გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.01.2018
საქმის ნომერი
010210016001407658
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210016001407658

საქმე №2-1925/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე შპს „M----------------”

წარმომადგენელი ს---–--------–-------–---–-

მოპასუხე შპს ”დ------ი“

წარმომადგენელი მ-------------–------------------------

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „დ------ს“ შპს „M----------------”-ს სასარგებლოდ 60 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მოითხოვს, რომ უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდაო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 30 მაისს შპს „M----------------”-ს და შპს „დ------ს“ შორის გაფორმდა ავტომობილის იჯარის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის პირობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „დ------ს“ დროებითი სარგებლობის უფლებით გადაეცა შპს „M----------------”-ის საკუთრებაში რიცხული DAF 105.460 მარკის სატვირთო ტრანსპორტი GRAY&ADAMS GA3FL მარკის სპეციალიზებული ნახევარმისაბმელით. აღნიშნული ხელშეკრულება მოიცავდა ასევე მძღოლის მომსახურების სერვისს მთელი იჯარის ხელშეკრულების განმავლობაში.

 

ხელეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეიჯარე გადასცემდა მოიჯარეს ავტომობილს ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს. ხელშეკრულება კი ძალაში იყო ქონების მოიჯარეზე გადაცემის დღიდან 7 დღის განმავლობაში, 2016 წლის 05 ივნისის ჩათვლით. საიჯარო ქირა შეადგენდა 600 აშშ დოლარს.

 

ხელშეკრულების 2.2. პუნქტით განისაზღვრა, მოიჯარის ვალდებულებები, რომლის თანახმადაც მოიჯარე ვალდებული იყო დროულად გადაეხადა საიჯარო ქირა, ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ კი დაებრუნებინა ავტომობილი მეიჯარისათვის გამართულ მდგომარეობაში ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით.

 

ამავე ხელშეკრულების 2.2.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ მოიჯარის ან მისი დავალებით მესამე პირის მიერ იჯარის საგნის გამოყენებით ისეთი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, რომლისთვისაც საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს ავტომობილის ჩამორთმევას (როგორც დანაშაულის საგნის, იარაღის ან საშუალების), მოიჯარე ვალდებულია მეიჯარეს გადაუხადოს ავტომობილის ღირებულება, რომელიც მხარეთა შეთანხმებით შეადგენს 60 000 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- ავტომობილის იჯარის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის პირობით. 30.05.2016წ.

- ს-------------------–-ს მინდობილობა.

 

3.2.2. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცეულებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოიჯარეს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შპს „M----------------”-ის საკუთრებაში რიცხული DAF 105.460 მარკის სატვირთო ტრანსპორტი GRAY&ADAMS GA3FL მარკის სპეციალიზებული ნახევარმისაბმელით გადაეცა ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს და აღნიშნული ავტომობილის მძღოლი მოქმედებდა მოიჯარის დავალებით. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 2 ივნისს ზ/აღნიშნული სატვირთო ტრანსპორტით მოხდა კონტრაბანდული საქონლის გადატანა საქართველო-თურქეთის საზღვარზე, რის შედეგადაც საბაჟოზე განხორციელდა სატვირთო ავტომანქანის დაყადაღება და ჩამორთმევა, დაკავებული იქნა სატვირთო ავტომანქანის მძღოლიც.

 

სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 30 მაისის იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული ავტოსატრანსტორტო საშუალება დღემდე არ არის დაბრუნებული მეიჯარისათვის, იგი არის ჩამორთმეული და იმყოფება თურქეთის ტერიტორიაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- ავტომობილის იჯარის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის პირობით. 30.05.2016წ.

- ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა.

- თურქეთის რესპუბლიკის სასამართლო გადაწყვეტილება, საქმეზე 2016/441.

- დ-----------ის ჩვენება თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე.

- მ------------ის ჩვენება თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე.

- სარფის საბაჟო აღსრულების კონტრაბანდისა და დაზვერვის სამმართველოს ჩხრეკისა და ჩაბარების ოქმი.

- შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი მასალები (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა და თანდართული საბუთები).

 

3.2.3. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე შპს „დ------ის“ მიერ მოხდა 2016 წლის 30 მაისის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა და ამ ვალდებულების დარღვევამ გამოიწვია შპს „M----------------”-სათვის მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაკარგვა. დადგენილია, რომ მოპასუხეს დღემდე არ მოუხდენია იჯარით გადაცემული ავტომანქანის დაბრუნება თურქეთის რესპუბლიკაში მისი დაყადაღების და ჩამორთმევის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- ავტომობილის იჯარის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის პირობით. 30.05.2016წ.

- ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა.

- თურქეთის რესპუბლიკის სასამართლო გადაწყვეტილება, საქმეზე 2016/441.

- დ-----------ის ჩვენება თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე.

- მ------------ის ჩვენება თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე.

- სარფის საბაჟო აღსრულების კონტრაბანდისა და დაზვერვის სამმართველოს ჩხრეკისა და ჩაბარების ოქმი.

- შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი მასალები (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა და თანდართული საბუთები).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „M----------------”-ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ”დ------ს” უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 60 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე, 581-ე, 591-ე მუხლებით. ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 და 105-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული იქნა იჯარის ხელშეკრულება და შესაბამისად მხარეებს შორის აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი იქნა უფლება-მოვალეობები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 30 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა ავტომობილის იჯარის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის პირობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „დ------ს“ დროებითი სარგებლობის უფლებით გადაეცა შპს „M----------------”-ის საკუთრებაში რიცხული DAF 105.460 მარკის სატვირთო ტრანსპორტი GRAY&ADAMS GA3FL მარკის სპეციალიზებული ნახევარმისაბმელით. აღნიშნული ხელშეკრულება მოიცავდა ასევე მძღოლის მომსახურების სერვისს მთელი იჯარის ხელშეკრულების განმავლობაში. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეიჯარე გადასცემდა მოიჯარეს ავტომობილს ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს. ხელშეკრულება კი ძალაში იყო ქონების მოიჯარეზე გადაცემის დღიდან 7 დღის განმავლობაში, 2016 წლის 05 ივნისის ჩათვლით. საიჯარო ქირა შეადგენდა 600 აშშ დოლარს. ხელშეკრულების 2.2. პუნქტით განისაზღვრა მოიჯარის ვალდებულებები, რომლის თანახმადაც მოიჯარე ვალდებული იყო დროულად გადაეხადა საიჯარო ქირა, ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ კი დაებრუნებინა ავტომობილი მეიჯარისათვის გამართულ მდგომარეობაში ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დაქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი ხარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით ასევე იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მხარეები 2016 წლის 30 მაისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით თავიდანვე შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების წესზე. კერძოდ ხელშეკრულების 2.2.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ მოიჯარის ან მისი დავალებით მესამე პირის მიერ იჯარის საგნის გამოყენებით ისეთი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, რომლისთვისაც საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს ავტომობილის ჩამორთმევას (როგორც დანაშაულის საგნის, იარაღის ან საშუალების), მოიჯარე ვალდებულია მეიჯარეს გადაუხადოს ავტომობილის ღირებულება, რომელიც მხარეთა შეთანხმებით შეადგენს 60 000 აშშ დოლარს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „დ------ის“ მიერ მოხდა 2016 წლის 30 მაისის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა და ამ ვალდებულების დარღვევამ გამოიწვია შპს „M----------------”-ს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაკარგვა. მოპასუხეს დღემდე არ მოუხდენია იჯარით გადაცემული ავტომანქანის დაბრუნება მეიჯარისათვის თურქეთის რესპუბლიკაში მისი დაყადაღების და ჩამორთმევის გამო.

 

შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ სახეზეა ხელშეკრულების 2.2.4. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ასევე სახეზეა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის და ამ დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხეზე ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კანონით გათვალისწინებული ყველა ზ/აღნიშნული გარემოება მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 60 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.

 

6.4. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 105 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს „M----------------”-ს სარჩელი არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემული შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა შემდეგი სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები: სარჩელის წარმოებაში მისაღებად გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 4004 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხე შპს ”დ------ს” უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 4004 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „M----------------”-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ”დ------ს” მოსარჩელე შპს „M----------------”-ს სასარგებლოდ 60 000 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე შპს ”დ------ს” დაეკისროს მოსარჩელე შპს „M----------------”-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის სარჩელის წარმოებაში მისაღებად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 4004 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე