გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210117001863609
საქმე №2/ 293-17 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი 2018 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე სს ,, თ----- ბანკი",წარმომადგენელი: ნ--------–---
მოპასუხე: ჰ----–-------------ი, ა----------------ა და რ------------–---ი;
წარმომადგენელი (ჰ----–-------------ის): კ--------------------ი;
დავის საგანი: დავალიანების გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხეებს ჰ----–-------------ს, ა----------------სა და რ------------–---ს მოსარჩელე სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ 2015 წლის 05 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების -14 929.84 (თოთხმეტი ათას ცხრაას ოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირი თანხაა -11 843.62 ლარი, პროცენტი - 848.75 ლარი, ჯარიმა -2207.90 ლარი, დაზღვევა -29.57 ლარი.
1.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 2017 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე მიუღებელი შემოსავალი ძირ თანხაზე -11 843.62 (თერთმეტი ათას რვაას ორმოცდასამი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარზე წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს -236.87 (ორას ოცდათექვსმეტი ლარი და 87 თეთრი) ლარს.
1.3. ძირ თანხაზე -11 843.62 ლარზე პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებულ დღეზე -1%, რაც ყოველდღიურად შეადგენს -118.43 (ას თვრამეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარს, სულ არაუმეტეს -1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
1.4. მოპასუხე ჰ----–-------------ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 03 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -2 167.60 (ორი ათას ას სამოცდაშვიდი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირი თანხაა -2000.10 ლარი, პროცენტი -54.66 ლარი, ჯარიმა -112.84 ლარი.
1.5. მოპასუხე ჰ----–-------------ს ასევე დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 36 თვისა, ძირ თანხაზე -2000.10 (ორი ათასი ლარი და ათი თეთრი) ლარზე წლიური 36% სარგებლის გადახდა (მიუღებელი შემოსავალი), რაც ყოველთვიურად შეადგენს -60 (სამოცი) ლარს.
1.6. ასევე ძირ თანხაზე -2000.10 ლარზე ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა -0.5%, რაც ყოველდღიურად შეადგენს -10 (ათი) ლარს, არაუმეტეს -1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
1.7. მოპასუხეებს ჰ----–-------------ს, ა----------------სა და რ------------–---ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -983.55 (ცხრაას ოთხმოცდასამი ლარი და 55 თეთრი) ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი-50(ორმოცდაათი) ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის -20 (ოცი) ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის, დავის საგნის ღირებულების -4%, სულ -500 (ხუთასი) ლარის გადახდა.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელემ განმარტა, რომ სს „ თ----- ბანკის “ და ჰ----–-------------ს შორის 2015 წლის 5 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 24 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი და ამას დამატებული 1%-ი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 5 ნოემბერს სს „ თ----- ბანკის “ მიერ ა----------------თან და რ------------–---თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მაქსიმალური პასუხისმგებლობის ოდენობა თითოეულზე განისაზღვრა 22 100 ლარით.
მოპასუხეების მიერ 2016 წლის ნოემბერს დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოპასუხეებმა გადააცილეს პროცენტის გადახდის ვადები და შეწყვიტეს პროცენტის გადახდა.
საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინებები ვალდებულების შესრულების მოთხოვნით და მიეცათ გაფრთხილება, რომ 14 დღის ვადაში დაეფარათ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მიმართავდა სასამართლოს.
მოსარჩელის განმარტებით და წარმოდგენილი ცნობით 2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეებს 2015 წლის 5 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 14 929.84 (მათ შორის ძირი – 11 843.62 ლარი, პროცენტი - 848.75 ლარი, ჯარიმა 2 207.90 ლარი, დაზღვევა - 29.57) ლარის ოდენობით.
სს „ თ----- ბანკის “ და ჰ----–-------------ს შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 2000 ლარის საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0 %-თ, კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 27 რიცხვამდე. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა ფიქსირებულ 20 ლარს და 0,5%-ს ყოველ დღეზე.
2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით ჰ----–-------------ს ერიცხება დავალიანება 2 167.60 ლარის ოდენობით საიდანაც ძირი თანხაა 2000 ლარი, პროცენტი - 54.66 ლარი, ჯარიმა 112.84 ლარი.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სარგებლის ითხოვს როგორც მიუღებელ შემოსავალს, მაგრამ ხელშეკრულებაში ცალკე დათქმა ამის თაობაზე ხელშეკრულებაში არ არსებობს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ჰ----–-------------ის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: სარჩელის პირველი (1.2 პუნქტი) მოთხოვნიდან ცნო ძირი თანხა 11 843.62 ლარი, პროცენტი - 848.75 ლარი, დაზღვევა 29.57 ლარი და არ ცნო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა.
სარჩელის მეორე (სარგებელის 24%-ს გადახდაზე) და მესამე მოთხოვნა (ძირ თანხაზე -11 843.62 ლარზე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე -1%-ს) არ ცნო.
სარჩელის მეოთხე მოთხოვნა (2016 წლის 03 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე) 2 167.60 ლარის დაკისრებაზე ცნო სრულად.
სარჩელის მეხუთე და მეექვსე მოთხოვნები წლიური 36% სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ ცნო. ასევე არ ცნო ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების გადახდის შესახებ მოთხოვნა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სს „ თ----- ბანკის “ და ჰ----–-------------ს შორის 2015 წლის 5 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 24 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი და ამას დამატებული 1%-ი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 5 ნოემბერს სს „ თ----- ბანკის “ მიერ ა----------------თან და რ------------–---თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მაქსიმალური პასუხისმგებლობის ოდენობა თითოეულზე განისაზღვრა 22 100 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.3. მოპასუხეების მიერ 2016 წლის ნოემბერს დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოპასუხეებმა გადააცილეს პროცენტის გადახდის ვადები და შეწყვიტეს პროცენტის გადახდა.
საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინებები ვალდებულების შესრულების მოთხოვნით და მიეცათ გაფრთხილება, რომ 14 დღის ვადაში დაეფარათ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მიმართავდა სასამართლოს.
წარმოდგენილი ცნობით 2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეებს 2015 წლის 5 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 14 929.84 (მათ შორის ძირი – 11 843.62 ლარი, პროცენტი - 848.75 ლარი, ჯარიმა 2 207.90 ლარი, დაზღვევა - 29.57) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.4. სს „ თ----- ბანკის “ და ჰ----–-------------ს შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 2000 ლარის საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0 %-თ, კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 27 რიცხვამდე. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა ფიქსირებულ 20 ლარს და 0,5%-ს ყოველ დღეზე.
2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით ჰ----–-------------ს ერიცხება დავალიანება 2 167.60 ლარის ოდენობით საიდანაც ძირი თანხაა 2 000 ლარი, პროცენტი - 54.66 ლარი, ჯარიმა 112.84 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 411–ე, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია და მოპასუხეც (მსესხებელი) არ უარყოფს, რომ მის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები და ამჟამად ერიცხება დავალიანება ბანკის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან. ამრიგად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისაგან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ი ნაწილის თანახმად: თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. მოცემულ შემთხვევაში თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 22 100 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: პროცენტები გადახდილ უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას.
მოპასუხემ სარჩელი ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში სრულად ცნო და შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროს როგორც სესხის ძირი თანხა, ისე მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტი სარჩელის ცნობის საფუძვლით.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე სარგებლის (პროცენტის) დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლი ადგენს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლისა და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ურთიერთ მიმართებასთან დაკავშირებით (საქმე Nას-1701-1685-2011). უზენაესმა სასამართლომ განმარტება, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სარგებლის გადახდის შესახებ, არ არსებობდა შეთანხმება ხელშეკრულებების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებაში ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც კი ვერ მოხდებოდა სარგებელის დაკისრება, რადგან ასეთი შეთანხმება ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს და შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
6.3. პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაზე სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. სასამართლო გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 983.55 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის- 20 ლარი. ასევე მის მიერ გაღებული იქნა საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 500 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხის და დარიცხული პროცენტის ნაწილში, ამ ნაწილში მოპასუხე თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი. მოსარჩელემ წარმოადგინა საადვოკატო მომსახურების ხარჯის ქვითარი, რის გამოც ეს თანხა უნდა აუნაზღაუროს მოპასუხემ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,, თ----- ბანკის ” სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.მოპასუხეებს ჰ----–-------------ს, ა----------------სა და რ------------–---ს 2015 წლის 05 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე სს „ თ----- ბანკის “ სასარგებლოდ დაეკისროს -12 942.73 (თორმეტი ათას ცხრაას ორმოც და ორი ლარი და 73 თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირი თანხაა -11 843.62 ლარი, პროცენტი - 848.75 ლარი, ჯარიმა -220.79 ლარი, დაზღვევა -29.57 ლარი. დარჩენილი პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას.
1.2. მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხაზე წლიური 24% სარგებლის გადახდის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
1.3.მოპასუხეებს ჰ----– რ----------ს, ა----------------სა და რ------------–---ს მოსარჩელე სს „ თ----- ბანკის “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ძირ თანხაზე (11 843.62 ლარზე) პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე -1%, რაც ყოველდღიურად შეადგენს -118.43 (ას თვრამეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარს, სულ არაუმეტეს -500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. დანარჩენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
1.4. მოპასუხე ჰ----–-------------ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 03 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -2 167.60 (ორი ათას ას სამოცდაშვიდი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირი თანხაა -2000.10 ლარი, პროცენტი -54.66 ლარი, ჯარიმა -112.84 ლარი.
მოპასუხე ჰ----–-------------ს 2017 წლის 21 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის დაკისრების შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
1.5. მოპასუხე ჰ----–-------------ს სს „ თ----- ბანკის “ სასარგებლოდ 2016 წლის 03 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან ძირ თანხაზე (2000.10 ლარზე) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა -0.5%, რაც ყოველდღიურად შეადგენს -10 (ათი) ლარს, არაუმეტეს -500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. დანარჩენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
დარჩენილი პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას.
2. მოსარჩელე სს ,, თ----- ბანკს" სახელმწიფი ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 381.65 (სამას ოთხმოც და ერთი ლარი და 65 თეთრი) ლარი (საგადასახადო დავალება N 8, თარიღი:24/03/2017).
3. მოპასუხეებს ჰ----–-------------ს, ა----------------სა და რ------------–---ს სს „ თ----- ბანკის “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 36. 62(ოცდა თექვსმეტი ლარი და 62 თეთრი) ლარის ოდენობით. მათვე დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი -50 (ორმოცდაათი) ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის -20 (ოცი) ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის სს „ თ----- ბანკის “ სასარგებლოდ გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე