გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2018
საქმის ნომერი
060210017002238833
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/957-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი 2018 წ. ქ. სამტრედია

 

შესავალი ნაწილი

 

ს------------ რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნონა ზარქუა

 

სხდომის მდივანი ნათია ძაძამია

 

მოსარჩელე- რ----- ჯ--–-------;

წარმომადგენელი- ნ----- ფ------;

 

მოპასუხე - შპს ”მ---------------”

წარმომადგენელი - თ-------- მ------------, გ---- ს-----;

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ”მ---------------” მოსარჩელე რ----- ჯ--–-------ს სასარგებლოდ, დაეკისროს 2017 წლის მაისის და ივნისის თვის სახელფასო დავალიანების 1300 ლარის (საშემოსავლო გადახდების გარეშე) გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ”მ---------------ს” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ რ----- ჯ--–-------ს კომპანიამ გადასცა 2466.4 ლიტრი დიზელის საწვავი 3946.24 ლარის ღირებულებით. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად რ----- ჯ--–-------ს დღემდე არ დაუბრუნებია არც მასზე რიცხული დიზელის საწვავი და არც მისი ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება რ----- ჯ--–-------ს მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება 1300 ლარის ოდენობით.

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 რ----- ჯ--–------- 2015 წლის 5 მარტიდან 2015 წლის 01 ივნისამდე დაინიშნა შპს „მ--------------–-“ ს------------ ს------ ც-------- წ---–-------- ბ--------- მ---------- თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტება (სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის სხდომის ოქმი)

შპს „მ---------------ს“ გენერალური დირექტორის ბრძანება (ს.ფ. 44 )

 

3.1.2 რ----- ჯ--–------- შპს „მ---------------ს“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 24 ივლისის N20515/53 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2015 წლის 27 ივლისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს „მ---------------ს“ გენერალური დირექტორის ბრძანება (ს.ფ. 25)

 

3.1.3. რ----- ჯ--–------- სამუშაოდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს „მ---------------ს“ გენერალური დირექტორის ბრძანება (ს.ფ. 25 )

 

3.1.4 რ----- ჯ--–-------ს მიერ შპს „მ--------------–-“ მაისისა და ივნისის თვეში შესრულებული სამუშაოს ღირებულება ჯამში შეადგენს 1300 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა - განმარტება (სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის სხდომის ოქმი )

 

3.1.5. შპს „მ---------------ს“ მიერ რ----- ჯ--–-------სთვის არ არის ანაზღაურებული 2015 წლის მაისის და ივნისის თვეში შესრულებული სამუშაოს ღირებულება ჯამში 1300 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა - განმარტება (სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის სხდომის ოქმი )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „მ---------------ს“ მიერ დასაქმებულ რ----- ჯ--–-------ს მიმართ ნაკისრი ვალდებულება არ იქნა ჯეროვნად შესრულებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ რ----- ჯ--–-------ს მიერ შპს „მ--------------–-“ მაისისა და ივნისის თვეში შესრულებული სამუშაოს ღირებულება ჯამში შეადგენს 1300 ლარს.

 

მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავს შპს „მ---------------ს“ მხრიდან რ----- ჯ--–-------ს მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობას აუნაზღაუროს მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 1300 ლარს და რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება მოსარჩელისთვის დღემდე არ არის ანაზღაურებული, თავად მოპასუხის მიერ არის აღიარებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელე რ----- ჯ--–-------მ დაადასტურა მოპასუხე შპს ”მ---------------ს” მხრიდან სახელფასო დავალიანების არსებობა, რის გამოც მისი სარჩელი საფუძვლიანია უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს შრომის კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს რა თავიანთი შრომითი უფლებები დარღვეულად, აღნიშნული უფლებების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართეს სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.

 

6.2 საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ეს კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

 

ამავე კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, შრომის ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ, მოპასუხე იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელე რ----- ჯ--–-------ს მიმართ, მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის, შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ რ----- ჯ--–-------ს მიმართ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 1300 ლარი (ხელზე ასაღები),საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. დადგენილია, რომ დამსაქმებელმა შპს „მ----------------“ თავისი ქმედებით, უგულვებელყო დასაქმებული პირის უფლებები და ქონებრივი ინტერესები. შესაბამისად რ----- ჯ--–------- წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს შპს „მ---------------“ დავალიანების 1300 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად მოპასუხე შპს „მ---------------“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. რ----- ჯ--–-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

შპს ”მ---------------” რ----- ჯ--–-------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების გადახდა 1300 ლარის (საშემოსავლო გადახდების გარეშე) ოდენობით.

 

2. შპს ”მ---------------” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ს------------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ს------------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა