გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2018
საქმის ნომერი
190210117002148162
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2449-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 თებერვალი 2017 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "თიბისი ბანკი"

წარმომადგენელი თამარ მაღალაშვილი

მოპასუხეები მ--–--- მ--------ი

დ--------–- გ---------ი

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგსამატეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ--–--- მ--------ისა და დ--------–- გ---------ისათვის სოლიდარულად 14088.89 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3960 ლარი, პროცენტი 3040.09 ლარი, ჯარიმა 2000.81 ლარი;

1.2. 2017 წლის 23 ოქტომბრიდან კრედიტის ძირითად თანხაზე 3960 ლარზე სარგებლის - წლიური 36%-ის გადახდა ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს, 117.71 ლარს. არაუმეტეს ერთი წლისა.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 26 აპრილს სს „თიბისი ბანკსა“ და მ--–--- მ--------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 6000 ლარი 12 თვის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1%, ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის 10 ლარი.

 

2016 წლის 26 აპრილს დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით დ--------–- გ---------მა იკისრა სოლიდარული ვალდებულება ზემოთაღნიშნული საკრედიტო ვალდებულების შესრულებისათვის. მისი პასუხუსმგებლობის ზღვრული ოდენობაა 7800 ლარი.

 

მსესხებელს სესხის თანხა და დარიცხული სარგებელი უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკით, რაც არ შესრულდა. 2017 წლის 17 აგვისტოს მოპასუხეებს გაეგზვნათ წერილობით გაფრთხილება სესხის დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა არც გაფრთხილების შემდეგ შეასრულეს ვალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე დ--------–- გ---------მა წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბანკს საქმის კურში არ ჩაუყენებია, რომ პირადმა მოვალემ სესხის დაბრუნების ვალდებულება დაარღვია. ბანკმა არ მოიძია მსესხებლის შემოსავლები.

 

მოპასუხე მ--–--- მ--------ს წერილობით შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 26 აპრილს სს „თიბისი ბანკსა“ და მ--–--- მ--------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 6000 ლარი 12 თვის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1%, ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის 10 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-21)

- სარჩელი (ს.ფ. 4-6)

- შესაგებლები (ს.ფ. 49-68)

 

3.1.2.2016 წლის 24 აპრილს დ--------–- გ---------ის განცხადების საფუძველზე სს „თიბისი ბანკსა“ და დ--------–- გ---------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება რომლითაც თავდებმა იკისრა მ--–--- მ--------ის სესხის ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება მსესხებელთან ერთად. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 7800 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- თავდებობის განაცხადი და თავდებობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-21)

 

3.1.3. სს თიბისი ბანკის მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს თავდების დ--------–- გ---------ისათვის და მსესხებლის მ--–--- მ--------ისათვის ხელშეკრულებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გაგზავნილია წერილობით გაფრთხილება საკრედიტო დავალიანების შესახებ და მოითხოვა კრედიტის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილების ასლები (ს.ფ. 28. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.3. მოპასუხეებმა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულეს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის დაბრუნების 1 წლის ვადაში სესხი არ დაუბრუნებიათ, ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილია სესხის ძირითადი თანხა 2040 ლარი, ხოლო გადაუხდელი სესხის სარგებელია 2160 ლარი.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბაკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად 2016 წლის 26 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაცემულია 6000 ლარი. 2017 წლის 7 ივლისამდე სესხის დაბრუნების მიზნით თანხის გადახდა დაფიქსირებული არ არის. 2017 წლის 7 ივლისს გადახდილია 1020 ლარი, ხოლო 2017 წლის 8 აგვისტოს 1020 ლარი. საერთო ჯამში გადახდილი 2040 ლარით შემცირებულია სესხის ძირითადი თანხა. ამდენად, სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 3960 ლარი.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის იმ განმარტებას, რომ სესხის სარგებლის დავალიანებაა 3040.09 ლარი. მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დადებულია 2016 წლის 26 აპრილს 1 წლის ვადით, ხოლო სესხის სარგებელია წლიური 36%. ვინაიდან სესხის ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით, სესხის სარგებლის გადახდის ვალდებულება 1 წლის მანძილზე არსებობს. სესხის ხელშეკრულების შემადგენელი სესხის დაბრუნების გრაფიკის თანახმად, სესხზე ჯამურად გადასახდელი სარგებელია 2160 ლარი, რაც არის 6000 ლარის წლიური 36%-ის შესაბამისი თანხა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტის სარგებელი არის პროცენტი, ფულადი თანხა რომლის მიღების უფლება მსესხებელს გააჩნია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის დარუნების ვადაში, რაც არის მოვალის მიერ სესხის სარგებლობის ვადა. მოპასუხის განმარტებით, სესხის სარგებლის დავალიანებაა 3040.09 ლარი, რაც ხელშეკრულების პირობებიდან არ გამომდინარეობს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის სარგებლის 2160 ლარის დარიცხვა, მოპასუხეებს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი საერთოდ არ დაუბრუნებიათ, რის გამოც სადაო საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი სარგებლის დავალიანებაა 2160 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-19. 25)

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 27.)

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 26)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 893-ე, 895-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 867-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 404-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სს ,,თიბისი ბანკსა’’ და მ--–--- მ--------ს შორის 2016 წლის 26 აპრილს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო 6000 ლარი 12 თვის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 36 %-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრა მოპასუხე დ--------–- გ---------მა, რის გამოც მოპასუხეთა ვალდებულება სოლიდარულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ძირითადმა მოვალემ მ--–--- მ--------მა დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში დ--------–- გასანოვთან დადებული შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა მ--–--- მ--------ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, გადახდილია სესხის ძირითადი თანხის ნაწილის 2040 ლარი, რაც გადახდილის საკრედიტო ხელშეკრულებიტ გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ერთწლიანი ვადის გასვლის შემდე, 2017 წლის ივლისს და აგვისტოში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოპასუხეებს არ მიუთითებითა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

ამდენად, მუშვუკ მ--------ის მიერ დადებული საკრედიტო ხელშეკრულების პირობები ჯეროვნად შესრულებული არ არის, გადაცილებულია სესხის დაბრუნების ვადა და კრედიტი სრულად დაბრუნებული არ არის.

 

მსესხებელი მხოლოდ კრედიტის ძირითადი თანხის ვალდებულების შესრულებაზე არიან თანახმა, თუმცა სარგებლის დავალიანების დაკისრების საწინააღმდეგო კონკრეტული გარემოება არ მიუთითებია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების შემთხვევაში განისაზღვრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. საკრედიტო ურთიერთობაში კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც. ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ როგორც კრედიტის ძირითადი თანხის 3960 ლარის, ისე სარგებლის 2160 ლარის სოლიდარულად გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%-ს, ასევე გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის ფიქსირებულ თანხას 10 ლარს.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულია და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია ძირითადი თანხის დავალიანების 1%-ის გადახდა, ხოლო სარჩელით მოთხოვნილია 2000.81 ლარის გადახდა ვადის გადაცილება შეადგენს 2017 წლის 27 აპრილიდან 2017 წლის 23 ოქტომბრამდე 180 დღე. მოთხოვნილი პირგასამტეხლო ერთ ვადაგადაცილებულ დღეში შეადგენს 11,11 ლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგსამტეხლო არაგონივრულად მაღალია და იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასმატეხლო არაგონივრულად მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მიღებული კრედიტის 6000 ლარის დიდი ნაწილის დაბრუნების ვალდებულება შეასრულა. მართალია თახა დაბრუნებულია მხოლოდ სესხის დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ ერთდროულად გადახდილია სოლიდური ოდენობის თანხა, ორი თვის განმავლობაში გადახდილია 2040 ლარი.

 

სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის საერთო დავალიანებაა 6120, ხოლო მოთხოვნილი პირგასმატეხლო არის დავალიანების თითქმის 40%. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად ვიდრე კრედიტორის სავარაუდო ზიანის პრევენციას. მით უფრო რომ სარჩელით მიუღებელი შემოსავალიც არის მოთხოვნილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს განსაზღვრის მთავარი დანიშნულებაა ვალდებულების დარღვევის პრევენცია, მოვალეზე „ზეწოლა“, რათა მომავალში ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით მოვალემ მიიღოს ზომები ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლო იძენს ასევე ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას, რადგან ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობის გამო მას პრევენციის მნიშვნელობა აღარ აქვს. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დროს შესაძლოა სასამართლოს შეფასების საგანი გახდეს ვალდებულების გარემოებებისადმი შესაბამისი გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოა თუ არა მოთხოვნილი. პირგასამტეხლოს გონივრულობისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოვალეს არ დაეკისროს იმ ოდენობის ფინანსური სანქცია, რაც ვალდებულების შესრულებას გაართულებს და მოვალეს მძიმე ტვირთად დააწვება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის (ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილობრივ დარღვევას) გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 300 ლარით.

 

ამდენად, მოპასუხეების მიერ საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახედლეია სესხის ძირითადი თანხა 3960 ლარი, სარგებელი 2160 ლარი, პირგასამტეხლო 300 ლარი, ჯამურად 6420 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხეების მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.

 

მოსარჩელის ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები საკრედიტო ხელშეკრულების იურიდიული ბუნება. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .

 

განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი გამოიყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.

 

სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; Nას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ასევე 17 , 2017 წლის თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-681-652-2016. ,აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც ბანკმა ვერ მიიღო მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

კრედიტის დაუბრუნებლობის გამო ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც კრედიტის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიიღებდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. ამ შემთხვევაში კრედიტი გაიცა ერთი წლის ვადით, ეს ვადა ამოწურულია, რის გამო მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად ერთი წლის ფარგლებში მიუღებელი სარგებლის დაკისრება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ძირითადი თანხის დავალიანებაზე 3960 ლარზე სარგებლის პროცენტის 36%-ის დარიცხვა, რაც თვეში შეადგენს 117. 17 ლარს, ხოლო ერთი წლის განმავლობაში გადასახდელია 1412.4 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 10406.94 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 7826 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 75%. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ამ პროპორციით ანაზღაურება, რაც შეადგენს 234.15 ლარს. დაკისრებული თანხიდან ერთმა მოპასასუხემ ცნო 3960 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 50%. მოპასუხემ ეს მოთხოვნა ცნო მთავარ სხდომაზე, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება. ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის 50% არის 117.07 ლარი, რომლის ნახევარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მეორე ნახევარი 58.53 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს. საერთო ჯამში მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 175.62 ლარის გადახდა. დ--------–- გ---------ს ასევე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა, რადგან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოსარჩელის მოთხოვნით მხოლოდ მის მიმართ არის გამოყენებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს საქმეზე გაწეული სხვა საპროცესო ხარჯები – საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიღებისათვის გადახდილი 20 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თიბისი ბანკის“ სარჩელი;

1.1. მ--–--- მ--------ს და დ--------–- გ---------ს დაეკისროთ სს „თიბისი ბანკისათვის“ 6420 ლარის სოლიდარულად გადახდა;

 

1.2. მ--–--- მ--------ს და დ--------–- გ---------ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თიბისი ბანკისათვის“ ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად 117.07 ლარის გადახდა 2017 წლის 23 ოქტომბრიდან არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში - 1412.4 ლარის ოდენობით;

 

1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 1700.81 ლარის ნაწილში და სარგებლის 880.09 ლარის ანაზღაურების შესახებ;

 

2. მ--–--- მ--------ს და დ--------–- გ---------ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თიბისი ბანკისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 175.62 ლარის გადახდა;

 

3. დ--------–- გ---------ს დაეკისროს სს თიბისი ბანკისათვის სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარი გადახდა;

 

4. სს „თიბისი ბანკს“ დაუბრუნდეს 2017 წლის 24 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 58.53 ლარი. თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი 300063150;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი