გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210017001878492
№2/1135-2017
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30.03.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ი
წარმომადგენელი - გ-----------------ე
მოპასუხე - ხ---ა ვ-–-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ხ---ა ვ-–-----ისათვის სწავლის გადაუხდელი საფასურის - 512.50 ლარის ანაზღაურების დაკისრება, სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო პერიოდში უნივერსიტეტისაგან მომსახურება არ მიუღია, რის გამოც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ხ---ა ვ-–-----ე სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის 2012 წლის 21 სექტემბრის N01-09/404 ბრძანებით, გადმოყვანის წესით ჩაირიცხა სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ში, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მენეჯმენტის სპეციალობაზე, 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან.
3.1.2. 2012 წლის 3 ოქტომბერს ხ---ა ვ-–-----ესა და სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხემ, როგორც სტუდენტმა იკისრა ვალდებულება კეთილსინდისიერად შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობები, დაწესებულების შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, ბ---–ს მართვის ორგანოების მიერ გამოცემული აქტები, მათ შორის იკისრა ვალდებულება გადაეხადა უნივერსიტეტისათვის სწავლის საფასური.
3.1.3. 2014-2015 სასწავლო წელს, ბ----ს სტუდენტთა გარკვეულმა რაოდენობამ საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვის მიუხედავად, სასწავლო წლის ბოლომდე ვერ შეასრულეს პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოც ამ სტუდენტთა მიმართ, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ აქტის გამოსაცემად, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
3.1.4. ბ----ს რექტორის 2015 წლის 10 სექტემბრის #01-09/353 ბრძანებით, 2014-2015 სასწავლო წლის კურსდამთავრებულ, აკადემიური დავალიანების მქონე ზოგიერთ სტუდენტს და მათ შორის ხ---ა ვ-–-----ეს, 2015-2016 სასწავლო წლის ბოლომდე გაუგრძელდათ სწავლის ვადა. ამ ბრძანების შესახებ ხ---ა ვ-–-----ე ინფორმირებული არ ყოფილა.
3.1.5. ბ---–ს რექტორის 2016 წლის 6 ივნისის #01-09/335 ბრძანების საფუძველზე, ხ---ა ვ-–-----ეს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო და დაერიცხა 2015-2016 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დავალიანება 512.50 ლარის ოდენობით.
3.1.6. 2015-2016 სასწავლო წლის საფასურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა ხ---ა ვ-–-----ეს გაეგზავნა 2017 წლის 12 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 21.09.2012 წლის ბრძანება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ;
- 03.10.2012 წლის ხელშეკრულება;
- 12.01.2017 წლის მიმართვა დავალიანების დაფარვის შესახებ;
- 06.06.2016 წლის ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- მიმართვა დავალიანების შესახებ;
- 10.09.2015 წლის ბრძანება, სწავლის ვადის გაგრძელების თაობაზე;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის შესრულების შესახებ;
3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხ---ა ვ-–-----ეს მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 6 ივნისამდე ატარებდა სტუდენტის სტატუსს, 2015-2016 სასწავლო წელს სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ში არ უსწავლია და შესაბამისი მომსახურება უნივერსიტეტიდან არ მიუღია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპის დაცვით, იმ გარემოების მტკიცება, რომ მოპასუხე სწავლობდა უნივერსიტეტში და იღებდა შესაბამის მომსახურებას, ეკისრება მოსარჩელეს. მას კი რაიმე სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის უნივერსიტეტში სწავლისა და მისთვის მომსახურების გაწევის ფაქტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. პირიქით, დადგენილია, რომ 2014-2015 სასწავლო წელს პროგრამით გათვალისწინებული აკადემიური მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, ხ---ა ვ-–-----ის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ აქტის გამოსაცემად დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მართალია, ბ----ს რექტორის ბრძანებით, ხ---ა ვ-–-----ეს მიეცა 2015-2016 სასწავლო წელს სწავლის გაგრძელებისა და პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მაგრამ ამ ბრძანების შესახებ ინფორმაცია ხ---ა ვ-–-----ეს არ მიუღია და სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტით, ხ---ა ვ-–-----ის მხრიდან სადავო პერიოდში სწავლის გაგრძელების ფაქტი არ დასტურდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით, სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, .საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე კატეგორიულად უარყოფს 2015-2016 სასწავლო წელს უნივერსიტეტში სწავლისა და რაიმე მომსახურების მიღების ფაქტს. მოსარჩელემ ამ გარემოების საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება, სსკ-ის 102 მუხლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015-2016 სასწავლო წელს მოპასუხეს უნივერსიტეტში არ უსწავლია და შესაბამისი მომსახურება მოსარჩელისაგან არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით, ასევე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული პირობები ჯეროვნად, შესაძლებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გონივრული გააზრებით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეთა ურთიერთვალდებულებების წარმოშობის საფუძველი, მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაა. განსახილველ შემთხვევაში, უნივერსიტეტის ვალდებულებას წარმოადგენდა სასწავლო მომსახურების გაწევა, ხოლო მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა - მომსახურებისათვის შეთანხმებული საზღაურის გადახდა. ამასთან, მოპასუხეს სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, რასაც მიიღებდა მოპასუხე.
საქართველოს კანონის ”უმაღლესი განათლების შესახებ” 79-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური.
მითითებული ნორმის თანახმად, დადგენილია სწავლის საზღაურის გადახდის ვალდებულება შესაბამისი მომსახურების მიღებისას ანუ სწავლებისათვის და არა სტუდენტის სტატუსის ფლობისათვის. აქედან გამომდინარე, სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს სწავლის საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან - ისწავლოს და მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი; მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს 2015-2016 სასწავლო წლის სწავლის საფასურის ანაზღაურებას, თუმცა მის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო პერიოდში უნივერსიტეტის მიერ მოპასუხისთვის შესაბამისი სასწავლო მომსახურების გაწევისა და ამგვარი მომსახურების მოპასუხის მიერ მიღების ფაქტს. ამდენად, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მის სასარგებლოდ, 2015-2016 სასწავლო წლის სწავლის საფასურის მოპასუხისათვის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის სარჩელი ხ---ა ვ-–-----ის მიმართ გადაუხდელი სწავლის საფასურის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.
3. გადაწყვეტილება არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი