განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002288924
№1-35/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06.03.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - რ----- ბ---–----ე
ბრალდებული - ა------ რ-----
ადვოკატი - ლ-–- რ-----აძე
თარჯიმანი - დალილა მაკალათია
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173060118001 საქმე,ბრალდებული: ა------ რ-----ს მიმართ,მამის სახელი: ვ-–---------
დაბადების ადგილი: ბ--–---------
დაბადებული: 02.03.1--- წელი
მოქალაქეობა: ბელორუსის
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული: ბ--–---------, გ-----–-
ფაქტობრივად მცხოვრები: ხელვაჩაური, სოფელი ს--–--------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ა------ რ-----მ 2016 წლის ივნისის თვეში, ქ. ბათუმი, ო---------- ქ. №59-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც გამოიხატა მის მიერ ხელის სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმაში, ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს ა----- დ-------ეს.
1.1 ა------ რ-----მ 2018 წლის 05 იანვარს დაახლოებით 21:00 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ს--–-------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც გამოიხატა მის მიერ ხელის სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმაში, ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს ა----- დ-------ეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
2.ბრალდებულმა აღიარა დანაშაულის ჩადენა, ამავდროულად საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 09 იანვრის №000143518 დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით ა----- დ-------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები თხემ-საფეთქლის მიდამოში მარცხნივ, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
5. დაზარალებულ ა----- დ-------ის განმარტებით, მისმა მეუღლემ, ა------ რ-----მ მას მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულის და მოწმეების ა-–--–----------------------------–---------–---------ის ჩვენებებით, და ექსპერტიზის დასკვნით, დასტურდება რომ ბრალდებულმა ა------ რ-----მ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება:
8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------ რ-----მ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. ა------ რ-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
10. ა------ რ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
სასჯელის დასაბუთება:
11. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა------ რ-----ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა------ რ-----ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში სამართლებრივი აქტების დეკლარირებით შემოიფარგლება და ოჯახის ერთი წევრის მხრივ მეორეზე ძალადობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის ალტერნატიულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, და მისი გამოყენება სასამართლოს მხრივ უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედების, სიტუაციის ზუსტი ანალიზის, თანამდევი შედეგის და იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეზე ძალადობას უკავშირდება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უკავშირდება ადამიანს როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ მოცემულობას, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირთა ჩარევისაგან. ფიზიკური ხელშეუხებლობა გულისხმობს არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას ყოველგვარი ფიზიკური ძალდატანებისაგან, თავისუფლებას იმისგან, რომ არ განიცადო რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ნების წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთან მიმართებაში.
ა------ რ-----ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - რომ აღიარა და მოინანია დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამავდროულად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ასეთი ქმედება ბრალდებულის მხრიდან განხორციელდა რამოდენიმეჯერ მეუღლის მიმართ, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები და სასამართლო თვლის, რომ ა------ რ-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომა - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ასეთი სასჯელის გამოყენების პირობებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ბრალდებული ა------ რ----- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 05 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 05 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ ა------ რ-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
2.ა------ რ-----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.
ა------ რ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 იანვრიდან.
3.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
4.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი