გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2018
საქმის ნომერი
140210116001241397
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210116001241397

საქმე №2/130-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი

 

მოსარჩელე - სს ”თ----ი ბ---ი”

წარმომადგენელი - შპს ”ტ----ა” წარმომადგენელი - ანა გ------ე

მოპასუხე - ნ-----–-ა ც-----–-ა

წარმომადგენელი - ზ---დ ც-----–-ა

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 სარჩელის დაზუსტების შედეგად მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს 2014 წლის 09 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ი”-ს სასარგებლოდ ფულადი დავალიანების გადახდა 2 227.80 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1896.88 ლარი, პროცენტი-221.29 ლარი, ჯარიმა-109.63 ლარი.

1.2 მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს ვალდებულების ძირი თანხის გადაუხდელ ნაწილზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, (რაც დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან-2016 წლის 22 იანვრიდან შეადგენს ყოველთვიურად 56.90 ლარს.)

1.3 მოპასუხეს 2015 წლის 14 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების 629.57 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 497.91 ლარი, პროცენტი-26.52 ლარი და ჯარიმა-105.14 ლარი.

1.4 მოპასუხეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს ვალდებულების ძირი თანხის გადაუხდელ ნაწილზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, (რაც დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან-2016 წლის 22 იანვრიდან შეადგენს ყოველთვიურად 14.94 ლარს.)

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 09 აგვისტოს სს ”თ----ი ბ---სა” და მოპასუხე ედვარდ ც-----–-ას,როგორც მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა TBC Prime Card 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით, 2014 წლის 15 სექტემბერს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და მსესხებლის მიერ ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 1896.88 ლარი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სს ”თ----ი ბ---ის” ბანკომატით ათვისების და ერთი წლის დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების დღედ განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 4 რიცხვი.

 

2015 წლის 14 აგვისტოს სს ”თ----ი ბ---სა” და მოპასუხე ედვარდ ც-----–-ას, როგორც მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა TBC Prime Card 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სს ”თ----ი ბ---ის” ბანკომატით ათვისების და ერთი წლის დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. დაანგარიშების დღედ განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 10 რიცხვი.

 

მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოპასუხეს სასამართლოს მიერ უნდა დაევალოს ამ ვალდებულებების შესრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ნ-----–-ა ც-----–-ამ, როგორც თავდაპირველი მოპასუხე ედვარდ ც-----–-ას უფლებამონაცვლემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 2 394.79 (ორიათას სამას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2014 წლის 09 აგვისტოს სს ”თ----ი ბ---სა” და მოპასუხე ედვარდ ც-----–-ას შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა TBC Prime Card 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით, 2014 წლის 15 სექტემბერს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და მსესხებლის მიერ ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 1896.88 ლარი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სს ”თ----ი ბ---ის” ბანკომატით ათვისების და ერთი წლის დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების დღედ განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 4 რიცხვი.

 

3.1.2. 2015 წლის 14 აგვისტოს სს ”თ----ი ბ---სა” და მოპასუხე ედვარდ ც-----–-ას შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა TBC Prime Card 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სს ”თ----ი ბ---ის” ბანკომატით ათვისების და ერთი წლის დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. დაანგარიშების დღედ განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 10 რიცხვი.

 

3.1.3. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა.

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 24.03.2016 წ. №160282054 სამკვიდრო მოწმობის თანახმად ნ-----–-ა ც-----–-ა წარმოადგენს გარდაცვლილ ედვარდ ც-----–-ას პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, რის გამოც იგი მოცემულ დავაში ცნობილ იქნა თავდაპირველი მოპასუხე ედვარდ ც-----–-ას უფლებამონაცვლედ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გრემოებები

 

3.2.1 საქმეში წარმოდგენილი სს „თ----ი ბ---ის“ მიერ 2016 წლის 25 იანვრის გაცემული დავალიანების ცნობის საფუძველზე ედვარდ ც-----–-ას 2016 წლის 22 იანვრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 2014 წლის 09 აგვისტოს ხელშეკრულებით: ძირი თანხა-1 896.88 ლარი, პროცენტი-221.29 ლარი და ჯარიმა-109.63 ლარი, ასევე 2015 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებით: ძირი თანხა-497.91 ლარი, პროცენტი-26.52 ლარი და ჯარიმა-105.14

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლო საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შედეგად მიუღებელი შემოსავლის სახით გამოწვეული ზიანის არსებობის ფაქტი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, 400-ე, 402-ე, 403-ე, 623-ე 625-ე, 867-868-ე, 408-ე, 411-ე, მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 208-ე მუხლები;

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა" პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის "ბ"პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

როგორც დადგენილია მოპასუხის მხრიდან დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867- 873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება ნაწილობრივ ცნო, კერძოდ: 2 394.79 (ორიათას სამას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებითა და მოპასუხის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით.

 

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულებები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპსუხეს უნდა წარმოედგინა მის მიერ მითითებული სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოში არ წარმოდგენილა, კერძოდ:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდაპირველ მოპასუხეს რდვარდ ც-----–-ას (რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ნ-----–-ა ც-----–-ა) და სს“თ----ი ბ---ს“ შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელმოწერით დაადასტურეს და დაეთანხმნენ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გადახდის გრაფიკი არის ხელშეკრულებების დანართი, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც თავად ხელშეკრულებას, რადგან სწორედ ამ გრაფიკით არის განსაზღვრული ყოველთვიურად როდის და რა ოდენობით აქვს მოვალეს ბანკის წინაშე ვალდებულება შესასრულებელი, რასაც ასევე მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2014 წლის 09 აგვისტოს ხელშეკრულებების საფუძველზე სარჩელით მოთხოვნილი ძირი თანხის-1 896.88 ლარის, პროცენტის-221.29 ლარის და ჯარიმის-109.63 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, ასევე 2015 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი ძირი თანხის-497.91 ლარის, პროცენტის-26.52 ლარის და ჯარიმის-105.14 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2 სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად, რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტუდება ედვარდ ც-----–-ას მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით გამოწვეული ზიანის არსებობის ფაქტი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, გამომდინარეობს და მეტად აკონკრეტებს ამავე კოდექსის 408-ე მუხლით განსაზღვრულ ზიანის ანაზღაურების პრინციპს. ხსენებული ნორმის შესაბამისად ვალდებულების არაჯეროვანი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოვალეს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან არსებული სახელშეკრულებლო ურთიერთობიდან გამომდინარე მოვალეს წარმოადგენდა ედვარდ ც-----–-ა, რომელიც გარდაიცვალა 2015 წლის 11 სექტემბერს. მისი უფლებამონაცვლის ნ-----–-ა ც-----–-ას განმარტებით კი მისთვის, როგორც ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის უცნობი იყო სარჩელში მითითებული ხელშეკრულებების შესახებ. მისთვის ამ ხელშეკრულებების შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ საქმის სასამართლო განხილვისას. აღნიშნული გარემოების უარმყოფელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს დავალიანების ცნობის გაცემიდან-2016 წლის 22 იანვრიდან, ანუ მოვალე ედვარდ ც-----–-ას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ამდენად უდავოა, რომ მოპასუხე ნ-----–-ა ც-----–-ასათვის, როგორც მოვალისათვის წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი ის სავარაუდო ზიანი, რომელიც შეიძლებოდა მიდგომოდა ბ---ს მეუღლის ედვარდ ც-----–-ას მოქმედების უშუალო შედეგად. შესაბამისად ნ-----–-ა ც-----–-ასათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს და სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო 2394.79 ლარის ნაწილში, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 163.31 ლარიდან ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს 71.84 ლარი, 77.60 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი თანხის 13.87 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამასთან მოსარჩელეს მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქმეზე გაწეული შემდეგი საპროცესო ხარჯები. ამ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 150 ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი და საადვოკატო მომსახურების ხარჯში გაღებული 144.29 ლარი სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ”თ----ი ბ---ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1 ნ-----–-ა ც-----–-ას მოსარჩელის სს ”თ----ი ბ---ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 09 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე 2 227.80 (ორიათას ორასოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა.

1.2 ნ-----–-ა ც-----–-ას მოსარჩელის სს ”თ----ი ბ---ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 14 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 629.57 (ექვსას ოცდაცხრა ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

2. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.

 

3. მოპასუხე ნ-----–-ა ც-----–-ას მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 13.87 (ცამტი ლარი და ოთხმოცდაშვილი თეთრი) ლარისა და საპროცესო ხარჯების - 314.29 (სამასთოთმეტი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარის, ჯამში - 328.16 (სამასოცდარვა ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ს” (ს/ნ 204854595) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 05 თებერვალს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 163.31 (ასსამოცდასამი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარიდან 71.84 (სამოცდატერთმეტი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარი, ხოლო 77. 60 (სამოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე