გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2018
საქმის ნომერი
010210016001379194
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210016001379194

N 2-1633/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 იანვარი 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ირაკლი შავაძე

სხდომის მდივანი ნათია ზოიძე

მოსარჩელე: თ------ შ----–-ძე

მოსარჩელის წარმომადგენელი: ვ--–----ან გ-------ძე

მოპასუხე : შპს „------

წარმომადგენელი: ნ------- მ------ძე

დავის საგანი: თანხის გადასახდელად დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხე შპს „-------ისათვის მოსარჩელე თ------ შ----–-ძის სასარგებლოდ 55 800 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.

 

2. მოსარჩელის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით:

 

2.1. 2014 წლის ნოემბრის თვის ბოლოს შპს „-----ის დირექტორი შ----- მ------ძე დაუკავშირდა მოსარჩელე თ------ შ----–-ძეს, სთხოვა შპს „-----ისათვის ესესხებინა თანხა 45 000 აშშ დოლარის ოდენობით, ვინაიდან შპს ახორციელებდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ქ. ბათუმში ი---------- ქ. N---–-, შეფერხებული იყო ბინების რეალიზაცია და შპს თანხა ესაჭიროებოდა ფულადი ვალდებულებების გასტუმრებისათვის.

 

2.2. შპს „-----ი წარმოადგენდა სოლიდური ქონების პატრონს, კომპანიას გააჩნდა სავაჭრო ობიექტები, რის გამოც, მოსარჩელემ გადაწყვიტა შპს „-----ისათვის ესესხებინა თანხა ერთი წლით გარკვეული სარგებლის მიღების სანაცვლოდ.

 

2.3. 2014 წლის 05 დეკემბერს შპს „-----ის დირექტორმა შ----- მ------ძემ საზოგადოების სახელით თ------ შ----–-ძისაგან ისესხა 45 000 აშშ დოლარი, რის თაობაზეც შედგა შეთანხმება თ------ შ----–-ძესა და შპს „-----ის დირექტორს შ----- მ------ძეს შორის. შეთანხმებას საზოგადოების სახელით ხელი მოაწერა და საზოგადოების ბეჭდით დაამოწმა დირექტორმა შ----- მ------ძემ.

 

2.4. 2014 წლის 05 დეკემბრის შეთანხმების თანახმად, სესხის ხელშეკრულება დადებული იქნა 01 წლის ვადით, შპს „-----ს თანხა უნდა დაებრუნებინა 2015 წლის 05 დეკემბერს, სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 45 000 აშშ დოლარს, რასაც ყოველთვიურად დაერიცხებოდა სარგებელი 2%, ხოლო ერთი წლის სარგებელი შეადგენდა 10 800 აშშ დოლარს.

 

2.5. მიუხედავად მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებისა შპს „-----ს მოსარჩელის წინაშე ვალდებულება არ შეუსრულებია

 

3. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით:

 

3.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.

 

3.2. მოპასუხის განმარტებით, 2014 წლის 05 დეკემბრის შეთანხმება, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „-----ის დირექტორმა შ----- მ------ძემ ისესხა 45 000 აშშ დოლარი, წარმოადგენს ფიზიკურ პირებს შორის დადებულ გარიგებას და მოცემულ შემთხვევაში იურდიულ პირს შპს „-----ს არანაირი ვალდებულება არ წარმოშობია.

 

3.3. მოპასუხის განმარტებით, შეთანხმებაში მითითებული ფრაზა, რომ შპს „-----ის დირექტორმა ისესხა თანხა, არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ თანხა კერძო სამართლის იურდიულმა პირმა ისესხა, რადგან შეთანხმებაში არ არის მითითებული, რომ თანხა შპს „-----მა ისესხა. თანხა, რომ იურდიულ პირს არ აუღია სესხად აღნიშნულს მოწმობს ის გარემოება, რომ შეთანხმების ტექსტში მითითებულია შპს დირექტორის პირადი ნომერი და არა იურდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი.

 

3.4. მოპასუხის განმარტებით სესხი აღებული იქნა ფიზიკური პირის შ----- მ------ძის მიერ, შეთანხმებაში მითითება, რომ შ----- მ------ძე იყო შპს „-----ის დირექტორი განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ შ----- მ------ძემ აიმაღლა ნდობა გამსესხებლის წინაშე.

 

3.5. მოპასუხის განმარტებით, სესხი იურდიული პირის მიერ რომ ყოფილიყო აღებული, ასეთ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულება გაფორმდებოდა შპს „-----თან, სესხის მიღება აისახებოდა შპს ბუღალტერიაში, ამოიწერებოდა სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის ერთი პირი გადაეცემოდა მოსარჩელეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 2014 წლის 05 დეკემბერს წერილობით გაფორმდა შეთანხმება, შეთანხმების მხარედ მითითებულია შპს „-----ის დირექტორი შ----- მ------ძე, რის შემდგომ, ფრჩხილებში მითითებულია შ----- მ------ძის საცხოვრებელი ადგილი პირადი ნომერი და პირადობის მოწმობის ნომერი. შეთანხმებას ხელს აწერს შ----- მ------ძე და დასმული აქვს შპს „-----ის ბეჭედი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

2014 წლის 05 დეკემბრის შეთანხმება; მხარეთა განმარტებები

 

4.1.2. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 45 000 აშშ დოლარი მოსარჩელემ 01 წლის ვადით გასცა სესხად, ყოველთვიური სარგებლის 2% დარიცხვით და თანხის მიღება დადასტურებულია მხარის ხელმოწერით

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2014 წლის 05 დეკემბრის შეთანხმება; მხარეთა განმარტებები სასამართლო სხდომაზე.

 

4.1.3. 2014 წლის 05 დეკემბერს შპს „-----ის დირექტორი იყო შ----- მ------ძე, რომელიც უფლებამოსილი იყო მესამე პირებთან დაედო გარიგება, მათ შორის სესხის აღების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურდიული პირების რეესტრიდან; მხარეთა განმარტებები სასამართლო სხდომაზე.

 

4.1.4. შპს „-----ი 2014 წელს ახორციელებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, ასევე გააჩნდა კომერციული სავაჭრო ობიექტები, რომლითაც ახდენდა როგორც სურსათის ასევე სამშენებლო მასალების რეალიზაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის სასარჩელო განცხადება; მხარეთა განმარტებები სასამართლო სხდომაზე.

 

4.1.5. შპს „-----ის ყოფილი დირექტორი შ----- მ------ძე გარდაცვლილია

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

მხარეთა განმარტებები

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება

 

4.2.1. უდავოა ის ფაქტი, რომ 2014 წლის 05 დეკემბრის შეთანხმებაში მხარედ მითითებულია შპს „-----ის დირექტორი შ----- მ------ძე, უდავოა ასევე ის გარემოება, რომ შეთანხმების ტექსტს ხელს აწერს შ----- მ------ძე და ხელმოწერა დადასტურებულია შპს „-----ის ბეჭდით, ბეჭედზე ამოტვიფრულია შპს „-----ის საიდენტიფიკაციო ნომერი. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, ნაკლებად მნიშვნელოვანია შპს ბუღალტერიაში აისახა თუ არა სესხის აღება და გაიცა თუ არა შემოსავლის ორდერი, რადგან, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „-----ის დირექტორს შეთანხმების გაფორმების დროს წარმოადგენდა შ----- მ------ძე, რომელიც უფლებამოსილი იყო დაედო მესამე პირებთან სესხის ხელშეკრულება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. უდავოა, ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „-----ი შეთანხმების გაფორმების დროს ახორციელებდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და ეწეოდა ასევე სხვადასხვა სახის კომერციულ საქმიანობას, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ აწ გარდაცვლილი შ----- მ------ძე ეწეოდა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობას, რის გამოც მას დარჩა ძალიან დიდი პირადი ვალი, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში, საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება დაკავშირებული იქნებოდა მის სამეწარმეო საქმიანობასთან, რადგან, როგორც წესი, ქველმოქმედებას ახორციელებენ ადამიანები რომლებიც დაკავშირებული არიან წარმატებულ ბიზნეს საქმიანობასთან.

 

სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები დადგენილად მიაჩნია შემდეგი:

 

4.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2014 წლის 05 დეკემბერს შეთანხმება გაფორმდა შპს „-----სა და თ------ შ----–-ძეს შორის, შესაბამისად სესხის დაბრუნების ვალდებულება სარგებელთან ერთად წარმოეშვა იურდიულ პირს შპს „-----ს და არა ფიზიკურ პირს აწ გარდაცვლილ შ----- მ------ძეს.

 

4.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „-----ის შესასრულებელი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ შეადგენს სესხის ძირი თანხა 45 000 აშშ დოლარი და აღნიშნულ თანხაზე ყოველთვიური სარგებელი ძირი თანხის 2% 900 აშშ დოლარი, სულ ძირი თანხა და წლიური პროცენტი ჯამში შეადგენს 55 800 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2014 წლის 05 დეკემბრის შეთანხმება; მხარეთა მიერ სასამართლოში მიცემული განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და იგი უნდა დაკმაყოფილდეს

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

-

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

7.3. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვს დირექტორს თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

7.4. საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

საქართველოს სკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად - იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.

 

საქართველოს სკ-ის 316--ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით.

 

საქართველოს სკ-ის 625-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ შ----–-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შპს „-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 55 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3 000 ლარის ოდენობით. ვინაიდან მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოპასუხე შპს „-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 300 ლარის გადახდა.

 

8.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს საადვოკატო მომსახურეობისათვის გადახდილი აქვს 3 000 ლარი, ვინაიდან მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, სასამართლო საქმის მოცულობიდან და წარმომადგენლის მიერ გაწეული საქმიანობიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს „-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯის 2 000 ლარის გადახდა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით, 369-ე მუხლით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თ------ შ----–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „მ.მ.მ.“-ს თ------ შ----–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 55 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დროისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.

 

3. შპს „მ.მ.მ.“-ს თ------ შ----–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის გადახდა.

 

4. შპს „მ.მ.მ.“-ს თ------ შ----–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული თანხის 2 000 ლარის გადახდა.

 

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განჩინება (N163/უზრ-2016წ) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დარჩეს უცვლელად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირაკლი შავაძე