გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2018
საქმის ნომერი
110210017002202943
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210017002202943

N2/894-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.03.2018 წელი ქ. ზესტაფონი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი: ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე: შპს ,,ე--------------",წარმომადგენელი: მ-----------ე;

მოპასუხე: ნ---------------;

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს შპს ,,ე--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 900 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 300 ლარი, სარგებელი -86 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი, პირგასამტეხლო - 494 ლარი;

1.2. მოპასუხეს შპს ,,ე--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი, იურიდიული მომსახურების -42 ლარი.

 

მოსარჩელე მიუთითებს:

 

2016 წლის 5 დეკემბერს მოპასუხე ნ---------------სა და შპს ,,ე--------------" შორის გაფორმდა ლექტრონული სესხის ხელშეკრულება ნომერი 496031, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 300 ლარის ოდენობით - 2017 წლის 4 იანვრამდე. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 300 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 86 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე, დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმ - ,20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულების 7.5 პუნქტის საფუძველზე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 494 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე - ნ---------------მ წარმოდგენილი შსაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ ძირი თანხის ნაწილში. მანვე მიუთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, საპროცენტო განაკვეთი ბევრდ აღემატება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთს.

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 5 დეკემბერს მოპასუხე ნ---------------სა და შპს ,,ე--------------,, შორის გაფორმდა ლექტრონული სესხის ხელშეკრულება ნომერი 496031,რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 300 ლარის ოდენობით,2017 წლის 4 იანვრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ონლაინ სესხის ხელშეკრულება

- მსესხებლის მიერ შევსებული ონლაინ განაცხადის ფორმა

- გამსესხებლის მიერ მსესხებლის წარმოდგენილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ქვითარი

 

3.1.2. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 300 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 86 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მსესხებლის მიერ შევსებული ელექტრონული განცხადების ფორმა

 

3.1.3. სესხის ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე მოპასუხე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულების 7.5 პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%-ის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება

 

3.1.4. მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2017 წლის 5 იანვარს და მისი დავალიანება შპს ,,ე--------------ს" წინაშე შეადგენს 900 ლარს, საიდანაც 300 ლარი- ძირითადი თანხა, 86 ლარი -სარგებელი; 20 ლარი -ერთჯერადი ჯარიმა , 494 ლარი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ინტერნეტ (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ე--------------ს" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 403-ე, 623-625-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2016 წლის 5 დეკემბერს მოპასუხე ნ---------------სა და შპს ,,ე--------------" შორის გაფორმდა ლექტრონული სესხის ხელშეკრულება ნომერი 496031, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 300 ლარის ოდენობით 2017 წლის 4 იანვრამდე. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზეც ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 300 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 86 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად,მსესხებელს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე, დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულებით 7.5 პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 % ოდენობით, რამაც შეადგინა 494 ლარი.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. სესხი ვადაგადაცილებაშია.

 

მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულება და მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში მოითხოვა სესხის ვადამდე დაფარვა. შესაბამისად, მოპასუხე ნ---------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის 300 ლარის გადახდა.

 

6.6. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

6.7. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 7.5 მუხლის თანახმად, ასევე განისაზღვრა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ერთჯერადად 20.00 ლარის ოდენობით, დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1,5%. სადავო არ არის ასევე, რომ მსესხებელმა სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მისთვის ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების საფუძველია. მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან. კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 50 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნ---------------მ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, ხოლო სასარჩელო მოთხოვნაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხე ნ---------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 10.00 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე - შპს ,, ე--------------" სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 30.00 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ე--------------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ნ---------------ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე შპს ,,ე--------------ს" (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ძირი თანხის - 300 ლარის, სარგებლის - 86 ლარის, ერთჯერადი ჯარიმის 20 ლარის, პირგასამტეხლოს 50 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 10 ლარის ანაზღაურება;

3. მოსარჩელე შპს ,,ე--------------" (ს/კ 4--------) უარი ეთქვას მოპასუხე ნ----ან ნე----ძისათვის პირგასამტეხლოს 444 ლარის დაკისრების თაობაზე;

 

4. მოსარჩელე შპს ,,ე--------------" (ს/კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 30 ლარი, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ ანგარიშზე - 300193150 (საგადახდო დავალება №233601247, გადახდის თარიღი 2017 წლის 10 ნოემბერი, გადამხდელი შპს ,,ე--------------") );

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი