გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210017001956714
N2/484-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე შპს „მ-------------“
წარმომადგენელი ვ--–---------------------
მოპასუხე მ-------------–ია
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე მ-------------–იას მოსარჩელე შპს "მ-------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 799,60 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 400 ლარი, სარგებელი - 42 ლარი და პირგასამტეხლო - 357,60 ლარი.
2017 წლის 09 იანვარს შპს "მ-------------სა" და მ-------------–იას შორის გაფორმებულ იქნა სესხის N49319 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 400 ლარი, 2017 წლის 08 თებერვლამდე. სარგებელი შეადგენდა 42 ლარს. ხელშეკრულების 10.1 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილების დღისათვის ძირითადი თანხის 1,5%, რაც ყოველდღიურად შეადგენდა 6 ლარს. მ-------------–იას მიერ სესხის ხელშეკრულება დარღვეულ იქნა 2017 წლის 09 თებერვალს და 2017 წლის 11 მაისის მდგომარეობით მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 799,60 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 400 ლარი, სარგებელი - 42 ლარი, პირგასამტეხლო - 552 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 09 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხე მ-------------–იას შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 400 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, სარგებელი შეადგენდა 42 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი; შესაგებელი; ახსნა-განმარტებები; სესხის ხელშეკრულება.
3.1.2. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადა სესხის თანხა, რის გამოც, მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ ძირი თანხის ნაწილში შეადგენს 400 ლარს, ხოლო სარგებლის ნაწილში -42 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი; შესაგებელი; მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეები ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს თაობაზე არ შეთანხმებულან.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ-------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2017 წლის 09 იანვარს, მოსარჩელესა და მოპასუხე მ-------------–იას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 400 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. ამასთან, შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების სხვა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ: ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში. ამდენად, სარჩელი იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხემ ცნო, უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხე მ-------------–იას მოსარჩელე შპს „მ-------------ის“ სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ძირი თანხის 400 ლარის და სარგებლის - 42 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, მხარეებს შეუძლიათ, ხელშეკრულებით გაითვალისწინონ პირგასამტეხლოს სახით, ფულადი თანხის გადახდა. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. იმისთვის, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი კონკრეტული ვალდებულობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, მხარეს მოეთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, აუცილებელია, ეს პირდაპირ იყოს გათვალისწინებული შეთანხმებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმება, პირგასამტეხლოს თაობაზე, მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული მუხლი იმპერატიულად, ცალსახად და პირდაპირ ადგენს პირგასამტეხლოს თაობაზე მხარეთა შეთანხმების წერილობითი ფორმით გაფორმების ვალდებულებას. ამდენად იმისთვის, რომ მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე ჩაითვალოს ნამდვილად, საჭიროა ეს შეთანხმება დაიდოს წერილობითი ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტები, კანონის ფარგლებში, თავისუფლად დებენ ხელშეკრულებებს და განსაზღვრავენ ამ ხელშეკრულებათა შინაარსს. მათ შეუძლიათ, დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომელიც თუმცა პირდაპირ გათვალისწინებული არ არის კანონით, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
მიუხედავად თავისუფალი სახელშეკრულებო ურთიერთობებისა, მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობა ითვალისწინებს იმპერატიულ ნორმებს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ხელშეკრულების დადებისა თუ მისი შინაარსის განსაზღვრისას. ხელშეკრულების დადებისას, კანონის ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ეხება გარიგების ფორმას. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი, მარტივი წერილობითი ან რთული წერილობითი ფორმით. ფორმის თაობაზე თანხმდებიან მხარეები. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში, ხელშეკრულების ნამდვილობისთვის კანონით პირდაპირაა დადგენილი შესაბამისი ფორმა.
კანონით განსაზღვრული ფორმის დაწესებას, სხვადასხვა საფუძველი აქვს. ამ მხრივ, საყურადღებოა, ა) გაფრთხილების ფუნქცია - ნების გამომვლენი დაცული უნდა იქნეს გარიგების დადებაზე ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღებისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისაგან; ბ) სიცხადისა და მტკიცების ფუნქცია. ფორმის დაცვის (მაგ. წერილობითი ფორმის) დაცვის შედეგად, ცხადი ხდება რა სახით და რა შინაარსით დაიდო ხელშეკრულება; გ) იდენტიფიცირებისა და ნამდვილობის ფუნქცია, ფორმის დაცვის შედეგად, შესაძლებელია დოკუმენტის შემდგენის იდენტიფიცირება. ასევე, ნების გამოვლენის მიმღებს, შეუძლია იმის იდენტიფიცირება, თუ ვის მიერაა გამოვლენილი ნება და რომ ნების გამოვლენა ნამდვილია. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელმოწერების შედეგად, იმის გარკვევა და ვარაუდის დაშვება, რომ დოკუმენტზე ხელის მომწერ პირს გააზრებული აქვს ხელშეკრულების შინაარსი და ეთანხმება მას; დ) ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევის ფუნქცია. წერილობით ფორმას (განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხებში), აქვს დატვირთვა, მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია ნაკისრ ვალდებულებებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის საფუძველზე, თუ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის კანონით დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილია კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია მხარეთა ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებულია მარტივი წერილობით ფორმა, რომელიც არ მოითხოვს დამატებით სანოტარო წესით დამოწმებას. წერილობითი ფორმის შემთხვევაში ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია გარიგების წარმოშობისკენ, გამოვლენილი უნდა იყოს ანბანური-ასო ნიშნებით. აღნიშნული მუხლის ანალიზი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ წერილობითი ფორმის დაცვა გულისხმობს დოკუმენტის შედგენას, რომელზეც დასმული იქნება მხარეთა ხელმოწერები. ამ ფორმით დაცულია კანონნმდებლის მიზნები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც დაადგინა კანონით გათვალისწინებული ფორმის სავალდებულოობა.
დოკუმენტის შედგენა შეუძლიათ მხარეებს, ასევე მესამე პირებს, როგორც ხელნაწერი, ასევე ნაბეჭდი სახით. აუცილებელია ამ დოკუმენტზე მხარეთა მიერ საკუთარი ხელმოწერების დასმა. ხელმოწერას რამდენიმე დატვირთვა აქვს 1) მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ შინაარს და ასრულებენ საკუთარი ნების გამოვლენას; 2) ხელმოწერით ვლინდება ხელისმომწერის ვინაობა და დოკუმეტი დაცულია სხვა პირთა მიერ გაყალბებისგან. საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ წერილობითი ფორმა გულისხმობს დოკუმენტის არსებობას, რომელზეც დასმულია მხარეთა ხელმოწერები.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მართვის ელექტრონული საშუალებით ტექსტური ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან პირგასამტეხლოს თაობაზე. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ არის დადასტურებული მხარეთა ხელმოწერით. ამდენად, განსახილველი შეთანხმება ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდქსის 418-ე მუხლით პირგასამტეხელოზე შეთანხმებისთვის დადგენილი წერილობითი ფორმის მოთხოვნას. ამ შემთხვევაში, აზრი ეკარგება საქართველოს 68-ე მუხლის მიზნებს. კერძოდ: დადებული ხელშეკრულებით მიუღწეველია ის მიზნები, რომელთა მისაღწევადაც კანონმდებელმა დაადგინა წერილობითი ფორმა. დარღვეულია დადებული ხელშეკრულების სიცხადისა და მტკიცების ფუნქცია. სადავოა და მხარეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წარმოდგენილი ხელშეკრულების ავთენტურობას. ასევე ხელშეკრულება ვერ ადასტურებს მხარეთა იდენტურობას. რაც გულისხმობს იმას, რომ დაუდგენელია ეჭვი, პირგასამტეხლოს თაობაზე თანხმობის გამომხატველი პირი არის თუ არა მოპასუხე მ-------------–ია და ნამდვილად ის გაეცნო თუ არა პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმებას. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა დაუზუსტებელი რჩება გარემოება პირგასამტეხლოს შესახებ მხარეთა შეთანხმების თაობაზე, გაურკვეველია რამდენად იყო ინფორმირებული მოპასუხე საკუთარ ვალდებულებაზე, გადაეხადა პირგასამტეხლო. მით უმეტეს შეუძლებელია მსჯელობა აღნიშნული ფორმით დადებული გარიგების გამაფრთხილებელ ეფექტზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეები პირგსამტეხლოს თაობაზე არ შეთანხმებულან, სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ფორმის დაცვით. ამდენად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე უნდა ჩაითვალოს ბათილად.
ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასმტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
შპს „მ-------------ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 19.05.2017 წ. საგადასახადო დავალება N1495201216) 27,64 ლარი, ხოლო 22,36 ლარი უნდა დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს „მ-------------ის“ სარჩელი მ-------------–იას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე მ-------------–იას შპს „მ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 442 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 400 ლარი, სარგებელი - 42 ლარი) გადახდა.
3. შპს „მ-------------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 19.05.2017 წ. საგადასახადო დავალება N1495201216) 27,64 ლარი, ხოლო 22,36 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე