განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110100118002336282
№1/38-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - ირინე კვირიკეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ------- მ---–------ ძე ბ---–---, დაბადებული 1----–-–---------------რს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 5----------), სა–----–----------–---ს მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ს---);
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 303-ე მუხლის პირველი ნაწილი (ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი); 2) საქართველოს სსკ 377-ე მუხლის მეორე ნაწილი (ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა და განაჩენის (სასამართლო გადაწყვეტილების) აღსრულებისთვის სხვაგვარად თავის არიდება - სახერხი დანადგარის გადამალვის ეპიზოდი); 3) საქართველოს სსკ 377-ე მუხლის მეორე ნაწილი (ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა და განაჩენის (სასამართლო გადაწყვეტილების) აღსრულებისთვის სხვაგვარად თავის არიდება - ხუთი ცალი მორის და 0.3 მ3 წაბლის ჯიშის ფიცრების გაყიდვის ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის ივნისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ხარაგაულის რაიონის სოფელ ს---ში, ზესტაფონ-ხარაგაულის სატყეო უბნის ბორითის სატყეო კვარტალ №16-ში, ნ------- ბ---–---მ, სათანადო ნებართვის გარეშე, ბენზოხერხით, უკანონოდ მოჭრა წაბლის ჯიშის ორი ძირი ხე, რის შედეგადაც გარემოს მიადგა 1806 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. 2017 წლის 15 აპრილს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ს---ში, ნ------- ბ---–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაკების მიერ აღმოჩენილი იქნა არარეგისტრირებული ლენტური სახერხი დანადგარი, რაც დაილუქა და მიღება-ჩაბარების აქტით ჩაბარდა ნ------- ბ---–---ს. ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, ნ------- ბ---–---ს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი 2000 ლარის ოდენობით და ამავე დადგენილებით მის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი დაექვემდებარა კონფისკაციას და გადაეცა იძულებით უსასყიდლოდ სახელმწიფოს ხარჯზე. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის თავის არიდების მიზნით, ნ------- ბ---–---მ, 2017 წლის 27 დეკემბერს, ჩამორთმევას დაქვემდებარებული სახერხი დანადგარი გადამალა და საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოდან გადაიტანა მოშორებით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ს---ში, საკუთარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთში.
3. 2017 წლის 15 აპრილს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ს---ში, ნ------- ბ---–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაკების მიერ აღმოჩენილი იქნა არარეგისტრირებული ლენტური სახერხი დანადგარი და უკანონოდ მოპოვებული 0.3 მ3 წაბლის ჯიშის ხის ფიცარი, რაც დაილუქა და მიღება-ჩაბარების აქტით დროებითი შენახვის მიზნით ჩაბარდა ნ------- ბ---–---ს. ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ნ------- ბ---–---ს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი 2000 ლარის ოდენობით, ასევე მის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი და 0.3 მ3 წაბლის ჯიშის ხის ფიცარი დაექვემდებარა კონფისკაციას და გადაეცა იძულებით უსასყიდლოდ სახელმწიფოს ხარჯზე. აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის 9 დეკემბერს, ნ------- ბ---–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ სახერხ-საამქროში აღმოჩენილი იქნა მის მიერ უკანონოდ მოჭრილი წაბლის ჯიშის ხის ხუთი ცალი მორი, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტით დროებით შესანახად ჩაბარდა ნ------- ბ---–---ს. ამასთანავე, ნ------- ბ---–--ის მიერ დაზიანებული იქნა სახერხ-დანადგარზე არსებული ლუქი, რის გამოც ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით, ნ------- ბ---–---ს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი, ხოლო ამავე დადგენილებით მის მიერ უკანონოდ მოპოვებული წაბლის ჯიშის ხუთი ცალი მორი დაექვემდებარა კონფისკაციას და მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის თავის არიდების მიზნით, ნ------- ბ---–---მ, სახერხი დანადგარის საშულებით მისთვის მიბარებული 5 ცალი ხის მორისგან დაამზადა ფიცრები, რაც ასევე მისთვის ჩაბარებულ 0.3 მ3 წაბლის ჯიშის ფიცრებთან ერთად გაყიდა 2017 წლის 29 დეკემბერს.
4. ნ------- ბ---–---მ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
5. წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
6. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
7. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
8. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------- ბ---–--ის მიერ დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეების ვ-–- ბ----------, გ------- დ-----------, მ----- ნ-------, მ---–---- ბ---–--ის, ლ--–- ბ---–--ის, გ------- რ------, ზ---- მ-------, გ------- ღ---------- და გ------- ლ---------- ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დ------–-------- ოქმი და ფოტოცხრილი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოცხრილი; ხის მორების ამოღების ოქმი და ფოტოცხრილი; ბენზოხერხის ამოღების ოქმი და ფოტოცხრილი; სახერხი მოწყობილობის ამოღების ოქმი და ფოტოცხრილი; ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის, 2017 წლის 28 აპრილის, 5 მაისისა და 22 დეკემბრის დადგენილებები; იმერეთის სატყეო სამსახურის და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს მასალები და საქმეში არსებული სხვა მასალები და მტკიცებულებები.
10. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ნ------- ბ---–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
11. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ-ის 303-ე მუხლი) სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის დაცვასთან. დანაშაულის საგანია ხე-ბუჩქნარი, რომელზე ზემოქმედებითაც ხდება დანაშაულის ჩადენა. საერთოდ ტყით სარგებლობის უფლება სანებართვო ხასიათისაა. ეს უფლება წარმოიშობა ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის, დოკუმენტის საფუძველზე. ხე-ტყის დამზადებისათვის საჭიროა ლიცენზია ან ბილეთი, რომელიც ძალაში შედის გაცემის დღიდან. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) აქტიურ ქმედებაში; ბ) შედეგში და გ) მიზეზობრივ კავშირში. გაჩეხვაში იგულისხმება როგორც ხის ტანის გამოცალკევება ფესვებისაგან (მოჭრა, მოხერხვა), ასევე ხისა და ბუჩქნარის ფესვებიანად ამოთხრა. ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა უკანონოა, როცა იგი ხდება სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) ან ბილეთის გარეშე. განსახილველი დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისი არაა მხოლოდ მოქმედების (უკანონო გაჩეხვის) ჩადენა. აუცილებელია ამ ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. მოტივსა და მიზანს ქმედების ამ დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არ აქვს მნიშვნელობა და მისი დადგენა საჭიროა მხოლოდ სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის.
12. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 377-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ სააღსრულებო დაწესებულებათა მიერ სასამართლო აქტების აღსრულებას, რაც, თავის მხრივ, სასამართლო დაწესებულებათა ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა. დანაშაულის საგანია ქონება, რომელიც აღწერილი და დაყადაღებულია. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ისეთ მოქმედებებში, როგორიცაა: აღწერილი ან დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება, დამალვა ან უკანონოდ გადაცემა, ანდა დაყადაღებული ფულადი საშუალებით საბანკო ოპერაციის განხორციელება. დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება კანონში მითითებული ერთ-ერთი მოქმედების განხორციელების მომენტიდან. ქმედების სუბიექტი სპეციალურია - პირი, ვისაც აღწერილი ან ყადაღადადებული ქონება გადაეცა ხელწერილით შესანახად, ის შეიძლება იყოს: მესაკუთრე, მფლობელი, ბრალდებულის (მოვალის) ოჯახის სრულწლოვანი წევრი, ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე საკრედიტო ორგანიზაციის მომსახურე, რომელმაც ყადაღადადებული ფულადი საშუალებით (ანაბრით) საბანკო ოპერაცია განახორციელა.
13. განსახილველი დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებას წარმოადგენს, ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა და განაჩენის (სასამართლო გადაწყვეტილების) აღსრულებისთვის სხვაგვარად თავის არიდება. სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი იგივეა, რაც პირველ ნაწილში. დანაშაულის საგანია ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონება. ქმედების ობიექტური შემადგენლობა ქონების დამალვის სახით არ განსხვავდება პირველი ნაწილით გათვალისწინებული ანალოგიური ქმედებისგან; განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მე-2 ნაწილში ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებაზეა საუბარი. რაც შეეხება განაჩენის (სასამართლო გადაწყვეტილების) აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდებას, იგი გულისხმობს ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების თავიდან ასაცილებლად ქონების განადგურებას, ამ ქონების გაჩუქებას, მისი სხვა ნივთებით შეცვლას, ქონების გაყიდვას და ამ ფულის ნათესავების, ახლობლებისა თუ მეგობრის ანგარიშზე განთავსებას, აგრეთვე განაჩენის აღსრულების დროს ამ ქონების ამოღებისათვის ხელის შეშლას. ქმედების სუბიექტი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ქონება ჩამოერთვა ან სხვა ნებისმიერი პირი, რომელთანაც ასეთი ქონება იმყოფება. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვას გულისხმობს, მოტივი, როგორც წესი, ანგარებითია, თუმცა არც სხვა პირადი ხასიათის მოტივის გამორიცხვა შეიძლება.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით ნ------- ბ---–---მ ჩაიდინა: 1) ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 303-ე მუხლის პირველი ნაწილით); 2) ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა და განაჩენის (სასამართლო გადაწყვეტილების) აღსრულებისთვის სხვაგვარად თავის არიდება (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 377-ე მუხლის მეორე ნაწილით - სახერხი დანადგარის გადამალვის ეპიზოდი); 3) ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა და განაჩენის (სასამართლო გადაწყვეტილების) აღსრულებისთვის სხვაგვარად თავის არიდება (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 377-ე მუხლის მეორე ნაწილით - ხუთი ცალი მორის და 0.3 მ3 წაბლის ჯიშის ფიცრების გაყიდვის ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
15. ნ------- ბ---–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
17. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ------- ბ---–---ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ჰყავს პენსიონერი, ინვალიდი მამა, ოჯახში დასაქმებულია მხოლოდ მისი და, თვითონ უმუშევარია. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ნ------- ბ---–---ს საქართველოს სსკ 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სახერხი დანადგარის გადამალვის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხუთი ცალი მორის და 0.3 მ3 წაბლის ჯიშის ფიცრების გაყიდვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის სახედ უნდა გენასაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
18. საქართველოს სსკ 52-ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ინიშნება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მისი ჩამორთმევა საჭიროა სახელწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან, ასევე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვება, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------- ბ---–---ს დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას - ბენზოხერხი (რომელიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში) და ხუთი ცალი ხის მორი (რომელიც ჩაბარებული აქვს ხელწერილით ნ------- ბ---–---ს).
ნივთიერი მტკიცებულებები:
19. 2018 წლის 12 იანვარს ამოღებული სახერხი მოწყობილობა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს, ვინაიდან აღნიშნული სახერხი მოწყობილობის ბედი გადაწყვეტილია 2017 წლის 28 აპრილის ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს N4/83-2017წ. დადგენილებით და მიქცეულია სახელმწიფოს საკუთრებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ------- ბ---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სახერხი დანადგარის გადამალვის ეპიზოდი), სსკ 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხუთი ცალი ხის მორის და 0.3მ3 წაბლის ჯიშის ფიცრების გაყიდვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სახერხი დანადგარის გადამალვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხუთი ცალი ხის მორის და 0.3მ3 წაბლის ჯიშის ფიცრების გაყიდვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნ------- ბ---–---ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - ბენზოხერხი (რომელიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში) და ხუთი ცალი ხის მორი (რომელიც ჩაბარებული აქვს ხელწერილით ნ------- ბ---–---ს);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ნ------- ბ---–---ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი და დამატებითი სასჯელი ქონების ჩამორთმევა (სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - ბენზოხერხი (რომელიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში) და ხუთი ცალი ხის მორი (რომელიც ჩაბარებული აქვს ხელწერილით ნ------- ბ---–---ს);
ნ------- ბ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ნ------- ბ---–---ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ნ------- ბ---–--ისგან ამოღებული სახერხი მოწყობილობა, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ნ------- ბ---–---ს და ინახება ხარაგაულის რაიონის სოფელ ს---ში, დაუბრუნდეს მფლობელს - სახელმწიფოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე