გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.03.2018
საქმის ნომერი
140310018002305969
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002305969

საქმე № 3/25-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო შავდათუაშვილი

 

მოსარჩელე: მ-----– ბ------ე

 

მოპასუხეები: სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი: ე---------- ა---–--–-

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. აღსრულების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 21 დეკემბრის № 06/07-09-06365-009/001 აქტის ბათილად ცნობა.

 

1.2. აღსრულების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 1 თებერვლის № 6964 აქტის ბათილად ცნობა.

 

1.3. მოპასუხის დავალდებულება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის № 1/ბ-1395-07 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

სარჩელის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს 2007 წლის 28 სექტემბრის განაჩენით მ-----– ბ------ე (პირ. № 5----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა პირობით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 3 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განაჩენი ჯარიმის ნაწილში აღსასრულებლად მიექცა 2007 წლის 7 ნოემბერს, რაც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა 2007 წლის 4 დეკემბერს, რაც დღემდე არ აღსრულებულა; მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, სააღსრულებო ბიურო უარს აცხადებს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე, რის გამოც იგი დღემდე ითვლება ნასამართლევ პირად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების გადახდევინების შესახებ საქმეებზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება, მ-----– ბ------ეზე კი ჯარიმა სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდაა დაკისრებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტორივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს 2007 წლის 28 სექტემბრის განაჩენით მ-----– ბ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2004 წლის დროისათვის მოქმედი რედ.), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა პირობით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 3 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

მტკიცებულება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს 2007 წლის 28 სექტემბრის № 1/ბ-1395-07 განაჩენი.

 

განაჩენი ჯარიმის ნაწილში აღსასრულებლად მიექცა 2007 წლის 7 ნოემბერს, რაც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა 2007 წლის 4 დეკემბერს; ჯარიმის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დღემდე არ აღსრულებულა;

 

მტკიცებულება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის № 1/ბ-1395-07 სააღსრულებო ფურცელი, სააღსრულებო წარმოების მასალები.

 

მ-----– ბ------ემ მოითხოვა მის მიმართ წარმოებული აღსრულების შეწყვეტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, გადაწყვეტილების (განაჩენის) აღსრულების ხანდაზმულობის გამო, რაზეც მას უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების გადახდევინების შესახებ საქმეებზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება.

 

მტკიცებულება: მ-----– ბ------ის 2017 წლის 7 დეკემბრის განცხადება და 2017 წლის 18 დეკემბრის საჩივარი, სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 21 დეკემბრის № 06/07-09-06365-009/001 და 2018 წლის 1 თებერვლის № 6964 აქტები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც მ-----– ბ------ის პასუხისმგებლობა განისაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით და ამავე კოდექსის მიხედვით, განაჩენის გარკვეულ ვადაში (ამ შემთხვევაში 6 წელი) აღუსრულებლობის შემთხვევაში მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან; მ-----– ბ------ის მიმართ გამოტანილი განაჩენი ჯარიმის ნაწილში კი 2007 წლის დეკემბრიდან დღემდე არ აღსრულებულა.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

დადგენილია და სადავო არაა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს 2007 წლის 28 სექტემბრის განაჩენით მ-----– ბ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2004 წლის დროისათვის მოქმედი რედ.), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა პირობით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 3 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა შემდეგ ვადებში: ა) ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; გ) ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; დ) თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.

 

იმავე კოდექსის 2004 წლისათვის მოქმედი რედაქციის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის (რა მუხლითაც ცნობილი იქნა დამნაშავედ მ-----– ბ------ე) სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული იყო ჯარიმა ან ტუსაღობა ვადით ხუთ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

იმავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.

 

აქედან გამომდინარე, მ-----– ბ------ისათვის ბრალად შერაცხული ქმედება წარმოადგენდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, და 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ექვს წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.

 

ასევე დადგენილია, რომ მ-----– ბ------ის მიმართ განაჩენი ჯარიმის ნაწილში აღსასრულებლად მიექცა 2007 წლის 7 ნოემბერს, რაც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა 2007 წლის 4 დეკემბერს; ჯარიმის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დღემდე, ათი წლის შემდეგაც არ აღსრულებულა.

 

მოპასუხის მითითებით, მ-----– ბ------ის მიმართ აღსრულება არ უნდა შეწყდეს იმის გამო, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტით, აღსრულების შეწყვეტა დაუშვებელია ხანდაზმულობის მოტივით იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო საქმე წარმოებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ დაკისრებულ თანხებთან დაკავშირებით.

 

მ-----– ბ------ეს კი სასჯელის სახით ჯარიმა დაკისრებული აქვს სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----– ბ------ის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის არა ,,კ", არამედ ,,ე" ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

 

აღნიშნული ,,ე" ქვეპუნქტი 34-ე მუხლს დაემატა 2000 წლის 5 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, რომელიც შემდგომში, 2010 წლის 7 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებით დაზუსტდა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.

 

მ-----– ბ------ის მიმართ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის არა ,,კ", არამედ ,,ე" ქვეპუნქტის გამოყენების მართებულების დასასაბუთებლად სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ კანონში ,,კ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესი, რომ ხანდაზმულობა არ გავრცელებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების გადახდევინების შესახებ საქმეებზე, დაწესდა იმავე 2010 წლის 7 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, და ბუნებრივია, 2007 წელს აღსასრულებლად მიქცეულ განაჩენზე ეს დანაწესი ვერ გავრცელდება, რადგან ეს რეგულაცია არ ეხება სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებულ საჯარიმო თანხებს.

 

სასამართლო ამ დასკვნას ამყარებს იმითაც, რომ ამავე საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის კიდევ ერთი საფუძველი (,,ლ" ქვეპუნქტით), რომლის თანახმადაც აღსრულება უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით, ამ ცვლილების შედეგად, განისაზღვრა 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების და არა სისხლის სამართლით განსაზღვრულ შემთხვევებზე;

 

სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ხანდაზმულობის ვადები ისედაც რეგლამენტირებულია სისხლის სამართლის კოდექსში და ამგვარ მითითებას არ შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

 

აქედან გამომდინარე, რაიმე სახის კოლიზიას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს შორის არ არსებობს, და შესაბამისად, მ-----– ბ------ეზე სრულად უნდა გავრცელდეს 76-ე მუხლის დანაწესი, რომელიც სპეციალური ნორმაა და პირდაპირ და უშუალოდ განსზაღვრავს მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების პირობებს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის გამო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის მოხდა და სასჯელისაგან გათავისუფლება პირდაპირ კავშირშია პირის ნასამართლობასთან, რასაც მთლიანად არეგულირებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, და ბუნებრივია, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში სხვა კანონი გამოყენებული ვერ იქნება.

 

როგორც აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლი აწესებს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას გამამტყუნებელი განაჩენის განსაზღვრულ ვადაში აღუსრულებლობის შემთხვევაში, იმავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

 

აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუკი მსჯავრდებულ პირზე გავრცელდება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტი, ეს პირი შესაძლოა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში დარჩეს ნასამართლევ პირად, რაც ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეებზე სასჯელის დანიშვნისა და პირის შემდგომი პასუხისმგებლობის განსაზღვრის პრინციპებს.

 

საბოლოო ჯამში, გასაჩივრებული აქტები უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რამდენადაც სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ აქტების გამოცემით დაირღვა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის მოთხოვნები და, შესაბამისად, მ-----– ბ------ის უფლებები.

 

ამავე დროს, მოპასუხეს უნდა დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ-----– ბ------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის გამო აღსრულების შეწყვეტის შესახებ, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლისა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 51-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი, თუმცა იმის გამო, რომ მოსარჩელეს არ უშუამდგომლია სასამართლოს წინაშე ამ ხარჯის ანაზღაურებაზე, ეს თანხა მოპასუხეს მის სასარგებლოდ ვერ დაეკისრება (ანალოგიურ საკითხზე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის № ბს 776-768 (2კ-4კს-15) განჩინება).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ-----– ბ------ის სარჩელი სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი აღსრულების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 21 დეკემბრის № 06/07-09-06365-009/001 აქტი.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი აღსრულების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 1 თებერვლის № 6964 აქტი.

 

1.3. დაევალოს სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-----– ბ------ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენისა და 2007 წლის 7 ნოემბრის № 1/ბ-1395-07 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის გამო.

 

2. მ-----– ბ------ის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება № 2) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი