გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.03.2018
საქმის ნომერი
080210016001518067
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2297-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 თებერვალი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

მოსარჩელე - გ-------–ი ა----–---–ი;

მოპასუხე - გ---–- შ--–----ე;

წარმომადგენელი - ნ----- ჩ-------ი;

მესამე პირი - იმერეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრი;

წარმომადგენელი - ნ----- წ--–----ე;

დავის საგანი - ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა.

შეგებებული სარჩელი

მოსარჩელე - გ---–- შ--–----ე;

წარმომადგენელი - ნ----- ჩ-------ი;

მოპასუხე - გ-------–ი ა----–---–ი;

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ-------– ა----–---–ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს სასამართლოს მიერ განისაზღვროს მის შვილთან ურთიერთობის დღეები: ყოველი კვირის პარასკევი, შაბათი, კვირა და ორშაბათი დღე. კერძოდ: პარასკევს 18 საათიდან ორშაბათს 9 საათამდე მამას, გ-------– ა----–---–ს უფლება მიეცეს შვილი კ-------ი ა----–---–ის მონახულებისა და მასთან წაყვანისა, მის ოჯახში ღამე დარჩენით, რადგანაც როგორც მამას ურთიერთობა ჰქონდეს მის შვილთან და არ შეიზღუდოს მისი როგორც მამის უფლება-მოვალეობები.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე გ---–- შ--–----ესთან 2009 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ქორწინების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - კ-------ი ა----–---–ი, დაბადებული 2010 წლის 03 ივნისს. მათი დაშორების შემდეგ ბავშვი ცხოვრობს დედასთან და მასთან არ ქონდა ბავშვის ნახვის არანაირი პრობლემა, მაგრამ 2016 წლის იანვრიდან მოპასუხე უქმნის პრობლემებს, რის გამოც მომართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

1.2. შეგებებებული სარჩელი

 

გ---–- შ--–----ე შეგებებული სარჩელით მოითხოვს:

1.2.1. გ-------– ა----–---–ს შეეზღუდოს მშობლის უფლება (წარმომადგენლობითი უფლება, თავისთან ბავშვის ღამისთევით წაყვანის უფლება) თავისი მცირეწლოვანი შვილის - კ-------ი ა----–---–ის მიმართ.

 

1.2.2. გ-------– ა----–---–ს დაეკისროს ყოველთვიურად 150 ლარი მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე გ---–- შ--–----ის განმარტებით მოპასუხესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2009 წლიდან. ის იყო მასწავლებელი და ერთად ცხოვრება დაიწყეს მაშინ როდესაც მოსარჩელე იყო 15 წლის. 2010 წლის 03 ივნისს შეეძინათ შვილი - კ-------ი ა----–---–ი. 3 წელია ფაქტობრივად მათ შორის ურთიერთობა შეწყვეტილია და მამა არანაირ მზრუნველობას არ იჩენს შვილის მიმართ. თავად უმუშევარია, არ აქვს პროფესია და ცხოვრობს მშობლების ხარჯზე, რის გამოც ითხოვს მოპასუხეზე ალიმენტის დაკისრებას.

 

გ---–- შ--–----ის განმარტებით, დაცილების შემდეგ არასოდეს შეუქმნია პრობლემა მოპასუხე მხარისათვის ბავშვთან ურთიერთობის საკითხებში, უშვებდა მცირეწლოვან ბავშვს მამასთან ღამისთევით, სანამ ბავშვი არ ალაპარაკდა ისეთ საკითხებზე, რამაც გამოიწვია მისი აღშფოთება, რის გამოც ითხოვს მოპასუხე მხარეს შეეზღუდოს უფლება ბავშვი წაიყვანოს ღამისთევით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ---–- შ--–----ემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დაუშვებელია ბავშვის მოპასუხესთან ღამისთევით დარჩენა, რადგან ბავშვმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და რაც გამოუსწორებელი ზიანის მომტანია, არამარტო არასრულწლოვნის ფსიქიკისათვის, არამედ მისი მომავლისათვის.

 

შეგებებული სარჩელის მოპასუხე:

 

2.2. გ-------– ა----–---–ი სარჩელს ნაწილობრივ ცნობს. განმარტავს, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი არის 100-დან 150 ლარამდე და თანახმაა შვილს გადაუხადოს ალიმენტი თვეში 50 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში, იგი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები სიცრუეა და არ შეესაბამება რეალობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 გ-------– ა----–---–ი და გ---–- შ--–----ე 2009 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სარჩელი (ს.ფ. 1-12)

 

3.1.2. გ-------– ა----–---–ს და გ---–- შ--–----ეს ჰყავთ ერთი შვილი - 2010 წლის 03 ივნისს დაბადებული კ-------ი ა----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ კ-------ი ა----–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.13 )

 

3.1.3. საქმის განხილვის მომენტისათვის მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ბავშვი იზრდება დედასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. გ-------– ა----–---–ის სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა განსაზღვროს ბავშვის ნახვის დღეები. ასეთი საკითხების გადაწყვეტისას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, რადგანაც შვილის აღზრდასთან დაკავშირებით ის წარმოადგენს ბავშვთა ინტერესების დამცველ ორგანოს. აღნიშნულის გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 09 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა იმერეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 09 ნოემბრის განჩინება. (ს.ფ. 57-59)

 

3.1.5. 2017 წლის 03 ნოემბრის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის ლალი ცხვედიანის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ კ-------ი ა----–---–ი აქტიური, კომუნიკაბელური და ხალისიანი ბავშვია, ადვილად მოახდინა ადაპტირება გარემოსთან, როგორც ფსიქოლოგთან, ასევე პოლიციის განყოფილებაში ვიზიტებისას. მას არ შეენიშნებოდა შფოთვითი რეაქციები. მამასთან დაკავშირებით ფაქტების აღწერისას გაუჭირდა გაეხსენებინა ადრე მოყოლილი ყველა დეტალი. ბავშვს ამ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას არ შეენიშნებოდა რაიმე სახის საყურადღებო ქცევითი თუ ემოციური გამოვლინებები. დედამ და ბებიამ აღნიშნეს, რომ მათ არასდროს შეუმჩნევიათ ბავშვისათვის საგანგაშო სიმპტომები და უცნაური ქცევები. დედის განმარტებით, ბავშვის მიერ მამის საქციელი შეფასდა, როგორც თამაში და ის არ ცდილობს თავად კითხოს აღნიშნულზე რათა არ მოხდეს ხელახლა მისი გახსენება. დედის განმარტებით ბავშვს ძალიან უყვარს მამა და არ უნდა მისგან ნეგატიური ხატი შექმნას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2016 წლის 22 დეკემბრის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის ლალი ცხვედიანის მოხსენებითი ბარათი. (ს.ფ. 79)

 

3.1.6. 2018 წლის 26 იანვრის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის დ-------- ლ----------ის დასკვნით დგინდება, რომ

ვიზიტი განხორციელდა გ---–- შ--–----ის ოჯახში, სადაც მან და დედამისმა, მ--- ხ----–ვილმა დაადასტურეს, რომ ბავშვი პერიოდულად სტუმრობდა მამას და მასთან ღამითაც რჩებოდა. ბავშვმა მათ მოუყვა, რომ გ-------– ა----–---–მა მასთან ერთად დაკრიფა კანაფის ფოთლები, მოამზადა ის და მოწია. გ---–- შ--–----ესთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ მას და მის ყოფილ მეუღლეს შორის კონფლიქტის ძირითადი მიზეზი გ-------– ა----–---–ის ალკოჰოლზე დამოკიდებულება გახდა. ბავშვი საცხოვრებლად გ---–- შ--–----ემ დედის ოჯახში წაიყვანა და დღემდე სამივე ერთად ცხოვრობენ. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კ-------ი პრაქტიკულად ჯანმრთელია, იგი ასაკის შესაბამისად ვითარდება. გოგონა ქუთაისის კერძო სკოლის - ,,ი-----ს“ მეორე კლასელია, ასევე ჩართულია ცეკვის წრეზე. ოჯახის წევრების მოწოდებული ინფორმაციით ბავშვს აქვს პოზიტიური ურთიერთობები თანატოლებთანაც და უფროსებთანაც. არასრულწლოვანის განათლების ხარისხი დამაკმაყოფილებელია, მშობლებს შორის არსებული უთანხმოება მისი განვითარების პროცესს არ აფერხებს.

 

ოჯახის წევრების გადმოცემით გ---–- შ--–----ე ჩართულია შვილის ყოველგვარი საჭიროების დაკმაყოფილებაში. მას ასევე დახმარებას უწევს დედა. არასრულწლოვანის დღის რეჟიმი, საქმიანობისა და აქტივობების სწორად განაწილება გ---–-ს მნიშვნელოვნად მიაჩნია. თავის მხრივ შვილიც ითვალისწინებს მის აზრს და ემორჩილება დედის მითითებებს. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ოჯახის თვიური შემოსავალი გ---–-ს ხელფასი 400 ლარი და 90 ლარია (დევნილთა დახმარება). რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პირობებს, საცხოვრებელი ფართი არის გარემონტებული. ბინაში ელექტრო და წყალგაყვანილობა მოწესრიგებულია, დაცულია სისუფთავე და ზოგადი ჰიგიენური ნორმები. საცხოვრებელი აღჭურვილია საჭირო ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. ბავშვისათვის გამოყოფილია საძინებელი ოთახი, რომელშიც აქვს უამრავი სათამაშო და ყველა საჭირო ინვენტარი. გ---–- შ--–----ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

რაც შეეხება ბავშვის მამას, გ-------– ა----–---–ს ის პროფესიით მხატვარია, იგი კერძო საბავშვო ბაღი ,,ჩ------სა“ და სკოლა ,,პ---------ის“ ხატვის მასწავლებელია და მისი განმარტებით აქვს სტაბილური შემოსავალი. იგი მარტო ცხოვრობს ქ.ქუთაისში, ვ.ბ-----------ის ქუჩა N41-ში მდებარე კერძო სახლში. საცხოვრებლად სამი ოთახი გამოიყენება, სადაც არადამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობებია. მოუწესრიგებელია სველი წერტილი. ოჯახში ბავშვისათვის არ არის განკუთვნილი საწოლი. გ-------–ის განმარტებით მას შესწევს უნარი დამოუკიდებლად იზრუნოს შვილზე და მოუწესრიგოს მას კვებისა და ჰიგიენის საკითხები.

 

რაც შეეხება კ-------ის მამასთან ურთიერთობის საკითხს, როგორც გოგონას დედა და ბებია აღნიშნავენ მას მამა ძალიან უყვარს და ენატრება. სოციალური მუშაკი თვლის, რომ არასრულწლოვანის ინტერსების გათვალისწინებით მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა განვითარდეს, როგორც დედის, ასევე მამის გარემოცვაში, თუმცა გასათვალისწინებელია სარჩელში მოყვანილი ფაქტები და მიზანშეწონილად მიაჩნია გამოძიების დასრულებამდე მამამ გოგონას ნახვა დედის თანდასწრებით შეძლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2018 წლის 26 იანვრის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის დ-------- ლ----------ის დასკვნა. (ს.ფ. 228, 231-232)

 

3.1.7. 2017 წლის 18 დეკემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნის მიხედვით: გამოსაკვლევი პირის - გ-------– ა----–---–ისაგან საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდი) იმუნოქიმიური სტრიპტესტებით შემოწმებისა ნარკოტიკულ საშუალებებზე: ამფეტამინზე, ბუპრენორფინზე, მორფინზე, მეთადონზე მიღებულია უარყოფითი შედეგი და ტეტრაჰიდროკანაბინოლზე მიღებულია დადებითი შედეგი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2017 წლის 18 დეკემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნა. (ს.ფ. 220)

 

3.1.8. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) გ---–- შ--–----ემ და მისმა წარმომადგენელმა მოხსნეს მოთხოვნა - გ-------– ა----–---–ს შეეზღუდოს მშობლის უფლება (წარმომადგენლობითი უფლება, თავისთან ბავშვის ღამისთევით წაყვანის უფლება) თავისი მცირეწლოვანი შვილის კ-------ი ა----–---–ის მიმართ და მოითხოვეს მხოლოდ ალიმენტის დაკისრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სასამართლოს სხდომის ოქმი.

 

3.1.9. თავის მხრივ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) გ-------– ა----–---–მა განაცხადა, რომ ის ამჟამად მუშაობს ქ.თბილისში, სამშენებლო კომპანიაში და მისი ხელფასი შეადგენს 800 ლარს, რის გამოც ის თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი 150 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სასამართლოს სხდომის ოქმი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები მხარეთათვის სადავო არ არის. სადავოა კონკრეტული საკითხი, თუ რომელ დღეებში და რა ინტენსივობით უნდა მოინახულოს მამამ შვილი, რაც სამართლებრივი შეფასების კატეგორიისაა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ-------– ა----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო სრულად უნდა დაკმაყოფილდეს გ---–- შ--–----ის შეგებებული სარჩელი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- ბავშვის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენცია.

- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის მესამე ნაწილით, მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლით, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.

 

შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შვილების სრულყოფილი აღზრდის მოვალეობა ეკისრებათ პირველ რიგში მშობლებს. მათ ყველა კანონიერი გზა უნდა გამონახონ შვილების სულიერი და მატერიალური უზრუნველყოფისათვის. ამ მხრივ დედასა და მამას აქვთ თანაბარი უფლებები. გ-------– ა----–---–ი და გ---–- შ--–----ე ერთად არ ცხოვრობენ. მათი საერთო შვილი იზრდება დედასთან. შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე მხარეებს დავა არა აქვთ. დღეისათვის შვილის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრულია დედის მისამართის მიხედვით.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი კ-------ი ა----–---–ი ცხოვრობს დედასთან. დადგენილია, რომ ის წინააღმდეგია მამამ ბავშვი ღამით დარჩენის უფლებით წაიყვანოს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არ ამტკიცებს, რომ ზოგადად მოსარჩელესთან ურთიერთობა ხელს შეუშლის არასრულწლოვანი კ-------ი ა----–---–ის ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას მოახდენს მასზე. გ---–- შ--–----ე არ ეთანხმება მისი შვილის მამის საცხოვრებელ სახლში დატოვებას ღამით.

 

6.3. დავის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,ბავშვთა უფლებების დეკლარაციას“. კერძოდ - ბავშვის უპირატესი ინტერესია ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან, ნათესავებთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ. მშობელთან შვილის ურთიერთობის საშუალება შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შეიზღუდოს ან საერთოდ არ დაიშვას, თუ მშობლები სასტიკად ექცევიან შვილს, არ ზრუნავენ მასზე, თავიანთი საქციელით მავნე ზეგავლენას ახდენენ ბავშვის განვითარებაზე, რის გამოც ვერ უზრუნველყოფენ შვილის საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებას.

 

სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72).

 

6.4. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე გ-------– ა----–---–მა ვერ დაადასტურა, რომ მიზანშეწონილია არასრულწლოვანი კ-------ი ა----–---–ის ღამის თევით მოსარჩელესთან მისი დატოვება. სასამართლო ითვალისწინებს ასევე მესამე პირის, 2018 წლის 26 იანვრის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომლის თანახმად სოციალური მუშაკი თვლის, რომ არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა განვითარდეს, როგორც დედის, ასევე მამის გარემოცვაში, თუმცა გასათვალისწინებელია სარჩელში მოყვანილი ფაქტები და მიზანშეწონილად მიაჩნია გამოძიების დასრულებამდე მამამ გოგონას ნახვა დედის თანდასწრებით შეძლოს.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით განისაზღვრება მშობლის მოვალეობები შვილის მიმართ. ამ მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილების თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

კანონის აღნიშნული ნორმების ანალიზით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდისათვის უმთავრესი ვალდებულება და პასუხისმგებლობა სწორედ მშობელს ეკისრება. მშობელია უფლებამოსილი – ბავშვთან დაკავშირებით მიიღოს ყველა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიჩნევს, ბავშვის ინტერესის უპირატესი გათვალისწინებით, ყველაზე უფრო მიზანშეწონილად და გამართლებულად.

 

6.5. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ ევროპული კონვენციის მესამე მუხლის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მეცხრე მუხლით ,,მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ მოემსახურება ბავშვთა ინტერესებს”.

 

6.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მოხმობილი სამოქალაქო კოდექსის ნორმები და ამ ნორმათა მსგავსად არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება, მიმართულია ბავშვთა ინტერესების დაცვისკენ, რაც საერთო ჯამში მიმართულია ბავშვთა სწორად, მიზანმიმართულად და პ---------ულად აღზრდისაკენ.

 

6.7. მოცემულ შემთხვევაში, მამა ითხოვს სასამართლომ განუსაზღვროს შვილთან ურთიერთობის დღეები, როგორც წესი ბავშვის დედამ არ უნდა შეზღუდოს მამამ მოინახულოს შვილი და მისცეს ის სულიერი საზრდო, რაც ჭირდება ბავშვს ბუნებით ნათესავებისგან.

 

6.8. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 26 იანვრის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის გათვალისწინებით, ასევე ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვის ნახვისა და ბავშვთან ურთიერთობის დღეები უნდა დაიყოს შემდეგნაირად:

 

ნება დაერთოს გ-------– ა----–---–ს 2010 წლის 03 ივნისს დაბადებულ კ-------ი ა----–---–თან ურთიერთობისათვის ყოველ პარასკევ დღეს საღამოს 18:00 საათიდან 20:00 საათამდე დედასთან ერთად, ყოველ შაბათ დღეს 13:00 საათიდან 16:00 საათამდე დედასთან ერთად და კვირას 13:00 საათიდან 16:00 საათამდე დედასთან ერთად.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მართალია სასამართლომ გ-------– ა----–---–ს დაუწესა შვილის ნახვისა და ურთიერთობის დღეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მას, რომ გ-------– ა----–---–ს მხოლოდ ამ დღეებში აქვს შვილის მონახულების უფლება. მას შვილის ნახვა და შვილთან ურთიერთობა შეუძლია ნებისმიერ დროს. ამისათვის აუცილებელია მხარეებმა გამოხატონ მაღალი შეგნება, სამართლებრივი დონე და კულტურა. შესაბამისად ამ სიკეთის წყალობით შვილთან ურთიერთობა დაარეგულირონ ცივილური წესებით და ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ შვილთან ურთიერთობაში. სასამართლოს მიერ განსაზღვრული დღეების დაცვა მაშინ იქნება სავალდებულო და აუცილებელი, თუ მხარეები არ გამოიჩენენ ერთმანეთის პატივისცემას, შვილის აღზრდის მოვალეობისადმი სწორ დამოკიდებულებას, კულტურას და მაღალ შეგნებას და ერთმანეთს არ მისცემენ შვილთან ურთიერთობის საშუალებას.

 

6.9. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

თავის მხრივ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) გ-------– ა----–---–მა განაცხადა, რომ ის ამჟამად მუშაობს ქ.თბილისში, სამშენებლო კომპანიაში და მისი ხელფასი შეადგენს 800 ლარს, რის გამოც ის თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი 150 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

სარჩელი აღძრულია 2016 წლის 02 ნოემბერს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2016 წლის 02 ნოემბრიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა მოთხოვნა ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის შესახებ, რისთვისაც მას უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე გ-------– ა----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე გ---–- შ--–----ის მოთხოვნა იყო ალიმენტის დაკისრება.

 

ალიმენტის ნაწილში დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის და სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” პუნქტის მიხედვით. კერძოდ:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” პუნქტით დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით; ვინაიდან სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) გ-------– ა----–---–მა სარჩელი ცნო სრულად მას უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით.

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) გ---–- შ--–----ემ თავდაპირველი შეგებებული სარჩელით ითხოვდა, როგორც მშობლის უფლების შეზღუდვას ასევე ალიმენტის დაკისრებას, რისთვისაც მის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, ვინაიდან მოსარჩელე გ---–- შ--–----ემ მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ ალიმენტი, მას უკან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------–ი ა----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ნება დაერთოს გ-------–ი ა----–---–ს 2010 წლის 03 ივნისს დაბადებულ კ-------ი ა----–---–თან ურთიერთობისათვის ყოველ პარასკევ დღეს საღამოს 18:00 საათიდან 20:00 საათამდე დედასთან ერთად, ყოველ შაბათ დღეს 13:00 საათიდან 16:00 საათამდე დედასთან ერთად და კვირას 13:00 საათიდან 16:00 საათამდე დედასთან ერთად.

2. მოსარჩელე გ-------–ი ა----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) გ---–- შ--–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

4. მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) გ-------–ი ა----–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის - 2010 წლის 03 ივნისს დაბადებულ კ-------ი ა----–---–ის სარჩოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2016 წლის 02 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

5. მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) გ-------–ი ა----–---–ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) გ---–- შ--–----ეს დაუბრუნდეს ნ----- ჩ-------ის მიერ 2016 წლის 02 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში LBRTGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3--------.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა