გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2018
საქმის ნომერი
820210017001970607
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ, სხვა სახის დავები
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 820210017001970607 (2-335/17 )

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 მარტი. 2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე: ქ----------------------ე

წარმომადგენელი: ზ----------ე

მოპასუხე: რ-----------ე

წარმომადგენელი: ბ-------------ე

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის სოციალური მომსახურების განყოფილება

წარმომადგენელი: დ---------------ე

დავის საგანი: განქორწინება, შვილის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

 

1.2. მცირეწლოვანი შვილის - 2015 წლის 10 მარტს დაბადებული ე-–----------ის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

1.3. მცირეწლოვანი შვილის რჩენისათვის ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ქ----------------------ემ და რ-----------ემ იქორწინეს 2015 წლის 23 იანვარს. ქორწინებიდან რამდენიმე თვეში მათ შორის დაიწყო კონფლიქტი სახვადასხვა საკითხებზე. რ-----------ე უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე ხშირად ცემდა ცოლს - ქ----------------------ეს და საბოლოოდ ისე ცემა სიკვდილს ძლივს გადაურჩა, რის გამოც გაიცა შემაკავებელი ორდერი და რ-----------ე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. რ-----------ე და ქ----------------------ე ერთად აღარ ცხოვრობენ და მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რის გამოც ითხოვს განქორწინებას.

მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ე-–----------ე, დაბადებული 2015 წლის 10 მარტს, რომელიც ამჟამად უკვე დედასთან იმყოფება, მაგრამ აუცილებელია განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი სასამართლო წესით და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ბავშვი უნდა იზრდებოდეს დედასთან. ამასთანავე, ბავშვის მოვლა-აღზრდისათვის აუცილებელია მამამ რ-----------ემ მონაწილეობა მიიღოს რათა მოხდეს ბავშვის სრულფასოვანი აღზრდა განვითარება, შესაბამისად რ-----------ეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე რ-----------ემ სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ ცნო;

მოპასუხე რ-----------ე და მისის წარმომადგენელი შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე არ ეთანხმებიან სარჩელის მოთხოვნას, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში. მიიჩნევენ, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მათი განმარტებით, მოსარჩელე მხარის მიერ დავის არსში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები არის აბსურდული და ტყუილი, რადგანაც ოჯახის დანგრევის მიზეზი არის არა მოპასუხე რ-----------ე, არამედ თვით მოსარჩელე ქ----------------------ე, მისმა უღირსმა ქმედებებმა იძულებული გახადა რ-----------ე უარი ეთქვა ოჯახის შენარჩუნებაზე, ხოლო მხარის განმარტება, რომ თითქოსდა რ-----------ე მეუღლეს ქ----------------------ეს უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო ცემდა, არის სიცრუე და პირიქით რ-----------ე ქ----------------------ისათვის იყო საუკეთესო მეუღლე და არასოდეს არ უქმნიდა რაიმე სახის დაბრკოლებასა თუ წინააღმდეგობას.

მოპასუხე და მისი წარმომადგენელი მიიჩნევენ, რომ მოთხოვნა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე არის უსაფუძვლო, რადგან ბავშვის უკეთესი ცხოვრებისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვანია იმ პირობებში ყოფნა სადაც იზრდებოდა, სადაც არის შეჩვეული და არის უკეთესი პირობები და გარემო. მიიჩნევენ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მამის რ-----------ის საცხოვრებელი ადგილი, ქე---------------------------------------------. N3.

 

21. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს- სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი დ---------------ე სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაში არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას მცირეწლოვან ე-–----------ის საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე.

მის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით კი დგინდება შემდეგი:

მოსარჩელე ქ----------------------ე ამჟამად ცხოვრობს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფ. პირველ მაისში მშობლებთან ორსართულიან კერძო სახლში, სადაც განლაგებულია 4 საძინებელი სამზარეულო, მისაღები და სველი წერტილები. სან-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სახლში არის საჭირო მოხმარების ავეჯი. ოჯახს აქვს კერძო მეურნეობა, საკუთარი ბოსტანი და ეზო ხეხილით. ოჯახი ყიდის აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს თხილს, მოცვს და მარწყვს.

ქ----------------------ის მშობლების დიდი სურვილია ბავშვი იზრდებოდეს დედასთან ერთად მათ ოჯახში. ვიზიტის დროს აჩვენეს ბავშვისთვის განკუთვნილი საბავშვო ოთახი, უზრუნველყოფილი საბავშვო ავეჯით და სათამაშოებით. ბავშვი აღრიცხვაზე იმყოფება სამედიცინო უბანზე და საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს უბნის ექიმის მომსახურებით, უზრუნველყოფილია მედიკამენტებით. ვიზიტის დროს გამოიკვეთა, რომ ბავშვი იკვებება დღეში ოთხჯერ, აქვს ასაკის შესაბამისი ნუტრიციული საკვები, ვიზიტის დროს ბავშვი იყო სუფთად და კოხტად ჩაცმული. ბებია -ბაბუა სიყვარულს, სითბოსა და ზრუნვას გამოხატავენ ელენეს მიმართ.

 

მოპასუხე რ-----------ის საცხოვრებელ ბინა მდებარეობს დაბა ქედაში, ტ. აბუსერიძის ქ. N3, სადაც დღეისათვის ცხოვრობენ ბავშვის მამა-რ-----------ე, ბებია-ზარიფე ბერიძე, ბაბუა ვახტანგ ბერიძე, ბიძია როსტომ ბერიძე და მისი მეუღლე ირმა ბერიძე. ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს დაბა ქედაში ტ. აბუსერიძის ქუჩა N3 კეთილმოწყობილი ბინა: ნათელი ოთახებით 3 საძინებლით მისაღები ოთახით, სამზარეულო აბაზანა ტუალეტით. სან-ჰიგიენური მდგომარეობა კარგია. საცხოვრებელი ფართი არის როინის მამის ვახტანგ ბერიძის კუთვნილება. ვახტანგ ბერიძე ვეტექიმია და დასაქმებულია კერძო ფირმაში და მისი ყოველთვიური შემოსავალი არის 100 ლარი. ოჯახში განხორციელებული ვიზიტის დროს გამოიკვეთა, რომ ოჯახის დანარჩენი წევრები ყველა დასაქმებულია და აქეთ თვიურად სტაბილური შემოსავალი. როინის დედა-ზარიფე ბერიძე, დიასახლისია დაკავებული იყო შვილიშვილის აღზრდით, როგორც საუბარში აღინიშნა ხელს უწყობდა რძალს მეცადინეობაში, ვინაიდან იგი გადიოდა კერძო პედაგოგებთან, ემზადებოდა მისაღები ეროვნული გამოცდებისათვის, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ქეთევანმა ვეღარ შეძლო ეროვნულ გამოცდებზე გასვლა. ოჯახის უფროსი ვახტანგ ბერიძე დანანებით აღნიშნავს, რომ ოჯახისათვის მოულოდნელი იყო რძლის ქცევა, ვინაიდან დიდ პატივს სცემდა მას და საკუთარი შვილივით უყვარდა.

რ-----------ე საუბარში აღნიშნავს რომ მას კარგად აქვს გაცნობიერებული ბავშვის აღზრდის თავისებურებები. ის დედასთან ერთად თანაბარ მონაწილეობას ღებულობდა ქალიშვილის აღზრდაში, სისტემატიურად უვლიდა მას და ცდილობდა ქეთევანისათვის ხელშეწყობას. რ-----------ემ აღნიშნა რომ ელენე უკვე ბაღის ასაკისაა, საბავშვო ბაღი მის საცხოვრებელ ბინასთან ახლოს მდებარეობს და მოითხოვა გათვალისწინებული იქნეს ეს ფაქტორი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დროს , ვინაიდან ქ----------------------ის სოფლიდან საბავშვო ბაღი ტერიტორიულად დაშორებულია და მოუწევთ ბავშვის შორ მანძილზე ტარება.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებით, მშობლებს შორის კონფლიქტი უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ სფეროზე, ყოველივე ეს კი ქმნის ბავშვის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბების საფრთხეს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასურველია დავა გაწყდეს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ და მზრუნველ გარემოში, არ უნდა იმყოფებოდეს ფსიქოლოგიურ ზეწოლის ქვეშ, უნდა ზრუნავდნენ მის ჯამრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენაზე, ფიზიკურ გონებრივ განვითარებაზე, დაცული უნდა იყოს მისი უფლებები და ურთიერთობა უნდა ქონდეს როგორც დედასთან ისევე მამასთან, მშობლების ნათესავებთან.

სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მიიჩნევს რომ ამ ეტაპზე ბავშვის აღზრდის უფრო უკეთესი მატერიალური პირობები მამის - რ-----------ის ოჯახშია, ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნია მცირეწლოვანი ე-–----------ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2015 წლის 23 იანვრიდან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2015 წლის 10 მარტს დაბადებული ე-–----------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა

- დაბადების მოწმობა

 

3.1.2. ქ----------------------ე და რ-----------ე 2017 წლის მაისიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის დროებითი განკარგულების საფუძველზე საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე ე-–----------ის დროებით საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის ქ----------------------ის საცხოვრებელი ადგილი ქ----- სოფ. პირველი მაისი, ბავშვი ამჟამად იმყოფება დედასთან აქვს ურთიერთობა მამასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სასამართლოს დროებითი განკარგულება

-მხარეთა ახსნა-განმარტებანი

-მოწმეთა ჩვენები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 21 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს მიერ შედგენილ იქნა N015927 შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით მოძალადე რ-----------ის მხრიდან ადგილი აქვს მსხვერპლის ქ----------------------ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფის მიყენების ფაქტს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი და რ-----------ეს აეკრძალა მსხვერპლის ქ----------------------ის საცხოვრებელ სახლსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რომან ბოლქვაძის 2017 წლის 31 მაისის დადგენილებით ქ----------------------ე დაზარალებულად იქნა ცნობილი იმ საფუძვლით, რომ 2017 წლის 19 აპრილსა და 0- მაისს რ-----------ემ ხელების სახის არეში დარტყმისა და ყელის არეში მოჭერით ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს ქ----------------------ეს.

მოპასუხე რ-----------ე ადასტურებს ძალადობის ფაქტს, თუმცა აცხადებს რომ აღნიშნული გამოწვეულია მოსარჩელის უღირსი და ოჯახის შეურაცხმყოფელი მოქმედებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შემაკავებელი ორდერი

-სასამართლოს გადაწყვეტილება

-დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.

-მხარეთა ახსნა განმარტებები.

 

3.2.2. მცირეწლოვანი ე-–----------ე სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფება დეის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სამედიცინო უბანზე და საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს უბნის ექიმის მომსახურებით, ასევე სამედიცინო დაწესებულება შპს ,,უნიმედი აჭარა“ ქედა 01.11.2017 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობის მიხედვით, ბავშვს ესაჭიროება ბინაზე მკურნალობა, მეთვალყურეობა ოჯახის ექიმის, პედიატრის კონსულტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური სამსახურის დასკვნა

- სამედიცინო ცნობები

 

3.2.3. მოპასუხე რ-----------ის ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს დაბა ქედაში ტ. აბუსერიძის ქუჩა N3 კეთილმოწყობილი ბინა: ნათელი ოთახებით 3 საძინებლით მისაღები ოთახით, სამზარეულო აბაზანა ტუალეტით. სან-ჰიგიენური მდგომარეობა კარგია. საცხოვრებელი ფართი არის როინის მამის ვახტანგ ბერიძის კუთვნილება. ოჯახში ასევე ცხოვრობენ რ-----------ის მშობლები -ზარიფე ბერიძე და ვახტანგ ბერიძე, ძმა როსტომ ბერიძე და მისი მეუღლე ირმა ბერიძე. მოსარჩელე მხარისა და სოციალური სამსახურის განმარტებით, რ-----------ის საცხოვრებელ სახლთან ახლოს რამდენიმე მეტრში არის საბავშვო ბაღი, ასევე ახლოსაა რ-----------ის სამსახურიც.

მოპასუხის ინიციატივით დაკითხული მოწმეების ირმა ბერიძისა და ზარიფე ბერიძის ჩვენებით, რიონ ბერიძესთან ბავშვის ნორმალური აღზრდისათვის გაცილებით უკეთესი პირობებია, ბავშვი მიჩვეულია მამის ოჯახს, ბებიას და ოჯახის სხვა წევრებს, ერთად ცხოვრების პერიოდში დედა ფაქტიურად ვერ იცლიდა შვილის აღსაზრდელად და ძირითადში მამა და ბებია ზრდიდნენ, ბავშვს უნდა მამის ოჯახში ყოფნა და როცა მათთან მოყავთ არ უნდა დედასთან წასვლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სოციალური სამსახურის დასკვნა

-სოციალური სამსახურის წარმომადგენლისა და მოსარჩელის ახსნა -განმარტებები

-მოწმეთა ჩვენები

 

3.2.4.ჩატარებული ფსიქოლოგიური კვლევისას გამოიკვეთა, რომ ბავშვზე მოქმედებს კონფლიქტური სიტუაცია და გრძნობს უფროსების ურთიერთობას, არ კონტაქტირებს, არ თამაშობს ძირითადად ჩუმად არის, არ ასრულებს დავალებებს.

დასკვნის მიხედვით, გამოკვლევის პროცესს ართულებს ბავშვის ასაკი, რადგან არ კონტაქტირებს ჯიუტად დუმს ვერ ხერხდება პროექციული მეთოდების გამოყენება, ამიტომ რთულდება ბავშვის დამოკიდებულების სწორად დანახვა. მშობლებთან შეხვედრისას დედასთან ერთად ვიზიტისას ბავშვი არ შორდებოდა, მამასთან შეხვედრისას ბავშვი არ გაყვა დედას და გამოხატავდა მამასთან ყოფნის სურვილს. ამრიგად ბავშვი გაორებულ მდგომარეობაშია მას დედაც უყვარს და მამაც. ასევე ურთიერთობის სურვილი აქვს ორივე მშობლებთან, ამიტომ სასურველია ბავშვს ქონდეს ჯანსაღი ურთიერთბა ორივე მშობელთან.

ელენე მომავალი და მოწესრიგებული ბავშვია, მცირე ასაკიდან გამომდინარე ვერ ხერხდება შეფასების პროცესში პროექციული მეთოდების გამოყენება ვერ შედგა ინტერვიურება, რადგან პირველ დღეს საწოვარა ქონდა და არ კონტაქტირებდა. მოხდა მხოლოდ ქცევაზე დაკვირვება, გამომეტყველება მოწყენილი, აქვს სუსტი საპასუხო რეაქციები შეთავაზებულ აქტივობაზე, ხატვაზე, თამაშზე, ჯიუტად დუმს. როდესაც ვთხოვ დედას ოთახის დატოვებას ბავშვი ჭირვეულობს და არ უშვებს დედას გარეთ. მეორე ვიზიტზე მამასთან შეხვედრისას, ბავშვი თავისუფლად ჯდება მამის კალთაში და არ აქვს ჩამოსვლის მცდელობა უღიმის ამყარებს თვალებით კონტაქტს, ბავშვი ხმადაბლა იწყებს საუბარს მამასთან, თავისი ინიციატივით სთავაზობს და ბევრჯერ უმეორებს, რომ: ,,წავიდეთ სახლში შენს სახლში.’’ მამა უხსნის რომ პარასკევს წაიყვანს თუმცა ელენე მამის ხელიდან ჩამოსვლის მომენტში ატირდა ცდილობდა ისევ მამას აეყვანა ხელში, მშობლებმა შეთანხმდნენ რომ რადგან ბავშვი ვერ მშვიდდებოდა მამას წაეყვანა. ამ დროს ბავშვს გამოცოცხლება დაეტყო უღიმოდა მამას და ესაუბრებოდა.

მამასთან ვიზიტის დროს ჩანს ბავშვის ემოციური მიჯაჭვულობა მამასთან. შესაძლებელია ეს იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ბავშვი დედასთან ცხოვრობს და აქვს მამასთან ურთიერთობის დანაკლისი ან ენატრება მამა.

სასამართლო სხდომაზე ფსიქოლოგმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ ბავშვზე მოქმედებს კონფლიქტური სიტუაცია და გრძნობს უფროსების ურთიერთობას, მისი ასაკის გამო სრული ფსიქოლოგიური გამოკვლევა ვერ მოხერხდა, თუმცა აღნიშნა, რომ რომელიმე მშობლის მიმართ განსაკუთრებული მიჯაჭვულობა არ აღინიშნება და მისი ასაკიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ბავშვი დედასთან იზრდებოდეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ფსიქოლოგ თამარ ქამადაძის დასკვნა

- ფსიქოლოგ თამარ ქამადაძის განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მცირეწლოვანი ე-–----------ის საცხოვრებელი ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მიმდინარე პერიოდისათვის არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. მისი ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი.

გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მოპასუხის რეალური შემოსავლისა და მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მცირეწლოვან ე-–----------ის ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გადასახდელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს 150 ლარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, 1127-ე მუხლის მეორე ნაწილი, 1106-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე რ-----------ემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს გააჩნია პრეროგატივა, გადაწყვიტოს განქორწინებულ მეუღლეთა შორის დავა არასრულწლოვანი შვილის (შვილების) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რა დროსაც უთუოდ მოქმედებს ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპი, თუმცა სასამართლოსათვის უპირველესად გასათვალისწინებელი და გადამწყვეტია თავად ბავშვის უპირატესი ინტერესები.

 

ბავშვების ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების კონვენცია, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით დანიშნული ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ

მცირეწლოვანს აღენიშნება ემოციური გაორება მშობლების მიმართ. ბავშვს აქვს ძლიერი მიჯაჭვულობა ორივე მშობლის მიმართ. ამასთან, მცირედი უპირატესობა შეიმჩნევა მამასთან მიმართებაში, რაც აიხსნება მშობლებს შორის განვითარებული კონფლიქტის ფონზე მამასთან ურთიერთობის დანაკლისით, ენატრება მამა. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თვალსაზრისით ფსიქოლოგმა უპირატესობა დედას მიანიჭა.

 

ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების შეფასებისა და გაანალიზების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მცირეწლოვანი ე-–----------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ასაკსა და სქესს. გოგო ბავშვის სწორად აღზრდა განვითარებისათვის მნიშვნელოვანია დედასთან ყოფნა და მასთან არასაკმარისი სიახლოვე დამღუპველი იქნება და უარყოფითად იმოქმედებს ქალიშვილის ცხოვრების ფორმირებაზე. სასამართლო თვლის, რომ მცირეწლოვანი გოგო ბავშვი დედას უნდა დაშორდეს მხოლოდ ისეთი გამონაკლისების შემთხვევაში, როდესაც ასეთი კავშირი მიმართულია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების საწინააღმდეგოდ. მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მამასთან არის უკეთესი სოციალური პირობები, ახლოსაა საბავშო ბაღი და სამედიცინო დაწესებულებები, გარდამტეხ გავლენას ვერ ახდენს ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ქ----------------------ესთან შვილის ცხოვრების ხელის შემშლელი რაიმე ობიექტური გარემოება საქმის მასალებით არ გამოვლენილა და არც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხრიდან არ გამოთქმულა. სოციალური სამსახურის დასკვნით, ქ----------------------ის ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლში არის ბავშვისთვის განკუთვნილი საბავშვო ოთახი, უზრუნველყოფილი საბავშვო ავეჯით და სათამაშოებით. ბავშვი აღრიცხვაზე იმყოფება სამედიცინო უბანზე და საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს უბნის ექიმის მომსახურებით, უზრუნველყოფილია მედიკამენტებით. ვიზიტის დროს გამოიკვეთა, რომ ბავშვი იკვებება დღეში ოთხჯერ, აქვს ასაკის შესაბამისი ნუტრიციული საკვები, ვიზიტის დროს ბავშვი იყო სუფთად და კოხტად ჩაცმული.

ამასთან, ქ----------------------ის წარმომადგენელი ადასტურებს მამასთან ბავშვის ხშირი ურთიერთობის აუცილებლობას და მიზანშეწონილობას და აცხადებს, რომ მოსარჩელე ხელს შეუწყობს ბავშვის მამასთან შეხვედრასა და ურთიერთობას, რაც მნიშვნელოვანია მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრების პირობებში ბავშვის ჯანსაღი და სრულყოფილი განვითარებისათვის.

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს

მცირეწლოვანი ე-–----------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი, შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელეს გააჩნია სტაბილური შემოსავალი, ხოლო მოპასუხე უმუშევარია და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მცირეწლოვანი ე-–----------ის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ყოველთვიურად 150 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოპასუხემ მთავარ სხდომამდე ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროს. შესაბამისად, მოსარჩელე ქ----------------------ეს უნდა დაუბრუნდეს ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, რ-----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. მასვე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ნაწილის- 100 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ქეთევან ღოღობერიძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. შეწყდეს ქეთევან ღოღობერიძესა (დაბ. 1--0-.1---წ., პ/№6----------) და რ-----------ეს (დაბ. 04.08.1983 წ., პ/№6----------) შორის 2015 წლის 23 იანვარს №7---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება;

 

1.2. 2015 წლის 10 მარტს დაბადებული ე-–----------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ქ----------------------ის საცხოვრებელი ადგილი;

 

1.3. მოპასუხე რ-----------ეს დაეკისროს მცირეწლოვანი შვილის 2015 წლის 10 მარტს დაბადებული ე-–----------ის რჩენა – აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2017 წლის 15 ივნისიდან შვილის სრულწლოვანებამდე.

 

1.4. მოპასუხე რ-----------ეს ქ----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ნაწილის 100 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოსარჩელე ქ----------------------ეს დაუბრუნდეს ზ----------ის მიერ 2017 წლის 12 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი, რაც გადახდილია: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300733150.

 

5. რ-----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხოლო მოპასუხისათვის სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358)) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე