გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2018
საქმის ნომერი
190210018002295049
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2-429-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 მარტი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი მაგდა შენგელია

მოსარჩელე- შ-----------ი''

მოსარჩელის წარმომადგენელი- ქ------------------ე

მოპასუხე- ნ---------------ე

მოპასუხის წარმომადგენელი- კ-----------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

aRwerilobiTi nawili

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ნ---------------ეს შ-----------ის'' სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 43737.10 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე ნ---------------ეს შ-----------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 1321.10 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:

სარჩელში მითითებულია, რომ 2009 წლის 15 აგვისტოდან ნ---------------ე მუშაობდა შ-----------ში'' უალკოჰოლო სასმელების განყოფილებაში, სადაც 2018 წლის 25 იანვარს ჩატარდა საკონტროლო აღწერა, რის შედეგად სექციაში აღმოჩნდა დანაკლისი 43737.10 ლარის ოდენობით, რაზეც ნ---------------ემ განაცხადა, რომ სექციის ნავაჭრი თანხა პირადად გამოიყენა, აღნიშნული ფაქტი მოპასუხემ სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით აღიარა და განმარტა, რომ თანხას დააბრუნებდა 2019 წლის 25 იანვრამდე

ეტაპობრივად.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 25 იანვარს ნ---------------ე გათავისუფლდა სამსახურიდან შრომის შინაგანაწესის და საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით, დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

იქიდან გამომდინარე, რომ ნ---------------ეს არ გადაუხდია მოსარჩელისათვის თანხის გარკვეული ნაწილი, შ-----------ის'' წარმომადგენელი ითხოვს, რომ მოპასუხე ნ---------------ეს შ-----------ის'' სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 43737.10 ლარის და სახელმწიფო ბაჟის- 1321.10 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ნ---------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვალის აღიარების შესახებ ხელწერილი მის მიერ დაწერილი იქნა შ-----------ის'' ადმინისტრაციის მიერ ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ თუ მოპასუხე არ აღიარებდა ვალს, მოსარჩელე მის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანდა.

მოპასუხის განმარტებით, სექციაში პროდუქტები იკარგებოდა, რის თაობაზეც მან შ-----------ის'' ადმინისტრაციას შეატყობინა, რაზეც მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შ-----------ის'' სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2009 წლის 15 აგვისტოდან ნ---------------ე მუშაობს შ-----------ში’’ გამყიდველის თანამდებობაზე.

 

მტკიცებულება: ბრძანება # კგ/09/22 (ს.ფ. 20)

 

3.1.2. 2018 წლის 25 იანვარს საკონტროლო აღწერა ჩაუტარდა გამყიდველ- კონსულტანტს შორენა ათაბეგაშვილს, რა დროსაც გამოვლინდა დანაკლისი 43737.10 ლარი, რაზეც პასუხისმგებლები არიან ცვლაში მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტები შორენა ათაბეგაშვილი და ნ---------------ე.

 

მტკიცებულება: ოქმი # 1 (ს.ფ. 22)

 

3.1.3. უალკოჰოლო სასმელების სექციაში არსებული დანაკლისი 43737.10 ლარი გამოყენებული იქნა ნ---------------ის მიერ, აღნიშნული თანხა მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 2019 წლის 25 იანვრამდე ეტაპობრივად.

 

მტკიცებულება: ვალის აღიარების შესახებ ხელწერილი (ს.ფ. 21)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ---------------ის მიერ სანოტარო ბიუროში გამოვლენილი ნება ვალის აღიარების თაობაზე ნამდვილია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ---------------ემ ვალი აღიარა ფსიქოლოგიური ზეწოლის საფუძველზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტის მტკიცების ტვირთი აკისრია მოპასუხე მხარეს, თუმცა მას არანაირი მტკიცებულება წარმოუდგენია აღნიშნულის დასადასტურებლაად.

 

samotivacio nawili

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409-ე, 341-ე, 992-ე მუხლებით

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართალურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძველზე; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სასამართლო განმარტავს, რომ არასახელშეკრულებო ზიანი (დელიქტი) წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევიდან. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არის ნორმის შემადგენლობის ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ზიანის დაკისრებისათვის. კერძოდ, დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ნ---------------ემ უალკოჰოლო სასმელების სექციიდან პირადი მიზნებისათვის აიღო თანხა 43737.10 ლარის ოდენობით, რითაც შ-----------ს’’ მიაყენა მატერიალური ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, ნ---------------ის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია 2018 წლის 26 იანვარს სანოტარო წესით დამოწმებული აღიარების ხელწერილით, რომლის მიხედვით, მოპასუხე ადასტურებს, რომ მან 43737.10 ლარი თვითონ აიღო, რომლის დაბრუნებაც უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად 2019 წლის 25 იანვრამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. ამდენად, ვალის არსებობის აღიარება თავად არის ხელშეკრულება. ცალმხრივი ხელშეკრულება არის იმიტომ, რომ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. აბსტრაქტული ხელშეკრულება არის იმიტომ, რომ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობა მხარეებისათვის შეიძლება სადავოც კი იყოს. ვალის არსებობის აღიარება ქმნის ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომლის მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე თავის შესაგებელს ამყარებს იმ გარემობაზე, რომ მართალია ვალის აღიარების შესახებ ხელწერილი მისი დაწერილია, თუმცა აღნიშნული აღიარება შ-----------ის'' ადმინისტრაციის მიერ მასზე ფსიქიკური ზემოქმედების შედეგია, შესაბამისად, მის მიერ გამოვლენილი ნება არ არის ნამდვილი. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეა ვალდებული წარმოადგინოს მტკიცებულება, რითაც დაადასტურებს, რომ აღიარება იყო შეცდომის შედეგი, რაც განპირობებული იყო მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, თუმცა ნ---------------ის მიერ აღნიშნულის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ვალის აღიარების ხელწერილი ნ---------------ის მიერ დაწერილია ნებაყოფლობით, ყოველგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე, რაც ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ-----------ის’’ სარჩელი მოპასუხე ნ---------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. 7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ---------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1312.11 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით, ხოლო 8.99 ლარი უნდა დაუბრუნდეს შ-----------ს’’, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

sarezolucio nawili

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. შ-----------ის'' სარჩელი მოპასუხე ნ---------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხე ნ---------------ეს შ-----------ის'' სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 43737.10 ლარის გადახდა; 3. მოსარჩელე შ-----------ს'' უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 09 თებერვალს საგადასახადო დავალება #1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1321.10 ლარიდან ნაწილი- 8.99 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150, ბანკის კოდი TRESGE22, 4. მოპასუხე ნ---------------ეს შ-----------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 1312.11 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით. 5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. 6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი