გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210116001268084
N2/362-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22.03.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შ----- ლ-------ე, გი------ ლ-------ე;
წარმომადგენელი - კა------ გე-–------;
მოპასუხე - ნ-----–---- მა------–---–ი;
წარმომადგენელი - სა-–---- სუ-–-----–--ე;
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნ-----–---- მა------–---–ს შ----- და გი------ ლ-------ეების სასარგებლოდ დაეკისროს 8000 აშშ დოლარის გადახდა;
მოსარჩელეთა განმარტებით, 2012 წელს გადაწყვიტეს ნ-----–---- მა------–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე სოფელ კვახჭირში, ყიდვა 18000 აშშ დოლარად. მხარეები შეთანხმდნენ თანხის ეტაპობრივად გადახდაზე, რის გამოც იმავე წლის 12 მაისს ქ. ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩაზე მოპასუხეს გადასცეს 8000 აშშ დოლარი, დარჩენილი 10000 აშშ დოლარი კი უნდა გადაეხადათ ერთი წლის განმავლობაში. გარიგების თაობაზე წერილობითი დოკუმენტი არ გაუფორმებიათ. მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს დარჩენილი თანხის გადახდა, რის გამოც ზუსტად ერთი წლის გასვლის შემდეგ ნ-----–---- მა------–---–-ა დაიბრუნა საცხოვრებელი სახლი, თუმცა 8000 აშშ დოლარის დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. 2015 წლის 17 თებერვალს განცხადებით მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საიდანაც მიიღეს პასუხი, რომ დავა სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყვეტილიყო.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ არც შესაგებელში და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხეს მოსარჩელეთაგან არანაირი თანხა არ მიუღია, შესაბამისად, სარჩელიც უსაფუძვლოა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიჩნია, რომ 2012 წლის მაისის თვეში მამა-შვილი გი------ და შ----- ლ-------ეები მოელაპარაკნენ მოპასუხე ნ-----–---- მა------–---–ს თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირში მდებარე საცხოვრებელი სახლის 18000 აშშ დოლარად ყიდვის თაობაზე. 8000 დოლარი მოსარჩელეებმა გადასცეს მოპასუხეს ქ. ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩაზე, იმავე წლის მაისის თვეში, რის შემდეგაც შევიდნენ საცხოვრებელ სახლში. შეთანხმების მიხედვით დარჩნილი 10000 აშშ დოლარი მყიდველებს უნდა გადაეხადათ ერთი წლის ვადაში, რაც მათ ვერ შეძლეს. მესაკუთრის მოთხოვნით მოსარჩელეებმა საცხოვრებელი ბინა დატოვეს, რის შემდეგაც იგი გაასხვისა ნ-----–---- მა------–---–-ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელეთა ახსნა–განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
- ოქმის გასაუბრების შესახებ (იხ.ს.ფ 18–20);
მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ-----–---- მა------–---–ს მოსარჩელეებისაგან არანაირი თანხა არ მიუღია, რასაც სასამართლო ვერ გაიზარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოთხე მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოადგინა 2015 წლის 22 თებერვალს საქართველოს შსს რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თერჯოლის რაიონული სამმართველოს „ნახშირღელეს“ პოლიციის განყოფილებაში შედგენილი გასაუბრების ოქმი, რომლის მიხედვითაც ნ-----–---- მა------–---–-ა დაადასტურა მოსარჩელეებისაგან 8000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი და დეტალურად აღწერა შეთანხმების პირობები, ასევე შემდგომში განვითარებული მოვლენები, ოქმის ხელმოწერილი მის მიერ, რაც სადავო არა გამხდარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134–ე მუხლით, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები,საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პოლიციის განყოფილებაში შედგენილი გასაუბრების ოქმი არის წერილობითი მტკიცებულება, რომლის გასაბათილებლად მოპასუხეს არაფერი წარმოუდგენია, მან ვერ მიუთითა დამაჯერებელი არგუმენტი, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ მითითებულ დოკუმენტში ასახული განმარტება არ ასახავს რეალურ ფაქტებს და იგი დაწერილია მოპასუხის ნების გარეშე, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას, ნასყიდობის თანხის მიუღებლობის შესახებ, სასამართლო ვერ გაიზიარებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, მე-400, 405-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე–400–ე მუხლით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 405–ე მუხლით, 1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
ამავე კოდექსის 352–ე მუხლით, 1. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის მაისის თვეში მამა-შვილი გი------ და შ----- ლ-------ეები მოელაპარაკნენ მოპასუხე ნ-----–---- მა------–---–ს თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირში მდებარე საცხოვრებელი სახლის 18000 აშშ დოლარად მიყიდვის თაობაზე. 8000 დოლარი მოსარჩელეებმა გადასცეს მოპასუხეს ქ. ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩაზე, იმავე წლის მაისის თვეში, რის შემდეგაც დაიწყეს ცხოვრება ზემოთმითითებულ უძრავ ქონებაში. შეთანხმების მიხედვით დარჩნილი 10000 აშშ დოლარი მოსარჩელეებს უნდა გადაეხადათ ერთი წლის ვადაში, რაც მათ ვერ შეძლეს. მესაკუთრის მოთხოვნით მოსარჩელეებმა საცხოვრებელი ბინა დატოვეს, რის შემდეგაც იგი გაასხვისა ნ-----–---- მა------–---–-ა.
ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, რაც გამოიხატებოდა მყიდველების მიერ ნასყიდობის თანხის სრულად გადაუხდელობაში, გამყიდველმა ნ-----–---- მა------–---–-ა დაიბრუნა ნასყიდობის საგანი - უძრავი ქონება, მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირში და შემდგომში გაასხვისა კიდეც, მყიდველებს კი არ დაბრუნებიათ მოპასუხისათვის გადაცემული 8000 აშშ დოლარი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352–ე მუხლით დადგენილ რეგულაციას. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა სარჩელის აღძვრისას გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი 593 ლარი, ვინაიდან მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ნ-----–---- მა------–---–ს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოის ღონისძიება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ----- და გი------ ლ-------ეების სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ნ-----–---- მა------–---–ს შ----- და გი------ ლ-------ეების სასარგებლოდ დაეკისროს 8000 აშშ დოლარის გადახდა;
2. ნ-----–---- მა------–---–ს შ----- და გი------ ლ-------ეების სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 593 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე