გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210017001884131
№2/1227-2017
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27.03.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–----------------------
წარმომადგენელი - გ-----------------ე
მოპასუხე - ნ---------–------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ---------–------ისათვის სწავლის გადაუხდელი საფასურის - 875 ლარის ანაზღაურების დაკისრება, სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–----------------------ს სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მის მიმართ არის ხანდაზმული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ---------–------ე სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–----------------------ს რექტორის 14.09.2010 წლის N3-381 ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ში, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე.
3.1.2. 2010 წლის 6 სექტემბერს ნ---------–------ესა და სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სტუდენტმა იკისრა ვალდებულება კეთილსინდისიერად შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობები, დაწესებულების შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, ბ---–ს მართვის ორგანოების მიერ გამოცემული აქტები, მათ შორის იკისრა ვალდებულება გადაეხადა უნივერსიტეტისათვის სწავლის საფასური.
3.1.3. ნ---------–------ემ ვერ უზრუნველყო სწავლის საფასურის გადახდა, რის გამოც ბ---–ს რექტორის 2011 წლის 2 მარტის #01-09/69 ბრძანების საფუძველზე, შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. ხოლო 2016 წლის 03 აგვისტოს # 01-09/396 ბრძანებით მას შეუწყდა სტუდებნტის სტატუსი და ამოირიცხა ბ----ს სტუდენტთა სიიდან. ნ---------–------ეს დაერიცხა 2010-2011 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დავალიანება 875 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.08.2016 წლის ბრძანება;
- 06.09.2010 წლის ხელშეკრულება;
- 02.03.2011 წლის ბრძანება;
- მიმართვა დავალიანების შესახებ;
- დავალიანების მქონე სტუდენტთა სია;
- გადაწყვეტილება სწავლის საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ და სწავლის საფასურის გადახდის წესი;
3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ს ნ---------–------ის მიმართ სწავლის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2011 წლიდან. უნივერსიტეტმა სარჩელით სასამართლოს მომართა 2017 წლის 12 აპრილს, ე. ი. ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მომსახურების (ნარდობის) სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის მიმართაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილია ხანდაზმულობის სპეციალური ვადა, რაც შეადგენს სამ წელს.
დადგენილია და მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება, წარმოეშვა 2011 წლიდან. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო ამ პერიოდიდან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მომართა 2017 წელს, ე.ი. კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რის შესახებაც სასამართლო იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასების დროს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი წარმოდგენილია ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით, ასევე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული პირობები ჯეროვნად, შესაძლებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გონივრული გააზრებით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეთა ურთიერთვალდებულებების წარმოშობის საფუძველი, მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაა. განსახილველ შემთხვევაში, უნივერსიტეტის ვალდებულებას წარმოადგენდა სასწავლო მომსახურების გაწევა, ხოლო მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა - მომსახურებისათვის შეთანხმებული საზღაურის გადახდა. ამასთან, მოპასუხეს იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება, თუ მოსარჩელე შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, რასაც მიიღებდა მოპასუხე.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან მოითხოვს 2010-2011 სასწავლო წლისათვის დარიცხული სწავლის საფასურის დავალიანების გადახდას. დადგენილია, რომ ამ თანხის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2011 წლიდან. ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 12 აპრილს. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
დადგენილია, რომ უნივერსიტეტი ითხოვს 2010-2011 სასწავლო წლის სწავლის საფასურის ანაზღაურებას. 2011 წლის 2 მარტის ბრძანებით მოპასუხეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. შესაბამისად, ამ დროისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე და მას მოთხოვნა უნდა დაეყენებინა სულ მცირე სამი წლის ვადაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროისათვის, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე, თუმცა სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის ნოემბრის თვეში, ანუ სამი წლის გასვლის შემდეგ.
ამდენად, სასამართლო, მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
დადგენილია, რომ მოპასუხემ არ ცნო რა სარჩელის მოთხოვნა, მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზეც, ეს კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–----------------------ს სარჩელი ნ---------–------ის მიმართ გადაუხდელი სწავლის საფასურის 875 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.
3. გადაწყვეტილება არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი