გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2939-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 თებერვალი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ა------ მ--------ა
წარმომადგენელი ბელა ბერაძე
მოპასუხე ა----- მ--------ი
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა----- მ--------ისათვის არასრულწლოვანი შვილების 2015 წლის 1-----–--ს დაბადებული ფათიმა მ--------ას და 2011 წლის 9------ს დაბადებული ა------ მ--------ას სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის თითოეულისათვის 250 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი 2015 წლის 1-----–--ს დაბადებული ფათიმა მ--------ას და 2011 წლის 9------ს დაბადებული ა------ მ--------ა. 2017 წლის 6 ნოემბერს განქორწინდნენ. განქორწინების შემდეგ ცხოვრობს მშობლების სახლში ბავშვებთან ერთად. შვილების გაზრდაში ეხმარებიან მშობლები, ხოლო მოპასუხე არ იჩენს მზრუნველობას შვილების აღზრდის საკითხში. უმცროსი შვილი არის 2 წლის და 6 თვის. ბავშვის ასაკის გამო ვრც მუშაობს. მოპასუხეს არა აქვს ფიქსირებული შემოსავალი, მაგრამ აქვს უძრავი ქონება, ამუშავებს მიწის ნაკვეთის და მოსავლის რელიზაციითაა დაკავებული, მას გააჩნია სტაბილური საცხოვრებელი ადგილი, მოსარჩელე კი უნდა იზრუნოს, თუ სად იცხოვრებენ მისი შვილები. მოპასუხე ლილოს ბაზრობაზე ვაჭრობს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით.
(06.02.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა და თანხმობა განაცხადა შვილების სასარგებლოდ გადაიხადოს ყოველთვიურად 50-50 ლარი. მოპასუხის განმარტებით, მას საკუთრებაში რაიმე ქონება არ გააჩნია, არ მისდევს სამეწარმეო საქმიანობას. მის ოჯახს აქვს ნაკვეთები მაგრამ არ ამუშავებენ, ლილოში ვაჭრობს პერიოდულად, სამ თვეში ერთხელ.პერიოდულად მუშაობს თურქეთში სხვადასხვა სამუშაობზე. მოსარჩელის დედა მუშაობს თურქეთში. ყოფილ სიდედრს სურვილი ჰქონდა, რომ მასაც თურქეთში ემუშავა მეუღლესთან, ერთად. საბოლოოდ მეუღლესთან და დედასთან ერთად წავიდა თურქეთში, საიდანაც მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. დედა ყოველთვიურად აგზავნიდა 500 აშშ დოლარს. მეუღლესთან კონფლიქტი წარმოიშვა თურქეთში წარმოქმნილი ვალის გამო.
(06.02.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. ა------ მ--------სა და ა----- მ--------ს ჰყავთ ორი არასრულწოვანი შვილი 2015 წლის 1-----–--ს დაბადებული ფათიმა მ--------ა და 2011 წლის 9------ს დაბადებული ა------ მ--------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 14-15. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-8. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 19-22. ტომი 1)
3.1.2. 2017 წლის 6 ნოემბრიდან ა------ მ--------ა და ა----- მ--------ი განქორწინებულნი არიან და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი არასრულწლოვანი შვილები ფათიმა მ--------ა და ა------ მ--------ა ცხოვრობენ დედასთან მოსარჩელე ა------ მ--------ასთან მისი მშობლებთან ერთდ .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-8. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 19-22. ტომი 1)
3.1.2. ა------ მ--------ა ამჟამად დასაქმებული არ არის. მას ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-8. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 25-29. ტომი 1)
3.1.3. ა----- მ--------ი შრომითი ურთიერთობის საფუძველზე დასაქმებული არ არის. მას ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა განმარტებები (06.01.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- სარჩელი (ს.ფ. 2-8. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 25-29. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.2. ნიზამი ახმედოვი არ განიცდის ფინანსურ გაჭირვებას. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლია დასაქმდეს და მიიღოს საკუთარი თავის და შვილის რჩენისათვის აუცილებელი სახსრები.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ა----- მ--------ის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, მისი მატერიალური სიდუხჭირე. მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ მოპასუხე არ მუშაობს, სტაბილური სამსახური და ყოველთვიური ხელფასი არა აქვს. მას საკუთრებაში არა აქვს მიწის ნაკვეთი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული გარემოებები არ არის საკმარისი საფუძველი იმის მტკიცებისათვის, რომ იგი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია და არ შეუძლია შვილების სათანადოდ რჩენა.
მართალია მოპასუხე არსად მუშაობს, მაგრამ არის ჯანმრთელი. შესაბამისად, არის შრომისუნარიანი და აქვს უნარი და შესაძლებლობა გამოიმუშავოს როგორ საკუთარი თავის ისე, მცირეწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრები.
მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის შეფასების დროს გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მისი ოჯახი არ იღებს საარსებო შემწეობას. მოპასუხის განმარტებით, იგი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ იღებს საარსებო შემწეობას.
მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ იგი პერიოდულად მუშაობს თურქეთში, ასევე პერიოდულად საქართველოში ვაჭრობს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონლით ლილოს სავაჭრო ცენტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მოპასუხის განმარტებები (06.02.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 130 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა დამატებითი ხარჯების დაკისრების შესახებ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1234-ე, 1245-ე მუხლები.
· გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპიტარესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 50-50 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა, ორი შვილისათვის საერთო ჯამში ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა მისი მატერიალური და ოჯახური პირობების გათვალისწინებით არაგონივრულად მცირე ალიმენტის თანხაა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროებათ მატერიალური უზრუნველყოფა, ბავშვებს მოზარდი ასაკის გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და სასწავლო ნივთები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა კი მხოლოდ დედის მიერ ვერ მოხდება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლისთვის ყოველთვიურად 50 ლარის ალიმენტის დაკისრება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა მისი მატერიალური მდგომაროება უკიდურესად მძიმეა, რაც ამ შემთხვევაში არ დასტურდება. მოპასუხემ ვერ დაადასტურა, მისი მატერიალური მდგომარეობა, რაც მის სიდუხჭირეზე მიუთითებს და ასაბუთებს, რომ მოპასუხეს 50 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილის რჩენისათვის არ შეუძლია.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის დასადგენად გასათვალისწინებელია მშობლების უნარები და ქონებრივი მდგომარეობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი ოჯახური და ფინანსური მდგომარეობა არის ამ საკითხის გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი გარემოება და მხოლოდ ამის გამო შეიძლება შემცირდეს ალიმენტის ოდენობა.
ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.
1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (Nო.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, Nო. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს, რადგან არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
მოსარჩელე დასაქმებული არ არის, ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს, იგი ზრუნავს ორ არასრულწლოვან შვილზე დამოუკიდებლად, მეუღლის დაუხმარებლად, მას უწევს ბავშვების სარჩენად ყოველდღიურად ხარჯების გაღება და მათზე ზრუნვა.
განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. შვილების აღზრდა არის მშობლის მთავარი ვალდებულება. დაუშვებელია მშობლების დაშორება გახდეს ბავშვების მატერიალური უზრუნველყოფის შემცირების მიზეზი. დაშორების შემთხვევაშიც მშობლებმა უნდა უზრუნველყონ შვილების რჩენა მათი შესაძლებლობის ფარგლებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ალიმენტის მომთხოვნ მშობელს შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად შვილის რჩენა ან რა ფარგლებში შეუძლია მას მეორე მშობელთან ერთად მატერიალური სახსრების გაღება შვილის სარჩენად. ზემოთმითითებული გარემოებების გამო მოსარჩელეს დამოუკიდებლად ან მინიმალური დახმარებით (თვეში 50 ლარის ალიმენტის გადახდით) არ შეუძლია შვილების სათანადოდ მატერიალური უზრუნველყოფა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის მოთხოვნილი ალიმენტის თვეში საერთო ჯამში 500 ლარის დაკისრების საფუძველი არ არსებობს. კანონის თანახმად, ალიმენტის ოდენობა უნდა იყო გონივრული და სამართლიანი, შესაბამისად საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, რეალურად რა ოდენობის თანხის გადახდა შეუძლია მოპასუხეს. ალიმენტის მიმღების ინტერესია რეალურად მიიღოს თანხა და იგი რეალურად მოხმარდეს შვილის აღზრდას. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს სტაბილური შემოსავალი, ყოველთვიური ხელფასი არა აქვს, მისთვის ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრება მოპასუხის რეალურ მატერიალურ მდგომარეობასთან აშკარად შეუსაბამო ვალდებულების დაკისრება იქნება.
ამავდროულად სასამართლო არაგონივრულად მცირე თანხად მიიჩნევს საალიმენტო ვალდებულების 50-50 ლარით განსაზღვრას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი შემცირება შესაძლებელია ალიმენტის გადამხდელის ავადმყოფობის ან სხვა საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც პირს არ შეუძლია შვილის რჩენისათვის სახსრების გაღება, რადგან თავად საჭიროებს მატერიალურ ან ფიზიკურ დახმარებას. ასეთი გარემოებებია მძიმე ავადმყოფობა, უკიდურესი სოციალური გაჭირვება. მოპასუხეს ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს, იგი შრომისუნარიანია, პერიოდულად მუშაობს საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში სავაჭრო საქმიანობითაა დაკავებული, რის გამოც აქვს შესაძლებლობა ყოველთვიურად 100 ლარზე მეტი თანხა გადაიხადოს შვილების სარჩენად.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი გარემოებაა ასევე, რომ მოპასუხე ყოველდღიურად შვილების აღზრდის პროცესში არ მონაწილეობს, ყოველდღიურად ხარჯების გაწევა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა არ უწევს, ეს საკითხები მთლიანად მოსარჩელის გადასაწყვეტია. მოპასუხის ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი საქმიანობის გათვალისწინებით ყოველთვიურად შვილებისათვის ალიმენტის 130-130 ლარის გადახდა გონივრულია, რადგან მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა გამოიმუშავოს ყოველთვიურად ეს თანხა და მატერიალურად დაეხმაროს მეორე მშობელს ბავშვის აღზრდაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 18 დეკემბრიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 3120 ლარს, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 100 ლარს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ა------ მ--------ას სარჩელი;
1.1. ა----- მ--------ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების 2015 წლის 1-----–--ს დაბადებული ფათიმა მ--------ას და 2011 წლის 9------ს დაბადებული ა------ მ--------ას სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის თითოეულისათვის 130 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2017 წლის 18 დეკემბერიდან.
2. ა----- მ--------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი