაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ლიცენზიის საფუძველზე იქნა გაცემული იმ დროს მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ და მისი ნამდვილობის აღიარებაზე ასევე სახელმწიფოს მიერ იქნა უარი ნათქვამი, რაც სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის კანონით დადგენილი პრინციპის ამოქმედების აუცილებლობას წარმოქმნის.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვასიტყვითი წაკითხვის საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მისი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი, რაც, სასამართლოს რწმენით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (მიღებული განათლების აღიარებაზე უარი გამორიცხავს მის გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.
ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სასამართლო, აქვე, მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.
სახეზე არ არის, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა კერძო სამართლის იურიდიული პირის - ბათ------------------რი ინსტიტუტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ აღიაროს განათლების მიღების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - პროფესიული კარიერა დაგეგმა სწორედ ამ კუთხით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ედ-------------ემ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, კერძოდ, იგი მუშაობდა სხვადასხვა საჯარო სკოლაში, პედაგოგად.
აღსანიშნავია, რომ ძირითადად სწორედ ამგვარადაა განმარტებული კანონიერი ნდობის პრინციპი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერაც (საქმე ბს-1153-1142(კ-11).
ედ-------------ის მიერ განხორციელებული ქმედება, კერძოდ, საჯარო სკოლაში შესაბამისი სპეციალობით მუშაობა, ადასტურებს იმას, რომ მან, დიპლომისა და შესაბამისი ცოდნის საფუძველზე, ნამდვილად განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები. უფლებამოსილი საჯარო სამსახურის მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომი, მიჩნეული იქნა საგანმანათლებლო, უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტად, რამაც კიდევ უფრო გაამყარა მოსარჩელის კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარის თქმის შედეგად, ედ-------------ე მოკლებულია შესაძლებლობა საჯარო სამსახურში დაიკავოს ის თანამდებობა, რომლისთვისაც კანონმდებლობის ან/და უფლებამოსილი პირის მიერ სავალდებულო მოთხოვნად განსაზღვრულია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის წარდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელე დიპლომის საფუძველზე ახორციელებდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებებს.
6.6. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის; ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
სასამართლო, აქვე, მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).
გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს.
პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ ზემოთ მითითებული საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც; სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემისას, არ იქნა დაცული მისი მატერიალური კანონიერება.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება, შესაბამისად სასამართლო არაა უფლებამოსილი იხელმძღვანელოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით და თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №ME--------------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მისი ბათილად ცნობის დღიდან და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ედ-------------ის მიერ 2004-2008 წლებში შპს ბათ----------------------–-------------რ ინსტიტუტში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს ედ-------------ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ედ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №ME--------------- გადაწყვეტილება;
3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ედ-------------ის მიერ 2004-2008 წლებში შპს ბათ----------------------–-------------რ ინსტიტუტში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
4. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს დაეკისროს მოსარჩელის - ედ-------------ის სასარგებლოდ 100 ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი