გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 031210017002034657
№2/274-2017 წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2018 წელი ქ. ქობულეთი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო
ქობულეთის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ზინაიდა აბაშიძე
მოსარჩელე - ბე-----------ძე
წარმომადგენელი - ტრ----------------ძე
მოპასუხე - ნი----------ძე
წარმომადგენელი - ივ-----–----ძე
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - თა-----------–-ძე
დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე ბე-----------ძე მოითხოვს განესაზღვროს მის შვილთან მა------------ესთან (დაბადებული 2010 წლის 15 იანვარი) ნახვის დღეები ყოველი კვირის ორი დღე სახლში წაყვანით და ღამისთევით შაბათ დილის 11:00 საათიდან კვირა საღამოს 17:00 საათზე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილას მოპასუხის ოჯახში.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - ნი----------ძემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და აღნიშნა, რომ ბავშვი არის მამის მიმართ გაუცხოებული და ამ ეტაპისთვის თანახმაა, რომ მამამ შვილი ნახოს მოპასუხის ნი----------ძის თანდასწრებით, წაყვანისა და ღამისთევის გარეშე, შესაბამისად მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.2. მესამე პირის პოზიცია
2.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა განმარტა, რომ მამას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს შვილთან. მას სახლში ყველა პირობა აქვს ბავშვის ნორმალური აღზრდა განვითარებისათვის, აქვს სათანადო უნარ-ჩვევები, რომ თავის საცხოვრებელ სახლში სათანადოდ მოუაროს არასრულწლოვან შვილს მა------------ეს, მაგრამ ამ ეტაპზე მიზანშეწონილია ბავშვი ეტაპობრივად შეეჩვიოს მამას, ჯერ მოინახულოს დღის განმავლობაში, წაიყვანოს ოჯახში დღის საათებში, შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება ბავშვის ღამისთევით წაყვანა მამის ოჯახში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ბე-----------ძეს და ნი----------ძეს 2010 წლის 15 იანვარს შეეძინათ შვილი მა------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მა------------ის დაბადების მოწმობა ნკ №9-----;
3.1.2. ნი----------ძე და ბე-----------ძე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო მათი არასრულწლოვანი შვილი მა------------ე ცხოვრობს დედასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.3. ბე-----------ძეს ჰქონდა სკოლაში ბავშვის ნახცვის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ, რადგან ბავშვმა არ ისურვა მამასთან შეხვედრა და დაიმალა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);
- 2018 წლის 5 თებერვლის სოციალური მუშაკის #119 დასკვნა;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ბე-----------ძე ვერ შეძლებს ბავშვის მოვლას და სათანადოდ უზრუნველყოფას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში ნი----------ძეს მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 5 თებერვლის სოციალური მუშაკის #119 დასკვნის მიხედვით კი ბე-----------ძის საცხოვრებელი საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია. ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით და აუცილებელი ტექნიკური მოწყობილობით, თუმცა საცხოვრებელ სახლში არ შემჩნეულა ბავშვის ასაკის შესაბამისი სათამაშოები, ბავშვის ოთახი და წიგნები.
3.2.2. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება ბავშვის ნახვა სახლში წაყვანით მოახდინოს მამამ და ის თანახმაა მხოლოდ მისი თანდასწრებით მოხდეს ბავშვის მონახულება; საქმის განხილვისას ამის აუცილებლობა დადგენილი ვერ იქნა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში ნი----------ძის მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 5 თებერვლის სოციალური მუშაკის #119 დასკვნის მიხედვით, მითითებულია, რომ ვინაიდან მარი ქათმაძეს არ ჰქონდა მამის ნახვის და ურთიერთობის შესაძლებლობა, სწორედ ამან გამოიწვია ბავშვის გაუცხოება, მესამე პირის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების წარმომადგენელის განმარტებით აუცილებელია მამას მიეცეს საშუალება შეუფერხებლივ ინახულოს ბავშვი და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს შესაბამისად, ეტაპობრივად მიეჩვიოს, რომ არ გამოიწვიოს გადაჭარბებულმა ემოციამ, ბავშვის ფსიქო-მონოტორული დარღვევა.
3.2.3. საქმის განხილვისას ამ ეტაპზე სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მიზანშეწონილობა იმის შესახებ, რომ მა------------ე მამამ ბე-----------ძემ წაიყვანოს თავის სახლში ღამისთევით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში ბე-----------ძეს მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 5 თებერვლის სოციალური მუშაკის #119 დასკვნის მიხედვით, მითითებულია, რომ ბე-----------ძეს ჰქონდა სკოლაში მისვლის მცდელობა, რამაც ბავშვზე ცუდი რეაქცია გამოიწვია.
ვინაიდან მარი ქათმაძეს არ ჰქონდა მამის ნახვის და ურთიერთობის შესაძლებლობა, რამაც გამოიწვია ბავშვის გაუცხოება, ასევე ვინაიდან მა------------ეს აქვს დედასთან მიჯაჭვულობა, მესამე პირის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების წარმომადგენელის განმარტებით აუცილებელია მამას მიეცეს საშუალება შეუფერხებლივ ინახულოს ბავშვი, მაგრამ ამ ეტაპზე სასურველია ბავშვი მამამ მოინახულოს დღის საათების განმავლობაში.
ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ თვითონ მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მოსარჩელეს არ ჰქონია ურთიერთობა სხვა დროს შვილთან და შვილი უარს აცხადებს მის ნახვაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელეს უნდა მიეცეს საშუალება შვილის აღზრდაში მიიღოს მონაწილეობა. ამ მიზნით მას უნდა დაუდგინდეს შვილების ნახვის დღეები; მოპასუხე მხარეს კი უნდა დაევალოს ხელი არ შეუშალოს მამას შვილთან ურთიერთობაში;
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ბავშვის უფლებათა კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ 1994 წლის 21 აპრილიდან საქართველო მიერთებულია ბავშვის უფლებათა კონვენციაზე, რომლის პრეამბულაშიც ნათქვამია, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებაა განუხრელად ზრუნავდნენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე და ქმნიდეს გარანტიებს მათი ინტერესების დასაცავად. მასზე ზრუნვამ უნდა განაპირობოს ის, რომ ბავშვი სრულყოფილად იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და ზოგადსაკაცობრიო იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. საქართველო აღიარებს ბავშვის უფლებათა კონვენციას და ქმნის ყველა პირობას ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში.
6.2. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლიტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
6.3. გარდა საერთაშორის აქტებისა, მშობელისა და შვილების ურთიერთობები, დარეგულირებულია შიდა კანონმდებლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის /მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
6.4. ”ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ”ჭეშმარიტი ინტერესი” მოცემულ შემთხვევაში არის ის, რომ მა------------ეს ორივე მშობელთან ჰქონდეს ერთნაირი ურთიერთობა და ამასთან მათთან ურთიერთობის დროს არ უნდა იქნეს დარღვეული მისი, როგორც ბავშვის უფლებები. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ორივე მშობელი თანაბარწილად არის ვალდებული შვილის აღზრდა-განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად უნდა შეიქმნას ისეთი ურთიერთობა, რაც ბავშვს საშუალებას მისცემს იყოს ორივე მშობელთან მჭიდრო ურთიერთობაში. სწორედ ასეთი ურთიერთობით ხდება ბავშვის სათანადო აღზრდა და ჩამოყალიბება. ბავშვს, რაც უფრო მეტი ურთიერთობა ექნება ორივე მშობელთან, მით მეტად მოხდება მისი პიროვნების სრულფასოვანი ჩამოყალიბება და განვითარება.
ერთი მშობლის მიერ მეორისათვის, შვილთან ურთიერთობის აკრძალვა, არა მარტო მშობლის უფლების დარღვევაა, არამედ იგი ლახავს თვით შვილის უფლებებს ცალკე მცხოვრებ მშობელთან ურთიერთობის სფეროში, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის აღზრდის ინტერესებს. შვილს უფლება აქვს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს იმ მშობელთან ვისთანაც არ ცხოვრობს და არ იზრდება (ამ შემთხვევაში თავის მამასთან). თავის მხრივ მამაც უნდა მონაწილეობდეს მის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში და ასევე რჩენაში. ეს უფლება მამას მინიჭებული აქვს არამარტო კანონით, არამედ ზნეობის ნორმებით, ადათებითა და ჩვეულებებით.
შიდა კანონმდებლობით ზ/ხსენებული სამართლებრივი ნორმები უკრძალავს იმ მშობელს შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს.
6.6. მშობლის უფლების შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურის კვლევით არ დასტურდება, გარდა ამისა, გასათვალისწინებელ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ კვირის დღეებში მამას ნება უნდა დაერთოს ინახულოს ბავშვი, რაც, ბუნებრივია, მშობლების უალტერნატივო ვალდებულებაა და მან საკუთარი უფლება-მოვალეობები უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ ამით არ შეილახოს ბავშვის ინტერესი, მისი ცხოვრების ჩვეული რეჟიმი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება უნდა მიეცეს ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან მა------------ესთან; ასეთი ურთიერთობის არ ქონა, ან ხელშეშლა პირველ რიგში დააზარალებს არასრულწლოვანის ინტერესებს, რაც დაუშვებელია და უნდა აღმოიფხვრას სასწრაფოდ. თუ გამოვლინდება შემთხვევა, რა დროსაც ერთერთი მშობელი მართლსაწინააღმდეგოდ შეეცდება მეორე მშობელმა არ ინახულოს ბავშვი, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს ერთ-ერთი მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ ბავშვის ნახვით და წაყვანით მოსარჩელე ბე-----------ძე მიაყენებს ზიანს ბავშვის კეთილდღეობას. სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ბავშვის ნახვა-წაყვანა თავდაპირველ ეტაპზე ღამის თევის გარეშე არ არღვევს ბავშვის ინტერესებს.
6.7. ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მა------------ე სკოლის მოსწავლეა. იგი დაბადებულია 2010 წლის 15 იანვარს, ანუ საქმის განხილვის მომენტისათვის არის 8 წლისა. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მისი ასაკი, ოჯახის წევრებზე მიჩვევის, თანატოლებთან ურთიერთობის, დედის გარეშე სხვაგან დარჩენისას ფსიქოლოგიური განცდები და სხვა აუცილებელი საკითხები. ასევე მისი სწავლის პერიოდი დღის რეჟიმი დატვირთულობა; როგორც საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ზურაბ ნურიძემ (ბავშვის ბაბუა) განაცხადა, მარი დადის ცეკვის გაკვეთილებზე (ორშაბათი, ოთხშაბათი), და ბრუნდება სახლში საკმაოდ დაღლილი, ასევე ის დამატებით მეცადინეობს სასწავლო საგნებში, თავისუფალი დღე აქვს სრულად მხოლოდ შაბათი, ამიტომ მისი ნახვის დღეები შეზღუდულად უნდა გადაწყდეს. ასევე არ არის სასურველი ამ ეტაპზე მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად ის მამასთან დარჩეს პარასკევს საღამოს პერიოდიდან კვირის საღამომდე, ვინაიდან საქმის განხილვისას გამოიკვეთა რომ ბავშვს ამ ეტაპზე არ აქვს სურვილი მამასთან დარჩეს და ზოგადად შეხვდეს; მამის მცდელობა იყო რა სკოლაში ენახა ბავშვი, ის დაიმალა; მოსარჩელე სხდომაზე არ გამოცხადდა და თავისი საპროცესო უფლების რეალიზაცია წარმომადგენლის მეშვეობით მოახდინა, რაც ასევე მისი სრული უფლებაა, თუმცა სასამართლო კი - აქედან გამომდინარე - მოკლებული იყო შესაძლებლობას შეკითხვები დაესვა მოსარჩელისათვის და კონკრეტულ გარემოებებზე მიეღო ამომწურავი პასუხი; ამდენად ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია მამასთან ურთიერთობა განისაზღვროს შეჩვევამდე ერთი საათით კვირის სასწავლო დღეებში, და იმ დროს, რომ ხელი არ შეეშალოს არასრულწლოვანი ბავშვის სწავლის და მეცადინეობის პროცესს, ხოლო შაბათ დღეს ნახვის დრო უნდა განისაზღვროს რამდენიმე საათით;
ნახვის დღეების ამდაგვარი განსაზღვრა მაქსიმალურად შესაბამისია, როგორც მშობლის ისე შვილის უფლებების რეალიზებისათვის. ბუნებრივია ყოველდღიური ურთიერთობა უკეთესია, მაგრამ ცალკე მცხოვრები შვილისა და მშობლისათვის ყოველდღიური ურთიერთობის დაწესება შეუძლებელია, ამიტომ პირველ რიგში შვილის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე შერჩეული უნდა იქნას ოპტიმალური დრო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული დრო კი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით ოპტიმალური დროა.
6.8. შესაბამისად შექმნილ მდგომარეობაში ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია მოსარჩელის მიერ ბავშვის ნახვა, მათ შორის წაყვანის უფლებით, ამ ეტაპზე ღამისთევის გარეშე, კერძოდ, რომ მამას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს კვირაში სამი დღე, სამშაბათი-ხუთშაბათი და შაბათი, კერძოდ ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს 17:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო ყოველი კვირის შაბათს 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილას, მოპასუხის ოჯახში; ნი----------ძეს კი უნდა დაევალოს საშუალება მისცეს მამას - ბე-----------ძეს ურთიერთობა იქონიოს შვილთან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში ძირითად სარჩელზე წინასწარ გადახდილია 50 ლარი შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნაზე (მაგისტრატ მოსამართლის განსჯადობის გამო). ბე-----------ძეს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ამასთან დავა არაქონებრივია და შეუძლებელია დასაკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილის პროპორციის ზუსტად განსაზღვრა, ამიტომ სასამართლო თვლის, რომ დასაკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილი შეადგენს სასარჩელო მოთხოვნის 50%. აქედან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ნი----------ძეს ბე-----------ძის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 25 ლარი, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 243-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369_ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბე-----------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბე-----------ძეს არასრულწლოვან შვილთან მა------------ესთან (დაბადებული 2010 წლის 15 იანვარს) ურთიერთობისათვის განესაზღვროს კვირაში სამი დღე, სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი; კერძოდ: ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს 17:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო ყოველი კვირის შაბათს 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილას, ნი----------ძის ოჯახში;
3. ნი----------ძეს ბე-----------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 25 ლარის გადახდა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მეშვეობით (ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქ. №21) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე