გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210017002174968
N2/1110-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - კა------------ე
მოპასუხე - ჯე-----------------ი
წარმომადგენელი - მუ-----------–---ი
მოპასუხე - შა-----–---ი
თარჯიმანი - სუ-------------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების შა-----–---ისა და ჯე-----------------ისათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ სოლიდარულად 17400 ლარის გადახდის დაკისრება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-23);
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის NAA20----------3 საარქივო ცნობისა და თანდართული მიწის განაწილების ზონარგაყრილი წიგნების თანახმად, შა-----–---ს საკუთრებაში ერიცხებოდა 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. მა-------–------–-------უჩა. 2014 წლის 02 ივნისს, შა-----–---მა წინასწარი შეთანხმებით ჯე-----------------თან ერთად, საჯარო რეესტრში წარადგინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც თითქოსდა დასტურდებოდა, რომ საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. მა-------–-----------–----ს ქუჩაზე, არამედ ია---–-----ს ქუჩაზე, რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2014 წლის 06 ივნისს, მოტყუებით დაეუფლა ქ. მა-------––--------–-----ს ქუჩაზე მდებარე 14400 ლარის ღირებულების 1200 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს, ს/კ 83.02.16.3--. განაჩენით ასევე დადგინდა, რომ 2014 წლის 16 ივნისს, შა-----–---მა და ჯე-----------------მა აღნიშნული ქონება გაასხვისეს ას----------------ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის NAA20----------3 საარქივო ცნობისა და თანდართული მიწის განაწილების ზონარგაყრილი წიგნების თანახმად, შა-----–---ს საკუთრებაში ერიცხებოდა 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. მა-------–------–-------უჩა. 2014 წლის 28 მაისს, შა-----–---მა წინასწარი შეთანხმებით ჯე-----------------თან ერთად, საჯარო რეესტრში წარადგინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც თითქოსდა დასტურდებოდა, რომ საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. მა-------–-----------–----ს ქუჩაზე, არამედ ია---–-----ს ქუჩაზე, რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2014 წლის 03 ივნისს, მოტყუებით დაეუფლა ქ. მა-------––--------–-----ს ქუჩაზე მდებარე 3000 ლარის ღირებულების 1200 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს, ს/კ 83.02.25.3--. განაჩენით ასევე დადგინდა, რომ 2014 წლის 16 ივნისს, შა-----–---მა და ჯე-----------------მა აღნიშნული ქონება გაასხვისეს აი----------------სა და რი------------–---ზე.
განაჩენით დადგინდა, რომ შა-----–---ისა და ჯე-----------------ის ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 17400 ლარის ქონებრივი ზიანი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით: 83.02.16.3--, 2014 წლამდე რეგისტრირებული იყო შა-----–---ის საკუთრების უფლება, რომელიც გასხვისებული იქნა და დღეის მდგომარეობით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ასიფ იუსუბოვის საკუთრების უფლება. უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით: 83.02.25.3--, 2014 წლის 28 მაისიდან რეგისტრირებული იყო შა-----–---ის საკუთრების უფლება. მიწის საკადასტრო კოდი 83.03.25.3-- დაყოფის შედეგად წარმოიშვა ორი საკადასტრო კოდი: 83.03.25.3-- და 83.03.25.347. უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 83.03.25.3--, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 15 სექტემბრიდან რეგისტრირებულია რი------------–---ს საკუთრების უფლება. უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 83.03.25.347, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 24 ივნისიდან - 2017 წლის 17 მაისამდე, რეგისტრირებული იყო აი--------------ას საკუთრების უფლება. 2017 წლის 17 მაისიდან, აღნიშნულ უძრავ ნივთზე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ილ--------------------ის საკუთრების უფლება.
მოსარჩელე მხარის მითითებით, ყველა უძრავი ნივთი გასხვისებულია და შესაბამისად შეუძლებელია უძრავი ქონების უკან დაბრუნება სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს იმ პირების მიერ, რომელთა ქმედებითაც სახელმწიფოს მიადგა ქონებრივი ზიანი (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-23).
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე შა-----–---ის პოზიცია
მოპასუხე შა-----–---მა წარმოდგენილი შესაგებლით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უძრავი ქონება ს/კ 83.02.16.3-- გასხვისებული იქნა 2000 ლარად, ამავე ფასად იქნა გასხვისებული უძრავი ქონება ს/კ 83.02.25.3-- (იხ. შესაგებელი ს.ფ. 271-279).
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე შა-----–---მა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არის დამნაშავე, თუმცა მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენი არ გაუსაჩივრებია. მოპასუხის მითითებით, შეცდომაში შეიყვანეს და ხელი მოაწერა ნასყიდობის ხელშეკრულებებს (იხ. 05.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. მოპასუხე ჯე-----------------ის პოზიცია
მოპასუხე ჯე-----------------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
მოსამზადებელ სხდომაზე ჯე-----------------მა სრულად ცნო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი (იხ. 05.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 15:15:50).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ, 2015 წლის 02 ივლისის განაჩენით დამნაშავედ ცნო ჯე-----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; ამავე განაჩენით სასამართლომ დამნაშავედ ცნო შა-----–---იც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ჯე-----------------ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ჯე-----------------ისა და შა-----–---ის მიმართ დარჩა უცვლელი. აღნიშნული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენი (ს.ფ. 27-45).
3.2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენის მიხედვით, შა-----–---სა და ჯე-----------------ს მსჯავრი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის NAA20----------3 საარქივო ცნობისა და თანდართული მიწის განაწილების ზონარგაყრილი წიგნების თანახმად, შა-----–---ს საკუთრებაში ერიცხებოდა 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. მა-------–------–-------უჩა. 2014 წლის 02 ივნისს, შა-----–---მა წინასწარი შეთანხმებით ჯე-----------------თან ერთად, საჯარო რეესტრში წარადგინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც თითქოსდა დასტურდებოდა, რომ საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. მა-------–-----------–----ს ქუჩაზე, არამედ ია---–-----ს ქუჩაზე, რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2014 წლის 06 ივნისს, მოტყუებით დაეუფლა ქ. მა-------––--------–-----ს ქუჩაზე მდებარე 14400 ლარის ღირებულების 1200 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს, ს/კ 83.02.16.3-- და იმავე ქუჩაზე მდებარე 3000 ლარის ღირებულების 1200 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს, ს/კ 83.02.25.3--.
შა-----–---მა და ჯე-----------------მა აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს მიაყენეს 17400 ლარის ზიანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენი (ს.ფ. 27-45).
3.2.3. უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით: 83.02.16.3--, 2014 წლამდე რეგისტრირებული იყო შა-----–---ის საკუთრების უფლება, რომელიც გასხვისებული იქნა და დღეის მდგომარეობით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ასიფ იუსუბოვის საკუთრების უფლება.
უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით: 83.02.25.3--, 2014 წლის 28 მაისიდან რეგისტრირებული იყო შა-----–---ის საკუთრების უფლება. მიწის საკადასტრო კოდი 83.03.25.3-- დაყოფის შედეგად წარმოიშვა ორი საკადასტრო კოდი: 83.03.25.3-- და 83.03.25.347. უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 83.03.25.3--, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 15 სექტემბრიდან რეგისტრირებულია რი------------–---ს საკუთრების უფლება. უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 83.03.25.347, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 24 ივნისიდან - 2017 წლის 17 მაისამდე, რეგისტრირებული იყო აი--------------ას საკუთრების უფლება. 2017 წლის 17 მაისიდან, აღნიშნულ უძრავ ნივთზე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ილ--------------------ის საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი (ს.ფ. 52-54);
3.2.4. შა-----–---ისა და ჯე-----------------ის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის წერილი (ს.ფ. 50);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-409-ე, 463-464-ე, 992-ე, 998-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვათ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე. კერძოდ, აღნიშნული განაჩენით დგინდება, რომ შა-----–---სა და ჯე-----------------ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. მოპასუხეებმა თაღლითური გზით დაირეგისტრირეს და შემდგომ სხვა პირებზე გაასხვისეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რითაც სახელმწიფოს მიადგა 17400 ლარის ზიანი. უძრავ ქონებაზე დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია მესამე პირთა საკუთრების უფლებები. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს ზიანი მიადგა მოპასუხეთა ერთობლივი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, შესაბამისად, მათ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან, მოპასუხე ჯე-----------------მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე შა-----–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 522 ლარს (17400*3/100).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, მოპასუხეების შა-----–---ისა და ჯე-----------------ის მიმართ, სოლიდარულად 17400 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს შა-----–---ისა და ჯე-----------------ს სახელმწიფოს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების სახით 17400 (ჩვიდმეტიათასოთხასი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შა-----–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 522 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო.
მოსამართლე ია ლაბაძე