გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.03.2018
საქმის ნომერი
160210018002260945
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210018002260945

საქმე №2-39-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.03.2018 წელი ქ.ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე

მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი’’

მოსარჩელის წარმომადგენელი - გი----------–----ძე, ლო--------------–--ლი

მოპასუხე - სა----–---------ი

დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე სა----–---------ს მოსარჩელე სს,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4561.90 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი 2311.90 ლარი, ჯარიმა 750 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის 4561.90 ლარის დაკისრებას, საიდანაც 1500 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 1162.50 ლარი - საპროცენტო სარგებელი, ჯარიმა - 750 ლარი, მიუღებელი შემოსავალი - 1149.40 ლარი, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 7 დეკემბერს სა----–---------ზე საკრედიტო განაცხადის საფუძველზე გაიცა სწრაფი სესხი 1500 ლარის ოდენობით, მოქმედების ვადა განისაზღვრა 6 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 155%, სესხის ვადაგადაცილების ყოველი დღისათვის განისაზღვრა ჯარიმა ვადაგადაცილებული თანხის 1%-ის ოდენობით. 2017 წლის 9 იანვრიდან მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, იმყოფება ვადაგადაცილებაში. 2018 წლის 8 იანვრის მდგომარეობით სა----–---------ის დავალიანება სს,,ლ-------------ის“ მიმართ შეადგენს 4561.90 ლარს.

 

მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის 4561.90 ლარის დაკისრებას, საიდანაც 1500 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1162.50 ლარი საპროცენტო სარგებელი, 750 ლარი ჯარიმა (პირგასამტეხლო), 1149.40 ლარი - მიუღებელი შემოსავალი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი ცნო ნაწილობრივ - ძირი თანხის 1500 ლარის ნაწილში, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ ძირი თანხის 1500 ლარის და პირგასამტეხლოს 750 ლარის ნაწილში. საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ სესხზე დარიცხული პროცენტი არის შეუსაბამოდ მაღალი და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას არ ცნობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 7 დეკემბერს სს ,,ლ-------------სა“ და სა----–---------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სა----–---------ზე სესხად გაიცა 1500 ლარი, 6 თვის ვადით, წლიური 155 %-იანი სარგებლის დარიცხვით. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. თანხის ვადაში გადაუხდელობისათვის სესხის თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა თანხის 1 %.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-განაცხადი საბანკო კრედიტის აღების შესახებ;

-ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;

-სესხის დაფარვის გრაფიკი;

-მხარეთა განმარტებები (იხ. 15.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.2. მსესხებელს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უნდა გადაეხადა საკრედიტო ხელშკერულებაზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.3. მსესხებელს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება და მიეცა დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- წერილობითი შეტყობინება ( 12.12.2017წ)

 

3.1.4. სა----–---------მა არ შეასრულა სესხის და დარიცხული სარგებლის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხემ 2017 წლის 9 იანვრიდან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4561.90 ლარის დაკისრებას, საიდანაც 1500 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1162.50 ლარი საპროცენტო სარგებელი, 750 ლარი - ჯარიმა (პირგასამტეხლო), 1149.40 ლარი - მიუღებელი შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-ცნობა დავალიანების შესახებ;

-წერილობითი შეტყობინება;

-ამონაწერი მოპასუხის ანგარიშიდან;

-მხარეთა განმარტებები (15.03.2018წ სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები, 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 411-ე,412-ე მუხლები

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სს ,,ლ-------------ს’’ და სა----–---------ს შორის 2016 წლის 7 დეკემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 1500 ლარი 6 თვის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 155 %-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო, მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის შემთხვევაში. მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის 750 ლარის დაკისრებას.

 

დადგენილია, რომ სა----–---------ს ვალდებულება არ შეუსრულებია, მას არ გადაუხდია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხა 1500 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სა----–---------ისათვის სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.

 

განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შეეხება მხოლოდ მის უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება სა----–---------ისათვის სესხის ძირითადი თანხის 1500 ლარის და პირგასამტეხლოს 750 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (იხ.სუსგ. 2015 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე №ას-663-629-2015).

 

სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - წლიური 155 %. მართალია, ამ შეთავაზებას სა----–---------ი დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ, რომლის თანახმად ,,თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე“

 

ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 7 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა.(იხ. სუსგ. საქმე №ას-663-629-2015. 28 ივლისი, 2015 წელი)

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სა----–---------მა შეცილება გააკეთა საპროცენტო სარგებლის ნაწილში და აღნიშნა, რომ საპროცენტო სარგებელი არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებულ მაღალ პროცენტიან სარგებელთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა (საქმე №ას-231-216-2014წ.9 თებერვალი, 2015 წელი ), რომ ,,მხარეებს მართლაც გამოვლენილი აქვთ მსგავსი ნება. რა თქმა უნდა, არსებობს მხარეთა ნების ავტონომია, რომელიც ყოველთვის ანგარიშგასაწევია სამოქალაქო სამართალურთიერთობათა შეფასების დროს, მიუხედავად ამისა, ნების გამოვლენა არ არის შეუზღუდავი. არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც გარკვეული თვალსაზრისით ზღუდავენ მხარეთა ნებას. აღნიშნულის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მთელი რიგი ნორმები, რომლებიც არარად მიიჩნევენ მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას. ასეთ ნორმებს განეკუთვნება თუნდაც მოჩვენებითი, თვალთმაქცური, ან კანონსაწინააღმდეგო გარიგებები, ასევე ზნეობის საწინააღმდეგო ნორმები. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. იმ შემთხვევაში თუ მხარეთა მიერ დაწესებული პროცენტი მნიშვნელოვნად აღემატება ზოგადად კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაწესებულ ოდენობას შესაძლებებლია, ასეთი ნების გამოვლენა ბათილად ჩაითვალოს.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით 2016 წლის 7 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სესხთან დაკავშირებული პროცენტის ოდენობის ნაწილში, ხოლო მოპასუხეს სესხის სარგებლის სახით უნდა დაეკისროს ნაცვლად წლიური 155%-ისა, რაც ყოველთვიური პროცენტის სახით შეადგენდა 12.91%-ს, თვეში ძირითადი თანხის 4%, რაც შეადგენს 6 თვეზე 360 ლარს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ამ ნორმის მიხედვით, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა.

 

მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად აუცილებელია ზიანის ანაზღაურებისათვის კანონით დადგენილი პირობების ერთობლიობა. კერძოდ, უნდა დამტკიცდეს, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ისეთი გარემოებები, რომელიც ობიექტურად ქმნის მიუღებელი შემოსავლის საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით 1149.40 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. მოსარჩელე არის საბანკო დაწესებულება, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასცემს კრედიტს, შესაბამისი სარგებლით. ამდენად მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე იმ თანხის, რომლის დადგენილ ვადაში დაბრუნების ვალდებულებაც არ შეასრულა მოპასუხემ, კრედიტის სახით გაცემის შემთხვევაში, მიიღებდა შემოსავალს. მაგრამ არა იმ ოდენობით, რა ოდენობის თანხასაც ითხოვს. აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე სა----–---------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე სს,,ლ-------------ისათვის“ მიუღებელი შემოსავლის სახით 376 ლარის გადახდა, რაც შეესაბამება სარგებლის იმ ოდენობას, რაზეც სასამართლოს ზემოთ ჰქონდა მსჯელობა საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის 4561.90 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 137 ლარი. 4561.90 ლარის 3% წარმოადგენს 136.85 ლარს.

 

სასამართლოს მიერ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2986 ლარის გადახდა, რაც წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის 65.457%-ს. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო 2250 ლარის ნაწილში სასამართლოს მტავარ სხდომამდე, შესაბამისად მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან იმ მოთხოვნაზე, რაც მოპასუხემ ცნო ამ ეტაპზე. შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 67.50 ლარი და მის მიერ ზედმეტად გადახდილი 0.15 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილდა, კერძოდ 22.08 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დანარჩენი ნაწილი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე , 8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1.მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე სა----–---------ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის 1500 ლარის, საპროცენტო სარგებლის 360 ლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით 376 ლარის და პირგასამტეხლოს 750 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე სა----–---------ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სს ,,ლ-------------ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 22.08 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 67.65 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 11 იანვარს, საგადახდო დავალება N 5138455978, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300093150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე