გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.03.2018
საქმის ნომერი
050310117002036215
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310117002036215

N3/150-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22.02.2018 წელი ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე

სხდომის მდივანი მაკა დავითაძე

 

მოსარჩელე: თ------–----------------–-------------------–------------–-------------–--------------------------------------------–------

წარმომადგენელი: კახა ჩავლეშვილი

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური ოფისი

წარმომადგენელი: გიორგი ქობულაძე

 

მოპასუხე: ლ----------ე

წარმომადგენელი: გუ-----------

 

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება 2010 წლის 09 თებერვლის.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საჯარო რეესტრის 2010 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მდებარე უძრავი ქონება დარეგისტრირდა ლ----------ის სახელზე.

 

3.2. დღეის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ქონება, რომელიც ესაზღვრება მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი; საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე, მე-2, 23-ე, მე-3, 23-ე, მუხლები; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე, 601-ე და 96-ე მუხლები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 33-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.3. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური;

 

6.4. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.

 

6.5. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”თ” პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

6.6. ამავე მუხლის ”ი” პუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' პუნქტის თანახმად ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება;''

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ ლ----------ის ქონება უნდა ესაზღვრებოდეს ბონდო ღლონტის ქონებას. დღეის მდგომარეობით რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით ბონდო ღლონტის მიწის ნაკვეთსა და ლ----------ის მიწის ნაკვეთს შორის რეგისტრირებულია თამაზ შარაძის მიწის ნაკვეთი. ამასთანავე მხარეთა განმარტებით დგინდება, რომ თამაზ შარაძე ფაქტიურად ფლობს იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც რეგისტრირებულია ლ----------ეზე. სასამართლოში ასევე წარმოდგენილია ბონდო ღლონტის განცხადება, რომელიც აცხადებს პრეტენზიას თამაზ შარაძის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლო თვლის, რომ ლ----------ის მიერ ნაკვეთის რეგისტრაციისას საჯარო რეესტრის მიერ არ მოხდა სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფილად შეფასება, კერძოდ ზუსტად არ იქნა დადგენილი მოსაზღვრეები. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის და მოპასუხის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მასალები, ასევე ბონდო ღლონტის სარეგისტრაციო მასალები უნდა შეფასდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე უნდა მოხდეს მათი ურთიერთშეჯერება, სისტემური შეფასება და შეფასება უნდა მიეცეს არამარტო ნაკვეთის კონფიგურაციას, ასევე დადგინდეს მოსაზღვრე ნაკვეთის მფლობელები და მხოლოდ შემდგომ განხორციელდეს სარეგისტრაციო წარმოება.

ამასთანავე სასამართლო განმარტავს, რომ თუ ახალი ადმინისტრაციული წარმოებისას ლ----------ის სახელზე არსებული რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი აღმოიფხვრება, (ნაკვეთის მოსაზღვრეები იქნებიან ის მოსაზღვრეები რაც მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტში, მათ შორის ბონდო ღლონტი) საჯარო რეესტრმა უნდა განახორციელოს მოპასუხე ლ----------ის სახელზე ქონების განმეორებითი რეგისტრაცია სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება ლ----------ის სახელზე ქონების (საკადასტრო კოდი 26.06.24.003) რეგისტრაციის თაობაზე.

 

დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სარეგისტრაციო წარმოების საქმეში და სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი გარემოებების შეფასების გზით.

 

2. სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დაეკისროს მოპასუხეს საჯარო რეესტრის ერონულ სააგენტოს.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე