გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2248783-2/022-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 თებერვალი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი“
წარმომადგენელი - ნ-------------ა
მოპასუხე - თ----- ხ-------–---–ი
მოპასუხე- პ---–- ჩ--–-–---–ი(მონაწილეობის გარეშე)
დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს თ----- ხ-------–---–ს და პ---–- ჩ--–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ N0-------------- სესხზე არსებული დავალიანების - 2726,92 ლარის ( ძირი- 1648,08 ლარი, პროცენტი - 578,84 ლარი, პირგასამტეხლოს 4007,97 ლარის ნაწილი - 500 ლარი) გადახდა.
1.2. მოპასუხეებს დაეკისროთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაზე მოსარჩელის მიერ გადახდილი აპლიკაციის საფასურის 100 ლარის სრულად გადახდა.
1.3. მოპასუხეებს თ----- ხ-------–---–ს და პ---–- ჩ--–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2013 წლის 19 ივნისს სს “ლ-------------სა” და მოქალაქე თ----- ხ-------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0---------------, რომლის თანახმადაც მასზე გაიცა სამომხმარებლო, საბანკო კრედიტი 3650 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებელი 19 %, პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0,5%, ვადა -48 თვე.
2013 წლის 19 ივნისს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0--------------/1, სს "ლ-------------სა" და პ---–- ჩ--–-–---–ს შორის, რომლის საფუძველზეც, მან იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მისი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად დადგინდა 7300 ლარი.
ბანკის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, მოპასუხეებისთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.
მსესხებელმა სს "ლ-------------ის" მიერ გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა და იმყოფება ვადაგადაცილებაში (2017 წლის იანვრიდან აღარ განუხორციელებია არანაირი შენატანი), რაც ნათლად ჩანს მსესხებლის პირადი ანგარიშის ამონაწერიდან.
დღეის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება სესხზე N0-------------- შეადგენს – 6234,89 ლარს (საიდანაც ძირი თანხაა - 1648,08 ლარი, პროცენტი - 578,84 ლარი, პირგასამტეხლო - 4007,97 ლარი).
2017 წლის 7 მაისს, სს "ლ-------------მა", მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამარტივებული საქმის წარმოების წესით, გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, თუმცა საქმის წარმოების ამ ეტაპზე, ვერ მოხერხდა მხარეებს შორის საერთო პოზიციებზე შეჯერება, აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე თ----- ხ-------–---–მა შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროს მხოლოდ სესხის ძირი თანხა - 1648,08 ლარი, თუმცა სასამართლოს მთავარ სხომაზე მოპასუხე თ----- ხ-------–---–მა სარჩელი ასევე ცნო პროცენტის -578,84 ლარის ნაწილში. რაც შეეხება პირგასამტეხლოს და აპლიკაციის საფასურს მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ უნდა დაეკისროს.
2.2. მოპასუხე პ---–- ჩ--–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 19 ივნისს სს “ლ-------------სა” და მოქალაქე თ----- ხ-------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0---------------, რომლის თანახმადაც მასზე გაიცა სამომხმარებლო, საბანკო კრედიტი 3650 ლარის ოდენობით, კრედიტის მოქმედების ვადა - 19.06.2013-05.06.2017წ., წლიური საპროცენტო სარგებელი - 19%, პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0,5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
- 2013 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0--------------, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პორიბები, გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 16-23)
3.1.2. 2013 წლის 19 ივნისს, სს "ლ-------------სა" და პ---–- ჩ--–-–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0--------------/1, რომლის საფუძველზეც, მან იკისრა სოლიდარული ვალდებულება ძირითადი მოვალის თ----- ხ-------–---–ის მიერ სესხის ხელშეკრულებით N0-------------- ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე. ხელშეკრულებით განისაზღვრა თავმდების პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად დადგინდა 7300 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
-2013 წლის 19 ივნისის განცხადება თავდებობის შესახებ (ს.ფ.24)
-2013 წლის 19 ივნისის თავდებობის ხელშეკრულება N0--------------/1(ს.ფ.25)
3.1.3. ბანკის მხრიდან ვალდებულებები შესრულებული იქნა სრულად და მსესხებელზე გაცემული იქნა ხელშეკრულებით გათვალისიწნებული თანხა, ხოლო მსესხებელმა სს "ლ-------------ის" მიერ გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა და იმყოფება ვადაგადაცილებაში (2017 წლის იანვრიდან აღარ განუხორციელებია არანაირი შენატანი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 30-32)
3.1.4. ბანკის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, მოპასუხეებისთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
- გაფრთხილების წერილები დასტურებით (ს.ფ.26-29)
3.1.5. 2017 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება კრედიტორის წინაშე სესხზე N0-------------- შეადგენს – 6234,89 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1648,08 ლარი, პროცენტი - 578,84 ლარი, პირგასამტეხლო - 4007,97 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
- ცნობა დავალიანების შესახებ(ს.ფ.33)
3.1.6. 2017 წლის 7 მაისს, სს "ლ-------------მა" მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამარტივებული საქმის წარმოების წესით პ---–- ჩ--–-–---–ის და თ----- ხ-------–---–ის მიმართ დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, რაშიც მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, რის გამოც 2017 წლის 25 აგვისტოს მიღებული იქნა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
- აღსრულების ეროვნულ ბიუროში აპლიკაციის გადახდის რეკვიზიტი და ქვითარი(ს.ფ.34-35)
- აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება N S-----------------
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-317-ე, 361-ე, მე-400, 301-ე, 416-418-ე, 420-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3-ე მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ თ----- ხ-------–---–მა ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სასამართლო განმარტავს, უდაოა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე თ----- ხ-------–---–ს შორის 19.06.2013 წელს დაიდო წერილობითი, ვადიანი, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელს გადაეცა 3650 ლარი 05.06.2017 წლამდე ვადით, 19% წლიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით, რომლის დაფარვაც მსესხებელს გამსესხებლის მიმართ უნდა მოეხდინა ხელშეკრულებაზე დართული და მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სასამართლო განმარტავს, უდაოა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 868.1-ე მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
უდაოა, რომ მსესხებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის და მასზედ დარიცხული პროცენტების, ხელშეკრულებით შეთანხმებულ გრაფიკით დაბრუნების შესახებ, რის გამოც გამსესხებლის წინაშე 12.12.2017 წლის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება 6234,89 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1648,08 ლარი, პროცენტი - 578,84 ლარი, პირგასამტეხლო - 4007,97 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891.1-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მულით თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამავე კოდექსის 896-ე მუხლით თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
ამავე კოდექსის 898-ე მუხლით თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს.
სასამართლო განმარტავს უდაოა, რომ მსესხებლის მიერ გამსესხებლის მიმართ 19.06.2013 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე თავდებმა პ---–- ჩ--–-–---–მა იკისრა თავდებობა და სოლიდარული პასუხისმგელობა მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხევაში, რაზეც ის ვალდებულების დარღვევის შესახებ გაფრთხილებული იყო. ასევე უდაოა, რომ თავდებობის ხელშეკრულებით თავდებების მაქსიმალური პასუხისმგებლობის თანხა განსაზღვრული იყო 7300 ლარით.
ამავე კოდექსის 361.2 მუხლით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის და სესხის პროცენტის მოპასუხეებისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან მოპასუხე თ----- ხ-------–---–მა სესხის ძირის და სარგებლის ნაწილში ცნო სასარჩელო მოთხოვნები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს უდაოა, რომ მსესხებელმა არ შეასრულა მხარეთა შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში სესხის ძირის და პროცენტის მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ.
ამავე კოდექსის 418.1-ე მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
სასამართლო აღნიშნავს უდაოა, რომ 19.06.2013 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში განსაზღვრული იყო ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის შემთვევაში, შეუსრულებელი ვალდებულებიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლოს თვლის, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 0.5% თვეში (30 დღე) შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) - 182.5%-ს. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 4007,97 ლარს. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროთ პირგასამტეხლო შემცირებული ოდენობით - 500 ლარი. მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის და ვალდებულების დარღევის ხარისხის გათვალისიწნებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შემცირების მიუხედავად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მაინც მაღალია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 300 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
დადგენილია, რომ 2017 წლის 7 მაისს, სს "ლ-------------მა" მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამარტივებული საქმის წარმოების წესით პ---–- ჩ--–-–---–ის და თ----- ხ-------–---–ის მიმართ დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, რაშიც მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, რის გამოც 2017 წლის 25 აგვისტოს მიღებული იქნა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სააპლიკაციო საფასურის მოპასუხეებისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის აღძვრისას სს ,ლ-------------ის“ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი. მართალია მოპასუხე თ----- ხ-------–---–მა შესაგებლით და სასამართლო მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თუმცა იმის გათვალისიწნებით, რომ მოპასუხეები თ----- ხ-------–---–ი და პ---–- ჩ--–-–---–ი სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ, ამავდროულად მოპასუხე პ---–- ჩ--–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე თ----- ხ-------–---–ზე ვერ გავრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი შეღავათი სახელმწიფო ბაჟის გათავისუფლების ანდა განახევრების ნაწილში, რის გამოც მოპასუხეებს თ----- ხ-------–---–ს და პ---–- ჩ--–-–---–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს,,ლ-------------ის“ (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს თ----- ხ-------–---–ს (პ/ნ 0----------) და პ---–- ჩ--–-–---–ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების 2526,92 ლარის (ძირი - 1648,08 ლარი, პროცენტი - 578,84 ლარი და პირგასამტეხლო - 300 ლარი) გადახდა.
3. მოპასუხეებს თ----- ხ-------–---–ს (პ/ნ 0----------) და პ---–- ჩ--–-–---–ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი აპლიკაციის საფასურის სანაცვლოდ 100 ლარის გადახდა.
4. მოპასუხეებს თ----- ხ-------–---–ს (პ/ნ 0----------) და პ---–- ჩ--–-–---–ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლუიზა თოდუა